კახა კუხიანიძე სოკოთი სიკვდილს მეორედ გადაურჩა – ,,ისე მიყვარს, კიდევ შევჭამ”

კახა კუხიანიძე სოკოთი სიკვდილს მეორედ გადაურჩა - ,,ისე მიყვარს, კიდევ შევჭამ",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მომღერალი კახა კუხიანიძე მაისში სოკოთი მოწამვლის გამო სიკვდილს უკვე მეორედ გადაურჩა. მიუხედავად ამისა, ეს საკვები ისე უყვარს, არც მომავალში აპირებს,  მის ჭამაზე უარი თქვას.

კახა კუხიანიძე ,,სარკეს” სოკოს საბედისწერო სიყვარულზე მოუყვა (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში)

– კახაბ წლების წინ სოკოთი მოწამვლის გამო სერიოზული პრობლემა შეგექმნათ. ახლა კიდევ სოკოთი მოწამვლა როგორ მოახერხეთ?

– სოკო ისე მიყვარს, არც ვკითხულობ, რა ჯიშია, არის თუ არა შხამიანი, მაინც ვჭამ. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ერთხელ სოკოს გამო გარდავიცვალე და თავიდან დავიბადე.

მაშინ ბაქოში ვიყავი, კონცერტები მქონდა და ერთი თვის განმავლობაში სასტუმრო ,,ჰოლიდე ინში” ვცხოვრობდი. ერთ დილით საუზმეზე ჩავედი და ომლეტი გეახელით სოკოთი. იმ დღეს ხუთი ადამიანი მაინც მოიწამლა. არ ვიცი, როგორ გადავრჩი.

ვისაუზმე და ავედი ნომერში, რომ ცოტა დამესვენა. ისეთ მდგომარეობაში გამეღვიძა, ვერ მივხვდი, რა მჭირდა, მთლიანად მაკანკალებდა. ვერც ვრეკავდი, რომ ვინმესთვის მეთქვა, მიშველეთ და დამეხმარეთ-მეთქი. როგორც იქნა, მოვახერხე დარეკვა. ჩემი ნაცნობი გოგო მოვიდა, მაგრამ კარი შიგნიდან მქონდა ჩაკეტილი ჯაჭვით, რომ დამლაგებელი არ შემოსულიყო, ამიტომ როგორმე მე უნდა მივსულიყავი კარამდე.

ფეხზე ვერ ვდგებოდი, საწოლიდან გადმოვვარდი და ფორთხვა-ფორთხვით კარი ძლივს გავაღე. ამის მერე გავითიშე, ღამე იყო, აზრზე რომ მოვედი.

ამის მერე რომ მაინც სოკოს შეჭამ ადამიანი.. მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა და სოკოზე უარი არასოდეს მითქვამს, ძალიან მიყვარს. ამ წუთას მეზიზღება,  მაგრამ ისევ თავიდან შემიყვარდება.

– ახლა რომელი სოკო ჭამეთ, რა სახეობამ მოგწამლათ?

– მარკეტში ვიყიდე – ქამა სოკო.

– ქამა სოკო ყველაზე უსაფრთხოდნ ითვლება.

– დიახ, მაგრამ, სავარაუდოდ, ძველი იყო. შეფუთული, წონით რომ იყიდება,  ის ითვლება, რომ ეს სოკო არ არის შხამიანი, მაგრამ თურმე თუ ძველია, სიშავე აქვს… ისე არ მოვწამლულვარ, როგორც მაშინ, ბაქოში, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი. რამდენიმე დღე წყალსაც ვერ ვსვამდი, ორგანიზმი ვერ იღებდა და საკვებს ხომ – თავისთავად. ღმერთს ვყვარებივარ, რომ გადავრჩი.

– ბაქოში საავადმყოფოში მოხვდით?

– რა თქმა უნდა. ერთადერთი კადრი მახსოვს – ბევრი თეთრხალათიანი მედგა თავზე და მახსოვს, ნემსი ეჭირა რომელიღაცას. გონზე რომ მოვედი,  საავადმყოფოში ვიყავი.

არადა ბაქოში მთელი ერთი თვებ იცით, როგორ ვუვლიდი თავს?  ვვარჯიშობდი, ცილების რაოდენობას ვიცავდი. ჩამოვედი ნაავადმყოფარი სახით, გამხდარი, გაძვალტყავებული, დაჩაჩანაკებული.

ამ ამბავს კურიოზები ახლდა თან, მაგრამ ვერ მოვყვები, მეუხერხულება. ჩემმა მეგობრებმა იციან და დღემდე ბევრს იცინიან.

ისე, ამ ახალმა მოწამვლამ სოკო – ვერა, მაგრამ სიგარეტი შემაზიზღა. ეს ერთი კეთილი საქმე ჩაიდინა, მაგრამ რამდენი ხანი იქნება ასე, ვერ გეტყვით.

– ორჯერ გადაურჩე სოკოსგან სიკვდილს და მაინც ამბობდე, რომ კვლავ შეჭამ… ეს როგორი სიყვარულია?

– მკლავს და მაინც ვჭამ და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორია ეს სიყვარულიყ. მართლა ძალიან მიყვარს, სოკოზე საოცრება მჭირს, თან თუ გემრიელად არის მომზადებული, მარინადშია, სტეიკია სოკოს სოუსით… სოკო სადაც არის ნახსენები, ყველაფერი მიყვარს.

სხვათა შორის, სალომე გოგიაშვილის დედა ამზადებს უგემრიელეს სოკოს სუპს და, როცა გააკეთებს, არ არსებობს, არ დამირეკოს და არ მიმიწვიოს, რადგან იცის, როგორი კანკალი მემართება, სოკოს რომ ვხედავ. არა მარტო სალომე, ვინც იცის, როგორ მიყვარს და ამზადებენ სახლში, აუცილებლად მირეკავს, სოკო გვაქვს და მოდიო.

გამოჯანმრთელებული ისევ არ ვარ, ყველაფერს ვერ ვჭამ, სიმძიმეს ვგრძნობ,  მსიამოვნებს ალუჩა, რადგან მომჟავოა, ახალი ტყემალიც მომწონს, ხორცი არ მესიამოვნა.

– ახლაც საავადმყოფოში დაწოლა მოგიწიათ?

– არა, რადგან მთლად ის მოწამვლა არ იყო, რაც მაშინ, ბაქოში. ყველანაირი მოწამვლისგან განსხვავდება სოკოთი მოწამვლა, მაგრამ, მაშინდელივით რომ დამმართნოდა, ალბათ ვერ გადავურჩებოდი.

თავიდანბ,ცუდად რომ გავხდი, ვერ მივხვდი, რა მჭირდა. მერე უცებ დავაფიქსირე, რომ ჭამა არ მინდოდა და თან სოკო მეზიზღებოდა. როგორც წესი, რომელი საჭმელიც მოგწამლავს, მისი ხსენება აღარ გინდა. ძალით ვსვამდი ბევრ სითხეს.

ბებიაჩემისგან ვიცი, სოკოს როცა ჭამ, ყველი უნდა მიატანო, თუ გინდა, რომ არ მოგწამლოსყ.ახლა ვიდექი და დამდუღრულ ყველს ვჭამდი – მდუღარეს ვასხამდი და ძალით ვჭამდი.

– თავად მოამზადეთ ის სოკო?

– არა, დედაჩემმა. დედაც ცუდად იყო, მაგრამ მარტივად გამოვიდა მდგომარეობიდან, რადგან, როგორც კი მიხვდა, აწყინა, აღარაფერი შეუჭამია. ერთ სართულზე ვცხოვრობთ, მაგრამ ცალ-ცალკე. დედაჩემს ძლიერი და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, მე კი, სანამ მივხვდი, რა მჭირდა, კიდევ ვჭამე ტორტი და რაღაცები.

– რამდენიმე წლის წინ სიმღერისას დენმა დაგარტყათ. მაშინაც სიკვდილს ჩახედეთ თვალებში?

– არა, თავიდან ვერ მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ ეს იმდენთვიანი ტკივილი იყო… აქილევსის მყესი ნახევრად იყო გაგლეჯილი და ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე. ვერ მივხვდი, რა მოხდა – ავფრინდი მაღლა და მერე დავფრინდი.  ნახევარი საათი ფეხი დაბუჟებული მქონდა.

თავიდან ფეხი გამეთიშა, ტკივილი მოგვიანებით დამეწყო, ანუ არ მქონია ის მომენტი, რომ სიკვდილს თვალებში ჩავხედე. ეს იყო სამეგრელოში, ერთ-ერთი სამთავრობო კონცერტი ტარდებოდა.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში – სხვის ავტომანქანაში ვიჯექი და ავარია მოხდა. ყინულზე მოსრიალდა. მართალია, თბილისში თოვლი ხშირი არ არის, მაგრამ, როცა არის, მაგ დროს მანქანით არ დავდივარ, რადგან ის შიში მომყვება.