კოტე მარჯანიშვილის და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა – სქემმონაზონ თამარის ეკლიანი გზა ბოდბის მონასტრიდან შორეულ ციმბირამდე

კოტე მარჯანიშვილის და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა - სქემმონაზონ თამარის ეკლიანი გზა ბოდბის მონასტრიდან შორეულ ციმბირამდე,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

ბოდბის დედათა მონასტერში თეთრი კვართით შემოსილმა გრძელთმიანმა გოგონამ შეაბიჯა. უნატიფესი თხელი სხეული უთრთოდა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევდა ტაძრის შუაგულისკენ. მე-19 საუკუნე სრულდებოდა. ის ლამაზი გოგონა 19 წლის თამარ მარჯანიშვილი იყო – ცნობილი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის, და. ამ დღეს ის მონაზვნად აღიკვეცა.

თამარის თანამედროვენი, რომლებიც ამ რიტუალს ესწრებოდნენ, მოგვიანებით ყვებოდნენ, რომ იმ დღეს ტაძარში მტრედი შეფრინდა და მძიმე, ეკლიან გზაზე მიმავალ გოგონას თავზე დაფარფატებდა. თამარს საეკლესიო სახელად იუბენალია უწოდეს.

მოულოდნელი არჩევანი

თამარ მარჯანიშვილს უნიკალური მუსიკალური მონაცემები ჰქონდა, შესანიშნავად მღეროდა და პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა. საქმროც ჰყავდა, მაგრამ თამარმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი ერთ ზაფხულს მოხდა სიღნაღში, სადაც დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.

დილით თამარი და მისი მეგობრები ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს ესტუმრნენ. წირვაზე მგალობლები გალობდნენ, იღუმენია იუბენალია კი ლოცვებს კითხულობდა. თამარი მონუსხული უსმენდა საოცარ ხმებს. იმ დღესვე გადაწყვიტა, მონაზონი გამხდარიყო და თავისი სურვილი იღუმენიასაც გაუმხილა.

ახლობლებმა და მეგობრებმა თავიდან ბევრი იცინეს, ეგონათ, ეს წუთიერი ემოციებით მიღებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მალევე მიხვდენენ, რომ თამარი საერო ცხოვრების დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობდა.

გოგონა სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეს.  გასართობად დაჰყავდათ კონცერტებსა და თეატრებში. ეგონათ, ხელოვნების სიყვარული და საერო ცხოვრება მათკენ მოაბრუნებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

– ვიჯექი თეატრში და ჯიბეში ხელით კრიალოსანს ვმარცვლავდი, – იხსენებდა მოგვიანებით უკვე მონაზვნად აღკვეცილი დედა იუბენალია.

თამარი თბილისიდან გაიპარა, ბოდბის დედათა მონასტერში მივიდა და სამონაზვნო ცხოვრებას შეუდგა. 1902 წელს იღუმენია იუბენალია მოსკოვში გადაიყვანეს, დედა იუბენალია მარჯანიშვილი კი 33 წლის ასაკში ბოდბის მონასტრის იღუმენიად აკურთხეს.

ილიას გზით

იმ პერიოდში მონასტერში 300 დედა ცხოვრობდა. როგორც მოგონებებში წერენ, დედა იუბენალია უარს ამბობდა მონასტრის წინამძღვრობაზე, მაგრამ სამასივე დედამ სთხოვა, ეს ჯვარი ეტვირთა.

ჯვარი კი მართლაც მძიმე იყო. გარდა იმისა, რომ სასულიერი პირის ცხოვრებაა რთული, ამას რუსული სინოდისგან მკაცრი კონტროლიც ემატებოდა. ეკლესია-მონასტრებში ქართულად წირვა-ლოცვა იკრძალებოდა.

დედა იუბენალიამ კი იმდენი შეძლო, რომ ბოდბის მონასტერში წირვა-ლოცვა და გალობაც ქართულად აღევლინებოდა, ხოლო ბოდბის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა.

ბუნებრივია, რუსეთის სინოდი ამას დიდხანს ვერ შეეგუებოდა და ქართველ იღუმენიას პედაგოგობა აუკრძალა.

ილია ჭავჭავაძის გზით სიარული ბევრ დაბრკოლებას უქმნიდა, მაგრამ ეს ვერ აჩერებდა. უამრავ დაჩაგრულ ადამიანს იფარებდა მონასტერში და მათთვის ყველაფერს აკეთებდა.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ თბილისიდან ბოდბის მონასტერშ მიმავალ დედას შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს.

ეტლში მასთან ერთად ოჯახის წევრები და მორჩილი ელენე ვაჩნაძეც იჯდა. თავდამსხმელებმა სროლა ატეხეს, ცხენები, მეეტლე და ცხენოსანი დაიღუპნენ, რამდენიმე დაიჭრა, იღუმენია, მისი ოჯახის წევრები და მორჩილი კი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს.

რუსულმა სინოდმა ეს თავდასხმა სათავისოდ გამოიყენა და, ვითომ დაცვის მიზნით, ურჩი იღუმენია საქართველოდან გაიწვია, მოსკოვში გადაიყვანა. ეს ფაქტობრივად დედა იუბენალიას გადასახლება, დასჯა იყო.

ღვთისმშობლის გამოცხადება

დედა იუბენალიას ბოდბეში მოღვაწეობის დროს განმარტოების სურვილი გაუჩნდა და მონასტერთან ახლოს გამოქვაბულის თხრა დაიწყო, რომ იქ დაყუდებულიყო. კაბის ქვეშ განდეგილის ჯაჭვს ატარებდა. საწოლზე შიშველ ფიცარზე იწვა. როგორც თანამედროვენი იხსენებენ, თითქმის არ ეძინა და ღამეებს ლოცვაში ატარებდა.

განდეგილობაზე ფიქრი არც რუსეთში გადასახლების შემდეგ შეუწყვეტია. უნდოდა, საროვოს მონასტრის მახლობლად განმარტოებულიყო, მაგრამ უფალს მისთვის სხვა გზა ჰქონდა არჩეული.

ერთ დღეს ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცვისას  ღვთისმშობელი გამოეცხადა და მონასტრის დაარსება ურჩია. დედა იუბენალიას ზოსიმეს უდაბნოში განდეგილმა მამა ალექსიმაც უთხრა, რომ ღვთისმშობლის კურთხევა უნდა შეესრულებინა და ქრისტიანული სავანე შეექმნა.

ასეც მოხდა. დედა იუბენალიამ საფუძველი ჩაუყარა სერაფიმოზნამენსკოეს სავანეს, რომელიც 1912 წელს ეკურთხა, მაგრამ მხოლოდ 12 წელი იარსება, რადგან ბოლშევიკებმა დახურეს. დედა იუბენალია ამ სავანეში დიდი სქემით შეიმოსა და ეწოდა ფამარი (ქართულად თამარი).

ისევ გადასახლებაში

1931 წელს დედა თამარი რამდენიმე მონაზონთან ერთად დააპატიმრეს და ბუტირკის ციხეში ჩასვეს, სადაც ყველა პატიმარი მონუსხა. დამნაშავეებიც და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნიც უდიდეს პატივს სცემდნენ. როცა დედა თამარი მოსასვენებლად წამოწვებოდა, თურმე 50 კაციან საკანში ერთბაშად სიჩუმე დგებოდა.

– დედას სძინავს, დედა ისვენებს, – ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ პატიმრები.

დედა თამარი გაასამართლეს და 5 წლით გადასახლება მიუსაჯეს ირკუტსკის ოლქში. თურმე პატიმრები თავიანთ საყვარელ მონაზონს ტირილით აცილებდნენ და ხელზე კოცნით ემშვიდობებოდნენ.

60 წელს გადაცილებული, ჯანმრთელობაშერყეული დედისთვის ეს სასიკვდილო განაჩენს უდრიდა და ასეც მოხდა – გადასახლებაში ის იმ დროისთვის განუკურნებელი სენით, ტუბერკულოზით დააავადდა.

სერგო ორჯონიკიძის უარი კოტე მარჯანიშვილს

კოტე მარჯანიშვილი ცდილობდა, დისთვის სასჯელი შეემსუბუქებინათ. ის მოსკოვში თავის გავლენიან მეგობრებს, პარტიის წევრებს, ხვდებოდა და დის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდა.

ამბობენ, რომ დედა თამარის გათავისუფლების სასტიკი წინააღმდეგი იყო სერგო ორჯონიკიძე.

– გადაეცით რეჟისორ მარჯანოვს, ურჩევნია, დაივიწყოს, და რომ ჰყავს, – ასეთი სიტყვები შეუთვალა ორჯონიკიძემ მარჯანიშვილს.

1933 წლის გაზაფხულზე კოტე მარჯანიშვილი მოსკოვში განათლების სახალხო კომისარს, ლუნაჩარსკის, სახლში ესტუმრა. არავინ იცის, რის შესახებ საუბრობდნენ. გამთენიისას სასტუმროში მიმავალი რეჟისორი მოულოდნელად მანქანაში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, კოტე მარჯანიშვილი საბჭოთა ჩინოსანს დედა თამარზე ესაუბრებოდა. რეჟისორი 60 წლის იყო.

უკანასკნელი წლები უცხო მიწაზე

დედა თამარი გადასახლებიდან 1934 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. ის მოსკოვთან ახლოს, პატარა სახლში დასახლდა. 2 წლის შემდეგ მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ყველას სთხოვდა, რომ მისთვის ელოცათ.

,,ამ საოცრად პატარა ტანის ადამიანში უჩვეულო სიძლიერით იგრძნობდით სულიერებას. პირველად ბევრი ეკრძალვოდა მასთან მისვლას და დალაპარაკებას, მაგრამ ეს პირველი კრძალვა, უფრო სწორად, მორიდება, შიშნეულობა მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შემოგხედავდა. მზერაში დიდი სითბო, სიყვარული და ყურადღება ირეკლებოდა.

შესანიშნავი, საოცრად დიდრონი თვალები ჰქონდა. სიბერის მიუხედავად, სახეს მაინც ჰქონდა შენარჩუნებული არაჩვეულებრივი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი.

მას ძალიან უყვარდა კავკასია, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. უყვარდა სამშობლო, მონაზვნები და ბავშვები”, – იხსენებდა დედა თამარის სულიერი შვილი, მონაზონი სერაფიმა.

დედა თამარი დაკრძალულია მოსკოვში, ვედენის მთაზე. მის საფლავზე თეთრი ჯვარია აღმართული, რომელშიც ღვთისმშობლისა და ღირსი სერაფიმეს ხატებია ჩასმული, ქვემოთ კი წარწერაა – “რომელი მრწმენა, ცხონდესვე უკუნისამდე”.

სქემმონაზონი თამარი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მის შემწეობას ყველა გრძნობს, ვინც უფლის წინაშე მეოხებას სთხოვს.