,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი
გარგარი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი, არომატული, მოტკბო გემოს მქონე ხილია, რომელიც, პრაქტიკულად, ყველას უყვარს. გამორჩეული გემოს გარდა არის საოცრად სასარგებლო: მდიდარია ცე, ა ვიტამინით, ლიმონმჟავით, ფლავონოიდებით, უჯერედისით.
გარგარის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. ის ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს. კაროტინის მაღალი შემცველობის გამო, რეკომენდებულია მისი ჩართვა ბავშვთა რაციონში.
გარგარი აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს ტვინის აქტივობას, რაც მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
გარგარი ხელს უწყობს ბავშვის სიმაღლეში ზრდას მასში კაროტინის მაღალი შემცველობის გამო. ასევე სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის, კანისა და თვალის ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს.
დადგენილია, რომ 100 გრამ გარგარს სისხლის წარმოქმნის პროცესზე ისეთივე მოქმედება აქვს, როგორიც 40 მილიგრამ რკინას ან 250 გრამ ახალ ღვიძლს.
გარგარის ჩირი და წვენი ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს და ორსულთათვის. აუმჯობესებს ჰემოგლობინის დონეს.
გარგარის რბილობი დიეტური პროდუქტია და მისი გამოყენება სასურველია ჭარბი წონის მქონე ბავშვებისთვის. დიეტოლოგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ გარგარი ჩინებულად უწყობს ხელს საჭმლის ნორმალურ მონელებას და ნივთიერებათა ცვლას.
გარგარის ჩირს შარდმდენი თვისება აქვს. შაქრის მაღალი შემცველობის გამო ეს ხილი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ასევე მაღალი მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტისა და სიმსუქნის დროს.

