იდეალური პროდუქტები ჩვენი შვილებისთვის

იდეალური პროდუქტები ჩვენი შვილებისთვის,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი

დღევანდელი ბავშვები ძალიან არიან შეჩვეულები სწრაფი კვების პროდუქტებს. რომ მიუშვათ, პიცისა და ჰამბურგერის გარდა არაფერს შეჭამენ, ეს კი საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის. სპეციალისტებმა შეიმუშავეს იმ იდეალური პროდუქტების სია, რომლებსაც მოზარდები სიამოვნებით მიირთმევენ და ძალიან სასარგებლოც იქნება მათი ჯანმრთელობისთვის. მშობლებო, ეცადეთ, ეს პროდუქტები ყოველთვის გქონდეთ სახლში.

კვერცხი – შეიცავს პროტეინს და ის იშვიათი საჭმელია, რომელსაც ბუნებრივად აქვს დე ვიტამინი, რაც ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება. თუ შვილს დილით კვერცხს აჭმევთ, შუადღემდე შიმშილის გრძნობა აღარ შეაწუხებს.

შვრია – კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც შვრიის ფაფას მიირთმევენ, სკოლაში უკეთესი კონცენტრაცია აქვთ. შვრიის მოსანელებლად ორგანიზმს დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ბავშვებს ენერგიის სტაბილურ ნაკადს აძლევს დიდი ხნის განმავლობაში.

თხილი – შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, რაც ბავშვს ზრდა-განვითარებაში ეხმარება. თხილი სასარგებლოა გულისთვისაც.

რძე – რძის პროდუქტები სავსეა ტვინისა და სხეულის საშენი მასალით, პროტეინითა და კალციუმით. პროტეინი ტვინის ქსოვილის შენებაში იღებს მონაწილეობას, კალციუმი კი ძვლებს და კბილებს ამაგრებს.

პომიდორი – სავსეა ლიკოპენებით, რომლებიც ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნისგან იცავს. განსაკუთრებით სასარგებლოა შემწვარი პომიდორი, რადგან მომზადების დროს ლიკოპენები გამოიყოფა.

მაწონი – როგორც დაბალცხიმიანი იუგურტი ე.წ. კარგ ბაქტერიებს შეიცავს, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ და ორგანიზმს საჭმლის მონელებაში ეხმარებიან.

კომბოსტო – რატომღაც, სხვა მწვანე ბოსტნეულთან შედარებით, ბავშვებს კომბოსტო უფრო უყვართ. მასში არსებული ფიტონუტრიენტები სიმსივნის რისკს ამცირებს, ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებაში და საშიშ ტოქსინებს დევნის.

კაკაო – ფლავონოიდების კარგი წყაროა, რაც წნევას, გულსა და ღრძილებს უხდება. სანამ  ბავშვს კაკაოს დაალევინებთ, შეამოწმეთ, რომ 70%-იანი შემცველობა მაინც ჰქონდეს და არ იყოს ტუტის წყალხსნარით დამუშავებული, რაც კაკაოს ფლავონოიდებს აცლის.

ლობიო – მუქი ფერის ლობიო პროტეინს, საკვებ ბოჭკოებსა და კალციუმს შეიცავს. ლობიო რაც უფრო მუქია, მით უკეთესი.