სალომე ბაკურაძე: ,,იმედია, ჩვენი ოჯახის რესტორანში მალე დავიწყებ მუშაობას”

სალომე ბაკურაძე: ,,იმედია, ჩვენი ოჯახის რესტორანში მალე დავიწყებ მუშაობას",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

მომღერალ სალომე ბაკურაძეს პანდემიის პერიოდში ქმარმა, ტელეპროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ, სიურპრიზი მოუწყო და ოჯახის ახალი წევრი მიუყვანა – ძაღლი, სახელად დიბი. ლეკვმა ოჯახის ყველა წევრი გაამხიარულა, განსაკუთრებით კი სალომეს და ლაშას ბიჭუნა, 4 წლის სანტი, რომელიც პანდემიის დროს მშობლების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

სალომესთვის სცენისა და მეგობრების გარეშე ყოფნა ძალიან რთული იყო, ამიტომ მაყურებელთან ურთიერთობის და სიმღერის დეფიციტს ლაივ კონცერტებით ივსებდა. ცდილობდა, თავისი მსმენელისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა და სტრესის დაძლევაში დახმარებოდა.

– სალომე, პირველ რიგში, როგორ ხართ, როგორ უძლებთ პანდემიით გამოწვეულ სტრესს?

– კორონავირუსზე ფიქრით და წუწუნით ძალიან დავიღალე. არამარტო ჩვენ ვართ ასეთ სიტუაციაში,  მთელ სამყაროს უჭირს. მხოლოდ იმის იმედად ვარ, რომ ბოლოსკენ გავდივართ და მძიმე პერიოდი დამთავრდება.

სიმართლე გითხრათ, ემოციურად ძალიან გამიჭირდა. სცენის, მაყურებლის, მეგობრების გარეშე გატარებული თვეები ადვილი არ იყო. ცხოვრების იმ ტემპის გათვალისწინებით, რაც მქონდა, თვითიზოლაცია რთული აღმოჩნდა. გარდა ამისა, ჩვენ, მომღერლებმა, სხვა ბევრი პროფესიის ადამიანების მსგავსად, ფინანსურადაც დიდი დარტყმა მივიღეთ.

მე, პირადად, სცენის გარდა სხვა შემოსავალი არ მაქვს. ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების სულიერი საზრდოც და ფინანსური შემოსავალიც.

– ხელისუფლება არ გპირდებათ რაიმე კომპენსაციას?

– ჩვენი სფეროს წარმომადგენლები ხელგაშლილი ტიპები არიან. თუ ვინმეს ჰქონდა დანაზოგი, სიკეთეში მოიხმაროს, მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება. ვფიქრობ, შემოსავალს ყველა მაშინვე ხარჯავდა, ამიტომ თითოეულს გაუჭირდა და ეს გასაკვირი არ არის.

ჟურნალისტების, ბლოგერების, თბილისის მერიის მხრიდანაც იყო შემოთავაზებები, რომ ლაივ კონცერტები მოგვეწყო, ჩვენი მსმენელი ცოტათი მაინც გაგვემხიარულებინა და მათ ყოველდღიურ ყოფაში პოზიტივი შეგვეტანა – რასაკვირველია, ეს ყველაფერი უსასყიდლოდ.

რასაც ვაკეთებდით, ბუნებრივია,  გვსიამოვნებდა და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაც იყო, თუმცა მას შემდეგ არც მერიას და არც სხვა სახელმწიფო სტრუქტურას რაიმე სახის დახმარებაზე ინიციატივა არ გამოუჩენია.

ამაზე თუ ვინმე იფიქრებს, ცუდი არ იქნება, რადგან ჯერ კიდევ არავინ იცის, ,,დაპაუზების” პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდება. მე, პირადად, იმის იმედი მაქვს, რომ მალე ღია ტიპის კვების ობიექტები მაინც ამუშავდება და ჩვენი ოჯახის საკუთრებაში არსებულ რესტორანში დავიწყებ მუშაობას.

– სამუშაო პოზიცია უკვე შერჩეული გაქვთ?

– ვიმღერებ. მე და ჩემი მეგობარი, ნათია დუმბაძე (მომღერალი, ავტ.) რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით, რომ კარანტინის პირობებში ადამიანებს ჭამის მეტი არაფერი გვიკეთებია. როცა ხალხი გარეთ გამოვა, ურთიერთობას, მუსიკას, გართობას იქნება მონატრებული. ჩვენ გვყავს საკუთარი ბენდი და ნიჭიერი ადამიანები სამეგობროში.

ამ ეტაპზე ეს არის თვითდასაქმების ერთადერთი გეგმა. კარგია, რომ გარკვეული შეზღუდვები მაინც მოიხსნა. სავალდებულო აღარ არის, 9 საათზე პიჟამაში  ვიყოთ გამოწყობილი. რაღაცის გაკეთებას მაინც შევძლებთ.

– სანამ მუშაობას განაახლებთ, ვისაუბროთ, როგორ ახერხებდით თვითიზოლაციაში თავის მოვლას და წონის კონტროლს.

– ჩემი და წონის ჭიდაობა მთელი ცხოვრება გრძელდება. ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს ვფიქრობდი, რომ თუ წონაზე კონტროლს დავკარგავდი, ამ პრობლემას ვეღარასოდეს მოვერეოდი. ალბათ ამ შიშმა განაპირობა ის, რომ უმნიშვნელოდ მოვიმატე.

ახლაც, როცა უმოძრაობის ხანაში შეიქმნა მსგავსი საფრთხე, პირი კარგად დავკეტე. ვფიქრობ, უფრო დაკლებული ვარ, ვიდრე მომატებული. სიმართლე გითხრათ, ეს ნაწილობრივ ვარჯიშის დამსახურებაცაა.

თავიდან სპორტს დიდი ენთუზიაზმით მივყევი, მაგრამ მერე მომწყინდა. ჩემი შვილი მეკითხებოდა,  დედა, იოგას რატომ აღარ აკეთებო. შემდგომ ეტაპზე უფრო მეტად თავის მოვლაზე გადავერთე. წიგნები, ფილმები, ვარჯიში – ყველაფერი გარკვეული დოზით კარგია, მაგრამ იმ პერიოდში თითქოს სავლდებულო გახდა და ბოლოს უკვე ყველაფერი მაღიზიანებდა.

– თქვენი ქმარი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ქართული ტრადიციული კერძების გაკეთება დიდად არ გეხერხებათ. თვითიზოლაციაში ხომ არ დახელოვნდით ამ კუთხით?

– თავიდან კულინარიაშიც დიდი შემართებით დავიწყე ძალების მოსინჯვა. ვეცადე, რაღაცები მესწავლა, მაგრამ ორ კვირაში დავრწმუნდი, რომ ჩემგან შეფმზარეული არ გამოვიდოდა და ძველ და კარგად ნაცნობ კერძებს დავუბრუნდი. სალათები კარგად გამომდის.

– 4 წლის სანტიზეც მოგვიყევით.  ბოლო პერიოდში ოჯახის განსაკუთებული ყურადღება ალბათ სწორედ მისკენ იქნებოდა მიმართული.

– სანტიმ ყველაზე ადვილად გადაიტანა ეს თვეები. ყველანი სახლში ვიყავით და მის გართობას მთელი ძალისხმევით ვცდილობდით. პირველი რამდენიმე დღე ცოტა გაკვირვებული იყო, ბაღში წასვლას ითხოვდა, მაგრამ ავუხსენით, რა სიტუაცია იყო.

სანტი  პატარაობიდან მიჩვეულია, რომ გარკვეულ აკრძალვებს უნდა დაემორჩილოს. დავსვამთ და ავუხსნით ხოლმე, რა და როგორაა. ისიც გაგებით ეკიდება ყველაფერს.

– ოჯახში ახალი წევრი გყავთ – დიბი. ეს საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა ბავშვისთვის, ძალიან გაახარებდით.

– ბუნებრივია, ბავშვს ძალიან გაუხარდა, თუმცა დიბის მთავარი აღმზრდელი და პატრონი ჩემი მეუღლეა. ძაღლი ისე მოიყვანა, წინასწარ არ ვიცოდით.  ლაშას სიურპრიზები უყვარს. დიბის მოვლა, დაბანა, ჭამა, ,,აღზრდა” – მთლიანდ საკუთარ თავზე აიღო.  არ მახსოვს, ჩვენი შვილისთვის იმდენჯერ გაეთენებინოს ღამე, რამდენსაც ძაღლისთვის ათენებს.

ამას წინათ დილით  გამაღვიძა, ფოტო მაჩვენა და მითხრა, ნახე, პრინც ჩარლზს და ლედი დიანასაც ამ ჯიშის ძაღლი ჰყოლიათო. როგორც იტყვიან, დიბი ძაღლური ძაღლია, მას ქალი ვერ მოუვლის. ჩანთაში ვერ ჩაისვამ და სასეირნოდ ვერ წაიყვან. მას კაცმა უნდა მიხედოს.

– თქვენ თუ გყავდათ ბავშვობაში შინაური ცხოველი?

– მხოლოდ ზაზუნა მყავდა, თუმცა ძაღლები  ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. როცა ლაშამ დიბი მოიყვანა, ვიფიქრე, რომ პატარა ფართში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობდა. ვფიქრობ, როცა ცხოველი გყავს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენთან დიბი ბედნიერია. ძალიან ხალისიანია და მთელ ოჯახს გვართობს.

– რა არის ის, რასაც სიტუაციის დამშვიდების შემდეგ უპირველესად გააკეთებთ?

– უამრავი აზრი მიტრიალებს თავში. მეგობრები მენატრებიან. ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი ვართ. მათთან შეხვედრა დიდი სიამოვნებაა ჩემთვის. სცენა მენატრება, მსმენელი. კიდევ – მოგზაურობა მინდა. გარემოს შეცვლა და ახალ-ახალი შთაბეჭდილებები ადამიანისთვის აუცილებელია. მე და ლაშა წელს თურქეთში ვგეგმავდით ბავშვთან ერთად დასვენებას, მაგრამ ალბათ არ გამომგვივა.

სანტის ხის დიდი ყულაბა აქვს, მასში ფულს ვაგროვებთ. წვრილ ხურდებს არ ვყრიდით, მხოლოდ ორლარიანებს და ქაღალდის კუპიურებს. სანტიმ იცის, როცა ამ ყულაბას გავტეხავთ, იტალიაში სამოგზაუროდ უნდა წავიდეთ. ყულაბა ისე დამძიმდა, ბავშვს ხელით აწევა უჭის, ანუ მოგზაურობის დრო მოვიდა, მაგრამ როდის შევძლებთ ამას, ჯერ არავინ იცის. იმედია,  ყველაფერი კარგად იქნება.