ლევან კობიაშვილი: ,,ჩემი შვილი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა” – მასტერშეფის პირადი და საქმიანი ცხოვრების დეტალები

ლევან კობიაშვილი: ,,ჩემი შვილი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა" - მასტერშეფის პირადი და საქმიანი ცხოვრების დეტალები,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მასტერშეფი ლევან კობიაშვილი კულინარიულ სფეროში შემთხვევით მოხვდა. თავიდან ისე ეზარებოდა ეს საქმე, ცდილობდა, თავი დაეძვრინა, მაგრამ მოგვიანებით შეუყვარდა და ახლა ამბობს, რომ მისი კულინარიული შედევრების მთელი საიდუმლო კერძის სიყვარულით მომზადებაა.

...

მისმა ოჯახმა წლების წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა – შვილი, 4 წლის გოგონა, გარდაეცვალათ. მკაცრი გარეგნობის შეფმზრეული ცდილობს, ორ ვაჟთან მეგობრული მამა იყოს, თუმცა, როცა საქმე სამზარეულოს ეხება, ავიწყდება, რომ საქმე შვილთან აქვს და მასაც ისევე ეჩხუბება, როგორც სხვას.

ლევან კობიაშვილის მეორე ნახევარი პროფესიით კონდიტერი თიკო მიქაბერიძეა. მასტერშეფი ამბობს, რომ მეუღლე ისეთ გემრიელ კერძებს უმზადებს, თავად სახლში არაფრის გაკეთება სჭირდება (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

– ბატონო ლევან, ,,მასტერშეფის” უკვე მესამე სეზონი დაიწყო. რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში თქვენში, განვითარდა პროექტი?

– თვითონ პროექტი არაჩვეულებრივი, იდეალურია. შეცვლით კი ის იცვლება, რომ ჩვენ, მასტერშეფებიც, ნელ-ნელა უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენთ და მკაცრები ვხდებით, რადგან სხვა მოთხოვნები ჩნდება და კონკურენცია დიდია. ყოველწლიურად უკეთეს და უკეთეს ნაკადს ველოდებით იმიტომ, რომ ბევრს გაუჩნდა ამ გადაცემაში მონაწილეობის სურვილი და თავიანთი ძალების გამოცდა.

ყველა საქმე, რომელსაც აკეთებ, გინდა, უფრო უკეთესი და უკეთესი იყოს. მე, პირადად, თავიდან გამოუცდელი ვიყავი, რადგან შოუში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა. მერე თანდათან უფრო თამამი გავხდი. ადრე ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა – აღარ. გადაცემის დასაწყისი იყო და ვფიქრობდი, ვინმეს რამე ყურში ცუდად არ მოხვედროდა. ახლა უკვე ყველამ იცის, ვინ ვართ, რა ვართ და ხალხმაც იცის, რომ ჩვენი შეხედულებები და გადაწყვეტილებები კორექტულია და მკაცრ შეფასებებსაც აღარ ვერიდებით.

– კულინარიული ნიჭი აუცილებელია პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის თუ ამისთვის სწავლა საკმარისია?

– პირველ რიგში, ამ პროფესიის მიმართ სიყვარული უნდა გქონდეს, მერე კი ძალიან დიდი შრომა სჭირდება. როცა გიყვარს და შრომაც შეგიძლია, არ არსებობს, არ გამოგივიდეს. რა თქმა უნდა, რეცეპტორები განვითარებული უნდა გქონდეს და გემოს აღქმა შეგეძლოს. თუ ეს არ შეგიძლია და გემოს ვერ გრძნობ, აზრი არაფერს აქვს.

– თქვენთვის როგორ და როდის დაიწყო კულინარიის სიყვარული?

– 1992 წელს სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში და მას მერე ნელ-ნელა დაიწყო ყველაფერი. რომ გითხრათ, მიყვარდა-მეთქი, ასე არ ყოფილა. ვმუშაობდი, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა.

სასტუმრო “მეტეხში” დავიწყე მუშაობა მოსწავლედ. 2-3 წელი ვიყავი იქ და მერე უკვე სხვადასხვა კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებში ვმუშაობდი.

იმ დროისთვის საკმაოდ დაუფასებელი შრომა იყო, რადგან 12-16 საათი და მეტი მუშაობდი და მინიმალურ ხელფასს იღებდი. ბევრი უნდა გეწვალა, რომ რამესთვის მიგეღწია. თან მაშინ არც ინტერნეტი იყო, ბევრ ახალსაც ვერ იღებდი.

მერე გაჩნდა ინტერნეტი და ზღვა ინფორმაცია, საზღვრები გაიხსნა… ასე უფრო ვითარდები. ახლა ბევრად მარტივია, მზარეულობა დაიწყო, რადგან უამრავი საშუალებაა. აიღებ ბილეთს, წახვალ ევროპაში და მიიღებ რაღაც განათლებას, ცოტა ხანს რესტორანში იმუშავებ.

ჩვენს დროს კი წიგნებიც არ არსებობდა და ჩუმად ვსწავლობდით ერთმანეთისგან. თან მაშინდელი მზარეულები ისე იყვნენ, რომ შენ თვითონ თუ არ გამოხატავდი ინტერესს, თვითონ არაფრით გასწავლიდნენ რამეს. ბევრჯერ ყურებით მისწავლია. ბლოკნოტებით დავდიოდი და რაღაცებს ვიწერდი. მზარეულებს დავდევდი კუდში, თორემ არავინ გეტყოდა, მოდი, რამე ჩაგაწერინო და გასწავლოო.

სკოლის მერე სამოქალაქო ომი იყო, არ იყო დენი, გაზი, წყალი… საჭმელი მხოლოდ “მეტეხში” იყო და ყველას უნდოდა იქ მოხვედრა, რადგან ამიერკავკასიაში ერთადერთი ხუთვარსკვლავიანი საუკეთესო სასტუმრო იყო. იქ მოხვედრა ყველასთვის ოცნება და ფუფუნება იყო.

სიტუაციას მოვერგე, თორემ რომ გითხრათ, ეს საქმე მაშინვე შემიყვარდა-მეთქო… თუმცა პასუხისმგებლობა მქონდა და რა დავალებასაც მომცემდნენ, ვასრულებდი. ბევრი რამ ვისწავლე “მეტეხში”. შეფები სულ უცხოელები იყვნენ და მათთან გამოცდილების მიღება ძალიან კარგი იყო.

– როგორ მოხვდით თავის დროზე “მეტეხში”, სადაც ყველას უნდოდა მოხვედრა?

– ჩემი მამიდაშვილი, ჯემალ სოლომნიშვილი მუშაობდა იქ. ახლა ამერიკაში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებული შეფია, იქ თავისი რესტორანი აქვს. მითხრა, წამოდი, მოსინჯეო და ასე წავედი.

როდის და როგორ დაიწყო ამ საქმის სიყვარული და გემოების აღქმა, ვერც ვიტყვი, რადგან საკმაოდ ზარმაცი ვიყავი. თუ მოვინდომებდი, კი გამომდიოდა. ერთ დღესაც მოვინდომე და წავედი და წავედი წინ.

– როგორი კერძები მზადდებოდა თქვენს ოჯახში?

– ტრადიციული. პაპაჩემის გაკეთებული კერძები ძალიან მიყვარდა. კულინარად არ მუშაობდა, მაგრამ კარგი ხელი ჰქონდა. რასაც ამზადებდა, ყველაფერი გემრიელი იყო და შვილიშვილებს მოგვწონდა. ალბათ პაპისგან მერგო გენეტიკურად. კახელი კაცი იყო და ამზადებდა ხან გემრიელ სოუსს, მწვადებს გვიწვავდა, ხაშლამას გვიხარშავდა…

28-ე წელია, რაც ამ სფეროში ვარ. “მეტეხიდან” რომ წამოვედი, პატარა ობიექტებზე შეფადაც ვმუშაობდი. “მეტეხში” ნამუშევრობა ქსივასავით იყო. როგორც პოლიციელები ამბობენ ხოლმე, თანამშრომელი ვარო და ჭრის, ასე იყო იქ მუშაობის გამოცდილებაც.

ვიტყოდი: ,,მეტეხში” ვმუშაობდი” და სამსახური საძებარი აღარ მქონდა. ბისტროებში, კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებში მიმუშავია, სადაც ხან შეფი ვიყავი და ხან – მზარეული. ყველგან დავძრწოდი.

“მეტეხში” რომ დავიწყე მუშაობა, სამი თვე 15 დოლარი მქონდა ხელფასი და მერე – 30. მაშინ იმ ფულით ორი ბოტასი მოგივიდოდა. ახლა შედარებით დაიწყო მზარეულების დაფასება. მაშინ ეს კულტურა არ არსებობდა. დადიოდნენ რესტორანში, მაგრამ შეიძლებოდა კაციშვილს არ სცოდნოდა, შეფი რა გვარი იყო. დღეს ასე აღარ არის, კონკრეტულად შენი სამზარეულოს კერძების გასასინჯად მოდიან.

რესტორანში კი არა, მზარეულთან მიდიან. იციან, ვისი ხელი მოსწონთ და სად შეჭამენ გემრიელად. ზოგს ჩემი გაკეთებული მოსწონს, ზოგს – მერიკო გუბელაძის, ზოგს – გურამ ბაღდოშვილის.

– რომელი ქვეყნის სამზარეულოს კერძები გამოგდით უკეთესად?

– რა თქმა უნდა, ქართული. ჯერ შენი უნდა იცოდე და მერე – სხვისი. შენზე კარგად ქართულს სხვა ვერავინ გააკეთებს. ვერც მე გავაკეთებ ფრანგულს ფრანგზე უკეთესად, რადგან ქართული გენეტიკაში მიზის, ჩემი სულია ქართული სამზარეულო და ფრანგისთვის – ფრანგული.

– რომელი კერძი გიყვართ?

– ჩემთვის ორი დიდი კლასიკა არსებობს – ხინკალი და ჩაქაფული.

– შეგიძლიათ, ამ ორი კერძის თქვენეული საიდუმლო რომ გვითხრათ?

– კარგი, ჯანსაღი პროდუქტი უნდა გქონდეთ და სულით, გულითა და სიყვარულით უნდა გააკეთოთ. ყველა კერძის ყველაზე დიდი საიდუმლო ეს არის.

ჩაქაფულში ხანდახან ტყემლის მაგივრად ლიმონს ვიყენებ. მაშინ, როცა ახალი ტყემალი არ არის. სიმჟავე რომ მიიღოთ, ლიმონი ჩააწურეთ და სიმჟავე გასინჯვით უნდა დასვათ. კახეთში წიწმატსაც უკეთებენ. წიწმატიც ძალიან უხდება. სხვა საიდუმლო არ ვიცი. ტრადიციულ ჩაქაფულზე მაქვს ლაპარაკი, თორემ ბევრი ვარიაციით შეიძლება გაკეთება და ეს ადამიანის ხედვასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

შეიძლება ჩაქაფული ისეთი ვიზუალით შესთავაზო ადამიანს, რომ ვერ მიხვდეს, რა არის, მაგრამ რომ გასინჯავს, ჩაქაფულის გემოს აღიქვამს. ვცდილობ, მოდერნიზაციით ტრადიციული გემო არ დავკარგო.

– როგორც წესი, გემრიელი კერძი ფაქტობრივად არასოდეს ნიშნავს ჯანსაღ საკვებს. როგორ იკვებებით თავად?

– კარგია ჯანსაღი კვება, მაგრამ… მე ძალიან ცუდად ვიკვებები, რადგან ხშირ შემთხვევაში შეიძლება მთელი დღე ვერაფერი ვჭამო და მხოლოდ ღამე მოვახერხო. დღეში სამჯერ დავჯდე და ვჭამო – ასე არასოდეს გამომდის. არც ჯანსაღი პროდუქტების ჭამა გამომდის.

ჯანსაღი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომ არ გასუქდე. წონის მატებას სწორედ არაჯანსაღი კვება და ცუდი რეჟიმი იწვევს, მთელი დღე რომ დარბიხარ, არაფერს ჭამ და ღამე მიადგები, ეს არღვევს ყველაფერს. ჭამ, დაწვები და დაიძინებ, პირდაპირ ჯანში გადის და სუქდები. ჯერჯერობით ჯანმრთელობას – არა, მაგრამ წონას კი ვუჩივი.

– ,,მასტერშეფში” ძალიან უგემური კერძი გაგისინჯავთ, ვაი, ეს რა ჩავიდე პირშიო?

– რამდენიც გინდათ, იმდენი. ბევრი ტექნიკურ შეცდომას უშვებს, ბევრი უგემურს აკეთებს, რადგან ჰგონია, თავისი ფანტაზიით რაღაცას რომ გაურევს… ამ დროს ზოგი პროდუქტის შერევა დაუშვებელია.

ყველა პროფესიას თავისი ნიჭი უნდა. მზარეულობას დრო სჭირდება. ყველა პროდუქტი უნდა შეიცნო, გაიაზრო, რას რა მოუხდება, კარგი შეხამება გააკეთო.

ჩემი რჩევა იქნება ყველასთვის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიყვნენ და ისწავლონ. მეც არ ვიცი ყველაფერი და დღემდე ბევრ რამეს ვსწავლობ. ცნობილი შეფებიც კი დადიან სხვადასხვა ქვეყნებში და რაღაც ახალს იგებენ, სწავლობენ.

– ოჯახში თქვენ ხართ მთავარი მზარეული?

– არა, ჩემი მეუღლე. არ მცალია ოჯახში კერძების მოსამზადებლად. თითქმის სულ არ ვარ სახლში, ღამე მივდივარ და დილით გავდივარ. სად მცალია?!

– როგორი მზარეულია მასტერშეფის ცოლი?

– კარგი. უკმაყოფილება არასოდეს გამომითქვამს. საკონდიტრო აქვს დამთავრებული და სახლში მზარეულობასაც კარგად ართმევს თავს. ოჯახში, სადაც გაიზარდა, ძალიან კარგად ამზადებდნენ და კარგად იცის, ტრადიციული კერძების გაკეთება. თავისი ფანტაზიებიც ჩააქსოვა. მეც თუ რამეს მეკითხება, ვეუბნები, მაგრამ ძირითადად დახმარება არ სჭირდება, ისე ამზადებს.

ხელი მართლა კარგი აქვს და ვფიქრობ, მზარეულიც კარგი გამოვიდოდა, მაგრამ ოჯახში ორი შეფი ალბათ მეტისმეტი იქნებოდა. საკონდიტროზე თავისი სურვილით ისწავლა და ამ განხრით მუშაობდა სასტუმროებში სხვადასხვა შეფებთან. ცოტა მარილს აკლებს ხოლმე კერძს, მაგრამ არა უშავს.

ლევან კობიაშვილი: ,,ჩემი შვილი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა" - მასტერშეფის პირადი და საქმიანი ცხოვრების დეტალები– რამდენი შვილი გყავთ?

– სამი. ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მაგრამ გოგონა, სამწუხაროდ, აღარ გვყავს… დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და 4 წლის ასაკში გარდაიცვალა.

– ძალიან სამწუხარო ამბავია, თურმე რამხელა ტკივილს ატარებთ.

– დიახ, ასეა… ჩვენი უფროსი ბიჭი 19 წლისაა. მეორე გოგონა იყო და მესამე შვილი 9 წლის ხდება.

– ბიჭებს ემჩნევათ მზარეულობის ნიჭი?

– უფროს ბიჭს ახლახან მოუნდა მზარეულობა და ხან მუშაობს, ხან – არა. კორონავირუსის გამო გაჩერდნენ და ახლა ისევ აპირებს სამზარეულოში მუშაობის დაწყებას. ისე კი, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს “გეპეიში”. ვნახოთ, რა იქნება.

ნიჭი რამდენად აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდილობს, რომ იმუშაოს და ამ პროფესიას ნელ-ნელა დაეუფლოს.

– მამა რას ატყობს?

– ჯერ არ ვიცი, რადგან ჩემთან ერთად არ მუშაობს. ერთად მუშაობა არ გამოგვივიდა. უცხოსთან ჯობია, რომ კარგად გაიგოს, რა სფეროა.

– კამათობდით ერთად მუშაობის დროს?

– ძირითადად მე ვჩხუბობდი.

– და ვერ გაგიძლოთ?

– ალბათ ასე იყო…

– უმცროსი ბიჭი?

– პატარას თამაში უყვარს ცომთან, მაგრამ რა იქნება, ჯერ არავინ იცის.

– ოჯახშიც მკაცრი ხართ?

– შვილებთან მკაცრი უნდა იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახლში თითქმის არ ვარ, არც ეს სიმკაცრე გამომდის. ვცდილობ, მეგობრულიც ვიყო, მაგრამ სამზარეულოში მეგობრული ვერავისთან ვიქნები, თუნდაც ეს შვილი იყოს.

– კორონავირუსმა გააჩერა კვების ობიექტები. თქვენზე რა გავლენა მოახდინა ამ პანდემიამ და როგორ გადაიტანეთ ეს პერიოდი?

– ძალიან დიდი დარტყმა იყო. ყველა ობიექტი გაჩერდა, ტურისტი და ხალხი გაქრა… საშინელება იყო. ბევრი რესტორანი შეეწირა ამ ამბავს, დაიკეტა, გაიყიდა… ჯერ კიდევ რა იქნება, კაცმა არ იცის. ალბათ კარგა ხანს რთული იქნება სტუმარმასპინძლობა იმ დონეზე დაბრუნდეს ქვეყანაში, რა დონეზეც იყო.

ჩემს ოჯახს კი უხაროდა, რადგან ამდენი ხანი პირველად ვიყავი სახლში, ბავშვებს – მით უმეტეს.