სტომატიტს და ანემიას მოცვი მოიგერიებს

სტომატიტს და ანემიას მოცვი მოიგერიებს,,სარკე”, ნათია  ტოტიკაშვილი

სასარგებლო მცენარეებს შორის მოცვი უდაოდ ლიდერია. განსაკუთრებით ფასეულია ის ბავშვებისთვის, რადგან ეს კენკრა ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. მდიდარია ცე ვიტამინით, ასევე მანგანუმითა და კალიუმით. მოცვი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ბევრი დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს, ხელს უშლის საშარდე ბუშტის ინფექციებს.

მოცვის შემადგენლობაში შედის ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებები: რძემჟავა, ლიმონმჟავა, მჟაუნმჟავა, ქინაქინმჟავა, ქარვამჟავა და ვაშლის მჟავა.

მოცვი ბავშვის პირის ღრუსა და კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. ამ ნაყოფის ანტიოქსიდანტები ამცირებენ პირის ღრუში ბაქტერიების გავრცელების პროცესს.

ცოცხალი ნაყოფი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამახვილებს მხედველობას და სხვა პათოლოგიათა თანმხლებ ანთებით პროცესებს. მოცვის ჩაი ძალიან სასარგებლოა სურდოსა და გაციებისთვის.

იმის გამო, რომ მოცვი სეზონური ხილია, დედიკოებს ვურჩევთ, ის უმად შეინახონ. როგორ? 1 კილოგრამ მოცვს 1,5 კილოგრამი შაქარი დააყარეთ და ხელით ასრისეთ. მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში. 3 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ და დროდადრო ხის კოვზით ურიეთ. 3 დღის შემდეგ ქილებში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.

თუ თქვენს შვილს დაბალი ჰემოგლობინი (ანემია) აქვს, რეკომენდებულია მოცვის ნაყოფის ნაყენი: აიღეთ 2 ჩ.კ. მშრალი ნაყოფი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 2 საათი, გადაწურეთ, გაანაწილეთ თანაბარ ულუფებად და დღეში 3-4-ჯერ ასვით ბავშვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კენკრაში შემავალ რკინას ორგანიზმი სრულად ითვისებს.

გაციების დროს კარგია მოცვის ფოთლების ნაყენი: აიღეთ 3-4 ჩ.კ. დაქუცმაცებული მშრალი ფოთოლი, დაასხით 2 ჩ.ჭ. მდუღარე და 4-5 საათი გააჩერეთ თერმოსში. დაალევინეთ ბავშვს 1/4 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ბავშვებში ხშირია სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება). ამ დროს სავლებად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მოცვის ნაყოფის ნაყენი, ისე ახალგამოწურული წვენი.

მოცვს გარეგანადაც იყენებენ დამწვრობის, შეუხორცებელი ჭრილობებისა და ძნელად მოსაშუშებელი მუწუკების სამკურნალოდ.