,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგებში 27-ე ადგილს იკავებს, დიდ სკანდალში აღმოჩნდა (მასალა მომზადებულია მაისში). მის პირად ცხოვრებას ახლა არამარტო საქართველოში, მსოფლიო პრესაშიც განიხილავენ.
ჩოგბურთის ვარსკვლავი ყოფილ მეუღლეზე, მოდელ ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს და 100.000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ 24 მაისს გაათავისუფლეს.
ოჯახურ კონფლიქტზე კომენტარებს მხოლოდ ადვოკატები აკეთებენ. თავად სპორტსმენმა კი მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:
,,არ ვაპირებ, საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე.
ჩემი მიზანია, ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს. თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ”.
ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის ურთიერთობა 2013 წელს საერთო მეგობრების წრეში დაიწყო და მალე ქორწინებით დაგვირგვინდა. მათი თანაცხოვრება დაახლოებით 6 წელი გაგრძელდა. ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს გაშორდნენ. მათ ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ – 5 წლის ლუკასი.
ნეკა დოროყაშვილი სტუდენტობისას სილამაზის კონკურს ,,მის უნივერსიტეტის” ტიტულის მფლობელი გახდა, თუმცა მალე გათხოვდა და პოდიუმს ჩამოშორდა. ქორწინების შემდეგ მან ,,ჯიპაში” ჩააბარა და ამჟამად პიარის სპეციალისტია. ქმართან გაშორების შემდეგ კი ფოტომოდელობა დაიწყო.
ნეკა დოროყაშვილი ყვება, რომ ბასილაშვილებთან ბავშვის წამოსაყვანად მივიდა. ამ დროს მამამთილი მას რაღაც ტარიანი საგნით გამოეკიდა, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, ნაჯახი იყო.
– ჩემს შვილს როცა მივაკითხე, არ ვიცი, რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ, რა იყო იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი, ნაჯახი იყო.
მე არც მახსოვს, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულ დეტალებს ვერ ვიხსენებ, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ჩივილს საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ დედამთილსაც უჩივლა ბავშვზე ძალადობის ბრალდებით. სასამართლომ ბასილაშვილის დედა გაამართლა.
ამ ამბავს სანამ სასამართლო და მთელი სოციალური ქსელი განიხილავს, ჟურნალისტმა, მაგდა კლდიაშვილმა, სკანდალური ამბავი გაავრცელა, რომ თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს დუმილისთვის, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი ეთქვა, თვეში 100 000 ლარს უხდიდა.
,,უკვე ბევრი წელია ინფორმაცია მაქვს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის ცოლზე ძალადობდა და ბევრი წელია გაშორებულები არიან. შერიგდნენ, გაშორდნენ. ნელის, იგივე ნეკა დოროყაშვილს, მეუღლესთან ჰქონდა ოფიციალური კონტრაქტი გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, ბასილაშვილი მას ყოველ თვე 100000 ლარს ურიცხავდა.
ბასილაშვილი ბავშვს ნახულობდა სოცმუშაკის ნებართვით და იშვიათად… ეს შეთანხმება კონკრეტული ამბის გაუთქმელობაზე დაიდო… ამ კონტრაქტის სანაცვლოდ დოროყაშვილი ჩუმად იყო. ჩემი ბოლო ინფორმაციით, მან კონტრაქტის პირობების შეცვლა მოითხოვა და 300000 ლარი ყოველთვიურად, რაზეც უარი მიიღო.
ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილი ჰყავდა თავის სახლში წამოყვანილი სოცმუშაკის დასწრების გარეშე. ზუსტად ერთ საათში მასთან სახლში მივიდა ყოფილი ცოლი და იქ დაიწყო კონფლიქტი, რის შემდეგაც დოროყაშვილმა გამოიძახა პოლიცია და ბასილაშვილი დააპატიმრეს…
ნელი დოროყაშვილს არასდროს ჰქონდა პრობლემა, საჯაროდ ეთქვა სიმართლე, თუმცა დაკარგავდა ოფიციალური კონტრაქტით გაწერილ ფულს, სახლს სადღაც ბაგებში, მანქანას, კომერციულ ფართს – ვერაზე და ა.შ.” – დაწერა ჟურნალისტმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის ფინანსური დახმარების გაწევას აღარ აპირებს.
ჭკადუას ინფორმაციით, პროკურატურა აღნიშნული კონფლიქტის შესახებ ყველა მასალას ფლობს და ამოღებულ ვიდეომასალაში ძალადობის აღმნიშვნელი არც ერთი ფაქტი ფიქსირდება. კადრებში ჩანს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი არათუ გარბის, არამედ ტერიტორიას ბავშვთან ერთად მშვიდად ტოვებს.
– კამერების ჩანაწერი ამოღებულია, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დოროყაშვილზე არ უძალადიათ. ეს კამერები არის ჭიშკართან და ჩანს, რომ არავინ არსად გარბის. მოწმეებიც არიან დაკითხული, თუ როგორ მშვიდად მიდის ის ბავშვთან ერთად ტერიტორიიდან, – განაცხადა ჭკადუამ “ინტერპრესნიუსთან”.
ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის, ანა აბაშიძის, განცხადებით, განქორწინების შემდეგ 100000 დოლარი დოროყაშვილს სასამართლომ მიაკუთვნა და ეს თანხა ნიკოლოზ ბასილაშვილისგან საჩუქარი არ არის.
– თითქოს მოდავეებს შორის არის ქონებრივი ინტერესი და ამიტომ არის აღძრული ეს დავა. მე მაქვს დოკუმენტი, რომელიც საგამოძიებო უწყებასაც აქვს. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს აქვს დოკუმენტი, მაგრამ არ ახსენებენ, რადგან აქ წერია ის, რაც მათ სტრატეგიას ფაქტობრივად შლის – 100 000 დოლარი, რომელიც თითქოს არის ნაჩუქარი, ბასილაშვილის კეთილი ნება და ვითომ ამას უწყალობებს მის ყოფილ მეუღლეს.
ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საკუთრებაა. აქ არის სასამართლოს განჩინება, სადაც წერია, რომ ქონება გაიყო ორ ნაწილად. ქალბატონი ნელი დათანხმდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე მას კანონით ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ არ სურდა დავაში შესვლა და არ სურდა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს გაწელილი პროცედურების მიდევნება, რადგან ეს არის ურთულესი პროცესი ბავშვისთვის, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, 100000 დოლარი სრულად გადახდილი არ არის და ნელი დოროყაშვილმა ჯერ მხოლოდ 15000 დოლარი მიიღო.
– კამათი ან ჭორები, რომ ბატონი ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოველთვიურად თავის მეუღლეს, მარტივად რომ ვთქვათ, უსაფუძვლოა. საუბარი იყო, რომ სავარაუდო მოძალადე შანტაჟის მსხვერპლი იყო და თითქოს ნელი დოროყაშვილი იყენებს რაღაც ინფორმაციას მის წინააღმდეგ, ამაზე გვაქვს მარტივი კომენტარი, ეს არის აბსურდი, არანაირი კავშირი არ აქვს ნელი დოროყაშვილს ამ თემასთან, – განაცხადა ადვოკატმა.
იმას, რომ ჩოგბურთელი ყოფილ ცოლს გარკვეულ თანხას უხდიდა დუმილის სანაცვლოდ, ირმა ჭკადუა შეურაცხმყოფელს უწოდებს.
– ძალიან ბუნდოვანი განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი გარკვეულ თანხას უხდიდა მის ყოფილ მეუღლეს დუმილის სანაცვლოდ. ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი, ამიტომ ბატონმა ბასილაშვილმა გადაწყვიტა, ეს დარჩენილი თანხა არ გადაუხადოს სასამართლო პროცესების დასრულებამდე.
ის მდგომარეობა, რაც დღეს ბასილაშვილების ოჯახშია, ეს ტრაგედიაა მათთვის. ნიკოლოზი განადგურებულია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საჯარო განცხადებებს არ აკეთებს განა იმიტომ, რომ არ აქვს სალაპარაკო, არამედ იმიტომ, რომ ბავშვმა არ მიიღოს დამატებითი ტრავმა. როცა ჩემი შვილი გაიზრდება, ნათელი თვალებით უნდა შევხედო და ყველაფერი უნდა გავაკეთო, სულ რომ ჩემი კარიერა დაინგრეს, ჩემმა შვილმა ბედნიერმა, ლაღმა იცხოვროსო.
ხუთშაბათი და შაბათ გამოყოფილი ჰქონდა შვილის ნახვის დღეებად. ხუთშაბათს ბავშვი წაყვანილი ჰყავდა. დაახლოებით ნახევარ საათზე მეტი სახლში იყვნენ, მერე სტუმრად უნდა წაეყვანა. ისინი გამოვიდნენ სახლიდან, მანქანაში ჩასხდნენ…
მისი მეუღლე გამოცხადდა ნიკოლოზის მშობლების საცხოვრებელ სახლთან და კატეგორიულად მოითხოვა ბავშვის წაყვანა. გამოცხადდა ტაქსით და ტაქსი გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონს ჰყავს თავისი მანქანა. რა მიზანი ჰქონდა, როცა ტაქსით მივიდა ამხელა მანძილზე, არ ვიცი… ნიკოლოზმა სთხოვა, რომ ეზოში არ შესულიყო. როცა ნიკოლოზი და ბავშვი მანქანაში ისხდნენ, ყოფილმა მეუღლემ მოითხოვა ბავშვის წაყვანა. ნიკოლოზმა უთხრა, რომ ეს მისი დრო იყო და უნდა გამოეყენებინა. რადგან ყოფილი მეუღლე კატეგორიული იყო, ბავშვმა დაიწყო ტირილი, – ასე აღწერა ეს კონფლიქტი ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
.
ხასიათის მოთამაშე – ასე შეარქვეს თაყვანისმცემლებმა ქართველ სპორტსმენს მისი დინჯი ხასიათის გამო. ნიკოლოზ ბასილაშვილმა სპორტული კარიერის განმავლობაში 5 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ცნობილია, რომ ის სოლიდურ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში, ბევრ ადამიანს ეხმარება.
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილთან მეგობრობს და ის საოცრად თავმდაბალი, საუკეთესო ადამიანია.
,,მე და ნიკა მეგობრები ვართ. ის ერთ-ერთი წარმატებული და საამაყო ქართველია, მისაბაძია. რა თქმა უნდა, მე ყველა ძალადობის წინააღმდეგი ვარ, განსაკუთრებით, ქალთა ძალადობაა მიუღებელი…
შეიძლება ეს ადამიანი იგონებს რამეს ან იქნებ აბრალებენ. ჩვენი ერის სენია, რომ ერთ დღეს საოცარ სიმაღლეზე ავიყვანთ და მერე გადმოვაგდებთ, ვლანძღავთ. ჯერ არავინ ვიცით, რა მოხდა. მსგავსი თავმდაბლი ადამიანი თითქმის არ მინახავს. ადამიანი რომელმაც ყველანაირ პოპულარულობას გაუძლო. ძალიან გულიანია. მას შრომა უყვარს. უკარგესი ადამიანია. კორტებზე რომ დგას, იქაც ეტყობა, როგორი მორიდებულია. ყველგან ეტყობა, ყველა გამოხატვაში. ის ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანია”, – ამბობს მამა შალვა კეკელია.
..
,,ცოტაოდენი სიყვარული ხომ არ გინდათ?” – დაწერა რამდენიმე თვის წინ ,,ინსტაგრამზე” გერმანელმა ჩოგბურთელმა და ხელბურთელმა შარლოტა ჰელენმა და ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ რომანი აქვთ და 6 თვეა ერთად არიან. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა გერმანელი ჩოგბურთელი 24 მაისს ბასილაშვილის სასამართლო პროცესზეც იყო.
– გერმანელი ქალბატონი მათი განქორწინების შემდეგ გამოჩნდა და არა – მანამდე. როგორც ვიცი, ეს გოგონა ამ ეტაპზე მასთან ერთად არის. შარლოტა 6 თვეა საქართველოშია… ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს, – განაცხადა ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, დავით კვერნაძემ.
წყვილი სხვადასხვა ინტერვიუებში თავიანთ ოჯახურ ცხოვრებაზე ყვებოდნენ:
– მე არ მიმაჩნია, რომ დაოჯახება სპორტის მხრივ ხელისშემშლელია. ამ დასტაბილურებამ და შვილმა კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა. იმდენად სტრესული სპორტია, რომ, როცა შინ მიდიხარ, გჭირდება რაღაც, რაც აბსოლუტურად გამოგიყვანს მდგომარეობიდან. ამაში ჩემი შვილი და ოჯახი ძალიან მეხმარებიან.
ნეკამ უპირველესად თავისი გარეგნობით მომხიბლა., შემდეგ – ხასიათით. ნეკასთან ურთიერთობა, საუბარი, ჩემთვის განტვირთვა იყო. მახსოვს ვღიზიანდებოდი, როცა ყველა ჩოგბურთს მიხსენებდა, ყველა მხოლოდ სპორტზე მელაპარაკებოდა. ამ დროს ნეკას სულ სხვა თემებზე გადაჰქონდა საუბარი და ამით ძალიან მეხმარებოდა.
ჩემი თავისუფალი დრო ყოველთვის სახლს ეთმობა. როცა ლუკასი წამოიზრდება, ტურნირებზე ყველა ერთად ვივლით. საერთოდ, ჩოგბურთი ისეთი სპორტია, რომ მთელი ოჯახი ჩართულია – ბებიაც კი. როდესაც კარიერას დავასრულებ, ყველაფერი სხვანაირად იქნება, მაგრამ ახლა ყველა რაღაცას თმობს, რომ ხელი შემიწყონ, – ყვებოდა ნიკა ბასილაშვილი ჟურნალ ,,ჰელოუსთან”.
– ძალიან რთულია ჩოგბურთელის ცოლობა. ეს სპორტი უზარმაზარ შრომას მოითხოვს ნიკასგან. საქართველოში მაქსიმუმი ერთი კვირით ჩამოდის და დასვენება საერთოდ არ აქვს. როცა აქ არის, მაშინაც ვარჯიშობს, ფორმიდან არ უნდა ამოვარდეს…
ნიკა თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, მშობიარობას ვერ დაესწრო, სანამ ჩამოფრინდა, უკვე ნამშობიარევი ვიყავი. ძალიან განიცადა, ყოველ 5 წუთში ერთხელ რეკავდა, თავად უფრო ნერვიულობდა, ვიდრე მე… ყველას მიმართ ყურადღებიანია, ხანდახან მიკვირს კიდეც, ამდენ რამეს როგორ ასწრებს. სიურპრიზები და საჩუქრის გაკეთება ძალიან უყვარს.
მის თაყვანისმცემლებზე არ ვეჭიანობ. “ფეისბუქშიც” სწერენ და მესიჯებსაც უგზავნიან, მაგრამ საერთოდ არ ვეჭვიანობ, საეჭვიანო რა არის? ნიკა ამის საბაბს არ ამძლევს, არც შეყვარებულობის პერიოდში მაძლევდა. რაღაც სხვანაირი ადამიანია. ბუნებით ძალიან ერთგულია. როცა თაყვანისმვემლები სწერენ, პირიქით, მიხარია, – ყვებოდა ნეკა დოროყაშვილი ,,ინფო 9″-სთან.
სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ყოფილი მეუღლეები თავიანთი ცხოვრების გზებს აგრძელებენ. ბასილაშვილი ზაფხულს თავის საყვარელ ქალთან ერთად ატარებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ჩოგბურთელი შეყვარებულის დაბადების დღეს აღნიშნავს. რაც შეეხება ნეკას, ბოლო დროს სექსუალური ფოტოსესიებით არის დაკავებული.

