,,გთხოვ, წასვლის უფლება მომეცი… ლილეს სიცივით გამომშრალ ლოყებზე ჩამოუგორდა ცრემლი” – ნოველა

,,გთხოვ, წასვლის უფლება მომეცი... ლილეს სიცივით გამომშრალ ლოყებზე ჩამოუგორდა ცრემლი" - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე, ,,გაუჩინარებული მოწმე”

ვინ იცის, მერამდენედ შეაღო ქარმა ხის ფანჯარა. ჩარჩოს ჩამკეტი გატეხილი ჰქონდა და ჰაერში ქარისგან აწრიალებული ფარდა ტახტზე ღია თვალებით მწოლიარე ქალს დროდადრო სხეულზე სუდარასავით გადაეფარებოდა ხოლმე. მომწვანო ფერის თვალები ცის სილურჯეს ირეკლავდა და მის გამოხედვას უფრო ცივს და უსიცოცხლოს ხდიდა. სხეული გაყინული ჰქონდა, თუმცა სიცივეს ვერ გრძნობდა. ოთახში მხოლოდ ქარის ზუზუნის ხმა ისმოდა და გამხმარი ფანჯრის ჩარჩო ხმაურით ეხეთქებოდა კედელს.

– აქ არის, – ოთახის კარი ვიღაცამ ძლიერი დარტყმით შეამტვრია და ორი აქოშინებული მამაკაცი თავზე წამოადგა ქალს, – სამი დღეა გეძებ, ასე როგორ შეიძლება? – მამაკაცის ემჩნეოდა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ სიტყვებს არჩევდა მაინც.

მის უკან კიდევ ერთი, პიჯაკში გამოწყობილი ახალგაზრდა იდგა, რომელიც უტიფრად ათვალიერებდა ქალს.

– გუკა, გარეთ დამელოდე, – ხმადაბლა უთხრა ლურჯპერანგიანმა თანმხლებ ახალგაზრდას.

კაცი ოთახიდან ზლაზვნით გავიდა.

– ლილე, წამოდგომაში დაგეხმარები, შინ უნდა დაბრუნდე.

ქალი არ განძრეულა.

– ლილე, ბავშვი გელოდება, გთხოვ, ნუ ჯიუტობ, – თენგო დაიხარა და თვალებში ჩახედა ცოლს.

პასუხი კვლავ არ იყო.

– დავიღალე, – ტონს აუწია კაცმა, – თავს ნუ იშტერებ, იცი, რომ ბოლოს მაინც დაბრუნდები. თუ ნებით არა, ძალით წაგიყვან.

ქალი თითქოს ყვირილის ხმამ გამოაფხიზლა, თავი გვერდით გადაატრიალა და თენგოს შეხედა.

– გთხოვ, წასვლის უფლება მომეცი!

– ნუ მაცინებ. ამ სოროში გინდა იცხოვრო? – თენგომ დიდ, მაგრამ კედლებგაცრეცილ ოთახს მოავლო თვალი.

– გთხოვ, – ჩურჩულით ჩაილაპარაკა ქალმა და გრძელ წამწამებზე ცრემლი ჩამოეკიდა, – გპირდები, არსად არაფერს ვიტყვი.

– რა უნდა თქვა, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მოჩვენებებით იტანჯები, ვინ რას დაუჯერებს შენნაირ შეშლილს.

ლილემ ისევ ჭერს მიაპყრო თვალები და ახლა უკვე სიცივით გამომშრალ ლოყებზე ჩამოუგორდა ცრემლი.

თენგო გოგრიჭიანი ცნობილი ოჯახიდან იყო. სტუდენტობის პერიოდიდან კარიერულ წინსვლაზე ოცნებებმა შემოუტია. წარმატების ძიებაში ხან ერთ ბანაკს შეეკედლა, ხან – მეორეს. მართალია, პირველობა ვერ მოახერხა, მაგრამ ერთ-ერთი პარტიის ლიდერის მარჯვენა ხელი გახდა.

პარტიას პარლამენტში არცთუ მოკრძალებული წარმომადგენლობა ჰყავდა და თენგომ, გარდა პოპულარობისა, ეკონომიკურადაც დიდი სარგებელი ნახა. მშობლები ამაყობდნენ ერთადერთი ვაჟის წარმატებით. უფრო მეტიც, ისიც კი აპატიეს, რომ რაიონიდან ჩამოსული, უქონელი და გაუნათლებელი გოგონა მოიყვანა ცოლად, მაგრამ მათი მიღწევებით ტკბობას მოულოდნელად საფრთხე შეექმნა.

ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც მშობიარობის შემდეგ ლილე ხიდაშელმა მიიღო, თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. ქალს შფოთვითი აშლილობა დაეწყო. ღამე კოშმარები ესიზმრებოდა და დილით გამოუძინებული და ფერდაკარგული იღვიძებდა. შვილი უყვარდა, მაგრამ მისი ხელში აყვანაც კი აკრთობდა. ბავშვის ტირილზე გონება ებინდებოდა, პატარა ჩქამიც კი მოსვენებას აკარგვინებდა და შეეძლო, მთელი დღე უმისამართოდ ქალაქში მანქანით ეხეტიალა.

რას ფიქრობდა თენგო ცოლის ასეთ მდგომარეობაზე, არავინ იცოდა გარდა ლილესი – მას ცოლი აღარ აღელვებდა. ლილეს აზრით, თენგო ნანობდა კიდეც საკუთარი არჩევანის გამო, მაგრამ რეპუტაციას უფრთხილდებოდა და ოჯახის დანგრევაზე გადაწყვეტილების მიღება უჭირდა.

ერთ-ერთი ღამეული ხეტიალის დროს ლილემ შემთხვევით იმ შენობასთან ჩაიარა, სადაც თენგო და მისი მეგობრები იკრიბებოდნენ. შენობას გარედან დიდი, ლათინური ასოებით წარწერა ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ შიგნით სასტუმრო უნდა ყოფილიყო. ლილე იქ რამდენჯერმე იყო ნამყოფი და ტურისტი არასდროს შეხვედრია.

უცნაურად გულდახურული სივრცე იყო შიგნით, თითქოს ყველაფერი სიახლითა და სისუფთავით ბრწყინავდა, მაგრამ ქალს ყოველთვის ისეთი განწყობა ეუფლებოდა, რომ ზურგსუკან ვიღაც მალულად მიჰყვებოდა.

ლილემ მანქანა გააჩერა და, სანამ გადავიდოდა, ფანჯრიდან კიდევ ერთხელ შეხედა შენობას. ჰოლი უზარმაზარი ჭაღით იყო განათებული, მისაღებში კი ადმინისტრატორი თვლემდა. როცა ლილე შიგნით შევიდა, ფეხაკრეფით გაიარა მისაღები, რომ თანამშრომელი არ გაეღვიძებინა.

მშობიარობის შემდეგ ლიფტით მგზავრობისაც ეშინოდა, ამიტომ ფეხით აუყვა მესამე სართულისკენ კიბეებს. იცოდა, ქმარი სადაც უნდა მოეძებნა. რატომ გადაწყვიტა მოულოდნელად მასთან შეხვედრა? იქნებ მარტოობით დაიღალა და ნუგეში სჭირდებოდა, ან ეჭვები აწვალებდა, რომ თენგო ღალატობდა და უნდოდა, ერთხელ და სამუდამოდ მისი გულგრილობის მიზეზი გაერკვია.

უკვე მესამე სართულზე იყო, ფართო, განათებულ დრეფანში, რომლის ბოლოს მისი ქმრის სამუშაო ოთახი იყო. ირგვლივ არავინ ჩანდა. ლილეს კვლავ მოეჩვენა, რომ ვიღაც ჩუმად მისდევდა. უკან მიიხედა, არავინ იყო. სულ ცოტაც და თენგოს სამუშაო ოთახის კარიც გამოჩნდებოდა, მაგრამ… ერთბაშად მამაკაცის ყვირილის ხმამ გაავსო დრეფანი, რასაც გასროლა მოჰყვა. ლილე ადგილზე გაქვავდა და კედელს აეკრა. არ იცოდა, რა მოხდა ან საით უნდა წასულიყო.

– მე ვარ, შენობა ცარიელია? – ლილემ ქმრის ხმა გაიგონა, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, – გასაგებია, დაკეტე ყველა შესასვლელი და სახლში წადი, – ლილეს მოეჩვენა, რომ თენგო იმ მამაკაცს ელაპარაკებოდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჰოლში მთვლემარე ნახა, – ღამის დარაჯის მოსვლას ნუ დაელოდები, წადი და დაისვენე, გასაგებია?

როცა თენგომ საუბარი დაამთავრა, კიდევ ერთი ნომერი აკრიფა.

– ყველაფერი დამთავრდა.

ლილე მუხლებში სისუსტეს გრძნობდა. უნდოდა, ქმრისკენ გაქცეულიყო, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა. ძალიან აინტერესებდა, რა მოხდა, მაგრამ სიმართლის გაგების უფრო ეშინოდა ალბათ. თითქოს დრო გაჩერდა. ვერ მიხვდა, რამდენი წუთი გავიდა იქამდე, სანამ ლიფტის კარი გაიღო და ორი კაცი გამოვიდა.

ხელში რაღაც შეფუთული ეჭირათ, დახვეულ ხაკის ნაჭრის გორგალს ჰგავდა. პირდაპირ თენგოს ოთახში შევიდნენ. რამდენჯერმე რაღაც მძიმედ დაბრახუნდა და ცოტა ხანში ორი უცნობი თენგოს თანხლებით დრეფანში გამოვიდა. ხელში ხაკის ტილოში შეხვეული გრძელი ნივთი ეჭირათ, რომელიც ძალიან წააგავდა ადამიანის შეფუთულ ცხედარს.

თენგო კაცებს ლიფტში შეუძღვა და რკინის კარი დაიკეტა. ლილე ადგილიდან მოწყდა, კიბეებისკენ გაიქცა და სირბილით დაეშვა ქვემოთ, მაგრამ მაინც დააგვიანდა. როცა პირველი სართულის ჰოლში აღმოჩნდა, იქ აღარავინ იყო, შესასვლელი კარი კი გარედან ჩაეკეტათ.

მკვლელობის ადგილზე ლილემ მთელი ღამე მარტომ გაატარა. დილით, როცა ადმინისტრაციის თანამშრომელი მივიდა, კარსუკან გულწასული ქალი დაინახა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ლილე საავადმყოფოში გადაიყვანა. ქალი მალევე მოვიდა გონზე და კონტაქტური გახდა, მაგრამ სანამ ვინმესთან დალაპარაკებას მოახერხებდა, თენგომ საავადმყოფოში მიაკითხა.

– როგორ ხარ, საყვარელო? – ფერდაკარგული ქმარი მედდების თანდასწრებით ხელებზე კოცნიდა ქალს და თან უხერხულად იღიმებოდა, – რატომ არ დამირეკე მოსვლას თუ აპირებდი? ალბათ დარაჯმა არ იცოდა, რომ იქ იყავი და კარი ჩაკეტა. ჩემი მშიშარა გოგო, – თავზე ხელს უსვამდა თენგო ცოლს.

ლილე ქმარმა იმავე დღეს გამოიყვანა საავადმყოფოდან. სახლისკენ მიმავალ გზაზე სიტყვა არ დაუძრავს არც ერთს. თენგოს საუბრის დაწყება უჭირდა იმის გასარკვევად, თუ რა დაინახა ცოლმა. მათ საცხოვრებლამდე მხოლოდ ორიოდე კილომეტრი იყო დარჩენილი, როცა თენგომ საწვავის ჩასასხმელად მანქანა გააჩერა, წყლის საყიდლად იქვე, მაღაზიაში შეიარა და, როცა უკან დაბრუნდა, ლილე მანქანაში აღარ იყო.

..

გაქცეული ქალი გოგრიჭიანისა და მისი თანამზრახველებისთვის ნამდვილ საფრთხედ იქცა.

– იპოვე და, თუ მიხვდები, რომ გაჩუმებას არ აპირებს, მოკალი! – ასეთ იყო ბრძანება, რომელიც თენგომ უფროსისგან მიიღო.

– ის ავადაა, ამას ლილეს მკურნალი ექიმიც დაადასტურებს, – გოგრიჭიანი მკვლელი იყო, იქნებ არც ცოლის სიცოცხლე უღირდა რამედ, მაგრამ მისგან შვილი ჰყავდა და ბავშვისთვის დედის მოკვლა მისთვის რთული დავალება აღმოჩნდა.

– გასაგებია, მაგრამ თუ ინფორმაციამ გაჟონა, ეჭვი გაჩნდება. შეიძლება ვერაფერი დაგვიმტკიცონ, მაგრამ მუდმივად იარსებებს კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით.

– მესმის, – გამშრალი პირით ლაპარაკობდა თენგო, – მაგრამ…

– მაგრამ? – ცალყბად გაიღიმა ჰალსტუხიანმა, – თუ არ შეგიძლია, ეს პრობლემა მოაგვარო, ჩვენ მივხედავთ საქმეს! – კაცმა სათვალე შეისწორა და უმისამართოდ გაიხედა.

– ვიპოვი და დავაბრუნებ, – ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რომელიც თენგოს უპირობოდ უნდა შეესრულებინა.

..

ლილე ტახტზე ისევ გაუნძრევლად იწვა. თენგო ნერვულად დააბიჯებდა ოთახის ერთი კუთხიდან მეორისკენ. რამდენჯერმე მოისინჯა საქამრეში მიმალული იარაღი, რომლის თითოეულ შეხებაზე ცივი ოფლი ასხამდა.

– ლილე, – კვლავ საუბრის დაწყება სცადა თენგომ, – მე არავინ მომიკლავს, უნდა დამიჯერო, სახლში დაბრუნდი, მხოლოდ ასე გადაარჩენ ოჯახს.

ლილემ უარის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია.

– კარგი, ვთქვათ მოვკალი, ცოლი ხარ და უნდა გამიგო. ასეთია ცხოვრება, ფული და სახელი სუფთა ხელებით ჯერ არავის მიუღია. შენ დაფრინავ, უცოდველი ქალის მანტია მოგწონს, მაგრამ იმ ფუფუნებით ხომ ტკბები, რაც ჩვენს ოჯახშია? – თენგო კართან მივიდა და ეზოში გაიხედა. უნდოდა, დაენახა გუკა მათ საუბარს ხომ არ ისმენდა, – ან წამომყვები, ან მოგკლავენ, იცოდე.

ლილე ნელი მოძრაობით ტახტზე წამოიწია და წამოჯდა. თენგოს მოეჩვენა, რომ სრულიად სხვა ქალს უყურებდა. გამხდარი, ფერდაკარგული ლილე ათი წლით დაბერებულს ჰგავდა.

– როგორ ფიქრობ, ეს ტიპი რისთვის გამომაყოლეს, გზა ამერეოდა შენს პაპისეულ სახლამდე? – თენგო თითქმის ჩურჩულით საუბრობდა, – უნდა დაივიწყო ყველაფერი და გამომყვე.

ლილე წამოიწია და გაუკვირდა, რომ ფეხზე ადგომა შეეძლო.

– ჩემზე ზრუნავ? – ლილეს სახეზე თანაგრძნობა გამოესახა.

ქალი ქმარს მიუახლოვდა, ხელები მოხვია ზურგზე და თავი მკერდზე მიაყრდნო. შემდეგ წელში გაიმართა და მოკლე ნაბიჯებით კარისკენ წავიდა. თენგო კმაყოფილი ღიმილით აედევნა უკან. ლილე ეზოში ფეხშიშველი გავიდა. გუკამ შენიშნა თუ არა ქალი, მანქანისკენ გაემართა და საჭეს მიუჯდა.

ლილე ზურგისკენ მიტრიალდა და ქმარს ღიმილით უთხრა:

– პლედი გამომიტანე ოთახიდან, ცივა.

თენგო სახლში შებრუნდა, ლილე კი მანქანას მიუახლოვდა. გუკა თვალს არ აშორებდა ქალს.

– მაპატიეთ, იქნებ კარის გაღებაში დამეხმაროთ, – სთხოვა თავაზიანად.

გუკა მანქანიდან ზლაზვნით გადმოვიდა. სანამ უკანა კარს გააღებდა, ლილემ ზურგიდან იარაღის ტარი კეფაში ჩაარტყა. დარტყმა მტკივნეული იყო, გუკა ძირს დაეცა. ქალი აჩქარებით მანქანის საჭეს მიუჯდა და, სანამ თენგო პლედს ეძებდა, საბურავებისგან დარჩენილმა მტვერმა ეზოს გადაუარა.

,,რა ჯანდაბაა?”, – გაიფიქრა გოგრიჭიანმა, როცა მანქანის ხმა გაიგო და საქამრეზე იტაცა ხელი, მაგრამ იარაღი ვეღარ იპოვა.

ამ დღის შემდეგ ლილეს დიდხანს ეძებდნენ ,,პარტიის” წევრები.

– შეშლილი ქალი, არავინ იცის, როდის გააცამტვერებს ჩვენს კარიერას და მომავალს, – კბილების ღრჭენით ჰალსტუხს აწვალებდა უფროსი.

– ვიპოვი და სამუდამოდ გავაჩუმებ, – უიმედოდ იქადნებოდა თენგო გოგრიჭიანი და სახეზე გამოჟონილ ოფლს ხელისგულებით იწმენდდა.