,,სარკე” ლელა ცუცქირიძე, ,,ახალი რიტუალი”
მანომ მერამდენედ ამოიღო კომოდის უჯრიდან ფოტოალბომი, აღარც ახსოვს. გადაშალა, დახურა, შეინახა, ამოიღო, გადაშალა, დახურა, შეინახა… აღარც ის ახსოვდა, მერამდენე დღე იყო, რაც ამას აკეთებდა.
– მოიცა, გავიხსენებ, – ჩაილაპარაკა, ჩაფიქრდა, ტუჩებიც აათამაშა და თითებიც, – მეორე კვირა გამოდის, რაც საგანგებო გამოაცხადეს, იმის მერე.
მანამდე ამ ალბომისკენ ათასში ერთხელ თუ გაიხედავდა. დიდი ხანია, აღარ აინტერესებდა ის ადამიანები, ვინც ამ ალბომებში ცხოვრობდნენ მასთან ერთად. ახლა კი თითქოს რიტუალად გადაექცა მათი ფოტოების თვალიერება. მანამდე სხვა რიტუალი ჰქონდა: გამოვიდოდა, დაუყვებოდა ქუჩას ნელ-ნელა და უნდოდა თუ არა რაიმე, მაინც ყველა მაღაზიაში შედიოდა. უყვარდა იქ ტრიალი, ბევრჯერ ნანახს გულდაგულ ათვალიერებდა, ხელით სინჯავდა თითოეულ ნივთს, თან გამყიდველების და კლიენტების საუბარს უგდებდა ყურს, ამ საუბრებში უტაქტოდ ჩაერეოდა მწარე, დამცინავი კომენტარებით.
უკან დაბრუნებისას გზად აუცილებლად ჩამოჯდებოდა ამოჩემებულ სკვერში, ამოჩემებულ სკამზე, კარგა ხანს იჯდებოდა და თუ ვინმეს დაინახავდა, არც მათ დააკლებდა სიმწარეს, მერე კმაყოფილი ბრუნდებოდა სახლში.
აი, ეს იყო მისი ყოველდღიურობა, ერთგვარ რიტუალად რომ გადაექცია. დანარჩენ დროს ძირითადად ძველი ან ახალი ჟურნალ-გაზეთების კითხვასა და ტელევიზორის ყურებაში ატარებდა. ხან საინფორმაციოს უყურებდა, ხან სერიალებს. დაცინვას და სიმწარეს არც მათ გმირებს აკლებდა.
არავინ უყვარდა, არავის უყვარდა, არავის კითხულობდა, არავინ კითხუ-ლობდა. ყველასთან ნაჩხუბარი იყო, ყველასთან გაბუტული.
ახლა კი უცებ რიტუალის გარეშე დარჩა – მაღაზიაში დიდხანს არ აჩერებდნენ, არც მისი მწარე კომენტარებისთვის ეცალა ვინმეს, ყველა ჩქარობდა, ყველა გაურბოდა ერთმანეთს… მხოლოდ ტელევიზორთან ჯდომა და ძველი ჟურნალების კითხვა მობეზრდა. ფოტოალბომებს დაუბრუნდა, წლების განმავლობაში რომ არც გადაუშლია, მივიწყებული ჰქონდა.
– აღარ შევინახავ, იდოს მაგიდაზე, – ჩაილაპარაკა, როცა ალბომი ისევ გამოიღო კომოდიდან, – მაინც ყოველდღე ვათვალიერებ და აბა, რა აზრი აქვს ამის შენახვას?
ალბომი გადაშალა. აი, მისი მშობლები, თავად მანო მათთან ერთად და ცალკეც – პატარაც, მოზარდიც, დიდიც… აი, ლიკანში არიან, სანატორიუმში, საირმეში, ციხისძირში… მშობლებს ყოველ წელს მიჰყავდათ კურორტებზე, სანატორიუმებში, ჯერ მთაში, მერე – ზღვაზე.
– ბედნიერი ვიყავი მაშინ, – ეუბნება მანო თავის თავს, – ალბათ ეს არის ნამდვილი ბედნიერება – უზრუნველი ბავშვობა, ცოცხალი მშობლები და მათი სიყვარული.
აი, მანო უკვე სკოლაში, დიდი ბაფთით, თეთრი წინსაფრით, ფრიადოსნების დაფაზე გამოსაკრავად გადაუღეს. კარგად სწავლობდა, მოწესრიგებული ბავშვი იყო. აი, კლასის ჯგუფური ფოტოები. ნეტავ, რამდენი კლასელია ახლა ცოცხალი? იქნებ ყველა ცოცხალია? არაფერი იცის მანომ მათ შესახებ. სკოლის მერე მათთან ურთიერთობა გაწყვიტა. მხოლოდ ორ გოგოსთან მეგობრობდა და სტუდენტობის დროს ორივე მოიშორა. არ იყვნენ მანოს ახალი წრის შესაფერისები.
აი, კურსელები… კურსელებიდანაც, ვისთანაც მეგობრობდა, აღარც მათ შესახებ იცის არაფერი.
აი, ნათესავები… ათასში ერთხელ, პანაშვიდზე თუ შეხვდება რომელიმეს და ეგაა.
აი, რამდენიმე მეგობარი – ქეთინო, ნანა, მარინე, ცხოვრების სხვადასხვა დროს შეძენილი და მერე, ასევე ცხოვრების სხვადასხვა დროს მანოს მწარე ენის გამო დაკარგული.
მანომ მათი ფოტოები ალბომიდან ამოიღო, მაგიდაზე გაშალა. მისთვის უცნაური განცდა დაეუფლა. სადღაც, ძალიან შორეულად, თითქოს მონატრება, თითქოს სევდა…
ნეტავ, როგორ არიან? ნეტავ, ცოცხლები არიან? თუ ცოცხლები არიან, რას აკეთებენ? ალბათ შვილიშვილებიც ჰყავთ. პატარები თუ დიდები?
ამ სამი მეგობრიდან ყველაზე ახლოს ქეთინოსთან იყო. როცა ქეთინო გათხოვდა, მანო მეჯვარედ წაიყვანა. მერე ქეთინოს ბავშვები შეეძინა, ჯერ – გოგო, მერე – ბიჭი. რამდენჯერმე თავის აგარაკზეც წაიყვანა მანო დასასვენებლად. გაიხსენა ზაფხულის ის დღეები, მეგობრის ოჯახთან ერთად გატარებული. ტყე, მდინარე, აივანზე ჩაის სმა, საღამოს სიგრილე, მეგობრის ხმის ტემბრი, საუბრის მანერა, სახე…
– რა კარგი იყო! – აღმოხდა და გაუკვირდა.
არა, მაინც რა ემართება ეს დღეები? საერთოდ, რას ჩააცივდა ამ ალბომებს, ამ ფოტოებს, რატომ გადაიქცია რიტუალად მათი თვალიერება, რატომ იხსენებს იმ ადამიანებს, ვინც აქამდე არ გახსენებია, ვინც ადვილად დათმო დავიწყებისთვის. აქამდე არასდროს მოსვლია ასე. ახლა რისი ბრალია? მარტოობის?
– მაგრამ მე რამდენი წელია, მარტო ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. იქნებ ამ პანდემიამ და სახლში გამოკეტვამ გულჩვილი გახადა? ან იქნებ სიკვდილის შიში ჩაუდგა თვალებში, სხეულში სარეველასავით ჩაეზარდა, ფესვი გაიდგა და მისი კანის ამოტეხა დაიწყო… ან იქნებ სინანული მწარე ენის, უტაქტობის, ჭორაობის გამო… ან იქნებ მონატრება? იქნებ ეს ალბომების თვალიერებაც ქვეცნობიერად სწორედ მონატრებამ დააწყებინა?
რა უცნაურია, რატომ მოუნდა ამ ჟამიანობისას ყოფილი მეგობრების სახეების დანახვა, მათი ხმის გაგონება, მათი ჩახუტებაც კი, ხელის შეხება… პატიების თხოვნა, რომ თავის დროზე თითოეულს აწყენინა, გული მოუკლა, მერე ადგა და კმაყოფილი წამოვიდა მათგან. სინანული კი, რაც მაშინ უნდა განეცადა, რატომღაც ახლა მოვიდა, ამდენი წლის მერე…
ნეტავ, სად ცხოვრობენ ახლა, ისევ იქ, სადაც ცხოვრობდნენ? ნეტავ, მიცნობენ, რომ დამინახონ? მიმიღებენ თუ არა?
ძველ ბლოკნოტში მეგობრების ნომრები მოძებნა, გაბედა და დარეკა, მაგრამ ამაოდ, როგორც ჩანს, არც ერთს აღარ ჰქონდა ქალაქის ტელეფონი.
თანდათან მათი ნახვის სურვილმა შეიპყრო, ერთიანად მოიცვა. მოუნდა, მისულიყო და ამით პატიება ეთხოვა, დაენახა მათი სახეები, მათი ხმა გაეგონა. ახსოვდა ძველი მისამართები, მაგრამ იქნებ იქ აღარც ცხოვრობდნენ, იქნებ გადავიდნენ სხვა უბანში, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში…
და იქნებ ცხოვრობდნენ? ახლავე წავიდოდა, მაგრამ, როგორ? ტრანსპორტი არაა, ფეხით რამდენ ხანს უნდა იაროს, როგორ შეძლებს? ახალგაზრდა ხომ არაა, ბევრი რამ აწუხებს…
შეძლებს! თუ მოინდომა, შეძლებს!
მანო ამ იდეამ აიტაცა. მისამართები ჩამოწერა, არა მარტო ყოფილი მეგობრების, არამედ იმ ახლობლების, რომლებსაც ასევე აწყენინა. სია არცთუ მცირე გამოდგა. მანომ მარშრუტები შეადგინა, დაახარისხა, ერთ გზაზე ვისთან შეეძლო მისვლა, მეორე გზაზე, მესამეზე…
პირველად მაინც ქეთინოსთან სტუმრობა გადაწყვიტა. მასთან მაინც გამორჩეულად მეგობრობდა თავის დროზე. ქეთინოსთვისაც მანო გამორჩეული მეგობარი იყო. თან ჰყვებოდნენ არა მარტო ის, არამედ მისი მშობლებიც.
– მანო, დედაჩემმა დაგპატიჟა, აუცილებლად მოვიდესოოო… – ეტყოდა ქეთინო და მანო სახლში მიჰყავდა ხან ხინკალზე, ხან ტორტზე, ხან, უბრალოდ, გემრიელ სადილზე…
– მანო, მამაჩემმა საგზურები აგვიღო, შენ გარეშე ჩემი წასვლა სადმე ვერც წარმოუდგენია, ხომ იცი, – მიახარებდა და მიდიოდნენ. მიჰყავდა ქეთინოს მამას, დააბინავებდა, უზრუნველყოფდა, დატოვებდა, ჩააკითხავდა, წამოიყვანდა.
– ჩვენს გოგოს და არ ჰყავს და შენ ხარ მისი დაო, – ეუბნებოდნენ, ეფერებოდნენ…
მანო ამას ისე იღებდა, თითქოს იმსახურებდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.
მერე ქეთინო გათხოვდა, მაგრამ მეგობრებს შორის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. ქეთინოს ისევ ძველებურად უყვარდა, ისევ ძველებურად უზიარებდა სიხარულსაც და გულისტკივილსაც. მისი გულისტკივილი კი იმ დროს ქმართან და მის ოჯახთან არცთუ სასიამოვნო ურთიერთობა იყო.
მანომ კი რა გააკეთა? ადგა და რასაც ქეთინო საიდუმლოდ ანდობდა, ქვეყანას მოსდო, მათ შორის – მეგობრის ქმარსაც და მის ოჯახსაც. თან უფრო გამძაფრებული, იმ სიტყვებით შემკობილი, რაც ქეთინოს საერთოდ არ უთქვამს. ამ ამბავმა სერიოზული არეულობა გამოიწვია, თუმცა ეს მანოს სულაც არ განუცდია. არც მეგობრის გულსტკენით შეწუხებულა. კმაყოფილიც კი იყო, რომ მისი სიტყვები დაიჯერეს, განხილვის და თუნდაც ჩხუბისა და კამათის საგნად აქციეს.
ასე დასრულდა მათი მეგობრობა, გაწყდა ძაფი, მის გადაბმაზე არცერთ მხარეს უზრუნია. ერთი ეგ იყო, თუ ქეთინომ მტკივნეულად განიცადა ეს ყველაფერი, მანოს საერთოდ არ განუცდია, არც დამნაშავედ უგრძვნია თავი.
..
მეორე დღეს, გათენდა თუ არა, გზას გაუყვა. თითქმის სამი საათის მერე ქეთინოს კორპუსს მიაღწია. ეზოში დადგა, თვალით მოძებნა მეორე სართულზე მისი ფანჯრები.
,,ნეტავ, ცოცხალი იყოს, ნეტავ ისევ აქ ცხოვრობდეს”, – გაიფიქრა, ძალა მოიკრიბა და დაიძახა:
– ქეთინოო! ქეთინოო!
ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალმა გამოიხედა.
– რა გნებავთ? – გადმოსძახა მანოს.
– ქეთინოს ვეძებ, ისევ აქ ცხვოვრობს?
– დიახ, ახლავე დავუძახებ, – უპასუხა ქალმა.
მალე ფანჯარას ქეთინო მოადგა.
– რომელი ხარ? – გაოცებით ჩამოსძახა მანოს და დააკვირდა.
– მანო ვარ, ქეთინო, – მანოს ხმა აუკანკალდა. მგონი, პირველად თავის ცხოვრებაში.
– მანო? ვერ გიცანი! როგორ ხარ? ამოდი.
– არა, ხომ იცი, არ შეიძლება, – ასძახა მანომ, – ამოსვლა სხვა დროს იყოს. მითხარი, როგორ ხარ? ხომ კარგად ხარ? რას შვრები?
– კარგად, კარგად. შენ როგორ ხარ?
– მეც კარგად ვარ, ქეთინო.
– კი მაგრამ, აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?
– შენი ნახვა მინდოდა.
– ჩემი ნახვა?!
– ჰო, შენი ნახვა.
ქეთინო ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე ჰკითხა:
– ჩემი თავი რამ გაგახსენა?
– არ ვიცი, ასაკმა, შიშმა, მონატრებამ… – მანოს თავადაც გაუკვირდა, რა ადვილად თქვა ეს სიტყვები და ისიც გაუკვირდა, ამით შვება რომ იგრძნო.
– არც თვალებს ვუჯერებ და არც ყურებს! ამოდი, რას დგახარ მანდ.
– არა, ამოსვლას არ ვაპირებ, არ შეიძლება, ხომ იცი, სტუმრობა, რამე არ შემოვიტანო, რამე არ გადაგდო. უბრალოდ, აი, მანდედან მელაპარაკე ცოტა და წავალ.
– გამაგიჟებ და ეგაა! და რითი მოხვედი, გოგო?
,,გოგოო” – მანომ უცნაური სიმსუბუქე იგრძნო. ,,გოგოო” – თითქოს ისევ ის ძველი მანო იყო, ახალგაზრდა, თითქოს ამდენი წელი არც იდგა ამ მანოსა და იმ მანოს შორის, მანოსა და ქეთინოს შორის…
– ფეხით მოვედი, ფეხით! სამი საათია, მოვდივარ! – ასძახა.
– რას ამბობ! სამი საათი იმისთვის მოდიოდი, რომ გენახე და მოგეკითხე?
– ჰო, მაგისთვის, მარტო მაგისთვის…
– ეს რა სასწაულს მეუბნები. ამოდი-მეთქი, ამხელა გზა გამოგივლია.
– არა, ეგ სხვა დროს იყოს, თუ მიმიღებ.
– რას ამბობ, მიგიღებ, აბა, რას ვიზამ?
– რა ვიცი, ისე გაწყენინე, ისეთი ტკივილი მოგაყენე… ალბათ ვერც ვერასდროს მაპატიებ…
– მანო, ეგ იმდენი წლის წინ იყო, აღარც მახსოვს. რაღა დროს ეგაა. იცოდე, გამიხარდა ახლა შენი მოსვლა, შენი დანახვა…
კარგა ხანს ორივე ცრემლებს იწმენდდა. მერე ერთი-ორი ძველი ამბავიც გაიხსენეს, ასე, დისტანციურად, ერთმა – ეზოდან, მეორემ – ფანჯრიდან, ტელეფონები გაცვალეს, პირობა დადეს, რომ, როცა ყველაფერი ჩაივლიდა, აუცილებლად ესტუმრებოდნენ ერთმანეთს და მანო სახლის გზას გაუყვა.
მიდიოდა, ვერც დაღლას გრძნობდა, ვერც მანძილს, ისეთ საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, მანამდე რომ არასდროს განუცდია.
– ეს რა შვება ყოფილა სინანული, რა შვება – პატიება… – ბუტბუტით მიუყვებოდა გზას და უკვე იცოდა, ეს იქნებოდა მისი ახალი რიტუალი – ყოველდღიურად იმ ადამიანებთან მისვლა, ვისაც ოდესმე აწყენინა.

