თამუნა ამონაშვილი: ,,უძრავი ქონების გაქირავებით გადავრჩი”

თამუნა ამონაშვილი: ,,უძრავი ქონების გაქირავებით გადავრჩი",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალ თამუნა ამონაშვილს ,,სახლური” ცხოვრების რეჟიმზე გადასვლა არ გაუჭირდა, რადგან ყველაზე მეტად შინ ყოფნა სიამოვნებს. შემოქმედებით ცხოვრებას ჩამოშორებული მომღერალი ძირითადად კითხვით, ქსოვით და ჭრა-კერვით არის დაკავებული (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში). ყველაზე მეტად გაპრანჭვა და ლამაზად ჩაცმა მოენატრა. დღევანდელი ცხოვრების პირობები კი გაპრანჭვის მოტივს უკარგავს.

წარმოდგენა არ აქვს, როდის დადგება კიდევ სცენაზე, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მთელ ზაფხულს ბათუმში გაატარებს, სადაც სახლი აქვს. შოუბიზნესი, სცენა შემოსავალს აღარ აძლევს, თუმცა მომღერალი ოპტიმიზმს არ კარგავს და თვლის, რომ მალე სამყარო კვლავ მჩქეფარე გახდება.

– თამუნა, რამდენად რთული იყო ბოლო სამი თვე თქვენთვის და როგორ შეცვალა კორონავირუსმა თქვენი ცხოვრება?

– შოუბიზნესის კუთხით აქტიური ცხოვრება ბოლო წლებში აღარ მქონია და ამ მხრივ არ გამჭირვებია, თუმცა, ბუნებრივია, გარკვეულწილად აქტიური ცხოვრება მქონდა. იმდენად მიყვარს სახლში ყოფნა, რომ ჩემი ცხოვრება ბოლო სამი თვის განმავლობაში დიდად განსხვავებული არ ყოფილა.

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ გარშემო ყველაფერი გაჩერდა. ბევრ რამეზე უნდა გეზრუნა. მაღაზიაში გასვლის წინ ისე უნდა შევიარაღებულიყავი, მეგონა, სახლიდან სხვა ადამიანი გავდიოდი.

– ფსიქოლოგიურად რა იყო ყველაზე რთულად გადასალახი?

– იმაზე ფიქრი, რომ ეს უხილავი ვირუსი ჩემი ოჯახის წევრებს და ახლობლებს არ დამართნოდათ. შიში და სტრესი უფრო მოქმედებდა ჩემზე, ვიდრე სახლში ჯდომის  რეჟიმი. ჩემი ლამაზი სახლი მიყვარს და აქ ყოფნა არ მბეზრდება. ყველა წესს ზედმიწევნით ვიცავდი. ყველაფერზე უარს ვამბობდი, არც ერთ ტელეკომპანიაში სტუმრად არ წავსულვარ, არც გადამღებ ჯგუფებს ვუშვებდი სახლში.

მოკლედ,  სრულიად იზოლირებული ვიყავი და ამიტომ ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი, რომ ეს ვირუსი  დამემართებოდა.

– ეს დრო რისთვის გამოიყენეთ? ბევრი ადამიანი ამ პერიოდში ცდილობდა, ახალი რამე გაეკეთებინა და ახალი შესაძლებლობები ეპოვა საკუთარ თავში.

– გაგიკვირდებათ და, ახალი არაფერი  აღმომიჩენია საკუთარ თავში. ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, ვქსოვ, ვკერავ. უმოძრაობით ცოტა მოვიმატე და ახლა ვცდილობ, ფიზიკურად ვიაქტიურო, რომ მომატებული კილოგრამები დავიკლო.

– დაზარალდით შემოქმედებითად ამ პერიოდში?

– ბევრი რამ მქონდა დაგეგმილი, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის და რა გაკეთდება. ყველაზე მასშტაბური იყო ერთი პროექტი, სადაც მონაწილეობას ვიღებდი. დეტალებზე ჯერ კიდევ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ პროექტში ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი იყო გაერთიანებული.

ჩვენს სფეროში ყველაფერი გაჩერდა. ისეთი განწყობა შეიქმნა, რომ ძნელია, მოძებნო სიტყვები,  რითიც ამ ყველაფერს გადმოსცემ.

– შოუბიზნესის წევრები ღიად საუბრობენ, რომ სერიოზული კრიზისი მოიტანა კორონავირუსმა. თითქოს ყველაფერი იხსნება, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს ის პერიოდი, როდესაც მომღერლები სცენაზე დადგებით.

– როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ყველაზე მეტად ხელოვნების სფერო დაზარალდა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ აბსოლუტურად ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ამ მთავრობისგან ძალიან მიკვირს, რომ ამ ადამიანების მიმართ არანაირი ყურადღება არ გამოიჩინეს – ცოტანი ნამდვილად არ ვართ. ჩემი შემოქმედებით ვერც მე ვშოულობ ვერაფერს.

– რით გადაირჩინეთ თავი, რა გეხმარებათ ფინანსური კრიზისის დაძლევაში?

საბედნიეროდ, ჩემი ოჯახური საქმიანობიდან მაქვს ისეთი შემოსავალი, რომელიც საშუალებას მაძლევს, ელემენტარულად ვიცხოვრო. ეს საქმიანობაც დამოკიდებულია ტურიზმზე, მაგრამ,  საბედნიეროდ, ეს პერიოდი ცუდად არ შემხებია –  ვგულისხმობ უძრავი ქონების გაქირავებას. ამ სფეროშიც ბევრი რამ გაჩერდა, მაგრამ მე გადავრჩი.

შემოდგომამდე კონცერტების დაგეგმვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, არადა ზაფხულში ძალიან მიყვარდა ქალაქგარეთ გასვლითი კონცერტები.

– როგორ აპირებთ ზაფხულის გატარებას?

– ბათუმში სახლი მაქვს და წავალ. ზღვას მაინც ვუყურებ და სიამოვნებას მივიღებ. საზღვარგარეთ ვერ წავალ, კონცერტები არ მექნება, ამიტომ მთელი ზაფხული ბათუმში ვიცხოვრებ და ზღვით ვისიამოვნებ.

– არ გენატრებათ სოციალური აქტიურობა, ლამაზად ჩაცმა, გაპრანჭვა?

– გაპრანჭვა ძალიან მენატრება, მაგრამ საერთოდ ვეღარ ვახერხებ და არც აქვს აზრი. ნიღბით და შეფუთული რომ გიწევს სიარული,  მაკიაჟის გაკეთებაც აზრს კარგავს. საერთოდ ვერავინ მცნობს, რადგან გარეთ თუ გავდივარ,  ნიღბით და სათვალით ვარ შეიარაღებული. ასეთ მდგომარეობაში საკუთარ თავს ვერ ვცნობ სარკეში და სხვამ როგორ უნდა მიცნოს?

არ ვიცი, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი. მეგობრებთან შეხვედრა, მხიარულება და ჩახუტება მომენატრა. ბოლო დროს ადამიანები კი ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს დისტანცირება ყველაფერს აციებს. ცხოვრებისეული აჟიოტაჟი ძალიან მენატრება. არადა, მგონი, ძალიან დიდხანს მოგვიწევს ამ კორონასთან ერთად ცხოვრება,  გარეთ შეფუთული სიარული და გაპრანჭვა მხოლოდ სახლში, სარკესთან.

რაც შეზღუდვები მოიხსნა და გარეთ გავდივარ, დავაკვირდი, რომ ერთ საათში ისე ვიღლები, თითქოს მთელი დღე ვიარე. ამას ბევრი უჩივის და ალბათ ეს არის შედეგი იმ ჩაკეტილობის, რაც გამოვიარეთ და იმ პირბადით ცხოვრების, რომელიც ამ სიცხეში თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს.