კარანტინი აღარ იქნება – ევროპამ გადაწყვიტა, შვედეთს მიბაძოს

კარანტინი აღარ იქნება - ევროპამ გადაწყვიტა, შვედეთს მიბაძოსევროპა კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ პირველი სრული ზამთრისთვის და პანდემიის მეორე ტალღისთვის ემზადება, თუმცა მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ აღარ დაუშვებს იმის მსგავს კარანტინს, რომელმაც გაზაფხულზე ევროპის კონტინენტზე ცხოვრების სრული პარალიზება გამოიწვია.

შვედეთის მოდელი, რომელიც თავდაპირველად კრიტიკას იწვევდა, ახლა უკვე ყველაზე ოპტიმალურად სახელდება. შვედეთს არასოდეს ჩაუკეტავს ქვეყანა და არ გამოუცხადებია კარანტინი. თუმცა საყოველთაოდ იცავდნენ დისტანციას და სანიტარულ ნორმებს.  საყოველთაო კარანტინი მეტისმეტად ძვირად დაუჯდა დანარჩენ ევროპას – საზოგადოებას და ეკონომიკას, ამიტომაც პოლიტიკოსები ეძებენ არგუმენტებს ვირუსთან თანაცხოვრების სასარგებლოდ და არა მისგან სრული იზოლაციის გზებს და სულ უფრო ხშირად პოულობენ ამ არგუმენტებს.

ზაფხულში ლოქდაუნის გაუქმებამ დაავადებულთა რიცხვის ზრდა გამოიწვია, თუმცა ამჟამად ევროპაში არც სიკვდილიანობის მატებაა და არც ჰოსპიტალიზაციის ტალღა. ადამიანები დაიღალნენ, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც კარანტინით უკმაყოფილოა და პროტესტს გამოთქვამს. ბიზნესის, მოსახლეობის და სახელმწიფოს შემოსავლები იკლებს, ეკონომიკის ხელოვნურ კომაში შესანარჩუნებლად საჭირო ხარჯები კი იზრდება და უკვე დაუძლეველი ხდება.

ეს ყველაფერი ევროპელებს იმედს აძლევს, რომ ზამთარში კარანტინი არ იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მედიცინაც, მოქალაქეებიც და ბიზნესიც თანდათან ადაპტირდება ვირუსთან ერთად ცხოვრებასთან: ატარებენ ნიღბებს, იბანენ ხელებს, ინარჩუნებენ დისტანციას, მუშაობენ სახლიდან. ემოციური იტალიელები და ესპანელები თავშეკავებული სკანდინავიელებივით იქცევიან და იმედი აქვთ, რომ მეორე ტალღას შვედური გზით გაივლიან – არ დახურავენ მაღაზიებს, კაფეებს, ოფისებს და საზღვრებს.

ახალი კარანტინის წინააღმდეგ უკვე გამოვიდნენ კონტინენტის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

-ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, ქვეყანაში ცხოვრება გავაჩეროთ, რადგან კარანტინს უამრავი მავნე გვერდითი მოვლენა აქვს. შეუძლებელია, რომ რისკები საზოგადოებაში ნულამდე შემცირდეს,– თქვა მაკრონმა  საკუთარ რეზიდენციაში მერკელთან შეხვედრამდე.

მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ფორტ ბრეგანსონში მერკელმა თქვა, რომ ევროკავშირში არავის უნდა გაზაფხულის კოშმარის გამეორება, როცა პლანეტაზე უმსხვილესი სავაჭრო და პოლიტიკური კავშირის 450 მილიონი მოქალაქე ერთმანეთისგან იზოლირებული და გამოკეტილი აღმოჩნდა.

-როგორც პოლიტიკოსები, ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ ფასად ავიცილოთ თავიდან საზღვრების ახალი ჩაკეტვა. ამისათვის ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, – თქვა მერკელმა.

კორონავირუსის გამო ევროკავშირის 27 ქვეყანა არა მხოლოდ დანარჩენი სამყაროსგან იზოლირდა და შენგენის ზონა ჩაკეტა, არამედ ერთმანეთისგანაც. კვლავ გაიხსენეს შლაგბაუმები შიდა საზღვრებზე, რომლებიც ათწლეულებია აღარ გამოუყენებიათ.

ადამიანებმა შვებულებისას მოგზაურობა შეწყვიტეს, რამაც ლოქდაუნის სხვა შედეგებთან ერთად ევროკავშირის ეკონომიკას გიგანტური კოლოსალური ზიანი მიაყენა. ევროკავშირის ეკონომიკა, რომლის მოცულობა 14 ტრილიონი ევროა წელიწადში, მსოფლიოში მეორეა ამერიკის შემდეგ. კორონავირუსმა ეკონომიკის ზრდას ბოლო მოუღო: წელს მისი ვარდნა 8%-ს გადააჭარბებს და მას 1 ტრილიონ ევროზე მეტი დააკლდება.

პირველი ტალღის დროს – თებერვლიდან ივნისამდე მომსახურების საკვანძო სექტორი 16.4%-ით შემცირდა, კონკრეტულად ტურისტული მომსახურებები კი 75%-ით.

ზაფხულის შუა პერიოდში გამოცოცხლება შეინიშნებოდა მხოლოდ სარესტორნე ბიზნესში, თუმცა იქაც ბრუნვები ნახევრამდე ძლივს აღდგა. სასტუმროები და ავიაკომპაიები ღრმა კრიზისში რჩებიან და კოვიდამდელ მაჩვენებელს 70%-ით ჩამორჩებიან.

ასეთი ტემპებით ბიზნესი არა მხოლოდ მეორე ტალღას ვერ გადაიტანს, არამედ მეორე ტალღამდე შეიძლება ვერც მიაღწიოს.

რა თქმა უნდა, მეორე ტალღა შესაძლოა ახალი ძალით არც დაბრუნდეს, თუმცა მისი მოლოდინი გამძაფრდა სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების სრულად ამოქმედებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული დატვირთვის შემდეგ. აციებასთან ერთად კი ადამიანები შენობებში მეტ დროს გაატარებენ, სადაც დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ტერასებზე და ღია სივრცეებში.

თუმცა ფაქტია, რომ ევროპა ცდილობს, პანდემიის გამწვავება კარანტინის გარეშე გადაიტანოს.

ახალი კარანტინის შესაძლებლობას გამორიცხავს იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა. სააგენტო ,,ბლუმბერგთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ ახლა საავადმყოფოები უკეთ არიან მომზადებული, ანალიზები უფრო სწრაფად კეთდება, დაინფიცირებულთა საშუალო ასაკი 30 წელია, რომელთაგან უმეტესობას სიმპტომებიც კი არ აქვს, ქვეყნის მასშტაბით კი აგვისტოს ბოლოსთვის რეანიმაციაში 66 პაციენტი იწვა, როცა პანდემიის საგაზაფხულო პიკზე რეანიმირებულ პაციენტთა რიცხვი 4068 იყო.

იგივე სულისკვეთებას გამოხატავს მისი გერმანელი კოლეგა. იენს შპანი ამბობს, რომ კარანტინი ქვეყნის მასშტაბით აღარ გამოცხადდება და ისინი შემოდგომა–ზამთრის პერიოდს თავდაჯერებულები ხვდებიან. მისი თქმით, მედიკოსებმა და ჩინოსნებმა ბოლო ექვსი თვის მანძილზე ეპიდემიასთან წერტილოვანი ბრძოლა ისწავლეს. შესაძლებელია კერების გამოვლენა და იზოლირება ისე, რომ ,,მასშტაბურ დაბომბვას“ არ მიმართონ.

რაც უფრო მეტი დრო გადის მომაკვდივნებელი ვირუსის წინაშე პირველი შიშის შემოტევიდან და რაც უფრო მკაფიო ხდება ეკონომიკური და სოციალური კრიზისის კონტურები, მით მეტი კრიტიკოსი ჰყავს ,,გადამწვარი მიწის“ ტაქტიკას, რომელსაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერმა მიმართა პანდემიის პირველ თვეებში.

პოლიტიკოსებს კი სულ უფრო ნაკლები სურვილი რჩებათ, ამომრჩეველზე ექსპერიმენტი გაიმეორონ.

-ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან უკიდურესი ზომები, რომლებიც იძულებული ვიყავით, გამოგვეყენებინა მარტში და აპრილში, რადგან სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ზომები აუტანელია, – თქვა ორშაბათს პორტუგალიის პრემიერმა, ანტონიუ კოშტამ.

შეაძლოა, ხელისუფლებას მეტისმეტი მოუვიდა, თუმცა მაშინ მეტი გზა არ იყო – ამბობს გერმანიელი მინისტრი შპანი.

-მარტში სიტუაცია განსხვავებული იყო, ვიდრე ახლა, სექტემბერში. ნაკლები ცოდნა გვქონდა და სხვა დინამიკა იყო. მაშინ ერთადერთი სწორი და საჭირო გადაწყვეტილება იყო ზომების მიღება და ჩვენ ეს გავაკეთეთ, რომ ადამიანები დაგვეცვა, – თქვა მან.

ამ ხნის მანძილზე ექიმებმა გაარკვიეს, როგორ უნდა უმკურნალონ ეფექტურად კორონავირუსით დაავადებულებს, მეცნიერებმა რამდენიმე ვაქცინა შექმნეს და ახლა მათი ტესტირება მიმდინარეობს, ხელისუფლებებმა ჯანდაცვის სისტემა გააძლიერეს, ჩააქრეს მომაკვდინებელი აფეთქებები ხანდაზმულთა სახლებში, ააწყვეს მასობრივი ტესტირების სისტემა, ისწავლეს დაავადებულთა კონტაქტების კვლევა და ლოკალური კარანტინების შემოღება.

სიკვდილიანობა აზიაში და ევროპაში პრაქტიკულად აღარ არის, ამასთან ერთად კი გაქრა შიში ახალი პანდემიის მიმართ.

,,ბიბისი” წერს, რომ უკმაყოფილო ხალხი ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსზე მეტ ზიანს მსოფლიოს მასთან ბრძოლა მიაყენებს. ,,სანიტარული ამბოხებები“ მთელ ევროპას მოედო, ყველაზე ხმაურიანი პროტესტი კი ამ მხრივ გერმანიაში იყო. ყოველი მეათე გერმანელი მკაცრი სანიტარული ნორმების და შეზღუდვების წინააღმდეგია. ისინი საპროტესტო აქციებზე კონსტიტუციით ხელში გამოვიდნენ.

ხელისუფლება კი ამბობს, რომ ყველაფერს თავისი დროო აქვს:

-ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს. პრობლემა კვლავინდებურად სერიოზულია, თუ შეიძლება მას ისევ სერიოზულად მოეკიდეთ,– თქვა კანცლერმა მერკელმა და ყველას შეახსენა, რომ ეპიდემიის შეკავება შემოდგომა–ზამთარში უფრო რთულია და ამიტომ სანამ ეკონომიკა და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება, ხალხმა ნიღბები უნდა ატაროს, წვეულებებზე უარი თქვას და სიფრთხილე შეინარჩუნოს.

მისი ავტსრიელი კოლეგა, სებასტიან კურცი თვლის, რომ მომავალი წლის ზაფხულამდე ცხოვრება ძველებურ კალაპოტს ვერ დაუბრუნდება და ქვეყანაში სანიტარული ნორმების გამკაცრებაზე საუბრობს. მიზანი პანდემიის შეკავებაა ისე, რომ ქვეყანას საკარანტინო ზომების შემოღება არ დასჭირდეს.

მას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტიც:

-ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხალხი სამსახურებს დაუბრუნდეს. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული კიდევ ერთი მასშტაბური კარანტინის თავიდან აცილებისკენ. უკვე გვაქვს გამოცდილება და ვიცით, რომ ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს, – ამბობს მაკრონი.

ნიუსრეპორტ.ჯი