გიორგი გაგნიძეს ქალიშვილი ოპერის მომღერლად არ ემეტება – ,,ცოლი და შვილები თავიდან გავიცანი, რა კარგები ყოფილან”

გიორგი გაგნიძეს ქალიშვილი ოპერის მომღერლად არ ემეტება - ,,ცოლი და შვილები თავიდან გავიცანი, რა კარგები ყოფილან",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

,,ვა გიორქო მა” ( არ გიყვარვარ მე?) – ამ ულამაზესი მეგრული სიმღერით წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიოში ცნობილ ბარიტონ გიორგი გაგნიძის ქალიშვილი, 18 წლის მარიამ გაგნიძე და საზოგადოების ყურადღებაც მაშინვე მიიქცია. მისი ყველაზე დიდი ქომაგი მამაა, რადგან ყველაზე უკეთესად მან იცის, რამდენი სირთულის გადალახვა მოუწევს, რომ მარიამის  კარიერაც ისეთივე ვარსკვლავური იყოს, როგორიც მისია.

სწორედ ამიტომ იყო, რომ დიდი განცდები მოჰყვა, როცა შვილმა მუსიკის სამყაროსკენ გაიწია, თუმცა გვერდით დაუდგა, მხარი დაუჭირა და მამა-შვილმა დუეტიც უკვე შეასრულეს.

მარიამი 12 წლის იყო, როცა მშობლებმა საქართველოში ჩამოიყვანეს და თბილისში გააგრძელა სწავლა. რამდენიმე თვის წინ ამერიკული სკოლა დაამთავრა. ახლახან კი (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში) დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც კელი დეგნანიც ესწრებოდა – ამერიკის ელჩი საქართველოში.

გიორგი აშშ-დან 18 მარტს დაბრუნდა. მას მეტროპოლიტენ ოპერაში სპექტაკლ ,,ტოსკაში” უნდა ემღერა, მაგრამ კორონავირუსის გამო თეატრი დაიხურა, ამიტომ სამშობლოში წამოსვლა გადაწყვიტა. თვითიზოლაციის პერიოდი მამა-შვილმა კარგად გამოიყენეს და სახლში შემოქმედებითი საღამოები მოიწყეს, მსმენელები კი მათთვის ყველაზე ერთგული ადამიანები იყვნენ – გიორგის ცოლი, პროფესიით ექიმი მაია გოგოლაძე და ვაჟი, დავითი.

– გიორგი, პანდემიის გამო თქვენი სფერო განსაკუთრებულად დაზარალდა. ბევრი მნიშვნელოვანი სპექტაკლი გადაიდო. წესით, ახლა სად უნდა ყოფილიყავით?

გიორგი: ბერლინში სპექტაკლი ,,ნაბუქო” უნდა მქონოდა.

– რა ისმის ამ სფეროდან, რას გატყობინებენ, არ არის საუბარი თეატრების გახსნაზე?

გიორგი: ძალიან წვალობენ, გერმანელებსაც უნდათ, ავსტრიელებსაც, რომ გაიხსნას. ევროპა ვერ ძლებს თეატრების, მუსიკის გარეშე, თუმცა პროგნოზს ვერ აკეთებენ, რადგან არავინ არაფერი იცის.  შემოდგომით სან ფრანცისკოში “რიგოლეტოთი” უნდა გავხსნა სეზონი(გიორგი რიგოლეტოს როლის საუკეთესო შემსრულებლადაა აღიარებული – ავტ.) და იმედია, არ გადაიდება.

კორონავირუსმა ყველა დაგვაზარალა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრით. კოვიდმა ერთი დადებითი ის მოიტანა, ძალიან მაკლდა ჩემს ოჯახთან, მეუღლესთან, შვილებთან ურთიერთობა და ეს დანაკლისი შევივსე. ხელმეორედ გავიცანი ჩემი ცოლი და შვილები, თურმე რა კარგები ყოფილან – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

– მარიამ, ბავშვობიდან მუსიკის სამყაროში ტრიალებთ, მაგრამ მხოლოდ ბოლო პერიოდში გადაწყვიტეთ, მამის გზას გაჰყოლოდით. რამ იქონია გავლენა?

მარიამი: შეიძლება ითქვას, რომ თეატრში გავიზარდე, მაგრამ სკოლის საგნებს უფრო ვაქცევდი ყურადღებას. რა თქმა უნდა, მუსიკალური განათლებაც მივიღე და ამ  მხრივ დიდი როლი ითამაშა ბებიამ, ნანა ღამბაშიძემ, რომელიც მუსიკოსი იყო და უამრავი თაობა ჰყავს აღზრდილი. სხვათა შორის, აგარის მუსიკალური სკოლა მის სახელს ატარებს და მადლიერმა მოსწავლეებმა სკოლის წინ ვარსკვლავიც გაუხსნეს.

2 წლის წინ მამას ნიუ იორკში, მეტროპოლიტენ ოპერაში სპექტაკლი ,,ჯამბაზები” ჰქონდა. ამერიკაში მთელი ოჯახი წავედით. გადავწყვიტე, რეპეტიციებზე მეც გავყოლოდი და სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი. მამის სპექტაკლებს ყოველთვის ვესწრებოდი, მაგრამ მანამდე სამუშაო პროცესი ასე ახლოს არასოდეს მენახა.

დირიჟორისა და მომღერლების მუშაობას რომ ვუყურე, სხვა ემოციები გამიჩნდა. საოცარი ჟღერადობა ისმოდა სარეპეტიციო დარბაზში.

მეორე დღეს ისევ მამას გავყევი. იმ დღეს სამსახიობო რეპეტიციას დავესწარი და, აი, მაშინ უკვე მივხვდი, რომ მინდოდა, ამ სამყაროს ნაწილი ვყოფილიყავი.

კიდევ ერთი ფაქტორი ის იყო, რომ იმ წელს მამას ძალიან კარგი პარტნიორები ჰყავდა – რობერტო ალანია და მისი ცოლი, ალესანდრა კურზაკი. ისინი “ჯამბაზებში” მთავარ როლებში იყვნენ. მათთან კონტაქტი, მათი ოჯახი, მათი ცხოვრების ყურება ძალიან მომეწონა.

მერე იქ დირიჟორმაც შემამჩნია, რეჟისორმაც, ყველა დამიმეგობრდა. რეჟისორმა რომ ნახა, რეპეტიციებს ასეთი ინტერესით ვუყურებდი, გადაწყვიტა, პატარა ეპიზოდში ჩავესვი. იმ დღეს რეპეტიციაზე ერთი მსახიობი არ იყო და მის ნაცვლად ვითამაშე. აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ სცენაზე უნდა დავმდგარიყავი.

– ანუ რა გამოდის, პირველი როლი, არც მეტი და არც ნაკლები, მეტროპოლტენ ოპერაში გქონდათ? ბევრი მომღერალი ისე ასრულებს კარიერას, ამ თეატრის  სცენაზე ფეხს ვერ დგამს და ამ ოცნებასთან ახლოსაც ვერ მიდის.

მარიამი: ასე გამოვიდა, ოღონდ გავიმეორებ, რომ ეს იყო მხოლოდ რეპეტიცია. ამის შემდეგ ყოველდღე ვესწრებოდი რეპეტიციებს. კოსტიუმების მოზომვაც კი მაინტერესებდა, ყველა დეტალს ვაკვირდებოდი. ამ ყველაფერმა მომაჯადოვა.

– რა შეგრძნება იყო ასეთ სცენაზე გასვლა?

მარიამი: ყველა თეატრის დარბაზი ძალიან ლამაზია, მაგრამ მეტროპოლიტენის გამოირჩევა. სცენიდან რომ გადავხედე ამ მასშტაბურ, ულამაზეს დარბაზს, მივხვდი, რომ თუ ერთ დღეს აქ მაყურებლის წინაშე დავდგებოდი, ეს იქნებოდა ჩემი ყველაზე დიდი ოცნების ახდენა.

– მსახიობებისგან გამიგია, სცენაზე რომ დგებიან, შიში იპყრობთ. არ შეგეშინდათ ამ მასშტაბურობის?

მარიამი: ხელოვანისთვის საჭიროა, სცენაზე ცოტა ღელვით გავიდეს, რომ ბოლომდე კარგად გამოუვიდეს. საოპერო სცენაზე ჯერ არ გავსულვარ, მაგრამ პიანინოზე ვუკრავ და სამი საორკესტრო კონცერტი მქონდა – დირიჟორი რეზო ტაკიძე გახლდათ.

კონცერტის წინ ნერვიულობ, მაგრამ, როგორც კი სცენაზე გახვალ და დარბაზს გადახედავ, სხვა აურა მოდის. ვჯდებოდი ინსტრუმენტთან და მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვუკრავდი.

გიორგი: მარიამმა ძალიან გაგვაოცა და ორი სემესტრის მასალა ერთ სემესტრში გაიარა, რომ მეორე სემესტრი მთლიანად ვოკალისთვის დაეთმო.

მარიამი: მომღერლობა ნიუ იორკში ერთი წასვლით და ერთი რეპეტიციით გადავწყვიტე, ამიტომ ის  სამზადისი არ მქონდა, რაც მუსიკოსს სჭირდება. მივხვდი, რომ სკოლის და მუსიკის ცხოვრება უნდა დამებალანსებინა. გადავწყვიტე, ერთი წლის მასალა ერთ სემესტრში გამევლო.

პირველი სემესტრის დამთავრებამდე ბოლო სამი კვირა რომ იყო დარჩენილი, დამიბარეს და მითხრეს, იმდენად დიდი მასალაა ჩასაბარებელი, რომ ვერაფრით მოასწრებ, ამიტომ იმედი ნუ გექნებაო.

ამ შეხვედრიდან იმ განწყობით გამოვედი, რომ მეჩვენებინა, რა შემეძლო. დღე და ღამე ვიჯექი და ვწერდი იმ თემებს, თეზისებს, რაც მქონდა ჩასაბარებელი იმისთვის, რომ სკოლა დამემთავრებინა დეკემბერში და არა – ივნისში. დირექტორთან ყველაფერი რომ მივიტანე და ნახეს, ჩაბარებული მქონდა, არ სჯეროდათ, რომ ეს მოხდა.

– თანაც დაამთავრეთ მაღალ ქულებზე, რომლითაც შეგეძლოთ ევროპის ან ამერიკის ნებისმიერ უნივერსიტეტში ჩაბარება.

გიორგი გაგნიძეს ქალიშვილი ოპერის მომღერლად არ ემეტება - ,,ცოლი და შვილები თავიდან გავიცანი, რა კარგები ყოფილან"მარიამი: 12 წელი ამდენი შრომა მქონდა ჩადებული სწავლაში და ყველაზე რთული სწორედ ამ არჩევანის გაკეთება აღმოჩნდა – მუსიკა თუ ევროპის ან ამერიკის რომელიმე უნივერსიტეტი. მაინც მომღერლობა გადავწყვიტე, რადგან ასეთი მოჯადოება შეუძლია ოპერის სამყაროს.

ახლა ვემზადები, რომ ჩავაბარო კონსერვატორიაში ან საქართველოში, ან გერმანიაში.

– გიორგი, როცა მარიამმა გითხრათ, რომ მომღერლობა სურდა, რა რეაქცია გქონდათ?

გიორგი: ვუთხარი, შენ ხედავ უკვე წარმატებულ მამას, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია, მაგრამ შენ არ იცი, რამდენი ვიშრომე, რამდენი უსამართლობა ვნახე, რამდენი ვისწავლე, შენ ძალიან იხიბლები ჩემი წარმატებით, მაგრამ ამის უკან ბევრი რამ იმალება-მეთქი.

მარიამი: მამა მეუბნებოდა, არასტაბილურ ცხოვრებას უნდა შეეჩვიო და ამისთვის მეცოდებიო. ბევრი ქალი კოლეგა ჰყავს და ხედავს, რომ ოჯახებს ხშირად ვერ ნახულობენ, მაგალითად, თუ მომღერალი ფეხმძიმეა, ამ დროს სხვა იწევს წინ. ისეთი პროფესიაა, მუდმივი ბრძოლა გიწევს, რომ პირველ ადგილზე იყო და ეს ბრძოლა არასოდეს მთავრდება. ფაქტობრივად სულ თვითმფრინავში ხარ.

მეორე მომენტიც არის: შეიძლება ბევრი იშრომო, მაგრამ უბრალოდ არ გაგიმართლოს, რადგან სასურველ  გარემოში ან სასურველ ადამიანებთან არ მოხვდე.

გიორგი: შეიძლება არაჩვეულებრივად დაიწყო, მაგრამ არ გაგიმართლოს. მჯერა, რომ ყველას თავისი ბედი აქვს, მაგრამ ისიც მჯერა, რომ თუ ადამიანი კარგად იქცევა, კეთილია, ამას აუცილებლად მოიმკის. შენი სიკეთე უკან გიბრუნდება ხალხისგან, კოსმოსიდან, რაც თავის ძალას გაძლევს. მე ჩემი ბედისწერა მაქვს, მარიამს – თავისი, ამიტომ ვურჩევდი, ბევრ რამეზე დაფიქრებულიყო.

– წინააღმდეგობას უწევდით?

გიორგი: წინააღმდეგი კი არ ვიყავი, უბრალოდ ვეუბნებოდი, მამა, კაცისთვის თუ რთულია, ქალისთვის ორმაგად რთულია ოჯახის გარეშე. ჩვენს საქმეს უდიდესი სიხარული მოაქვს, მაგრამ დიდი მსხვერპლის გაღებასაც ითხოვს, რომ თავი დაიმკვიდრო. ისეთი მეუღლე უნდა შეგხვდეს, რომ უზომოდ უყვარდე, ყველგან დაგყვებოდეს. ეს ყველაფერი იოლი ნამდვილად არ არის.

ხმაზე რომ ხარ დამოკიდებული, ესეც დიდი პრობლემაა. ამიტომ ვეუბნებოდი, არავინ იცის, რა ხდება, ამიტომ მეორე პროფესიაც გქონდეს-მეთქი.

– როგორ აფასებთ ახლა შვილს, როგორ  წარმოგიდგენიათ მისი მომავალი?

გიორგი გაგნიძეს ქალიშვილი ოპერის მომღერლად არ ემეტება - ,,ცოლი და შვილები თავიდან გავიცანი, რა კარგები ყოფილან"გიორგი: ძალიან ლამაზი ხმა აქვს, ასევე ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, მართლა ასეა.

ამ სფეროში სხვა ალღო გჭირდება, ძალიან ფაქიზი სმენა, რადგან ბგერებს ხატავ კარგი სმენით, გემოვნებით. მარიამს ეს ყველაფერი აქვს.

მარიამს ორი ძლიერი, ძალიან ლამაზი ბგერა დავუჭირე და ვუთხარი, რომ თუ იმუშავებს, დიდ შედეგს მიიღებს. ირგვლივ კარგი სპეციალისტები მყავს, რომლებსაც ვენდობი, მაგალითად, ვოკალის პედაგოგ გოჩა ბეჟუაშვილს და კონცერტმეისტერ ვიქტორია ჩაპლინსკაიას. მათთან მუშაობამ შედეგი უკვე გამოიღო.

ზოგადად მარიამი ძლიერი გოგოა. გერმანიაში შევიდა პირველ კლასში ისე, რომ გერმანული ერთი სიტყვაც არ იცოდა. ძალიან მალე მასწავლებლები გააოცა, იმდენად სწრაფად აითვისა ყველაფერი.

მარიამი: სულ ვამბობ, რომ ამ პერიოდმა გამწვრთნა ცხოვრებისთვის. რამდენიმე კვირა ისე ვიჯექი,  ვერაფერს ვიგებდი. ერთ თვეში გერმანულად ავლაპარაკდი. მეგონა, რომ ის სირთულე უკვე გადავლახე და ასეთი რამ აღარასოდეს მოხდებოდა, მაგრამ იგივე განმეორდა.

– რას გულისხმობთ?

მარიამი: 12 წლის ვიყავი, როცა გერმანიიდან საქართველოში წამოვედით. აქ ქართულად რომ მესწავლა და მერე ისევ გერმანიაში დავბრუნებულიყავით, ერთი წელი მეკარგებოდა. ერთადერთი გამოსავალი იყო ინგლისურენოვან სკოლაში შესვლა, მაგრამ ინგლისურად ერთი სიტყვა არ ვიცოდი.

გიორგი: ინგლისური ორ თვეში შეისწავლა, უფრო მეტიც, ერთი კლასით წინ დასვეს, რადგან პროგრამულად წინ იყო. მეექვსე კლასი არ გაუვლია, პირდაპირ მეშვიდე კლასში დასვეს.

– მარიამ, როგორ შეძელით ასე უცებ ალაპარაკება უცხო ენებზე?

მარიამი: ბავშვებთან და მასწავლებლებთან კონტაქტით. ღამეებს ვათენებდი, რომ კლასელებს დავწეოდი. მშობლიური ენის ჩათვლით ხუთი ენა ვიცი – გერმანული, იტალიური, ინგლისური, ფრანგული. რუსული ენის სწავლაც მინდა.

 – როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ მამა-შვილს წლებთან ერთად?

მარიამი: მე და მამა საერთო ინტერესებმა ძალიან დაგვაახლოვა. ახლა უკეთესად ვუგებ. საღამოს ვსხდებით და ცნობილ მომღერლებს ვუსმენთ. რაღაცებს მასწავლის. ზოგადად რთულია, როცა მამა შვილს უტარებს გაკვეთილს. ჯერ ისევ ბავშვი ვგონივარ. მეც ვაძლევ რჩევებს, თანამედროვეობას როგორ აჰყვეს. ჩემი თაობის თვალით ვუყურებ ამ პროფესიას.

– უკვე დუეტში მღერით და ეს ალბათ განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება.

მარიამი: სულ ვფიქრობდი, რომ მამა-შვილი ოდესმე ერთად დავმდგარიყავით სცენაზე ისე, როგორც ერთ დროს იდგნენ პეტრე და მედეა ამირანაშვილები.

ძალიან მხიბლავდა მეცოსოპრანოს დაბალი და თბილი ხმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სოპრანო ვარ. გამიხარდა, რადგან ამას სხვა ხიბლი ექნება, მე და მამას შესაძლებლობა მოგვეცემა, სცენაზე მამა-შვილის როლები ვითამაშოთ, მაგალითად, ამონასროს და აიდასი, რიგოლეტოს და ჯილდასი და ა.შ.

გიორგი: ბედნიერი ვარ, რომ პირველი ნაბიჯები ასე ნიჭიერად გადადგა. ვუსურვებ ბევრ შრომას. ჩვენს საქმეს შევადარებ ბრილიანტის ქვას, რომელსაც დამუშავებამდე ღირებულება არ გააჩნია. წვალება უნდა, რომ მიიღო ის კუთხეები, რითიც ღირებულებას შეიძენს.

გიორგი გაგნიძეს ქალიშვილი ოპერის მომღერლად არ ემეტება - ,,ცოლი და შვილები თავიდან გავიცანი, რა კარგები ყოფილან"