,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა მძიმე დღეები გაიარა. ისრაელის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. იმ პერიოდში (მაისში),,სარკეს” მისმა მეგობრებმა უამბეს – ჟურნალისტმა, ბესო ჩუბინიძემ და მომღერალმა, ნუგზარ კვაშალმა.
ბესო ჩუბინიძე: ზურას შუნტირება და სტენტირება 4-ჯერ აქვს გაკეთებული და ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. ზურას პერიოდული შეტევები აქვს ხოლმე. რაც მე მახსოვს, ასეთი ღრმა შეტევა ალბათ მეოთხედ დაემართა.
აპარატზე მიერთებული სხვა დროსაც ყოფილა. თუ არ ვცდები, 2 წლის წინ იყო მიერთებული სუნთქვის აპარატზე. მაშინ თბილისში მკურნალობდა. 1 თვე იწვა საავადმყოფოში და მერე გამოვიდა მდგომარეობიდან. ისრაელშიც იყო მსგავს მდგომარეობაში.
ზურა სიგარეტის დიდი მწეველია. არაფრით ანებებს თავს და სულ მაგაზე გვაქვს ჩხუბი. მთავარი, რაც პრობლემას უქმნის, თბილისის მონატრებაა. ძალიან ემოციურია და ამის ფონზე ბევრი ცუდი რამ ემართება ხოლმე.
ისრაელში რომ ჩავიდა, აეროპორტში მუშაობდა. კანონიერადაა იქ ჩასული, არალეგალი არ არის. მთელი ოჯახი იქ არის. გარემოებებმა აიძულა, რომ მთელ ოჯახს ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. მოგეხსენებათ, აქ ბინის პრობლემა ჰქონდა და იქ მიიღეს საცხოვრებელი და სამუშაო.
ზურა რამდენიმე წელი მოსკოვში მუშაობდა. იქიდან რომ ჩამოვიდა, დაახლოებით 3-4 წლის წინ, კონცერტში მონაწილეობის მისაღებად წავიყვანე ფოთში. რომ იმღერა, ტაში და ამბავი ატყდა. მერე რამდენიმე ბიჭი ამოვიდა სცენაზე, ჩაეხუტნენ, მოეფერნენ და ზურამ იმხელა ემოციური სტრესი მიიღო, კულისებში რომ გამოვიდა, ლამის ძირს დაეცა. წამებით მივასწარი და ხელი ვტაცე, რომ არ წაქცეულიყო.
თბილისობას არ დაუძახეს და ეს ამბავი ძალიან მხვდებოდა გულზე. ამბობდა, თბილისობაზე ჩემს უბანში რატომ არ უნდა ვმღეროდეო. გული სწყდებოდა, მაგრამ მძაფრად არ გამოხატავდა და რომ არ გამოხატავდა, სწორედ ეს განცდა გადასდიოდა ემოციურ დისბალანსში.
ზურა მღერის არა ხმით, არამედ გონებით და გულით. ასეთი მომღერლები თითზე ჩამოსათვლელი ვიცი. შეიძლება ტექნიკა გქონდეს გამორჩეული, მაგრამ გონებითა და გულით მღერა ზურა დოიჯაშვილს შეუძლია და ალბათ კიდევ რამდენიმეს.
თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცია, რომელიც ბუზს არავის აუფრენს და იმდენად გულიანია, ეს სახეზეც აშკარად ეტყობა.
ნუგზარ კვაშალი: ზურას ფილტვის პრობლემა შეექმნა. გული მაგრად აქვს, საქართველოში ქართველმა ექიმებმა ოპერაცია გადასარევად გაუკეთეს.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ისრაელშია და დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ახლა მეგობრები შევიკრიბეთ და ჩვენ დავუსვით დიაგნოზი – ეს არის უთბილისობა. ის არის თბილისელი კაცი, რომელსაც თავისი ქალაქი სტკივა და ენატრება. მისნაირ ადამიანებს ძალიან უჭირთ სხვაგან ცხოვრება და ამ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი.
ისრაელში თავიდან ეჭვი ჰქონდათ, რომ ეს იყო სიმსივნე. მერე თქვეს, რომ არ იყო. მოკლედ, ზურას ისეთი ორგანიზმი აქვს, რომ არავის აძლევს უფლებას, დიაგნოზი დაუსვას.
აქ საოცრად ლაღ ცხოვრებას იყო მიჩვეული. ბევრი კონცერტი, მეგობრები, სიგარეტი… ვერ გადავაგდებინეთ ეს სიგარეტი! ისედაც უზომოდ ბევრს ეწეოდა და იქ, დეპრესიის გამო, უფრო ბევრს წევდა. ამ ყველაფერმა კი თავი იჩინა.
ზურასთან ისრაელში ვიყავი ჩვენს მეგობარ ექიმთან, დათო გოლიაშვილთან ერთად. ზურა არ მოგვეწონა, რადგან ბევრ სიგარეტს ეწეოდა და არ გვიჯერებდა. ხომ არიან ძალიან მწეველები და ზურა სწორედ მათ რიცხვშია. დღეში 4 კოლოფის მოწევა შეუძლია. ვეუბნებით, მაგ მოწევას სჯობია, ვისკი ან რამე დალიეო, მაგრამ არ ესმის.
ისე კი, ბავშვივით გული აქვს. რა უნდა სთხოვო, რომ არ წამოგყვეს, არ დაგიჯეროს, არ გიმღეროს. უნიჭიერესი, უდიდესი მუსიკოსია და მწყინს, რომ თავი არ შეინახა და ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდოდა. სიგარეტმა, ზედმეტმა ემოციებმა და დეპრესიამ ჩააგდო ამ დღეში.
დრო გადის, სევდა ემატება, უთბილისობა თავს იჩენს. იქაც კი ჰყავს მეგობრები, მაგრამ შეიძლება 2-3 თვე ერთმანეთი ვერც ნახონ. შეიძლება მთელი თვე სუფრასთან ვერ დაჯდე და საქართველოსი და მეგობრობის სადღეგრძელო ვერ დალიო, 3-4 თვე ვერც კონცერტი ჩაატარო.
აქ კი თითქმის ყოველდღე მეგობრებთან ხარ, კონცერტები გაქვს… ამ რიტმს ჩამორჩა და ახლა იმიტომაცაა ამ დღეში. თავი აიძულა, რომ წასულიყო. ბოლომდე არ მეგონა, რომ წავიდოდა, მაგრამ იმდენად იყო გამწარებული… მეგობრებიც კი ვერ დავეხმარეთ, იმხელა ფინანსურ პრობლემებთან ჰქონდა საქმე. მაინც წავიდა და სულ ავადმყოფობს, რაც იქ არის.
ბინა ჰქონდა ბანკში ჩადებული. მერე აღარ მისცეს სესხი, რომ ის წინა სესხი გადაეფარა. საბანკო სისტემა არ დაუდგა გვერდით. ჩვენ კონცერტებიც ჩავატარეთ, რაც შეგვეძლო, დავეხმარეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ზურა ბევრს უყვარს და ყველა მის გვერდით ვიყავით, მაგრამ ის თანხა არ ეყო.
დაბალპროცენტიანი სესხი არ მისცეს, რომელსაც თავისი სიმღერითა და მუშაობით როგორმე დაფარავდა. ბინა გაუყიდეს. თანხის ნაწილი კი დარჩა, მაგრამ სხვა ბინა რომ ეყიდა, რას ეყოფოდა?! ორი შვილი ჰყავს, შვილიშვილები…
ახლა შვილებიც იქ ჰყავს. მუშაობენ და ოჯახს ეხმარებიან. აქ ამბობენ ხოლმე, ისრაელში 2-3 ათასი დოლარი აქვთ თვეში და რა უჭირთო. იქ 3000 დოლარი აქაურ 300 ლარს უდრის, რადგან ყველაფერი ძვირია.
იქ სრულიად განსხვავებული ცხოვრებაა საქართველოსთან შედარებით და ზურა იმას ვერ მიეჩვევა. ამიტომ მისი მეგობრები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკან დავაბრუნოთ. იქნებ გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი ადამიანი ან ბანკმა მისცეს დაბალპროცენტიანი სესხი, რომელსაც ოჯახი ნელ-ნელა გაისტუმრებს.
– თვითონ რას ამბობდა, რაზე წუხდა თქვენთან საუბრისას?
– ტელეფონით ხშირად ველაპარაკებოდი და ყველა ჩვენი საუბარი ცრემლებით და მისი საშინელი ემოციებით სრულდებოდა. თბილისმა ისედაც ავადმყოფური ნოსტალგია იცის და, მით უმეტეს, ზურასნაირი ადამიანებისთვის.
ისრაელში ახლა ინვალიდობის პენსია დაუნიშნეს – რადგან გულზე შუნტირება აქვს გაკეთებული, ინვალიდად ითვლება. სახელმწიფო პენსია აქვს და, მგონი, 1000 დოლარია, მაგრამ იქ ჩვენს ფულზე, როგორც გითხარით, 100 თუ 200 ლარის ტოლია.
მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს ელჩს ისრაელში – ლაშა ჟვანიას, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის და ზურას გვერდში დგომისთვის. ის უდიდესი პიროვნებაა. მას ვიცნობდი და დედამისს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ასეთი უნიკალური პიროვნება თუ იყო, არ ვიცოდი.
წარმოიდგინეთ, ელჩი რომ მივა საავადმყოდფოში, მკურნალობაში ჩაერევა და ა.შ.
.
ზურა დოიჯაშვილს ,,სარკე” ისრაელში გასული წლის ნოემბერში ესაუბრა.
– ახლა ვერ დავიწყებ პათეტიკურად ლაპარაკს სამშობლოს სიყვარულზე, მაგრამ ფაქტია, საქართველოდან საცხოვრებლად სხვაგან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია. საქართველოდან კი არა, ჩემი უბნიდანაც არ გადავიდოდი სხვა უბანში.
რუსეთში ცოტა ხნით ვიყავი წასული, ანაზღაურებაც კარგი მქონდა, მაგრამ ვერ გავძელი. ბევრი ჩვენი მომღერალი მოერგო იქაურ ყოფას, მე კი ვიტანჯებოდი, ჩემი მეგობრები მენატრებოდა, თბილისი მეძახდა და დავბრუნდი.
დიდი ოჯახი მაქვს – მეუღლე, სამი შვილი, შვილიშვილები. ბოლო დროს ძალიან გამიუარესდა ჯანმრთელობა. მოგეხსენებათ, ყველაფერს ფული სჭირდება, არადა, სიმღერის გარდა, სხვა პროფესია არ მაქვს.
დედის მხრიდან ბებია მყავდა ებრაელი. ებრაელები კი ეროვნებას დედის ხაზით ადგენენ. ყოველთვის შემეძლო ისრაელში წამოსვლა. ბევრჯერ შემოუთავაზებიათ, მიმეღო მოქალაქეობა, მაგრამ უარს ვამბობდი. განა არ მიყვარს ისრაელი და ებრაელი ხალხი, ძალიანაც მიყვარს, მე ხომ ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც ყოველ ეზოში ორი-სამი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა. ბევრი ებრაელი ძმა მყავდა, ხშირადაც ჩამოვდიოდი აქ, მაგრამ გული საქართველოს ვერ ელეოდა.
სხვა გზა რომ არ დამრჩა, გადავწყვიტე და წამოვედი. იცით, როგორ ვარ? ორმოცდაათწლიანი ხე ამომიღეს და ახალ ნიადაგში ჩამრგეს. უდიდესი მადლობა ჩემი ბავშვობის მეგობრებს, ქართველ ებრაელებს. როგორც ვაზს ჭიგო, ისე შემეხიდენ, წაქცევის საშუალებას არ მაძლევენ, მანუგეშებენ, მაგრამ ღამე მარტო ვრჩები და ჩემი თბილისი მესიზმრება, მენატრება, მეტირება…
ისრაელი საუკეთესო ქვეყანაა, თავის მოქალაქეებზე ზრუნავს. სანამ მომაგრდები, დახმარებას გაძლევენ. სამედიცინო მომსახურება, დაზღვევა, პირველადი მოხმარების საგნები გარანტირებული გაქვს.
ვცხოვრობ ზღვისპირა ქალაქ ბათ-იამში. ამ ქალაქში უამრავი ქართველია, როგორც ძირითადი მცხოვრები ქართველი ებრაელები, ისე ემიგრანტები. ქართული გარემოა და ლაპარაკიც ყველგან ქართული ისმის. ზოგჯერ თავი ბათუმში მგონია, სახელებიც დაახლოებით ერთნაირი აქვთ – ბათუმი და ბათ-იამი.
ჩემი ქალიშვილი, ნუცა, ფეხმძიმედ იყო, ისრაელში რომ ჩამოვედით. აქ დაიბადა ლუკა, რომელმაც უდიდესი სიხარული მოგვიტანა. ლუკა ჭკვიანი ბიჭია, არ ტირის, კარგად ჭამს და სულ გვიღიმის. მე და ჩემი მეუღლე, ქეთი, ერთმანეთს ვეცილებით, რომელი გაასეირნებს.
ნუცა უკვე სწავლობს ულპანში (სასწავლებელი, სადაც ენას და ისრაელის ისტორიას ასწავლიან), აქაური ცხოვრების წესებს ეგუება. ახალგაზრდებს ეს უფრო მარტივად გამოსდით. ნიჭიერი გოგოა და კარგად ითვისებს ყველაფერს, ჩვენ კი, უფროსები, ნოსტალგიით ვართ შეპყრობილნი.
ისრაელში თავი უცხოდ არასდროს მიგრძვნია, ახალგაზრდობიდან მოყო-ლებული აქ ხშირად დავდიოდი. მეპატიჟებოდნენ კონცერტებზე, ქორწილებში, დღესასწაულებზე. ყოველთვის დიდი სიყვარულით მხვდებოდნენ, მაგრამ ერთია გასტროლებზე ჩამოსვლა და მეორე – მუდმივი საცხოვრებლის შეცვლა. რა თქმა უნდა, შევეჩვევით ყველაფერს, ისრაელიც ჩემი სამშობლოა ისე, როგორც საქართველო.
ნახევარი საუკუნე შემისრულდა და საიუბილეო წელი მქონდა. ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, სიურპრიზი მოეწყო და ეს კონცერტი ჩემს ქართველ ებრაელებთან, ჩემს მომღერალ ძმებთან და არაჩვეულებრივ ფიქრია მეგრელაძესთან ერთად დაგეგმა. უდიდესი მადლობა მათ.
,,მე შენ მიყვარხარ და საქართველო, უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!” (სიტყვები ლადო ასათიანის ლექსიდან. ავტ.). მე ყოველთვის ვიქნები ორ ქვეყანას შორის გადებული სიყვარულის ხიდი! მიყვარს საქართველო და მიყვარს ისრაელი! მალე შეხვედრამდე! – გვიყვებოდა ზურა დოიჯაშვილი.

