ახალი სერიალი ,,ერთხელ ბათუმში” ზურაბ ცინცქილაძის და თამრიკო დათუაშვილის სიყვარულის ამბავზეა

ახალი სერიალი ,,ერთხელ ბათუმში" ზურაბ ცინცქილაძის და თამრიკო დათუაშვილის სიყვარულის ამბავზეა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ქართველი მსახიობების წყვილი, ზურაბ ცინცქილაძე და თამრიკო დათუაშვილი, კორონაპანდემიას ბათუმში შეხვდა. ცოლ-ქმარი მარტის შუა რიცხვებში ახალ სერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ აჭარაში, თუმცა გადაღებები მალე შეწყდა და მათაც სხვებივით კარანტინში მოუწიათ დარჩენა.

თამრიკო დათუაშვილი ,,სარკეს” ახალ სერიალზე, კორონაპანდემიის პერიოდზე მოუყვა და თავისი სიყვარულის ამბავიც გაიხსენა:

– აჭარის ტელევიზია იღებს სერიალს ,,ერთხელ ბათუმში”, სადაც მთავარ როლს ჩემი მეუღლე თამაშობს. მარტის შუა რიცხვები იყო, როცა ჩამოვედით და ჩავიკეტეთ. ინტენსიური მუშაობა  შეჩერდა, მაგრამ ზოგიერთი სცენის გადაღებას მაინც ვახერხებდით. ჩემი და ზურას ერთად გადაღება პრობლემა არ იყო, რადგან მაინც ერთ კლასტერად ვითვლებით.

– ბატონი ზურაბი ბათუმელია და, როგორც მახსოვს, ბინაც გაქვთ მანდ.

– დიახ, ბინა გვაქვს. აქაურობა ძალიან მშვიდი და საოცარი იყო. ახლა რომ ვიხსენებ, მგონია, სხვა განზომილებაში ვიყავი, ოღონდ ეს ყველაფერი სამოთხეს ჰგავდა და არა – ჯოჯოხეთს. უზომოდ  ლამაზი იყო ყველაფერი. ზღვა საოცრად იყო დაწმენდილი, მშვიდი… მე ზღვის ადამიანი ვარ, საოცრად მიყვარს ზღვა და მზე.

ერთი დღეც არ გაგვიცდენია, რომ ძალიან ბევრი არ გვევლო. დღეში 8 კილომეტრს დავდიოდით ფეხით, რომ ენერგია დაგვეხარჯა. ჯანმრთელობისთვისაც გადასარევი რამაა ფეხით სიარული, თან ბათუმის ბულვარი იძლევა ამის საშუალებას, დიდი სივრცეა, დიდი სანაპირო…

პირბადე სულ გვქონდა და მაშინ ვიკეთებდით, თუ ვინმე გვხვდებოდა. ვასრულებდით იმ წესებს, რომლებსაც მედიკოსები გვეუბნებოდნენ. აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ ასრულებდა ამ ყველაფერს ხალხი. მსოფლიოში განსაკუთრებით წესიერები და გამგონები აღმოვჩნდით.

ერთი ეგ იყო, რომ სხვაგან ვერსად მივდიოდით. ჩავჯდებოდი მანქანაში და წრეებს ვურტყამდი ბათუმს. მერე კი ფეხით დავდიოდი ბულვარში. ეს იყო ჩემი ძირითადი საქმიანობა. ზურა ბევრს კითხულობდა და ამ მხრივ განცხრომაში იყო. ასე რომ, სულაც არ გაგვჭირებია კორონაპანდემიის პერიოდი და, ვფიქრობ, ზუსტად იმიტომაც არ გაგვიჭირდა, რომ აქ აღმოვჩნდით.

ჩვენი აივნიდან ზღვა კარგად ჩანს. კომენდანტის დრო რომ მოვიდოდა, ვისხედით და იქიდან ვხედავდით გემებს, ნავებს, იახტკლუბს და სიამოვნებას ვიღებდით. ამ ადგილას გემებს ტვირთი შემოჰქონდათ ქვეყანაში, ზურა ვიდეოებს უღებდა გახარებული და ამით ვხალისობდით. მტრედები მოფრინდებოდნენ ხოლმე ჩვენს აივანზე, ველაპარაკებოდით…

მეზობლებთანაც აივნიდან გვქონდა კონტაქტი ისე, როგორც მთელ მსოფლიოს და ასე გადავიტანეთ ის საშინელი დრო.

– გაგრძელდა სერიალის გადაღებები?

– დიახ და ზურა მთავარ როლს ასრულებს. მისი გმირი არის ბიზნესმენი, მშენებელი, რომელიც ძალიან კეთილია. ჩემი პერსონაჟი ქალაქის გამწვანების უფროსია. ჩემსა და ზურას გმირებს ყვავილების სიყვარული დაახლოვებს. უცნაურად მიყვარს მცენარეები – ველაპარაკები და სულიერად ვთვლი ყველა მცენარეს…

როგორ განვითარდება ამ ორ გმირს შორის ურთიერთოებები, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამ კაცს მოეწონება და გაიხსენებს, რომ ბავშვობიდან უნახავს ეს ქალი, რადგან მისი პორტრეტი თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ფოტოატელიეში იყო გამოკრული. კაცი ეუბნება, მე მივდიოდი იმ ფოტოატელიესთან, ვუყურებდი და ვნატრობდი, ამ გოგონას შემახვედრაო.

ეს სცენარი სინამდვილიდან წამოვიდა. სერიალის სცენარის ავტორი ნუგზარ ერგემლიძეა და ჩვენი ამბები მან იცის. ზურას გმირი ჩემს პერსონაჟს ეუბნება, რომ ლამაზი ბაღის გაშენება უნდა და ისიც ჰპირდება, რომ გავუშენებ. აჩვენებს თავის ნამუშევრებს, სიყვარულის ხეივანს, რომელიც მისი გაკეთებულია და ა.შ. სხვა მხრივ, როგორ განვითარდება ეს ამბები, ჯერ არ ვიცი.

– როდიდან გავა ეს სერიალი ეთერში?

– არ ვიცი. კორონა პანდემიის დაწყებამდე 6-7 სერია იყო გადაღებული და მერე კიდევ მივამატეთ. ალბათ 10 სერია მაინცაა გადაღებული, მაგრამ ჯერ ეთერში არ არის ჩაშვებული. როგორც წესი, უნდა დაგროვდეს სერიები, რომ გაუშვან. როგორც ვიცი, ყოველ შაბათ-კვირას გავა, თუმცა ეს ივლისიდან მოხდება, აგვისტოდან თუ სექტემბრიდან, არ ვიცი.

– ანუ შესაძლოა, თქვენი და ბატონი ზურას რომანტიკული წყვილი ვიხილოთ სერიალშიც.

– ასე ჩანს.  თეატრში რომ ვმუშაობდით, მე და ზურა წყვილებს ხშირად ვთამაშობდით. ზურას კი ბევრი ,,მეუღლე” ჰყოლია სხვა ფილმებში.

– როგორ მოქმედებდა ეს თქვენზე?

– არანაირად. მეც მითამაშია სხვისი ცოლი თუ შეყვარებული და ვიცით, ეს რაც არის. თან სულაც არ ვარ ეჭვიანი. ეჭვიანობაზე საშინელი არაფერია ამქვეყნად, ანგრევს ყველანაირ ურთიერთობას.

– არც ბატონ ზურაბია ეჭვიანი?

– ეჭვიანობის საფუძველს არ ვაძლევთ ერთმანეთს. ჩვენს საქმეს კი პროფესიონალურად ვუდგებით. ჩემ გარეშე ხშირად უწევდა და უწევს გადაღებებზე წასვლა. ეს კი საშუალებაა, რომ ერთმანეთი მოგვენატროს.

პირველ ივლისს ქორწინებიდან 47 წელი გვისრულდება. უფროსი შვილიშვილი უკვე 25 წლის გვყავს – ლერი წულეისკირი. მისი და, ლიზი კი 21 წლისაა. მოგეხსენებათ, ორი ქალიშვილი გვყავს და ოთხი შვილიშვილი. უფროსი ქალიშვილი ჩვენთან ერთად გაიზარდა. მეორე ქალიშვილს, ანის, 12 წლის ტყუპები ჰყავს – მარიამ-მაშო და მერაბ-ბიკო კალანდაძეები.

– რეალური ამბავი ის არის, რომ თქვენი ფოტო ბატონმა ზურაბმა თავის დროზე ფოტოატელიეს სტენდზე ნახა და ოცნებად ექცა იმ გოგონას განცობა?

– დიახ, სინამდვილეა. თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე იყო ფოტოატელიე, სადაც ჩემი უზარმაზარი პორტრეტი იყო გამოფენილი, ალბათ სამმეტრიანი მაინც იქნებოდა. მაშინ არამხოლოდ ზურამ, მთელმა ქვეყანამ ნახა და დღემდე ყველა იხსენებს, იქ რომ შენი  პორტრეტი ეკიდაო…

– ბატონი ზურაბის გარდა ალბათ ბევრი სხვაც გეტრფოდათ…

– დიახ, საკმაოდ. ძალიან კარგი ფოტო იყო და… თან მანამდე ფილმშიც გადამიღეს და ყველა მიცნობდა. ფილმს რომ ნახავდნენ, ამბობდნენ, ეს ის გოგო არის, ფოტოატელიეში რომ არისო. ფილმში “კედელი” 12 წლის ასაკში გადამიღეს. იმ ფოტოზე კი 15 წლის ვარ,  ანუ ყველა 12 წლის ასაკიდან მიცნობდა, რადგან სულ ერთი ტელევიზია იყო და ეს ფილმიც ძალიან პოპულარული იყო.

უკვე გითხარით, რომ პირველ ივლისს ქორწინებიდან  47 წელი გვისრულდება და 6 ივლისს ზურას დაბადების დღეა, 67 წლის ხდება. 47 წლის წინ ჯერ თბილისში, ქორწინების სახლში გადავიხადეთ დიდი ქორწილი, მერე – ბათუმში. ზურა ბათუმიდანაა, 47 წლის წინ დიდი ამბავი ხდებოდა ჩვენს თავს – დაბადების დღე და ქორწილი ერთად აღვნიშნეთ. ეს იყო 1973 წელს.

ახლა ბათუმში მარტო აღმოვჩნდით, ღმერთმა ასე ინება. იცით, რა მიადვილებს ცხოვრებას? რაც ხდება, ვიცი, რომ ის ღვთის ნებაა და ასე უნდა ყოფილიყო. ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდის. ინტერნეტი გვქონდა და ყველას ვუკავშირდებოდით, ვხედავდით, როგორ იყვნენ. შვილები თბილისში, თავის ,,კლასტერებთან” ერთად იყვნენ.

– ჯერჯერობით ისევ ბათუმში რჩებით?

– დიახ, რადგან ინტენსიური გადაღებები გვექნება და თან დროც მოვიდა ბათუმში ყოფნის. ჩვენთვის  გადაღებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ძალიან წუხს უმუშევრობის გამო. ჩვენ კი საშუალება გვაქვს, საქმე ვაკეთოთ და ვიარსებოთ. ამ ყველაფრის გამო ძალიან მადლიერები ვართ.

დღეს უკვე ძალიან ბევრი ხალხი იყო პლაჟზე (ინტერვიუ ჩაწერილია 18 ივნისს –  ავტ. შენ.). სულაც არ მომეწონა ის, რომ ისევ “სიმინდი, სიმინდი” და ა.შ. სიტუაციაა. კი, გასაგებია, რომ ფული ყველას უნდა, მაგრამ დაუცველობის შეგრძნებაა. ჩემი აზრით, გარკვეული ზომებია მისაღები. უწინდებურად მთლად გვერდით არ გისხდებიან, მაგრამ მაინც ხალხმრავლობაა ზღვის ნაპირზე, ყველას წყალთან ახლოს უნდა. სიცხეა, ზღვა ძალიან სუფთაა და დანარჩენი ალბათ დაიხვეწება…

მაღაზიებსა და რესტორნებში ხალხი ყველა წესს იცავს, ასევე – კლინიკებში.

ზღვა კორონასთვისაც არაჩვეულებრივია. წმენდს ცხვირს, ყელს, ყურს და ყველაფერს. მარილიანი წყალი ბრწყინვალე რამ არის და სწორედ ესაა საჭირო ამ ავადმყოფობისთვის. ზღვა და სიცხეა საჭირო კორონას დასამარცხებლად და სპეციალისტები ურჩევენ კიდეც ხალხს, ზღვაზე წავიდნენ.

კარგად ცურავთ?

– შესანიშნავად. თბილისშიც მუდმივად დავდივარ აუზზე. სახლთან ახლოს, ფაქტობრივად ეზოში მაქვს აუზი და ჩვევად მაქვს იქ სიარული. აკვააერობიკით ვარ დაკავებული. აქ ზღვაზე ვცურავ ბევრს და რუჯსაც ვიღებ. არ ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ რუჯი კარგი არ არის. ზომიერების ფარგლებში ყველაფერი კარგია.

– როგორია ხალხის რეაქცია, ამ ორ ცნობილ და საყვარელ სახეს რომ ხედავენ პლაჟზე?

– ერთმანეთს გადაულაპარაკებენ ხოლმე და ვხვდები, რომ შეგვამჩნიეს. ხალხი ჩვენ მიმართ ძირითადად კეთილგანწყობილია.

არავინ თქვას, რომ ასეთი ყურადღება სასიამოვნო არ არის. თბილად გვეპყრობიან და ამაზე კარგი არაფერია. დადებითი მუხტის გაცემა და მიღება ჩემი ცხოვრების დევიზია. ამით ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ და მეც გავცემ. მიყვარს, როდესაც სითბოს და სიყვარულს გავცემ.

სითბოსა და სიყვარულს მზისგანაც ვიღებ. დამცინიან, რომ ვიტყვი ხოლმე, წავედი, მზე მელოდება-მეთქი. მართლა მჯერა, რომ მზე მელოდება და, როცა მივალ, გაუხარდება. მზესთან მისტიკური კონტაქტი მაქვს და ვგრძობ, რომ მართლა უხარია.

ჩემს აურას ყველგან თან დავატარებ. ამ კორონას პერიოდში თბილისშიც რომ ვყოფილიყავით, ალბათ მაინც დადებითი განწყობა მექნებოდა, თუმცა აქვე რომ ზღვა გვქონდა და მასთან ჩავივლ-ავივლიდი, ძალიან ვმშვიდდებოდი. ამ პერიოდში აქ ყოფნა ნამდვილი საჩუქარივით იყო.

ახლა შვილები გვენატრებიან, მაგრამ ოღონდ ყველაფერი კარგად იყოს და ამას მოევლება. ზღვის სეზონია და ეს ის დროა, როდესაც ყველანი ერთად ვართ ხოლმე ბათუმში. აქამდე მე და ზურა არასდროს ვყოფილვართ ასე მარტო აქ, თუმცა სიმარტოვე და მოწყენილობა სულაც არ გვიგრძვნია. ახლა ის დრო მოვიდა, როცა ყველა ჩამოვა, რადგან ამ დროს ყველას აქ უნდა ყოფნა.