,,პირველი ღამის შემდეგ აქ დამტოვა, მითხრა, დამელოდეო და… არ გამოჩენილა, მეშინოდა” – ნოველა

,,პირველი ღამის შემდეგ აქ დამტოვა, მითხრა, დამელოდეო და... არ გამოჩენილა, მეშინოდა" - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე – შეშლილი  პატარძლის  აღიარება

დაღლილი იყო, მხრებზე ტვირთივით ეკიდა მოსასხამი, მძიმედ სუნთქავდა, თავი ძირს ჰქოდა დახრილი და მზისგან გამომშრალ ბელტებს დაჰყურებდა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ფეხისგულებს რომ სტკენდა. მაინც მიდიოდა, ფეხშიშველი, შეუჩერებლად.

– გამარჯობა, – მამაკაცის ხმამ სიჩუმე დაარღვია.

გვერდით გაიხედა, ვიწრო, დამრეცი ბილიკიდან ვიღაც ელამი თვალებით უყურებდა. შეჩერდა, მოსასხამი ფრთხილად მოიხსნა ზურგიდან და მიწაზე დადო, წელში გაიმართა. 30-32 წლის იქნებოდა, მაღალი ყელი ჰქონდა, პატარა გორაკებივით ამობურცული მკერდი და ისეთი თეთრი კანი, თითის შეხებაც კი ლაქად დააჩნდებოდა.

ქალი მამაკაცს დააკვირდა, მოთეთრო, გულთან ჩაჭრილი კაბა შეისწორა და ხმისამოუღებლად ისევ ,,ტვირთის” ასაღებად დაიხარა, მაგრამ წამით წაბორძიკდა და გულწასული მიწაზე დაეცა.

-ეგ ქალი უფრო შეშლილს ჰგავდა, – დაღარულ შუბლს აწვალებდა შუახანს გადაცილებული მამაკაცი, – მანამდე ჩვენს სოფელში არასოდეს მინახავს, გეფიცებით! მივესალმე, შემომხედა, მერე წაიქცა და მივხვდი, დახმარება სჭირდებოდა, – მამაკაცი შემკრთალი იყო. ცხოვრებაში პირველად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ჭორფლიანი გამომძიებელი ათასგვარ კითხვებს უსვამდა.

მის შემყურე საბრალო გლეხს თვალები უფრო დაუელამდა, გაცვეთილი მაისურის ბოლოს აწვალებდა და დროდადრო ცდილობდა, გამომძიებლის დასმულ კითხვაზე ეპასუხა.

– გარშემო საეჭვო ხომ არავინ შეგინიშნავთ? – პროტოკოლს მიჰყვებოდა გამომძიებელი.

– არავინ, თქვენი ჭირიმე, ის მარტო იყო, მეც…

– გასაგებია, – გამომძიებელი გიორგი ქაქუთია ფეხზე წამოდგა, მოწმეს თავაზიანად ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობა, – თუ დაგვჭირდებით, კიდევ შეგაწუხებთ, – უკან მიაყოლა სიტყები და წარბშეკრული სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა.

,,რაღა მაინცდამაინც აქ მოუნდა გონების დაბინდვა, ერთი სოფლის იქით რომ წაქცეულიყო, მეზობელ რაიონს დაავალებდნენ ამ საქმის გამოძიებას და ორომტრიალს გადავრჩებოდი”, – გულში ბრაზობდა გიორგი ქაქუთია.

ამ ამბავმა გამომძიებელს ერთი შემთხვევა გაახსენა. მაშინ ჯერ კიდევ თბილისში მუშაობდა. რიგითმა პოლიციელმა უფროსს შეატყობინა, რომ ვაკის რაიონში გვამი იპოვეს, ქუჩაში უპატრონოდ დაგდებული. გაუხსნელი საქმეები ქაქუთიას ისედაც არ აკლდა და გადაწყვიტა, მარტივი გამოსავალი ეპოვა. ქვეშევრდომებს უბრძანა, რომ ცხედარი მალულად საბურთალოზე, ,,საზღვარს იქით” გადაეტანათ და დაეტოვებინათ. გვამი ვის ტერიტორიაზეც აღმოჩნდებოდა, გამოძიებაც მას დაევალებოდა. რიგითებმა დავალება სისრულეში მოიყვანეს, მაგრამ, როგორც გაირკვა, არც საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებს ეძინათ, რადგან გამთენიისას ,,მოსეირნე” გვამი ისევ ვაკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ქაქუთიას სიმწრით გაეღიმა. ეს საქმე მისი ჩამოქვეითებისა და სამეგრელოში გამწესების მიზეზი გახდა.

– ბატონო გიორგი, ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა, – წამწამებაპრეხილმა, ორჯერგანათხოვარმა ქალმა კაბინეტში შეიხედა და ხის იატაკზე მისი წვრილქუსლიანი ფხსაცმლის ბაკუნიც გაისმა.

– რა ხდება? – ფიქრიდან გამოერკვა ქაქუთია.

– დადასტურდა, ქალის კაბაზე და მოსასხამზე უცნობი ადამიანის სისხლის კვალია აღმოჩენილი. შესაძლებელია, ვიღაც მოკლა და გამოიქცა.

ქაქუთიამ პირიდან ხარბად შეწოვილი ჰაერის ნაკადი დაბერილი ცხვირის ნესტოებიდან გამოუშვა და თანაშემწეს ბეჭედდასმული ფურცელი გამოართვა.

– თვითონ როგორ არის? – იკითხა იქვე უხალისოდ.

თანაშემწემ მხრები აიჩეჩა და წამწამები ნაზად ააფახულა.

– მრავლობითი დაზიანებები აქვს სხეულზე, საკუთარი გვარ-სახელიც არ ახსოვს, – ენის მოჩლექით საუბრობდა თანაშემწე.

სხვა დროს ქაქუთიას მისი გაუთავებელი კეკლუცობა არ აღიზიანებდა, მაგრამ ახლა ამრეზით გახედა ქალს და ისევ ბეჭდიან ქაღალდს დააჩერდა.

– არ ახსოვს და რა ჩემი ბრალია, – გამომძიებლის გამოხედვით განაწყენებულმა თანაშემწემ უკმაყოფილება ვერ დამალა, ცხვირი წინ გაბზიკა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ბაკუნით კაბინეტიდან გავიდა.

..

საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორკაციან პალატაში საეჭვო ქალის გადაყვანის შემდეგ ექიმისა და, სამართალდამცველების გარდა, შესვლა ყველას აეკრძალა. პალატის წინ მუდამ მთვლემარე პოლიციელი იჯდა, რომელსაც დროდადრო მყუდროებას იატაკის საწმენდი ტილოთი და წყლით სავსე სათლით მოფლატუნე, ბუზღუნა დამლაგებელი ურღვევდა.

– ყველა ავადმყოფი აქ უნდა მოიყვანონ, წვიმიან დღეს მაინც რა დაატარებს ამ ხალხს, ყველგან ტალახია, – ბუტბუტებდა ლურჯ უნიფორმიანი ქალი და გაბრაზებული უთხლაშუნებდა ტილოს იატაკს, – ეს კიდევ ერთი უსაქმური, – ჩურჩულზე გადადიოდა, როცა პოლიციელის სადარაჯო პუნქტს უახლოვდებოდა, – მე ამომხადონ ლამის სული, ამას კი ძილში უხდიან ხელფასს.

ნაბიჯების ხმაზე პოლიციელი ზანტად გაახელდა ხოლმე თვალებს და, როცა სანიტარს დაინახავდა, ისევ გააგრძელებდა ყვინთვას.

– ქალი სად არის? – უცებ გამყინავი ხმა ჩაესმა დარაჯს და, სანამ თვალებს გაახელდა, ფეხზე წამოვარდა.

– იქ არის, ბატონო გიორგი! – ენის ბორძიკით წამოიძახა პოლიციელმა, რომელსაც არ დაუნახავს, როდის მოვიდა გამომძიებელი, – აი, იქ, – საჩვენებელი თითი პალატისკენ გაიშვირა ფორმიანმა და შიგნით შევარდა.

ქალი საწოლში არ იყო, არც საპირფარეშოში, არც ოთახში ჩანდა. გიორგის ფერი დაეკარგა, ენაჩავარდნილი იდგა დარაჯი პოლიციელიც.

– ფანჯრის რაფაზეა, ფარდის უკან, – კარის ზღურბლთან იატაკის ჯოხით შეიარაღებული დამლაგებელი გახიდულიყო, ქვედა ტუჩს დამცინავად აწვალებდა, – მართლა რაში გიხდიან ხელფასს, – ჩაიბუტბუტა ბოლოს და ზურგი აქცია სამართალდამცველებს.

გამომძიებელი ადგილიდან მოწყდა და ფანჯარას მივარდა, ფარდა გადასწია და თეთრ პერანგში გამოწყობილი ქალი დაინახა, რომელიც ისე მსუბუქად, ჰაეროვნად იდგა ვიწრო ხის რაფაზე, თითქოს საბალეტო პარტიის დასაწყებად ემზადებაო

– აქ რას აკეთებთ? ხელი მომეცით, ჩამოსვლაში დაგეხმარებით, – ქაქუთიას ხმაში თანაგრძნობა გაჩნდა.

საღამური, რომელიც ექთანმა სამადლოდ მოუტანა უცნობ პაციენტს, ისე შემოკვროდა ქალს სხეულზე, თითქოს სპეციალურად იყო შეკერილი, რომ მისი მომაჯადოებელი სხეულის თითოეული ნაკვთი გამოეკვეთა.

ქალი გამომძიებლის ნებას დაემორჩილა, ხელი გაუწოდა და როცა იატაკს შეეხო ფეხით, მაშინვე საწოლისკენ გაემართა. ჩამოჯდა და თხელი ზეწარი მოშიშვლებულ მკერდზე მიიფარა.

გიორგი ქაქუთია ერთხანს მონუსხული მისჩერებოდა ქალს, შემდეგ გამოერკვა და აჩქარებით ჯიბე მოისინჯა. ტელეფონი ამოიღო, ეკრანი გახსნა და უცნობ ქალს გაუწოდა.

– ეს ადამიანი თუ გეცნობათ?

პაციენტი დიდხანს უყურებდა სურათზე აღბეჭდილ კაცს. თითქოს თვალის გუგები გაუფართოვდა, წამოენთო, სიტყვის თქმა დააპირა, მაგრამ მაშინვე ჩაიფერფლა.

– არ ვიცი, – თავი გადააქნია სინანულით.

– ეს ადამიანი გუშინ ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, მის მაისურზე შენი თმის ღერია შერჩენილი.

ქალმა ჯერ გამომძიებელს შეხედა, შემდეგ მკერდზე დაიხედა, რომელზეც ქერა თმა ჰქონდა ჩამოშლილი.

– მაპატიეთ, ახლა უნდა წავიდე, მეჩქარება, – ქალი ფეხზე წამოდგა და ოთახი ისე მოათვალიერა, თითქოს დაკარგულ ნივთს ეძებსო, – რა უხერხულია, ჩემი კაბა ხომ არ გინახავთ? – იკითხა დარცხვენით, – მაგვიანდება!

– საით მიდიხართ? – გამომძიებელმა გაიღიმა.

პაციენტმა ისევ გიორგის შეხედა. გაოცება ედგა თვალებში, როგორ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა, სად მიიჩქაროდა ქალი.

– მაპატიეთ, თუ მეტყვით, იქნებ დაგეხმაროთ.

ქალს წყენა გაუქრა. მხრები ჩამოყარა და ნელი ნაბიჯებით საწოლისკენ წავიდა.

– არ ვიცი, – ჩაილაპარაკა უხერხულად.

..

მამაკაცი, რომელიც მეტყევეებმა მონადირეების ქოხში იპოვეს, 35 წელს იყო გადაცილებული. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არც მას აღმოაჩნდა, მაგრამ საგამოძიებო ჯგუფს ამჯერად გაუმართლა, რადგან გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები ბაზაში არსებულ ერთ-ერთი კრიმინალისას დაემთხვა.

გიორგი ქაქუთია, პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და აჩი მელიქიშვილის გარდაცვალების შესახებ აცნობა. თბილისში აჩის ცოლმა ისე შეიცხადა, ქაქუთიას მოეჩვენა, ტელეფონი რომც გაეთიშა, სამეგრელომდე ჩამოაღწევდა მისი კივილის ხმა.

– ვინ, ვინ ჩაიდინა ეს? – იმეორებდა გაუთავებლად გარდაცვლილის მეუღლე.

ნეტა სცოდნოდა ქაქუთიას…

გიორგიმ აჩი მელიქიშვილის ქვრივთან საუბარი ისე დაამთავრა, გამოძიებისთვის სასარგებლო ერთი სიტყვაც ვერ მოისმინა.

იმ ქოხში, სადაც გარდაცვლილი იპოვეს და საიდანაც, სავარაუდოდ, უცნობი ქალი ფეხშიშველი გაიქცა, საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა ბევრი ნივთმტკიცება აღმოაჩინეს, თუმცა დანაშაულის მოტივი კვლავ უცნობი რჩებოდა.

გიორგი ქაქუთია კაბინეტიდან აჩქარებული ნაბიჯით გავიდა, რამდენიმე წუთში უკვე საავადმყოფოს ეზოში იყო. კიბე სირბილით აიარა. უცნობი ქალის პალატის წინ კვლავ მშვიდად თვლემდა დარაჯი. გამომძიებელი ფეხაკრეფით შევიდა პალატაში. თეთრპერანგიანი ქალი ოთახის შუაგულში ქანდაკებასავით იდგა. გიორგი ფრთხილად მიუახლოვდა და ჩურჩულით უთხრა:

– წავიდეთ!

ქალი შემოტრიალდა, უმეტყველო თვალები ნელ-ნელა გაუთბა და პერანგზე დაიხედა.

– ბოდიში, კაბას ვერ ვპოულობ.

– დაივიწყეთ, ჩემი მაისური გამოგადგებათ, მოიხვიეთ და გამომყევით.

ეჭვმიტანილი საგამოძიებო ჯგუფის თანხლებით ერთხელ უკვე ჰყავდათ იმ ადგილზე, სადაც დანაშაული მოხდა, მაგრამ უშედეგოდ. გამომძიებელი დარწმუნებული იყო, რომ ინტიმურ გარემოში, ზედმეტი ადამიანების გარეშე ის მომხდარის გახსენებას შეძლებდა.

ქალი მთელი გზა ხმას არ იღებდა, არც მაშინ უთქვამს რამე, როცა სამანქანო გზა დასრულდა და ტყისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს ფეხით გაუყვნენ. დაახლოებით ერთ საათში  ფიცრულიც გამოჩნდა. ქოხს გარშემო ყვითელი ლენტი ჰქონდა შემოვლებული, წარწერით: ,,არ გადაკვეთოთ”.

გამომძიებელი ქოხში პირველი თვითონ შევიდა, შემდეგ თანამგზავრს  გაუწოდა ხელი, მაგრამ ქალი არ განძრეულა. საავადმყოფოდან გამოყოლილი ცალი ფლოსტი გზაში დაეკარგა და ახლა დაშავებული მარცხენა ფეხიდან სისხლი სდიოდა. ქალი თავის ფეხს დასჩერებოდა.

გამომძიებელი მასთან დაბრუნდა. შეწუხდა, თავი დამნაშავედ იგრძნო, რომ ქალს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია, მაგრამ, სანამ მის დახმარებას შეეცდებოდა, ის ძირს დაიხარა, სისხლს ხელით შეეხო, შემდეგ წელში გაიმართა და წითლად შეღებილ თითებს დააჩერდა. ერთხანს ასე იდგა, გაუნძრევლად, შემდეგ გარშემო მიმოიხედა და მზერა გიორგიზე შეაჩერა.

ქალს ისეთი ცივი თვალები ჰქონდა, გამომძიებელი შეკრთა.

– კაბა სად არის? – იკითხა ქალმა დაჟინებით.

– კაბას დაგიბრუნებ, ოღონდ მითხარი, რა გაგახსენდა, – გიორგი ცდილობდა, სიტყვებს შორის შიში არ დასტყობოდა.

ქალმა ისევ სისხლიან თითებს დახედა, მხრებში მოიხარა, ქვემოთ დაეშვა და მუხლებზე დაემხო. თითებიდან გადასული სისხლი მის გამჭვირვალე სახის კანს ლაქებად დააჩნდა, შემდეგ კი ცრემლში აირია.

გამომძიებელმაც მის წინ ჩაიმუხლა, ქალს მხრებზე ხელები შემოხვია და მკერდზე მიიკრა.

– არაფერი ვიცოდი მასზე, გარდა იმისა, რომ მიყვარდა… – ქალი ისევ ტიროდა. გიორგი მის სახეს ვერ ხედავდა, თუმცა გრძნობდა, რომ ცრემლები უფრო ამშვენებდა, – აქ ქორწილი უნდა გადაგვეხადა…

– ვწუხვარ, – ანგარიშმიუცემლად ჩაურთო სიტყვა გამომძიებელმა.

– თეთრი კაბა მიყიდა, – ქალი აღარ ტიროდა, გაეღიმა, მაგრამ მალევე ისევ მოეღუშა სახე, – პირველი ღამის შემდეგ აქ დამტოვა, მითხრა, დამელოდეო და დაველოდე. ოთხი დღე არ გამოჩენილა, მეშინოდა…

– მესმის, – გიორგი ჩურჩულებდა.

– როცა დაბრუნდა, ვეჩხუბე. არ მოელოდა, გამარტყა. იქვე, მაგიდაზე, დანა იდო, ავიღე და…

– გთხოვ, დამშვიდდი, – გიორგი გრძნობდა, როგორ ცახცახებდა ქალი. ხელები უკანკალებდა თვითონაც. სხვა რომ არაფერი, ეს პირველი აღიარება იყო, რომელსაც გამომძიებელი მუხლებზე დამდგარი ისმენდა…,,