,,სარკე”, ირმა ჭკუასელი
მსახიობ მაკა ძაგანიას ქმარი მსახიობი გიგა ცერცვაძეა. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ – 5 წლის გიორგი. მაკას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან – ნუცა ჩაკვეტაძე, უკვე უნივერსიტეტის სტუდენტია. ახლა მთელი ოჯახი ცდილობს, ერთიმეორეს გვერდით დაუდგეს და ის პაუზა, რომელიც პანდემიამ ყველას ცხოვრებაში შექმნა, ერთმანეთთან ურთიერთობით შეავსონ (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).
– მაკა, რას აკეთებთ, სად განერიდეთ პანდემიას?
– ამ ეტაპზე იმას ვაკეთებ, რასაც ყველა – ვრჩები სახლში. კარანტინის გამოცხადებიდან მალევე წამოვედი აგარაკზე, მზიანეთში და მას მერე აქ ვარ. სახლიდან მხოლოდ პროდუქტების შესაძენად გავდივარ. მზიანეთი ძალიან მომწონს. ამ რთულ პერიოდში, მგონი, სივრცე, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია.
ყველასთვის ძნელი იყო იმ რეჟიმიდან გამოსვლა, სადაც აქტიური ცხოვრების ტემპი იყო და აბსოლუტურად სხვა რეალობაში ცხოვრება, სადაც შეზღუდულია ურთიერთობები, ჩახუტება… ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, გავუმკლავდე, ვიყო კანონმორჩილი და შევეგუო არსებულ რეალობას.
– რა გეხმარებათ, რომ ამ რეალობას გაუძლოთ, რაზე გადაგაქვთ ყურადღება?
– მეხმარება ყვავილების მოვლა, ეზოს მოწესრიგება. ყოველ დილას შემოვლა მაქვს და ვათვალიერებ, რომელი ყვავილი გაიშალა, რომელს ახალი კოკორი ამოუვიდა და ა.შ.
მიწასთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა. სულ ვცდილობდი რაღაცების კეთებას, მაგრამ დროის უკმარისობის გამო სრულფასოვნად ვერ ვახერხებდი. ახლა ამისთვის უამრავი დრო გამომიჩნდა. ასე რომ, არ ვიწყენ. მოკლედ, ბოსტანი, ყვავილები და ჩემი შვილები არ მაძლევენ საშუალებას, რომ მოვიწყინო.
– ბოლო დროს ბევრს გაუჩნდა სურვილი მიწასთან მუშაობის. თქვენ თუ გიფიქრიათ, ქალაქიდან საბოლოოდ გადასახლებულიყავით სოფელში?
– ფერმერობაზე ფიქრი ახლა არ დამიწყია. მიწასთან ურთიერთობაც ძალიან მომწონს და ცხოველებთანაც, მაგრამ მგონია, რომ ამას არამხოლოდ სურვილი და მოწონება შველის, გაცილებით საფუძვლიანი შესწავლა და ცოდნა სჭირდება.
პატარა ბოსტნის ქონასა და ფერმერობას შორის დიდი სხვაობაა. ასე რომ, სავარაუდოდ, ამ ყველაფრისთვის ჯერ მზად არ ვარ, თუმცა არის შანსი, რომ ამ საქმესაც მოვკიდო ხელი.
– ბოლო დროს რა როლზე მუშაობდით, რომელი ჩაგივარდათ?
– ბოლო პერიოდში სპექტაკლზე არ მიმუშავია და არც ჩავარდნა მქონია.
– არც სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ხართ. რატომ?
– სერიალზე ეს კითხვა, მგონი, უმჯობესია, “ფორმულა კრეატივს” დაუსვათ. მე პასუხი არ მაქვს.
– როგორ არიან შვილები, რითი ცდილობთ მათი ყურადღების გადატანას, რომ თვითიზოლაციაში ყოფნა გაუადვილდეთ?
– ჩემი შვილები, ნუცა და გიორგი, კარგად არიან. უფროსი გოგონა 20 წლის არის. ყველაზე მეტად მას უჭირს ამ რეალობასთან შეგუება, მაგრამ ისიც ცდილობს, კანონმორჩილი იყოს და ამ ეტაპზე ვარჯიშით, ხატვით, წერით და კითხვით ირთობს თავს.
რაც შეეხება მეორეს, ბიჭუნას, 5 წლის არის და ნაკლებად განიცდის კარანტინს. მისთვის მთავარია, რომ დედა და მამა სახლში ჰყავს, ეზო აქვს და სათამაშოები. ასე რომ, არ იწყენს.
– როგორია თქვენი და თქვენი ქმრის თანაცხოვრება, როგორ უდგახართ ერთმანეთს გვერდით ამ კრიზისულ პერიოდში?
– ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახური თანაცხოვრება ძალიან კარგად მიედინება. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ, ერთნაირი ინტერესები გვაქვს. ერთად არ ვიწყენთ და ესეც გვეხმარება, რომ ეს კრიზისული პერიოდი მშვიდად გადავლახოთ. ჩვენ ერთად ყოფნა ყოველთვის გვსიამოვნებდა და ახლაც ასეა. ბედნიერი ვარ, რომ გიგა ჩემ გვერდით არის.
– ბოლო პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ხომ არ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცით?
– მგონია, რომ “დავპაუზდი” და არა მარტო მე, მთელი სამყარო. ამიტომ ჯერ არანაირი ცვლილება არ არის და არც არაფერი მაქვს დაგეგმილი.

