გიორგი გაბუნია: ,,მამაჩემი აცრემლებული მესაუბრებოდა… ეს ყველაფერი ჩემთვის უმძიმესი ტვირთია”

გიორგი გაბუნია: ,,მამაჩემი აცრემლებული მესაუბრებოდა... ეს ყველაფერი ჩემთვის უმძიმესი ტვირთია",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, ლიკვიდაცია იგეგმებოდა. დაქირავებული ქილერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ,,დრიმ თაუნის” საცხოვრებელ კომპლექსში ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა.

რას ფიქრობდა შეკვეთილი მკვლელობის სამიზნედ ქცეული  ტელეჟურნალისტი  და არამარტო ის, არამედ მისი ოჯახიც, ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ ,,სარკის” კითხვებს უპასუხა (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისში).

– გიორგი, რამდენად რეალური იყო თქვენი ლიკვიდაციის საფრთხე და რამდენად ეფექტური ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ მის აღსაკვეთად?

– საფრთხე რეალური იყო და ასევე რჩება. ახლა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც მინიმუმი, განცხადებას ველოდებით – რას იტყვიან, როგორია მათი პოზიცია.  ამჯერად არ მიკვირს, რომ ბევრად მეტი დრო სჭირდებათ. ოდესღაც მოუწევთ რამის თქმა და მერე ვნახოთ, პრაქტიკულ ნაბიჯებს როგორ გადადგამენ, რომ საქართველოში ასეთი რამ არ ხდებოდეს.

ვიღაცას ჩემი ნათქვამი არ მოეწონა და ქილერი გამომიგზავნეს. რას უზამენ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება უფრო ქმედითად გამოხატონ თავიანთი პროტესტი?! აი, ეს მაინტერესებს, ამის წინააღმდეგ რას იზამს ხელისუფლება, რომ საქართველო ასეთი ქვეყანა აღარ იყოს. რაღაც საეჭვო თვალთვალს ჩემი დაცვაც ხვდებოდა.

– როდის შენიშნა დაცვამ ეს ყველაფერი?

– დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც მისი გაძლიერება. ორ წელიწადზე მეტია, რაც დაცვა მყავს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას მერე, რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სადმე შემხვდებოდა და რამე დამემართებოდა.

– როდესაც პუტინს აგინეთ, მაშინ ყველა გეკითხებოდათ, გეშინოდათ თუ არა და თქვენ პასუხობდით, რომ არა. რა შეგრძნება დაგეუფლათ ახლა, როცა გააცნობიერეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

– საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ და მაშინაც  ვაცნობიერებდი, როდესაც პუტინს ვაგინე, თუმცა არ მეგონა, ეს ყველაფერი ამ მასშტაბებს თუ მიიღებდა. როდესაც მეკითხებიან, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, იმავეს თუ გააკეთებდიო, ვპასუხობ, რომ, რა თქმა უნდა, გავაკეთებდი.

ეს ყველაფერი არც ჩემთვის არის მარტივი, უმძიმესია, ტვირთია. ბევრმა შეიძლება თქვას, რას აიღე ეს ტვირთი, რატომ აგინეო, მაგრამ, ვფიქრობ, ხელისუფლების ლუსტრაციის თვალსაზრისით, ბევრი კარგი რამ გააკეთა. მეც კი გაკვირვებული ვარ ყველას ლუსტრაციით – ჩვეულებრივი ადამიანებიდან დაწყებული ხელისუფლებით  დამთავრებული. ერს კატასტროფა გვჭირს!

მინდოდა, ჩემი ტექსტი პუტინამდე მისულიყო. შემეძლო ეს სიტყვები ქართულადაც მეთქვა, მაგრამ, როდესაც ადამიანს მისივე ენაზე ესაუბრები, სულ სხვაა და გადათარგმნილი – სულ სხვა. ვიცოდი, დიდი რისკის წინაშე რომ ვდგებოდი.

– ამის მიუხედავად, რამდენიმე თვეში ევროპაში იმოგზაურეთ.

ახლა დაცვა ისე მყავს გაძლიერებული, რომ სხვაგან წასვლას ვეღარ გავბედავ. მანამდე საზღვარგარეთ 6 თვეში ერთხელ დავდიოდი. შემომითვალეს, უცხოეთში ნუ დაბოდიალობს, თორემ მანდ ვიპოვით ძალიან მალეო. მაშინ ჩემს ძმასთან და რძალთან ერთად ვიყავი და პანიკაში ჩავარდნენ იქ.

დედამ, ქალბატონმა ჯულიეტა ვაშაყმაძემ თუ უყურა იმ ინფორმაციას, სადაც თქვენი ლიკვიდაციის მცდელობაზე იყო საუბარი?

დედამაც უყურა და მამამაც და ძალიან ინერვიულეს. მე  ვერ მოვასწარი დარეკვა, ჩემმა ძმამ დაურეკა და უთხრა, ასეთი რაღაც არის და არ ინერვიულოთ, ახლა ტელევიზორში გამოაცხადებენო. მამაჩემი აცრემლებული მესაუბრებოდა. თან ჩემი ხასიათი იციან და დარწმუნებულები არიან, რომ ვერაფერს შეცვლიან, ამიტომ აზრი არ აქვს ლაპარაკს, თორემ იყო დრო, როდესაც მეჩხუბებოდნენ კიდეც.

ამ საქმეს მალევე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი და განაცხადა, გიორგი გაბუნიამ დაჩოქილმა მთხოვოს პატიებაო.

– პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდასა  და მუხლებზე ხოხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო. პუტინზე კიდევ ცოტა ვთქვი მაშინ, უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა.

მეტს ვერაფერს გავაკეთებ, ჩემში ვერაფერს შევცვლი. აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე. სახელმწიფომ თავისი მოქალაქე უნდა დაიცვას.