,,საყვარელი რომ ჰყავდა, არ ვიცოდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ უფსკრულის პირას დამაყენებდა”

,,საყვარელი რომ ჰყავდა, არ ვიცოდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ უფსკრულის პირას დამაყენებდა",,სარკე”

თანდათან მოვდივარ აზრზე, მაგრამ მაინც მიჭირს იმ ყველაფრის გაანალიზება, რაც ბოლო ორ თვეში თავს დამატყდა. ჯერ ამ რაღაც ამოუცნობი ვირუსის გამო აღმოვჩნდი გაუგებრობაში, ვამბობდი, მგონია, სიზმარში ვარ-მეთქი და მერე უარესი რამ მოხდა – ჩემი ქმარი სახლიდან გაიქცა.

ამ პერიოდში ყველა ნორმალური კაცი ცოლ-შვილს გადაეფარა, რომ ამ ვირუსისგან დაეცვა. ჩემი ძმა თავის ცოლ-შვილს გარეთ არ ახედებდა, ყველაფერზე თვითონ დარბოდა, რომ მათთვის საფრთხე აერიდებინა. ჩემმა ქმარმა კი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე იფიქრა და სახლიდან წავიდა.

ისეთი გაოგნებული დამტოვა, ემოციებიც კი მერე მოვიდა. ძმაკაცს დაარეკინა, არ მელოდოს, სახლში არ მივალო. ალბათ არც დარეკვაზე შეიწუხებდა თავს, კომენდანტის საათი რომ არ ყოფილიყო. იცოდა, ქვეყანას შევყრიდი, სახლში თუ არ მოვიდოდა, ყველა მის ძმაკაცს დავურეკავდი და ქუჩა-ქუჩა დავუწყებდი ძებნას.

ასე უამრავჯერ მოვქცეულვარ. 15 წელზე მეტი მისი ერთგული ვიყავი. ჩემზე დიდი გულშემატკივარი არავინ ჰყოლია. ბევრჯერ ვყოფილვართ გაჭირვებაში, მაგრამ არ დამიწუწუნია, რომ თავი ცუდად არ ეგრძნო, თავმოყვარეობა არ შელახვოდა. ნაცნობების დახმარებით ისე ვაგვარებდი პრობლემებს, რომ მისი ღირსება არ შელახულიყო.

მაზლმა სახლი გაგვიყო და ისე მცირე წილი მოგვცა, ერთოთახიანი ბინაც არ მოგვივიდა, მაგრამ ჩემი მონდომებით და შრომით დღეს სამოთახიანი, გარემონტებული სახლი გვაქვს. როცა მეგონა, რომ ამოვისუნთქეთ და ამის მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა, შვილებთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებდით, ქმარმა სწორედ მაშინ მიღალატა.

საყვარელი რომ ჰყავდა, არ ვიცოდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქალს, რომლისთვისაც ბევრი იბრძოლა და უამრავი წინააღმდეგობა გადალახა, ერთ დღეს ზურგს შეაქცევდა და უფსკრულის პირას დააყენებდა.

საგანგებო მდგომარეობა რომ დაიწყო, ჩემი ქმარი ძალიან აწრიალდა. სულ ტელეფონს ჩასჩერებოდა, ადგილს ვერ პოულობდა. მეგონა, რომ პანდემიის გამო ღელავდა და ვამშვიდებდი, ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი დაგვემუქრება-მეთქი.

თურმე საყვარელზე ნერვიულობდა. მანქანები რომ აკრძალეს, საერთოდ გადაირია და მასთან გაიქცა. პასუხი რომ მოვითხოვე, მითხრა, რა ვქნა, მიყვარს და მის გარეშე ვერ გავძლებდი, საგანგებო მდგომარეობა რომ არ გამოცხადებულიყო, სახლიდან არ წავიდოდი და არ მიგატოვებდითო, ანუ საყვარელიც მეყოლებოდა და შენც მეყოლებოდი, ამ ტყუილებს გავაგრძელებდიო.

მერე გავიგე, რომ ჩემს ქმარს მეტოქე ჰყავდა. უფრო სწორად, როგორც ასეთ ქალებს სჩვევიათ, ამ ვაჟბატონს ატყუებდა, რომ ძველი შეყვარებული შერიგებას და ცოლად გაყოლას სთხოვდა. ჩემი ქმარი სახლიდან სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა და იმის შიშით, რომ საყვარელი არ დაეკარგა, ცოლ-შვილი მიატოვა.

მითხარით, ასეთ კაცს რა სახელი შეიძლება მოუძებნო? ან შვილებს როგორ უნდა აუხსნას, რატომ მიგატოვეთ მაშინ, როცა ყველას სასიკვდილო ვირუსი გემუქრებოდათო. შვილები ხომ ჰკითხავენ, თუ ოდნავ მაინც გიყვარდით, რატომ არ დაგვიცავი, ზურგი რატომ გვაქციეო. ვერაფერს უპასუხებს, რადგან ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს! კარგი ადამიანები ასე არ იქცევიან!

ზოგი მეუბნება, არ ინერვიულო, გამოფხიზლდება და დაგიბრუნდებათო, მაგრამ ეს არ მინდა. შეიძლება მეპატიებინა, საყვარელი რომ ჰყავდა, მაგრამ ვერასოდეს დავივიწყებ პანდემიის დროს მიტოვებას. ის სამუდამოდ გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან!

,,სარკის” ერთგული მკითხველი