რა უდევს კოლეგას თეფშზე? – რაზე მეტყველებს ამა თუ იმ საკვების სიყვარული

რა უდევს კოლეგას თეფშზე? - რაზე მეტყველებს ამა თუ იმ საკვების სიყვარული,,სარკე”, აზა გაგოშიძე

კოლეგებთან ერთად სადილობისას ყურადღება მიაქციეთ მათ მიერ შერჩეულ კერძებს – ეს ადამიანების უკეთესად გაცნობაში დაგეხმარებათ.

ბოსტნეული – მშვიდობისმყოფელი

შემწვარ ხორცს ზედ არც კი შეხედავს, ბოსტნეულის გარნირს ან სალათს ეტანება. ვინც მსუბუქ საკვებს ირჩევს, ის, ჩვეულებრივ, იოლად საურთიერთო პიროვნებაა. არ უყვარს კონფლიქტები არც სამუშაოზე, არც ყოფაცხოვრებაში. ყოველთვის მზადაა კომპრომისისთვის.

როგორ იურთიერთოთ? ნუ დასცინებთ, ასეთი ადამიანები ძალიან მოწყვლადები არიან. უმჯობესია, ისარგებლოთ ჯანსაღი კვების საკითხებში მათი ცოდნით, გაიხაროთ, რომ თქვენ წინ ზის ის, ვინც სიკეთეს გისურვებთ.

ხორცეული – ლიდერი

ხორცისმჭამელი თავის თეფშზე გარნირს უხალისოდ დებს, ამჯობინებს, ,,ბალახი” კიდეც ერთი ნაჭერი ხორცით შეცვალოს.  ხორცის მოყვარულები ლიდერის მონაცემებით, იმპულსურობითა და ორგანიზატორული უნარით გამოირჩევიან.

როგორ იურთიერთოთ? მათთვის გულღიაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ საუბრის აწყობისთვის მზად არ ხართ, უმჯობესია, სხვა მაგიდასთან დაჯდეთ. თქვენი სიტყვაძუნწობა და ყბედობის სურვილის არქონა ხორცის მოყვარულმა შეიძლება პირად შეურაცხყოფად შეაფასოს.

პასტა – თავშეკავებული

სადილად სპაგეტის, ვერმიშელს ან ნებისმიერ ბურღულეულს ირჩევს? ადამიანი, რომელიც უპირატესობას ასეთ სადილს ანიჭებს, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში (უსიამოვნებები სამუშაოზე, პრობლემები ოჯახში და ა.შ.) იმედგაცრუების კომპენსირებას ახდენს. მეტად გულჩახვეული პიროვნებები არიან, ამიტომ თავიანთი პრობლემებით თავს არავის აბეზრებენ. ამჯობინებენ, თავიანთი უსიამოვნებები სპაგეტისთან ერთად ჩაყლაპონ.

როგორ იურთიერთოთ? მთავარია, სუფრასთან კარგი განწყობის ატმოსფერო შეინარჩუნოთ, სტრესულ ან მძიმე თემებზე საუბარს მოერიდეთ.

ფასტფუდი – მეამბოხე

სწრაფი კვების მოყვარულები გაბედული, შეუპოვარი, წინააღმდეგობის ჟინით შეპყრობილი პიროვნებები არიან. ჩვეულებრივ, ერთ კომპანიაში მუშაობა უჭირთ, სამაგიეროდ, კრეატიულები არიან და არასტანდარტულად აზროვნებენ.

როგორ იურთიერთოთ? ფუჭი, უშინაარსო საუბრები არ უყვართ, ასევე ინტრიგებსა და ჭორებს აბსოლუტურად ვერ იტანენ.