,,ჩემი ქმარი ამბობს, ეს სახლი ჩემია თუ თოჯინებისო” – ქართველი მეთოჯინის ზღაპრული ცხოვრება

,,ჩემი ქმარი ამბობს, ეს სახლი ჩემია თუ თოჯინებისო" - ქართველი მეთოჯინის ზღაპრული ცხოვრება,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ნანა ყაულაშვილი ექიმია, ოფთალმოლოგი, მაგრამ ერთი სული აქვს, კლინიკიდან სახლში მალე დაბრუნდეს, რომ ყველაზე საყვარელ საქმეს, თოჯინების შექმნას მიუბრუნდეს.

მისი ხელნაკეთი თოჯინები ზღაპრის გმირებს ჰგვანან და უცხო სამყაროში გამოგზაურებენ. პირველი თოჯინა შვილს შეუკერა და პეტრიკელა დაარქვა. მას მერე ეს საქმე ისე შეიყვარა, ყველა ხელსაქმე, რომლებიც მანამდე ეხალისებოდა, გვერდით გადადო და რამდენჯერმე მსოფლიოს საუკეთესო მეთოჯინეთა გამოფენებშიც მიიღო მონაწილეობა.

ნანა ყაულაშვილი: ბავშვობიდან სულ ვქარგავდი, ვქსოვდი და რბილ სათამაშოებსაც ვკერავდი. კონსერვატორიაში ჩაბარებას ვგეგმავდი,  პიანისტობა მინდოდა და ეს ყველამ იცოდა.

სწორედ იმ წელს, როდესაც სამუსიკო სასწავლებელში უნდა ჩამებარებინა, მიღება არ ჰქონდათ. იმ პერიოდში დედამ მითხრა, იქნებ შენც ექიმი გახდეო. ჩემი და მაშინ უკვე სამედიცინოზე სწავლობდა და ყვებოდა, როგორი საინტერესო იყო იქ სწავლა. მეც გადამედო მისი განწყობა და გადავწყვიტე, პედიატრიულზე ჩამებარებინა…

შვილი რომ შემეძინა, 1992 წელი იყო და არც სათამაშო იშოვებოდა, არც არაფერი. ამიტომაც თოჯინა მე შევუკერე. ჩემი ძველი პულოვერი დავჭერი და იმით. ისეთი ლამაზი გამოვიდა, მას შემდეგ დავიწყე სათამაშოების კერვა.

მერე ინტერნეტში სრულიად შემთხვევით ვნახე ცნობილი რუსი მეთოჯინის ნამუშევარი და ძალიან მოვიხიბლე. მოვიძიე მასალები, რითი შეიძლებოდა ასეთი თოჯინა შეგექმნა და კეთება დავიწყე. ეს ისეთი საინტერესო პერიოდი იყო, ვერც აღვწერ.

პირველივე თოჯინა ისეთი კარგი გამომივიდა, არც კი ველოდი.  ამის მერე ამ საქმის გარეშე არ შემიძლია. ეს ის საქმეა, რომელიც საშუალებას არ გაძლევს, ამოისუნთქო და შენი თავისთვის დრო გამოყო. მას მერე სულ ახალ-ახალი იდეები მაქვს.

– პარალელურად კლინიკაშიც მუშაობთ?

– დიახ, უკვე 20 წელზე მეტია, ბავშვთა კლინიკაში ვმუშაობ ოფთალმოლოგად და ისიც ჩემი საყვარელი საქმეა, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა საოცარი რამ არის. უდიდესი დადებითი ემოციები მოაქვს და ვეღარ ვიგებ, რომელი უფრო მთავარია, თუმცა ხშირად მქონია მომენტი, სახლში მალე წავსულიყავი, რომ თოჯინაზე მემუშავა.

– თოჯინებისთვის სხვადასხვა მასალას იყენებთ?

– ერთი და იმავე მასალით ვმუშაობ. ეს არის იაპონური პოლიმერული თიხა, რომელიც თავისით შრება და გამოწვა არ უნდა. მივხვდი, რომ ეს ჩემი საყვარელი მასალაა. მას კარგად შევეგუე. რომ გაამზადებ, მერე შეგიძლია,  შეასწორო, დანით გამოთალო, როგორც ხეს თლიან, ისე.

– თქვენი საოცარი თოჯინების ინსპირაციის წყარო რა არის, როგორ იქმნებიან?

– ინსპირაციის წყარო ხან მაქვს და ხან – არა. ხანდახან რაიმეს წავიკითხავ, რაღაც სიუჟეტს წარმოვიდგენ და სახეს იქიდან ვაკეთებ. ხან კი ადამიანს დავინახავ და ვფიქრობ, როგორი პერსონაჟივით სახე აქვს. ხან კი აზრზე არ ვარ, ბოლოს ვინ იქნება, უბრალოდ ვძერწავ. ცხვირს გავუკეთებ, ყვრიმალს ამოვწევ და მერე თვითონ მკარნახობს, როგორი პერსონაჟი უნდა გამოვიდეს.

– მაგალითად, საკუთარი შვილისსახიანი პერსონაჟი თუ შეგიქმნიათ?

– არა, რეალური ადმიანისგან პერსონაჟის შექმნას სულ ვერიდებოდი. ძალიან ხშირად მთხოვდნენ, ფოტოს მიხედვით გაგვიკეთეთო, მაგრამ უარს ვამბობდი. ვფიქრობდი, არ იქნებოდა საინტერესო, რადგან შემზღუდავდა.

დაახლოებით 2 თვის წინ ახალგაზრდა კაცმა დამირეკა და მითხრა, მინდა, ჩემი საყვარელი ქალის სახიანი თოჯინა შეგიკვეთოთო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ერთი საათის მერე ისევ დამირეკა და ისე მთხოვა, უარი ვეღარ ვუთხარი. არასდროს გამიკეთებია და რომ არ დაემსგავსოს-მეთქი, ვკითხე. როგორიც გამოვა, გამოვიდესო და შევუდექი კეთებას.

ეს ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, სულ სხვაგვარად დავინახე ყველაფერი. ანატომიის წიგნები გადმოვყარე, სქემები რომ მენახა, რომელი ძვალი როგორ და სად ერთდებოდა. გავაკეთე და უზომოდ მოეწონა. იმ გოგონასაც ძალიან მოსწონებია და დამირეკა. ახლა კი მეორე ასეთ პორტრეტულს ვაკეთებ.

ვთვლი, რასაც ჩემი ფანტაზიით ვქმნი, ის უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე ვინმეს ფოტო აიღო და დაამსგავსო. ეს ხელობაა, ის კი – ხელოვნება.  მეორე რეალური სახის თოჯინაზე უკვე მეოთხე კვირაა, ვმუშაობ.

– ეგეც მამაკაცმა შეუკვეთა საყვარელი ქალისთვის?

– დიახ და მიხარია, რომ ასე აფასებენ მამაკაცები ქალებს საქართველოში. ეს არც ვიცოდი. თან სიურპრიზებს უწყობენ საყვარელ  ქალებს – არც წინა გოგონამ იცოდა და არც ამან იცის, სიურპრიზად უნდა მიართვას.

– ოჯახი რას ამბობს თქვენს მუდამ შრომატევად საქმეზე?

– ჩემი შვილი საქართველოში არ არის. სამხატვრო აკადემია დაამთავრა. უნდოდა, მხატვარი ყოფილიყო. მაგისტრატურა გერმანიაში დაამთავრა და ახლა მიუნხენის ერთ-ერთ ტოპბიუროში არქიტექტორად მუშაობს.

ჩემი მეუღლე მთელი დღე გარეთ არის და, როდესაც მოდის, ხან სადილიც არ ხვდება სახლში. გადმოყრილი მაქვს ყველაფერი – ვხატავ, ვკერავ… ამას არასოდეს აპროტესტებს. წავა, კვერცხს შეიწვავს და პრობლემას არ შეგიქმნის. როცა რაიმე მასალა გამომელევა და ვეტყვი, რომ აღარ მაქვს, მეორე დღეს მოაქვს. თუ რაიმე შავი საქმეა, მავთულების “გატყავება” და ა.შ. მეხმარება.

არ ეხერხება, რომ შემაქოს და მითხრას, ვა, რა მაგარიაო, მაგრამ მისი ქმედებით ვგრძნობ, რომ მგულშემატკივრობს. ჩემი თოჯინები გამოფენებზეც ერთად მიგვაქვს და მოგვაქვს.

თოჯინების გაკეთებას სანამ დავიწყებდი, ვქარგავდი, ვკერავდი და ასეთი რეჟიმი ჩემს ქმარს არ ეუცხოვა. სამკაულებსაც ვქარგავდი. ნაქარგები მაქვს ისეთი, ვინც დაინახავს, ყველას ოქრო ჰგონია. ახლა ამას აღარ ვაკეთებ, რადგან უკვე ასაკი მაქვს და თვალებიც ვეღარ…

ჩემი მეუღლის ერთმა მეგობარმა ჩემი კედლები რომ ნახა, მიუბრუნდა და უთხრა, ყოჩაღ შენ, მთელი დღე ამის კეთებას თუ უყურებო. სულ ვსაქმიანობ და ეს ავადმყოფბაა, დაავადებაა, რომელიც შემეყარა.

– როგორია თოჯინების სამყარო, ბევრი თოჯინა გყავთ სახლში?

– ბოლოს რომ დავთვალე, მგონი, 50 იყო და 2 თუ 3 ცალი კიდევ დავამატე. ჩვეულებრივ ოროთახიან ბინაში ვცხოვრობ და სადაც კი ჰორიზონტალური ადგილია, ყველგან თოჯინაა მოთავსებული. ეს იქნება კარადის თავი, პიანინო…  ჩემი მეუღლე სულ მეუბნება, ვეღარ გავიგე, ეს სახლი მათია თუ ჩემიო. ამ სამყაროს გარეშე ალბათ ვერ გავძლებდი.

ამ ბინაში რომ გადმოვედით, სანამ კედლები შევავსე, არ შემეძლო მოსვენება. ცარიელი კედლები და მხოლოდ ავეჯი ჩემს სამყაროს ვერ ავსებენ. უნდა მელაგოს ბევრი ნივთი, ძველი ავეჯი, ძველებური ჭურჭელი. სავსე კედლები უნდა მქონდეს და მაშინ ვგრძნობ თავს არაჩვეულებრივად.

სკოლები აქტიურობენ და ბავშვები მოჰყავთ ჩემს სახლში თოჯინების სანახავად. 30 ბავშვი რომ ამ ბინაში შემოვა, წარმოიდგინეთ, რა ამბავი ხდება აქ. თავიდან ხაშურის სკოლიდან ჩამოვიდნენ. მასწავლებელმა ძალიან მთხოვა და ვუთხარი, სად წავიყვანო ამდენი  ბავშვი, დაეჯახებიან, გადმოაგდებენ-მეთქი. დიდი საფენი წამოიღეს, გაშალეს, დასხდნენ და სიამოვნებით მისმინეს.

– ბევრ თოჯინას ყიდით თუ გენანებათ?

– საქართველოში სად გაყიდი ბევრ თოჯინას?! ძირითადად ტურისტები ყიდულობენ, ტურაგენტებ მოჰყავთ ჩამთან. ხანდახან “ფეისბუქით” მიკავშირდებიან და მთელი კოლექტივი უფროსისთვის იძენს. ასეთი შემთხვევა შეიძლება წელიწადში ორი ან სამი იყოს სულ.

– ალბათ იმიტომ, რომ ძვირია და ყველა ვერ წვდება.

– დიახ, ძვირია. ევროპაში გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის მაინც ძვირია. ვერ იქნება 100 და 200 ლარი, რადგან არ არსებობს ყალიბი, რომელზეც ჩამოასხამ. ყველა ერთი ცალია, რომელსაც უზარმაზარი შრომა სჭირდება. ყველას აცვია ძვირფასი ტანსაცმელი. ბევრი შავი სამუშაოა, რომელიც ასევე საინტერესოა.

– პრესტიჟულ გამოფენებზე ხართ ნამყოფი.  მოგვიყევით, იქ რა ხდება ხოლმე.

– საქართველოში რაც კი გამოფენა ჩატარებულა, ყველაში მივიღე მონაწილეობა.  2015 წელს ვიყავი გერმანიაში, სადაც თოჯინების უზარმაზარი გამოფენა იმართება. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო საზღვარგარეთ და კულტურის სამინისტრომ დაგვაფინანსა მეც და ჩემი მეუღლეც, რადგან მარტო ვერ წავიღებდი. მეტჯერ აღარ დამაფინანსეს და ჩემი თანხებით წავედი პრაღაში, ესპანეთში…

მიუხედავად იმისა, რომ კიდევ მიწვევენ, აღარ დავდივარ საკმაოდ პრესტიჟულ გამოფენებზე, რადგან,  ჩემი ფულით რომ წავიდე და იქ კიდეც გავყიდო, მხოლოდ ბილეთის ფულს დავფარავ.

პირველივე გამოფენაზე საოცარი შეფასებები მივიღე. უცხოეთში გამოფენები სულ სხვაგვარია. გესაუბრებიან, გაქებენ, გეკითხებიან… პრაღაში გამოფენა რომ გაიხსნა, უნდა გენახათ, ხალხი რამდენ მწკრივად იდგა რიგში. ზეიმებზე რომ გინახავთ მდინარესავით მოდიოდნენ. დიდი კულტურა აქვთ. იქ მოდიან კოლექციონერები, არჩევენ და არის მთელი ამბავი.

– თოჯინების ასეთ საყვარელ სამოსსაც მარტო კერავთ?

– დიახ, ყველაფერს ჩემი ხელით ვკერავ. თუ რაიმეში გაბედულად და სიამოვნებით ვხარჯავ ფულს, ეს თოჯინების შესამოსი ქსოვილები, მაქმანები და აქსესუარებია. უცხოეთში ყოფნის დროსაც სულ ამ რაღაცებს ვეძებ. ფეხსაცმელებსაც მე ვუკერავ და მათთვის ავეჯსაც თავად ვამზადებ.

– თქვენს სამოსსაც თავად იკერავთ?

– მე-6 კლასში ვიყავი, პულოვერი რომ მოვიქსოვე, ჩავიცვი და  სკოლაში წავედი. ზარი რომ დაირეკა, ალგებრის მასწავლებელმა მითხრა, ყაულაშვილო, შენ დარჩიო. შემეშინდა, ვიფიქრე, რამე ხომ არ დავაშავე-მეთქი, მაგრამ მკითხა, ეს ზემოდან უნდა მოიქსოვოს თუ ქვემოდანო.

ადრე ყველაფერს მე ვიკერავდი, ახლა – აღარ, რომ  ამისთვის დრო და ენერგია აღარ ვხარჯო. მირჩევნია, თოჯინებისთვის ვკერო. თუ ჩემი მეუღლე არ გამომივარდა და მითხრა, გეყოფა ამდენი მუშაობაო, შეიძლება ღამეც კი გავათენო.

– კლინიკაშიც ხომ არ გყავთ თქვენი თოჯინები?

– არა, იქ სერიოზული ექიმი ვარ, თუმცა ბავშვებს ისე ვეფერები, მშობლები უცნაური მზერით მიყურებენ ხოლმე. ბავშვები ჩემთვის თოჯინებივით არიან.

ჩემს თოჯინებსაც სულ ველაპარაკები. ჩემს ქმარს ვეუბნები ხოლმე, მაგ დროს ყურადღებას ნუ მაქცევ, მგონი, გავაფრინე-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, ეს რა მდგომარეობაა.

ამ ბოლო 10 წელში საოცრად შევიცვალე, უფრო ბავშვური და კეთილი გავხდი, რაღაცები უფრო მიხარია. მინდა, შვილიშვილებისთვის ჩემი სახელი დავტოვო და  მათ უთხრან, ბებიათქვენი ასეთი და ასეთი იყო და ასეთ ზღაპრულ თოჯინებს ქმნიდაო.

ჩემს ინიციალებს თოჯინებს კეფაზე ვაწერ, რომ  ჩანდეს, ვისი შექმნილია. ჩემი სამყარო ასეთი ზღაპრულია.