ლევან რატიანი: ,,გვანცა ერთი ნახვით შემიყვარდა და 4 თვეში ცოლად მოვიყვანე”

ლევან რატიანი: ,,გვანცა ერთი ნახვით შემიყვარდა და 4 თვეში ცოლად მოვიყვანე",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზია-რეანიმაციის კათედრის გამგე, ლევან რატიანი, წვრილშვილის მამაა. სამი პატარა ბიჭი ჰყავს. უფროსი 10 წლის არის, შუათანა – 6 წლის და უმცროსი – 7 თვის. ამ ვაჟკაცების დედაც ექიმი გახლავთ – პედიატრი გვანცა ჯანიგაშვილი, ბატონი ლევანის დიდი და პირველი სიყვარული, ოჯახის მფარველი ანგელოზი, რადგან სწორედ მას და მის მოთმინებას უმადლის ქმარი ოჯახურ ბედნიერებას.

ახალგაზრდა და უკვე საყოველთაოდ საყვარელი ექიმი, რომლის თითოეულ სიტყვასაც მთელი საქართველო 3 თვის განმავლობაში ყოველდღე ელოდა და გაფაციცებით უსმენდა, საოცრად უშუალო და გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა როგორც პირად, ისე პროფესიულ თემებზე საუბრისას (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

ლევან რატიანი: მგონი, გადავრჩით და ყველანი გახარებულები ვართ, რომ ჩვენთან პანდემიასთან ბრძოლა ასე წავიდა. თვის ბოლომდე ალბათ ყველა პაციენტს გავწერთ კლინიკიდან და ჩვენს ქვეყანაში მალე ყველაფერი კარგად იქნება, ჩვეულ ცხოვრებას გავაგრძელებთ.

– ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვით, ჩვენი ქვეყანა ღვთის სიყვარულმა გადაარჩინაო. ძლიერი რწმენა გაქვთ?

– სულ ვამბობ, ღმერთი და მისი ძალა რომ არ არსებობდეს, ადამიანი წარმატებული ვერ იქნება. სამწუხაროდ, ხშირად ვერ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ღმერთის ძალიან მწამს. უფალს ვუყვარვართ და ამიტომაც გადავრჩით.

– თქვენი კოლეგა, მარინა ეზუგბაია, ჯვარს აცვეს, როდესაც განაცხადა, ეკლესიაში დავდივარ და ვეზიარებიო. ზოგი იმასაც ამბობდა, ეს ღმერთის იმედად თუ არის, როგორ გვიმკურნალებსო.

– სოციალურ ქსელში კომენტარებს არასოდეს ვკითხულობ და არც ვიცი, ამის გამო რა ხდებოდა. ერთი კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: სადაც ღვთის ხელი არ ურევია, იქ არანაირი საქმე არ გამოდის. ჩვენ კი გამოგვივიდა. სულ ვგრძნობ, რომ ჩემ უკან ვიღაც არის და ეს უფალია.

– როცა პაციენტი კვდება?

– ესეც ღვთის ნებაა. სულ ვამბობ სტუდენტებთან, ექიმებთან, ექიმმა ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ პაციენტი გადაარჩინო და, როდესაც ყველაფერს აკეთებ, მაგრამ პაციენტი მაინც კვდება…

ყველას თავისი წასვლის დრო აქვს, მაგრამ საკუთრ თავთან კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვო. საკუთარ თავს არ უნდა ეკითხებოდე, მე რომ ეს გამეკეთებინა, ხომ არ გადარჩებოდაო. პაციენტს არაფერს ვაკლებ, მაგრამ, როცა ვერაფერს ხდები, ეს უკვე ღვთის ნებაა.

– ეს ბოლო თვეები თქვენი ოჯახისთვის ალბათ განსაკუთრებით რთული პერიოდია.

– ძალიან რთულია. ამ სამი თვის განმავლობაში უსაშველოდ რთულ პირობებში მიწევდა ყოფნა, რისი გადმოცემაც ასევე ძალიან რთულია. რაც ამ თვეებში, კვირებში, დღეებში და საათებში გავიარე, თითქოს ადვილი მოსაყოლია, მაგრამ ახლა იმ სიმძიმეს ვეღარ ვგრძნობ, რადგან გადავრჩით. ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი კი იყო ინფიცირებული, მაგრამ დღეს ყველა გაწერილია, რაც ძალიან მახარებს.

ოჯახისგან დღესაც ისევ შორს ვარ. ჩემი ჩანაფიქრია, კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ ბოლო პაციენტს რომ გავწერ, მერე დავიხურავ ქუდს და წავალ ოჯახთან. ეს ალბათ რამდენიმე დღეში მოხდება.

ჩემი ცოლ-შვილი სოფელშია, მცხეთის რაიონში, ძალში. ჩემი მეუღლე იქიდან არის. 1 მარტს რომ წავიდნენ, მას მერე არც ერთი შვილი მინახავს.

– ბავშვებმა როგორ აღიქვეს მამის ასე შორს ყოფნა ამდენი ხნით?

– რეანიმატოლოგი ვარ და, სამწუხაროდ, ოჯახისთვის არასოდეს მეცალა. ოჯახის მართვას მთლიანად ჩემი მეუღლე ახერხებდა ყოველთვის. დედაც ის იყო ბავშვებისთვის და მამაც, თუმცა რამდენიმე საათით მაინც ვახერხებდი მათთან კონტაქტს. ახლა კი ძალიან გამიჭირდა და განსაკუთრებით პატარის გარეშე, რომელიც მაშინ 4 თვის იყო და ახლა უკვე 7 თვისაა.

ერთი სული მაქვს, როდის გავივლი ტესტირებას და მათთან გავჩნდები. დედაჩემს რომ ჰკითხოთ, მეუბნება, პატარა შენი ასლიაო.

– როგორი ბავშვები არიან, რითი ჰგვანან მამას?

უფროსი რაღაცნაირად დიდ პატივს მცემს და ამას სულ ვგრძნობ. ჩემ მიმართ რაღაცნაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ შუათანა შვილი… არ უნდა თქვა, რომ შვილებს არჩევ, მაგრამ ჩემი შუათანა ბიჭი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ბევრი თვისებით მგავს, ძალიან თბილია.

– კიდევ რითი გგავთ?

– მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ძალიან პრინციპულზე პრინციპულია. მაგალითად, რაიმეს ყიდვა რომ უნდა, აუცილებლად გაყიდინებს; რომ უნდა რამის სწავლა, აუცილებლად ისწავლის. რასაც იტყვის, არ არსებობს, არ შეასრულოს.

– თქვენც ასეთი იყავით?

– დიახ, ზუსტად ასეთი ვიყავი და მისი მიზანდასახულობა ძალიანაც მომწონს. როცა მიზანს ისახავ, აუცილებლად ახორციელებ, რაც კარგი თვისებაა. სკოლაში წელს მიდის და იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩემმა მეოთხეკლასელმა შვილმა.

– თქვენ რა გინდოდათ ბავშვობაში?

– მინდოდა, ყველა საგანი ყველაზე უკეთესად მცოდნოდა. დედაჩემი მასწავლებელია და ვთხოვდი, ყველა საგანზე დამატებით ვეტარებინე, რადგან მინდოდა, იმაზე მეტი მცოდნოდა, რაც მასწავლებლებმა იცოდნენ.

დღე და ღამე ვეხვეწებოდი, ნასწავლი ჩამებარებინა მისთვის. დავძახოდი, წამიკითხე – მოგიყვები, წამიკითხე – მოგიყვები-მეთქი. ასე ვიყავი მეათე კლასამდე. დედაჩემი მეუბნებოდა, დამანებე თავიო.

არ არსებობს, რამე დავისახო მიზნად და ვერ მივაღწიო! მაგალითად, ვიტყვი, ეს წიგნი სამ დღეში უნდა წავიკითხო-მეთქი და წავიკითხავ.

– რომელ სოფელში იზრდებოდით?

– პატარა ფოთში – ქალაქ ფოთთან არის ახლოს. ჩემი მშობლები დღემდე იქ ცხოვრობენ. ფოთი ძალიან კარგი ქალაქია, თბილზე თბილი. ყველას თავისი კუთხე უყვარს, მაგრამ ჩემი სოფელი ისეთია, სადაც ჩემი და შენი არ არსებობს.

ისე დავამთავრე სკოლა, მტრობა რა იყო, არ ვიცოდი. მაშინ შური და მტრობა ვერ წარმომედგინა და დღემდე მინდა, ყველგან ასეთი გარემო იყოს.

– ექიმობა რამე კონკრეტულმა შემთხვევამ გადაგაწყვეტინათ?

– ბაბუაჩემი პედიატრი იყო და იქ ყველა იცნობდა. ექიმების რამდენიმე თაობა გვყავდა და თავიდანვე მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. რამდენიმე წელი ვაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში, რომ მიზნისთვის მიმეღწია. 2 წელი ქიმიაში ვიჭრებოდი. ეს საგანი ძალიან მიყვარდა, მაგრამ მაინც ასე ხდებოდა.

ექიმობა ძალიან მინდოდა, რადგან, პირველ რიგში, ამით საშუალება მეძლეოდა, ადამიანებს დავხმარებოდი. მეორე – მინდოდა, ოჯახის ტრადიცია გამეგრძელებინა და მესამე კი ის იყო, რომ მართლა მინდოდა ექიმობა.

– გახსოვთ პირველი პაციენტი, რომელიც გადაარჩინეთ?

– როგორ არ მახსოვს, ჩემი საუკეთესო მეგობარია! 14 წლის წინანდელი ამბავია. ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ბევრი ჭრილობა ჰქონდა, თითქმის ყველა ორგანოს დაზიანებით.

48 დღე რეანიმაციიდან არ გამოვსულვარ. მაშინ ექთანი ვიყავი. სულ ვამბობ, ჩემი პირველი შვილია-მეთქი. რეანიმაციაში პირველი, რაც პაციენტს სჭირდება, რომ გადარჩეს, მისი მოვლაა. 48 ღამე ვათენე მისთვის. გამოვიდოდი, წყალს გადავივლებდი და უკან ვბრუნდებოდი. ახლა მისი შვილის ნათლია ვარ.

– როგორია თქვენი და თქვენი პედიატრი მეუღლის სიყვარულის ამბავი?

– არასოდეს მჯეროდა სიყვარულის. სულ ვფიქრობდი, რომ ცოლი მაშინ უნდა მომეყვანა, როდესაც გავაკეთებდი სადოქტოროს, გავხდებოდი ექიმი, მაგრამ გვანცა სრულიად შემთხვევით გავიცანი.

სასწრაფოში ვმუშაობდით და ორივენი უმცროსი ექიმები ვიყავით. სხვა ფილიალში უნდა გადავსულიყავი, მაგრამ გვანცა შემხვდა. ჩემკენ შემოვატრიალე, რაც არ მჩვეოდა.

უკნიდან დავინახე, ხელი მოვკიდე, შემოვატრიალე და ვკითხე, რა გქვია-მეთქი. ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო. 4 თვე ვიარეთ შეყვარებულებივით და მერე დავქორწინდით.

– რატომ არ გჯეროდათ სიყვარულის?

– სიყვარულის – კი, მაგრამ ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა. არ მეგონა, რომ ვნახავდი ვინმეს და მაშინვე შემიყვარდებოდა. გვანცა კი სწორედ ერთი ნახვით შემიყვარდა.

გვანცას ჰყავდა პოლიციელი მამა, რომელსაც მორიგეობის დროს მოჰყავდა და უკან მიჰყავდა. ერთ დღეს ჩავუჯექი მანქანაში და ვუთხარი, შენი შვილი მიყვარს და მინდა, ჩემი ცოლი გახდეს-მეთქი. გაოგნდა ჩემი გამბედაობით.

ისიც სამი შვილის მამა იყო, ოღონდ გოგონების და გვანცა განსაკუთრებით უყვარდა. სამწუხაროდ, გვანცას მამა გარდაცვლილია. საოცარი მამაშვილობა ჰქონდათ. ჩვენ წინააღმდეგ არ წავიდა და მალე დავქორწინდით.

– რითი მოაწონეთ თავი სასიმამროს?

– რა ვიცი… ხომ იცით, ყველა მამას საუკეთესო უნდა თავისი შვილისთვის. იმ დროს კი მე არანაირი პირობა არ მქონდა – არც მატერიალური, არც თანამდებობრივი. ერთი რიგითი ექიმი ვიყავი. ყველამ შეგვიწყო ხელი – გვანცას მშობლებმაც, ჩემმა ოჯახმაც.

– მამაკაცზე პირველ ეფექტს ალბათ ქალის გარეგნობა ახდენს, მაგრამ სიყვარულს და მრავალი წელი ერთად ყოფნას კიდევ სხვა რამეც სჭირდება. რითია გამორჩეული სხვებისგან თქვენი საყვარელი ქალი?

– რა გითხრათ, 100%-ით მისი დამსახურებაა, რომ დღეს კარგი ოჯახი მაქვს. ძალიან მომთმენია და ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახისთვის აუცილებელი საქმეებით არ შემაწუხოს. როცა ოჯახის საქმე ჩამოცილებული გაქვს, უფრო მეტს აკეთებ შენს პროფესიაში. ყველას უნდა, ქმარი მასთან იყოს, მაგრამ არ არის ასე, რას ვიზამ… ხანდახან ისე გაივლიდა კვირები და თვე, რომ შეიძლებოდა მხოლოდ ერთი საათით შევსულიყავი სახლში.

თავიდან ძალიან მომეწონა გვანცას თვალები და შავი თმა…

– გვანცა მუშაობს?

-დიახ, “ნიუ-ჰოსპიტალში” და საკმაოდ კარგი პედიატრია. სამი შვილის დედაა და შეუძლებელია, ბავშვების კარგი მოვლა არ იცოდეს.

– ეჭვიანი არ არის, ქმარს რომ ფაქტობრივად ვერ ხედავს?

– არა, რა აქვს საეჭვიანო?! არაფერი!

– მთელი ქვეყანა თქვენი ლოყების დაჩქმეტაზე ოცნებობდა და როგორ არ აქვს?! ნიკა გვარამიამ კი მოახერხა ეს. გაბრაზდით მასზე?

– თავიდან გავბრაზდი და ეს სტუდიაშიც მეტყობოდა, მაგრამ მერე მივხვდი, ამაზე ნერვიულობა არ ღირდა.

– ალბათ ბევრი ვერც კი წარმოიდგენს, რომ გაბრაზება შეგიძლიათ.

– ერთადერთ რამეზე ვბრაზდები – მოუვლელ პაციენტზე. სადაც მოუვლელ პაციენტს ვხედავ, მორჩა! მეუღლე ბავშვებს კი აშინებს ჩემით – მოვა და მერე ნახეთ თქვენო. სამი ბიჭის მოვლა ძალიან რთულია და რა ქნას?

– სამ შვილზე გაჩერდებით?

– დიახ, მინდა, მეოთხეც გაგვიჩნდეს და მე გავზარდო. ისე, მესამეზეც ასე ვაპირებდი, მაგრამ…

– გეტყობათ, რომ გურმანი ხართ. რა კერძები გიყვართ?

– ტკბილეული მიყვარს, თორემ ჭამა – ისე, რა. 30 კილო მაქვს დაკლებული.

– როგორ მოახერხეთ 30 კილოს დაკლება?

– ამერიკაში სასწავლებლად რომ ვიყავი, იქ 46 კილო დავიკელი. სამაგიეროდ, რომ ჩამოვედი, 70 კილო მოვიმატე. მერე 30 კილო დავიკელი. ამერიკაში სტრესში ვიყავი. ერთადერთი ამოცანა მქონდა – რაც შეიძლებოდა, მეტი მესწავლა.

– ბოლო პერიოდში ექიმებზე დიდი ზეწოლა იყო. ქება ხშირად ლანძღვით იცვლებოდა. რა დოზით შეგეხოთ შურიანი კოლეგების რისხვა?

– სულ ვამბობ, მტერი არ მყავს-მეთქი, რადგან მტრად ვერავის აღვიქვამ. შენმა “მე”-მ არ უნდა გადაგძალოს. როცა საქმე სხვის კეთილდღეობას ეხება, იქ შენი “მე” არ უნდა არსებობდეს. საკმაოდ ამბიციური ადამიანი ვარ. განათლება და ცოდნა გაძლევს იმის პოტენციალს, რომ ამბიციური იყო, მაგრამ ამასაც ვბლოკავ. თან ამ პერიოდმა დამანახა, რომ “მე” არ არსებობს. ეს იყო ყველაზე დიდი გამოცდა ჩემს ცხოვრებაში და ამბიციურობა ჩამოვიშორე. ძალიან მიხარია, რომ ამბიციური ლევან რატიანი დაიკარგა.

– რამ განაპირობა ეს განცდა – შეიძლება იმის გააზრებამ, რომ “ხვალ შეიძლება აღარ იყო?”

– დიახ. ფიქრობ, თურმე სიცოცხლე როგორი კარგი ყოფილა. ამ დროს ვნახე, რომ ორივე მხარზე გაზის სიკვდილი და არანაირ მატერიალურს მნიშვნელობა არ აქვს.

– როგორი პაციენტები გყავდათ, როგორი იყო მათი განცდები, როცა იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს რაღაც გაუთვალისწინებელი რამ მომხდარიყო?

– რაც უნდა ბევრი გქონდეს წაკითხული, თუ პრაქტიკა არ გაქვს, ძალიან ცუდია და პირველი პაციენტების მიღება ძალიან რთული იყო. ორი ცნებაა – გერქვას ექიმი და გერქვას განათლებული ამ სფეროში. სამედიცინო განათლება ვერაფერს მოგცემს, თუ ბუნებით ექიმი არ ხარ. საბედნიეროდ, ამ პერიოდმა დამანახა, რომ განათლებულთან ერთად ბევრი ექიმიც გვყავს.

კოშმარი იყო, როდესაც ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან გავდიოდი და ვეუბნებოდი: “ერთი დამძიმდა, ერთი – გარდაიცვალა…”. ეს იყო კოშმარი!

ინფიცირებულები უსმენდნენ ამ ყველაფერს და ფიქრობდნენ, თვითონ ხომ არ იქნებოდნენ შემდეგი. ამიტომაც არ ვასახელებდი კლასტერს თუ ასაკს.

ახლა რომ ვფიქრობ, ეს ამბავი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო ორგანიზებული და არ უნდა გავსულიყავი ტელეკომპანიებთან. ყოველდღე ყველა პაციენტთან შევდიოდი, რომ გამემხნევებინა და მეთქვა, ეს არ არის ვირუსი, რომელიც კლავს-მეთქი. დღე და ღამე მათთან ვიყავი. პაციენტი რომ არ მომეწონებოდა, რაღაცას ვავალებდი. ერთს ვუთხარი, ახლა ლოგინი აკეცე და დაჯექი-მეთქი. სუსტად იყო, ნერვიულობდა. ის ქალბატონი უკვე გაეწერა და მომწერა, იმ ლოგინის აკეცვამ მიშველაო. მინდოდა, დამჯდარიყო და არ წოლილიყო.

ერთი ქალბატონი არასოდეს დამავიწყდება. მითხრა, მეც ხომ არ დამჭირდება რეანიმაციაში აყვანაო. სამწუხაროდ, დასჭირდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა.