ნუგზარ კვაშალი: ,,ვიცი, რომ ჩემს ლანძღვას დაიწყებენ” – როგორ აპირებს მომღერალი გურულების გულის მოგებას

ნუგზარ კვაშალი: ,,ვიცი, რომ ჩემს ლანძღვას დაიწყებენ" - როგორ აპირებს მომღერალი გურულების გულის მოგებას,,სარკე”, ია ქუთათელაძე

52 წელია, რაც ყველასთვის საყვარელი ორი ჯუჯა სიმღერით გვიმეორებს დიდსა და პატარას, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სამი რამ არის _ სიყვარული, სიკეთე და სილამაზე, რომ გაჭირვებაში მყოფი მოყვასი არ უნდა მიატოვო და შენი წილი ლუკმა და სითბო გაუნაწილო. ჩვენი სტუმარია ერთ-ერთი მათგანი, მომღერალი ნუგზარ კვაშალი, ლეგენდარული  ანსამბლ ,,ივერიის’’ გამორჩეული წევრი მისი დაარსებიდან დღემდე.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ნუგზარ კვაშალი თავისი გარეგნობით, გრძელი თმებით, ზოლიანი შარვლით, ჯაზური და როკ-მუსიკის სიყვარულით, განუყრელი გიტარით ტიპური საბჭოთა ახალგაზრდის პორტრეტისგან დიდად განსხვავდებოდა. სწორედ ამ გამორჩეულობით და ნიჭიერებით მიიქცია მან კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ყურადღება.

ანსამბლი ,,ივერია’’ და მისი წევრები იყვნენ პირველები, რომლებმაც შეძლეს, სიმღერებით, მსუბუქი იუმორით, ნიჭიერად შესრულებული პაროდიებით გაეკრიტიკებინათ საზოგადოების მანკიერი მისწრაფებები მექრთამეობისკენ, ფულის მოხვეჭისკენ, სამთავრობო სავარძლების დაუფლებისკენ, რაც იმ დროისთვის დიდ გაბედულებას მოითხოვდა.

წლებია, რაც მომღერალი ქართველი ემიგრანტების მოწვევით ხშირად მართავს კონცერტებს ევროპასა და ამერიკაში. კონცერტების შემდეგ კი უამრავ ამბავს ისმენს მათ ცხოვრებასა და უმძიმეს შრომაზე. სწორედ ემიგრანტებისგან წამოვიდა იდეა, რომ შექმნილიყო პარტია ,,ქართული ფესვები’’, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო არჩევნებში და რეალურ საქმეს გააკეთებდა როგორც ემიგრანტების ცხოვრების გაუმჯობესების, ასევე ზოგადად ქვეყნის წინსვლისთვის.

რატომ გადაწყვიტა ნუგზარ კვაშალმა ქართულ პოლიტიკაში ჩართვა, როგორი გეგმები აქვს და როგორ აპირებს შემოქმედებითი ცხოვრების გაგრძელებას ამაზე მომღერალი ჟურნალ ,,სარკეს’’ ესაუბრა.

__ ბატონო ნუგზარ, პოლიტიკაში ხელოვანების აქტიურობა ახალი არ არის და საქართველოს პარლამენტშიც არიან მსახიობები, მომღერლები, მწერლები, რომლებიც ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობდნენ, მაგრამ მათ პოლიტიკაში გამოჩენას საზოგადოება უარყოფითად შეხვდა, ხშირად დაუმსახურებელ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. არ გიფიქრიათ, რომ თქვენც მათ ბედს გაიზიარებთ?

_ როგორ არ მიფიქრია, დარწმუნებულიც ვარ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები და ჩემს ლანძღვას დაიწყებენ. ჩემმა ტყუპისცალმა ჯუჯამ ვახო ტატიშვილმა მითხრა, ბიჭო, 52 წელია გეფერებიან, სიყვარულით გხვდებიან, ახლა პოლიტიკაში გამოჩნდები და უცებ გაქრება ეს სიყვარულიო. ვიცი, ასე იქნება, მაგრამ ამისთვის მზად ვარ, ჩემს უკან დიდი  ცხოვრებისეული გამოცდილებაა, ქვეყნის სიყვარული და ათეულ ათასობით ემიგრანტის დარდი და სიხარული. ეს დიდი  კაპიტალია.

ამას ემატება თეთრი ბიოგრაფია. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ არასწორად ვიცხოვრე, შრომის გარეშე კაპიკი არ მიშოვია, თანამდებობებსა და სიმდიდრეს დახარბებული არ ვყოფილვარ. 52 წელი ვმღეროდი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ანსამბლში უნიჭიერესი ადამიანების ალექსანდრე ბასილაიასა და ჯემალ ბაღაშვილის ხელმძღვანელობით. ამ ორი ადამიანის ტანდემი ქმნიდა საოცარ გარემოს, არაჩვეულებრივ რეპერტუარს.

ჩვენი მიუზიკლები, როკ-ოპერები, პაროდიები ყოველთვის დახვეწილი გემოვნებით იყო შესრულებული, ყოველთვის გადმოსცემდა ერის სატკივარს და დროს უსწრებდა. ესეც თავისებური პოლიტიკა იყო, შეზავებული ფაქიზ დიპლომატიასთან, რომ წითელი ხაზები არ გადაგვეკვეთა, ხელოვნების ჩარჩოდან არ ამოვვარდნილიყავით და დაბალი დონის უნიჭო იუმორის გამავრცელებლად არ ვქცეულიყავით.

ხელისუფლებები ყოველთვის რეაგირებდნენ ჩვენს გამოსვლაზე, თუმცა სხვადასხვანაირად. ზოგს შეეძლო ჯანსაღი იუმორის გაგება, ზოგს _ არა. შევარდნაძე მოვიდა ჩვენს ,,რწყილსა და ჭიანჭველაზე’’, გაიგონა ფრაზები: გურული ახტა, გურული დახტა, რწყილი ხარ შენ და თანაც გურული? მაგარი კბენა გეცოდინება. იცინა ბევრი, თითიც დაგვიქნია გაფრთხილების ნიშნად. საბოლოო ჯამში კი მთელს ანსამბლს ღირსების ორდენები დაგვირიგა. წინა ხელისუფლება უფრო მტკივნეულად რეაგირებდა და ჩვენი პროგრამა ,,იუმორინა’’ არასასურველი იყო მისთვის.

პოლიტიკა არ არის ბინძური, ადამიანები აბინძურებენ მას, პოლიტიკა სუფთა ხელებით და სუფთა გულით უნდა აკეთო და ყველაფერი კარგად იქნება.

__ უამრავი პარტიაა საქართველოში, რატომ გახდა საჭირო კიდევ ერთის შექმნა და თქვენ რატომ აირჩიეთ ეს ახალი, საზოგადოებისთვის უცნობი პარტია?

_ ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ კონცერტებზე და ძირითადად ჩვენს ქართველ ემიგრანტებს ვხვდები, რომლებიც მონატრებულები არიან ქართულ სიმღერას. გასულ წელს ამერიკაში, ფილადელფიაში ვიყავით მე, ვახო ტატიშვილი და ზურა კობეშავიძე. ჩვენი მასპინძელი იყო ბიზნესმენი თენგიზ ოქროპირაშვილი, კაცი შეყვარებული ყველაფერზე, რაც ქართულია. მან დიდებული მასპინძლობა გაგვიწია.

აი, ამ კაცმა დააფუძნა ეს პარტია ,,ქართული ფესვები’’ და დაგვარწმუნა იმაში, რომ აუცილებელია ამ დიდ არმიას, რასაც ქართული ემიგრაცია ჰქვია და რომელიც თავისი მძიმე შრომით ინახავს საქართველოში უამრავ ოჯახს, თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს საქართველოს პარლამენტში. ამ პარტიის მამოძრავებელი ძალა ქვეყნის სიყვარულია, თავდადებული სიყვარული და მზადყოფნა სამშობლოს მსახურებისა. ეს არც ხმამაღალი სიტყვებია და არც პათეტიკა. მე ყმაწვილი ვიყავი, როცა ბევრზე კარგად ვიცნობდი საზღვარგარეთულ მუსიკალურ მიმდინარეობებს. ვუსმენდი ჯიმი ჰენდრიკს, ლედ ზეპელინებს, ფარფლებს, მიყვარდა ჯაზი, როკი, მეტალიკა. მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული ქართული სიმღერა იყო, ქართული ადათ-წესები. თუ შენი მშობლიური არ გიყვარს, უცხოურს ვერასოდეს შეიყვარებ. მახსოვს, ერთხელ სუფრაზე თამადამ ბრძანა, შენ თუ შენი წინაპრების სინდის-ნამუსს და ხსოვნას თოფში ჩადებ და გაისვრი, შენი შვილები შენც მარტივად ჩაგდებენ ზარბაზანში და გაგისვრიანო.

ვინმემ შეიძლება მითხრას, რომ პოლიტიკას ახალგაზრდული ძალა და ენერგია სჭირდება, მე კი ამისთვის ასაკოვანი ვარ, მაგრამ ვინ გაზომა ქვეყნის სიყვარულის ასაკი?! 80 წლის კაცმაც შეიძლება გაწიროს თავი სამშობლოსთვის და 16 წლის ყმაწვილმაც, ასაკს კი თავისი სიბრძნე ახლავს, გამოცდილება აქვს და გადაწყვეტილების მიღებისას ფიქრის და განსჯის მომეტებული უნარი.

ამ გადაწყვეტილების მიღებაში გარკვეული როლი ჩემმა გურულობამაც ითამაშა. ორივე მხრიდან გურული ვარ, უამრავ დროს ვატარებ გურიაში, ვგიჟდები ჩემს ჭკვიან, ბრძენ, მხიარულ, მოღერალ-მოკრიმანჭულე გურულებზე, რომელთაც პოლიტიკა სისხლში აქვთ. ერთ ანეკდოტს გეტყვით: ორი გურული ყანას თოხნის. გაიმართა ერთი, ჩამოისვენა თოხზე, გაახვია თუთუნი ქაღალდის ნაგლეჯში, გააბოლა და მეორეს ეკითხება: ,,რა იყო, რა თქვა იმ მათხუარმა რეიგანმა?’’. ასეა, ეს გურულები მსოფლიო პოლიტიკის გლობალური პრობლემებით იყვნენ ყოველთვის დაინტერესებულები.

 __ როგორც ვიცი, გურიის რეგიონში აპირებთ კენჭისყრას, რას ჰპირდებით პოლიტიკაში ღრმადჩახედულ გურულებს?

_ დაპირებით ბევრს ვერაფერს დავპირდები, რადგან გურულებმა კარგად იციან, უამრავი დაპირებით მოსულ დეპუტატობის კანდიდატს დიდად რომ არ დაეჯერება. ბევრი უნახავთ ასეთი და აღარ უნდათ. პირველი, რასაც არ გავაკეთებ, ეს ჩემი წინამორბედების ცუდად ხსენებაა, არანაირი ლანძღვა და შეჯიბრი ერთმანეთის დასამარცხებლად. მე მხოლოდ სიყვარულით მოვდივარ, მშვიდობით და მათი მოსმენის სურვილით. ერთს კი ნამდვილად ვიტყვი, თუ ამირჩიეს, არც საკუთარ თავს მივცემ მოსვენების უფლებას და არც მათ, ვისაც პრობლემის მოგვარება ევალება და აუცილებლად გავაკეთებ სასარგებლო საქმეს.

მე ბევრი ვიცი, ვინც ერთი ფარატინა ფურცელი შეავსო ქონებრივი დეკლარაციის და ახლა ათი ფურცელი არ ჰყოფნის. სახელმწიფო და ბიუჯეტი მეწველი ძროხა არ გახლავთ და ეს უნდა გაითავისო. ღარიბ ქვეყანაში არ შეიძლება პარლამენტარი მილიონერი იყო. ბევრი ისეთიც ვიცი, ორჯერ-სამჯერ არის არჩეული ერთი და იგივე რაიონიდან და ხალხმა მისი სახელიც არ იცის. გურიაში ჩემი სახელი ყველამ იცის, მე კიდევ ჩემს სახელს ძალიან ვუფრთხილდები და ვეცდები, არც მომავალში გავსვარო ლაფში.

მადლიანი მხარეა გურია. გული მტკივა, რომ უჭირს ხალხს იქ ცხოვრება. ჩემი ხალისიანი გურულები, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევიან, მძიმე შრომას არიან შეჭიდებულები და ოჯახის სამყოფი და სარჩენი სარჩო წლიდან წლამდე მაინც არ ჰყოფნით. ძალიან რომ არ დავამძიმო სიტუაცია, გურულების სიცოცხლისუნარიანობაზე და ცხოვრების სიყვარულზე ერთ ანეკდოტს კიდევ მოგიყვებით.

მამა-შვილი გურული შევიდა ტანსაცმლის მაღაზიაში, შვილი 60 წლის არის, მამა 80-ის და მოითხოვეს ორი ერთნაირი ახალი კოსტიუმი. გამყიდველი ეკითხება, სად უნდა ჩაიცვათ, როგორი შეგირჩიოთო. ქორწილისთვის გვჭირდებაო. ვის ქორწილში მიბრძანდებითო. შვილმა უპასუხა, ბაბუა ირთავს ცოლსო. რაო? გაიკვირვა გამყიდველმა, რა დროს ცოლის მოყვანააო. ჰო, თვითონაც არ უნდოდა, მაგრამ მამამისი აძალებსო. ჰოდა, მინდა ჩემმა გურულებმა ასე ხალისიანად, მხნედ, სულ სიხარულით და სიმღერით განვლონ თავიანთი ცხოვრება. იმღერონ გასაოცარი, ცამდე ასული, ჟრუანტელისმომგვრელი, გულშიჩამწვდომი კრიმანჭული. ასეთი ვართ გურულუბი, ყელში გვიზის ბულბულები.

__ ბატონო ნუგზარ, მოდით, დავანებოთ თავი პოლიტიკას და თქვენზე და ,,ივერიაზე’’ ვისაუბროთ. გქონდათ უამრავი გასტროლი მთელ მსოფლიოში, რომელიმეს ხომ არ გაიხსენებდით?

_ ,,ივერია’’ ძალიან პოპულარული ანსამბლი იყო. ვმოგზაურობდით მთელ საბჭოთა კავშირში და საზღვრებგარეთ. ერთი შეხედვით, ძალიან მომხიბლავია გასტროლებზე წასვლა, ახალი ქვეყნების ნახვა, სინამდვილეში კი უამრავი სიძნელე ახლდა ამ ყველაფერს. ჩვენ ყველგან ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტებით დავდიოდით, თან მაშინდელი მუსიკალური ტექნიკა გაცილებით დიდი და მძიმე იყო, დაახლოებით ნახევარ ტონას იწონიდა ყველაფერი.

დამხმარე მუშები და მებარგულები ჩვენ არ გვყავდა, ხელით ვეზიდებოდით ამ ყველაფერს. ძირითადად მატარებლებით ვმოგზაურობდით, ბევრჯერ გვიწევდა გადაჯდომა-გადმოჯდომა. რთული იყო, მაგრამ კონცერტებზე ყველაფერი გავავიწყდებოდა.

მახსოვს, არგენტინაში ვიყავით, ბუენოს აირესში, უდიდესი წარმატებით ჩაიარა კონცერტებმა. იმდენად ბევრი მაყურებელი იყო, დაგეგმეს, კიდევ დაუმეტეს და ერთი თვით გაგვიგრძელდა იქ ყოფნა. ისეთი დრო იყო, უშიშროების წარმომადგენლები ყველგან დაგვყვებოდნენ, თვალს არ გვაცილებდნენ, ყოველ ნაბიჯს გვიკონტროლებდნენ, ვინმეს აზრად არ მოსვლოდა უცხოეთში დარჩენა. ჩვენ კი მსგავსი რამ აზრადაც არ გაგვივლია. ის კი არა, არგენტინაში გასტროლების გაგრძელება გავაპროტესტეთ. საელჩოში მივედით და განვაცხადეთ, რომ საქართველოში დაბრუნება გვინდოდა. გაგიჟდნენ, მთელი საელჩო და უშიშროება გვარიგებდა, რა გინდათ, ბუენოს აირესში ხართ, ფანტასტიკური გოგოები დადიან, გრძელი ფეხებით, ორი კაპიკიც გიჭყავით ჯიბეში, იარეთ მაღაზიებში, კაფეებში, გაერთეთ, ჩვენც კი არ გამოგყვებით, სრული თავისუფლება გექნებათო. ჩვენ კი ჩვენსას ვაწვებოდით, სახლი გვენატრება, თბილისი გვენატრებაო.

__ ლეგედარულმა ანსამბლმა ,,ივერიამ’’ მსმენელის უდიდესი სიყვარული დამისახურა. არ გქონიათ სურვილი, აგეყვანათ ახალგაზრდა თაობა და გაგრძელებულიყო ანსამბლის სიცოცხლე?

_ ჩვენთან ერთად დიდხანს გამოდიოდა ანსამბლი ,,ნატვრის ხე’’, რომელიც ფაქტობრივად ,,ივერიის’’ შვილობილი იყო. მერე ბასილაიას ჰყავდა ახალგაზრდების ჯგუფი, ძალიან კარგი და ნიჭიერი ყმაწვილები, მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება, როცა ყველაფერი აირია და მუსიკოსებისთვის მცირე ხელფასის გადახდაც ვერ მოვახერხეთ, ძნელი გახდა მათი შენარჩუნება. ჩვენ ძალიან ნიჭიერი  ხალხი ვართ, არაჩვეულებრივი შოუს მოწყობა შეგვიძლია, მაგრამ შოუს ვერ მოვაბით ბიზნესი. იქ, სადაც ბიზნესი იწყება, მომღერლის ადგილი აღარ არის.

__ ვთქვათ, გახდით პარლამენტარი, ანსამბლმა ,,ივერიამ’’ კი დანიშნა კონცერტი, თქვენ მიიღებთ მონაწილეობას?

_ ანსამბლი ,,ივერია’’ იმ დოზით და შემადგენლობით კონცერტებს ვეღარ ატარებს. მხოლოდ თუ საიუბილეო საღამო მომზადდება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. სიმღერა და ,,ივერია’’ მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულია და ასე დარჩება სიცოცხლის ბოლომდე.

__ რას იტყით ივერია გაბრწყინდება?

_ ჩემი ,,ივერია’’ 52 წელია გაბრწყინებულია. აი, დიდი ივერიის გაბრწინებას კი დიდი შრომა სჭირდება და აუცილებლად ისიც გაბრწყინდება.