გიორგი მაისურაძე: ,,თითქმის არ არსებობს, მეფუტკრე კიბოთი დაავადდეს” – ქართველმა ქიმიკოსმა პენსილვანიის შტატში ფუტკრის მოვლა დაიწყო

გიორგი მაისურაძე: ,,თითქმის არ არსებობს, მეფუტკრე კიბოთი დაავადდეს" - ქართველმა ქიმიკოსმა პენსილვანიის შტატში ფუტკრის მოვლა დაიწყო,,სარკე”, ნელი ვარდიაშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, აპიოლოგი (აპიოლოგია _ ფუტკრების შემსწავლელი მეცნიერება) გიორგი მაისურაძე ფუტკრის მოვლითა და მისი ცხოვრების შესწავლით ჯერ კიდევ საქართველოში დაინტერესდა. მშობლიურ ქვეყანაში კვლევის ჩატარება ვერ შეძლო და ამ საქმის განხორციელება ამერიკაში დაიწყო _ ოკეანის გაღმა ფუტკარი შეიძინა და ცდილობს, გამოცდილებითა და დაკვირვებით შეძენილი ცოდნა კვლევებითა და ცდებით განამტკიცოს.

მეფუტკრეები ფუტკრის შხამის მისაღებად ძირითადად ელექტროშოკურ მეთოდს იყენებენ. გიორგი ფიქრობს, რომ ამ პროცესის დროს  შესაძლებელია მწერს მოშორდეს ტკიპა ვაროას გარკვეული რაოდენობა, რომელიც ამ დროისათვის ყველაზე სერიოზულ მავნებლად რჩება.

ქართველი მეფუტკრე-მკვლევარი ამერიკაში 3 წლის წინ მეუღლესთან ერთად წავიდა. ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს, ფუტკარი კი პენსილვანიის შტატში ჰყავს. გიორგი ,,სარკეს“ ამერიკულ  ცხოვრებასა და ახალწამოწყებულ კვლევაზე მოუყვა.

გიორგი მაისურაძე:

_ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი დავამთავრე და გარკვეული წლები არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრის ლაბორატორიაში ვიმუშავე. ამჟამად მეუღლესთან ერთად ამერიკაში, ნიუ იორკში ვცხოვრობ და ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ.

მეფუტკრეობას ოკეანის გაღმაც ვერ ვუღალატე. ორწლიანი დაკვირვების და მეფუტკრეებთან შეხვედრების შემდეგ შევქმენი ათოჯახიანი საფუტკრე, რომელსაც შაბათ-კვირას ვუვლი.

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო თითქმის მთლიანად შემოვიარე. ყველგან მეფუტკრეს და ფუტკარს ვეძებდი, ამერიკის მეფუტკრთა ფედერაციის წევრი გავხდი, მეფუტკრეობით დაინტერესებული ადამიანები გავიცანი.

ჩემი მიზანი სამრეწველო მეფუტკრეობის ღრმად შესწავლაა, რადგან ის განსხვავდება სამოყვარულო მეფუტკრეობისგან. ის, ვინც უვლის ათასობით სკასა და ფუტკარს, მისთვის მიუღებელია სამოყვარულო, თუნდაც რამდენიმე ათეული ოჯახის მოვლის მეთოდები. ათასობით სკას ტექნიკის გამოყენებით პატრონობენ, ერთეულ სკებში კი ტექნიკის გამოყენება თითქმის არ ხდება.

200-მდე ფუტკრის არასტანდარტული ოჯახი დავტოვე საქართველოში. ახლა საფუტკრე ნიუ იორკიდან დაახლოებით 3 საათის სავალზე პენსილვანიის შტატში, ქალაქ ჰერშის შოკოლადის უძველეს ქარხანასთან ახლოს მაქვს. ვახერხებ და ჩემს ძირითად საქმიანობას ფუტკრის მოვლას ვუთავსებ.

ამ ეტაპზე ჩემი მიზანი არამხოლოდ თაფლის მოპოვება, არამედ ფუტკარზე დაკვირვებაა. ფაქტობრივად კვლევას ვაწარმოებ. სამწუხაროდ, საქართველოში ამის ფუფუნება არ მქონდა ფინანსების არქონის გამო.

 __ რას იკვლევთ, იქნებ ესეც მოგვითხროთ.

_ ჩემი კვლევის საგანია ფუტკრის შხამის მიღების ერთ-ერთი მეთოდით ამ მწერის ვერაგი მავნებლის, ტკიპას, მოცილება. ფუტკრის სუფთა შხამის მისაღებად  ელექტროშოკის მეთოდს იყენებენ. არსებობს ელექტრო აპარატი, რომლითაც შესაძლებელია დენის სიხშირის, ძაბვის და სხვა პარამეტრების რეგულირება. აპარატზე მიერთებულია შემკრებები, რომლებშიც გაბმულია ორი პარალელური მავთულის სპირალი, შუაში კი მოთავსებულია მინა. შემკრებები იდება სკებზე, როგორც საკუჭნაო და აპარატი დენში ერთდება.

ფუტკარი მაშინვე მიდის სკაზე დადგმული უცხო სხეულის გამოსაკვლევად, ჯდება კოლექტორის მავთულზე, რომელშიც დენის იმპულსი გადის. ის  ღიზიანდება და კბენას იწყებს. დენის იმპულსი იწვევს იმ კუნთის მოდუნებას, სადაც შხამით სავსე ჯირკვლებია. ამ ფორმით შხამის უმეტეს ნაწილს შუშაზე ტოვებს.

შხამთან  ერთად გამოყოფს ფერომონებსაც, რაც სხვა ფუტკრებისთვის საბრძოლო ყიჟინის ტოლფასია და დანარჩენების გააქტიურებასაც იწვევს. კოლექტორთან ძირითადად მოღალე ფუტკრები მიდიან. ამ მწერების ,,მუშათა კლასი” ასაკისა და ბიოლოგიური განვითარების მიხედვით დაყოფილია სხვადასხვა კასტებად. მოღალე ფუტკრები არიან ხანდაზმულები, რომლებსაც შხამის ყველაზე მეტი რაოდენობა და ბუდის დაცვის მოვალეობა აქვთ.

ფუტკრის პირველი მტერი ტკიპა ვაროა, რომლის მოცილებაც რთულია. მეფუტკრეების ამოცანაა, მიაღწიონ მეთოდს, რომლითაც შესაძლებელი გახდება ნაკლები ქიმიური მედიკამენტის გამოყენებით მეტი რაოდენობის ვაროას მოცილება, რადგან ეს წამლები თაფლს აბინძურებს.

ფუტკართან მუშაობის 30 წლის განმავლობაში ელექტროშოკით შხამის მიღების დროს არაერთხელ მაქვს ნანახი კოლექტორებზე მყოფი ვაროა. წესით, კოლექტორზე ტკიპა არ უნდა ხვდებოდეს. გამიჩნდა აზრი, რომ შესაძლოა ეს მეთოდი ფუტკრის ტკიპის მოსაცილებლადაც ეფექტური იყოს.

რა თქმა უნდა, ყველა მოსაზრებას სჭირდება დადასტურება, ამიტომაც დავიწყე კვლევების ჩატარება ამერიკაში, ჩემს ათსკიან საფუტკრეში. პირველი ექსპერიმენტის დროს დამუშავებული 4 სკიდან 2 სკაში ჩამოვარდნილი ვაროა ვნახე. ცხადია, ერთი ექსპერიმენტით კვლევის შედეგი ვერც დაიდება და არც მტკიცებულებად ჩაითვლება, დაკვირვება გაგრძელდება და დაიხვეწება. ვფიქრობ, ჩემს თეორიას აუცილებლად დავამტკიცებ.

ამ ფორმით შესაძლებელი გახდება, მეფუტკრეებმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი, დაზოგონ დრო, ენერგია, ხარჯები და ფუტკრის უფრო სუფთა  პროდუქტები მიიღონ.

__ ფუტკრის შხამის მიღების სპეციალისტი ხართ. იქნებ აგვიხსნათ, ფუტკრის ნაკბენი სხვა მწერების ნაკბენთან შედარებით რამდენად საშიშია ან ფუტკრის შხამი რაში გამოიყენება.

_ ფუტკრის შხამი არის მაღალტოქსიკური პროდუქტი და შეიძლება ზოგიერთი გველის შხამზეც კი ტოქსიკური აღმოჩნდეს. განსხვავება ისაა, რომ ერთ ფუტკარს მხოლოდ 0,2 მგ შხამი აქვს და კბენისას მას მთლიანად არ ტოვებს. აქედან გამომდინარე, ფუტკრის ნაკბენი არ იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს.

ჰიპერმგრძნობიარე ადამიანში კი ამ დოზით მიღებულმა შხამმაც შეიძლება ალერგიული შოკი და სიკვდილიც გამოიწვიოს. რამდენიმე წლის წინ საქართველოში  სწორედ ერთი ფუტკრის ნაკბენით 12 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ჩემთვის, პირადად, მოკლე დროში 100-ზე მეტ ფუტკარსაც უკბენია. მეფუტკრეების ორგანიზმი ამ შხამს მიჩვეულია და თითქმის არ ვნებთ, თუმცა გადამეტებული არც ეს შეიძლება.

ფუტკრის შხამის შემადგენლობა სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ ადამიანებს, რომელთაც მელიტინზე აქვთ მგრძნობელობა, ფუტკრის ნაკბენი გაზაფხულზე უფრო ურთულდებათ, ვიდრე შემოდგომით.

ფუტკრის შხამში ყველაზე დიდი რაოდენობით არის ცილა მელიტინი, შემდეგ მოდის ცილა აპამინი, ჰისტამინი და ორი ფერმენტი _ ფოსფოლიფაზა (A) და ჰიალურონიდაზა. თითოეულ კომპონენტს შხამში თავისი დანიშნულება აქვს.

ფუტკარს აქვს ისრისებური ნესტარი _  დაბოლოებებზე აქვს წანაზარდები, რომლებიც ისრებს მოგვაგონებს. კბენის შემდეგ ფუტკრისთვის მისი ამოღება რთულია. მეფუტკრე ზოგჯერ თავად ეხმარება ნესტარის ამოღებაში, მაგრამ, როცა ეს ვერ ხერხდება, მას მთლანად ძვრება შხამის აპარატი ნესტრით და ჯირკვლებით. ასეთი ფუტკარი კვდება, მაგრამ თუ გადარჩა, გამოუსადეგარია.

კბენის შემდეგ ადამიანის კანზე ნესტართან ერთად დატოვებული შხამის ჯირკვლები გულის მსგავსად ფეთქავს და ჭრილობაში შხამის შეყვანას აგრძელებს. რაც უფრო გვიან და არასწორად მოხდება ნესტარის ამოიღება, მით უფრო დიდი იქნება შხამის დოზა.

სხვა მწერების შემთხვევაში განსხვავებულია შხამის შემადგენლობაც და აპარატიც. მაგალითად, კრაზანას ძლიერი კუნთოვანი აგებულება აქვს და ნესტარის დაბოლოებაც გლუვი ნემსისებურია, ამიტომ თავადვე ახერხებს კანიდან ამოღებას. მისი კბენის დროს უფრო ნაკლები შხამი შედის ორგანიზმში.

__ ფუტკრის შხამში შედის ჰიალურონიდაზა. როგორც ვიცი, ეს ნივთიერება კოსმეტოლოგიაში კარგად გამოიყენება, მისგან დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები კანს აახალგაზრდავებს. კოსმეტოლოგები მას ფუტკრის შხამიდან იღებენ?

_ პარფიუმერიაში ფუტკრის შხამი საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება. ადამიანი 40 წლის შემდეგ კოლაგენის გამომუშავების უნარს ნელ-ნელა კარგავს. ეს  ნივთიერება უზრუნველყოფს კანის ელასტიკურობას და ნაოჭებიც ამიტომ ჩნდება. მეფუტკრეების უმეტესობა ასაკთან შედარებით ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურება, რადგან ფუტკრის შხამი ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებას იწვევს და კანის ელასტიკურობის აღდგენა ბუნებრივად ხდება.

მეცნიერების აზრით, ფუტკრის შხამი შესაძლოა გამოიყენონ შიდსისა და კიბოს სამკურნალოდაც, თუმცა ამ კუთხით მის ეფექტურობას ჯერ კიდევ იკვლევენ.

გაგიკვირდებათ და, თითქმის არ არსებობს ფაქტი, მეფუტკრე კიბოთი დაავადდეს. ისინი ხანდაზმულ ასაკამდე საკმაოდ მხნედ ცხოვრობენ. ბოლო დროს  გახშირდა სტატიები, რომ მეფუტკრეებს კოვიდ-19 არ დამართნიათ. ამ ვირუსის წინააღმდეგ შეიძლება ფუტკრის შხამი გამოიყენონ, რადგან ის მომაკვდინებლად მოქმედებს ბაქტერიებსა თუ ვირუსებზე.

__ რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება ფუტკრით, რატომ გახდით მეფუტკრე?

_ 14 წლის ასაკში ჰეპატიტი დამემართა. მკურნალობის დროს ნატურალური თაფლი გახდა საჭირო. მარტყოფში მეგობართან თაფლის საყიდლად ჩასულ მამას მეფუტკრემ ფუტკრის შეძენა და მისი მოვლა-პატრონობა ურჩია. მამამ მისგან მართლაც შეიძინა 2 სკა და ჩვენს მამაპაპისეულ სოფელში დაიწყო მოვლა.

პირველ წელს 50 კილოგრამი თაფლი მივიღეთ, მაგრამ, რადგან ბევრი რამ არ ვიცოდით, გაზაფხულზე ფუტკრები დახოცილი დაგვხვდა. მამამ მოინდომა და კიდევ იყიდა, მე კი მეფუტკრეობაზე წიგნების კითხვა დავიწყე და მერე მამას ვასწავლიდი. ფუტკარი ასე შევიყვარე და მისი მოვლა შევისწავლე.

ერთხელ ისეთი პრობლემა შეგვექმნა, რომელიც წიგნების დახმარებით ვერ გამოვასწორეთ. გავიგეთ, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ყვავილში აკადემიკოს არჩილ ლოლუას გარკვეული რაოდენობის ფუტკარი ჰყავდა. მასთან კონსულტაციაზე მისულებმა პირველად ვნახეთ შხამის მიღების პროცესი. ამ საქმით დავინტერესდით, რიგაში აპარატი ვიყიდეთ და ჩავერთეთ მეფუტკრეობის ფერხულში.

__ ქართული ფუტკარი რით განსხვავდება ამერიკულისგან? ამბობენ, თითქოს ამერიკულ ფუტკარს ნესტარი არ აქვს. ეს სიმართლეა?

_ ამერიკაში სუფთა ჯიშის ფუტკრები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჰყავთ ჩამოყვანილი, რადგან აქ არ მოიპოვება თაფლის მომცემი ენდემური ჯიში. სხვადასხვა ფუტკარი შეაჯვარეს და ახლა ერთ სკაში შეიძლება ნახოთ რუსულიც და იტალიური ოქროსფერიც. ეს მკვეთრი კონტრასტისთვის ვახსენე, თორემ სხვადასხვა მიქსები მრავლადაა.

საქართველოში ფუტკრის ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება არ გვაქვს. ამერიკაში გაზონებს ხშირად კრეჭენ და თვალშისაცემია თეთრი სამყურა, რომლისგანაც შესანიშნავი თაფლი მიიღება. მათ  სანექტრეები ღრმად აქვთ, ამიტომ რუსული და იტალიური ფუტკარი დიდად არ ეტანება, მხოლოდ გაჭირვებისას. ამერიკელი მეფუტკრეები ამბობენ, თუ დაინახეს, რომ ფუტკარი ამ ყვავილზე მაინც ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ყვავილი იმ ტეროტორიაზე აღარ არსებობს.

აი, ქართული ფუტკრისთვის კი ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მისი ხორთუმი 20-25%-ით გრძელია სხვა ჯიშის ფუტკრის ხორთუმებზე და ბევრი სახეობის ყვავილიდან იღებს ნექტარს. ნაწილობრივ ამიტომაც ქართულ თაფლს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და გემოთიც სხვებისგან განსხვავდება.

  __ ამერიკელებს მოსწონთ ქართული თაფლი? როგორ ვიცი, ეს პროდუქტი ქართველ მეფუტკრეებს უცხოეთში გააქვთ.

_  ნიუ იორკში ბევრი მაღაზიის  დახლზე შემინიშნავს სხვადასხვა ქართული პროდუქტი, თუმცა თაფლი არ მინახავს. ამ პროდუქტთან მიმართებაში საკმაოდ პრეტენზიული ვარ და ყველას ვერ შევაქებ. თუმცა შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ სუფთა, ნატურალური ქართული თაფლი შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში კონკურეტუნარიანი იყოს.

 __ ფუტკრები საცხოვრებლად თურმე სკების გარდა ზოგჯერ უცნაურ ადგილებსაც ირჩევენ. ვირჯინიის შტატში, რობერტ ლის ქანდაკების რესტავრაციის დროს ცხენის ნესტოებში აღმოუჩენიათ ისინი. თქვენც თუ გინახავთ უცნაურ გარემოში ფუტკარი?

_ ველური ფუტკრები ხშირად ხის ფუღუროებსა და გამოქვაბულებში ცხოვრობენ. იყო შემთხვევები, როცა გამოქვაბულსა და კლდეებში თაფლის დიდი მარაგები აღმოაჩინეს. მე, პირადად, ტყიდან რამდენჯერმე გამომიყვანია მუხის ფუღუროებიდან. საქართველოში ჩემმა მეზობელმა მითხრა, რომ ფუტკრის ოჯახი სახლში, ბუხრის მილში ჩაუსახლდა.

ამერიკული სახლები ძირითადად ისე შენდება, რომ ექსტერიერსა და ინტერიერს შორის არსებობს გარკვეული სივრცე, სადაც ფუტკრები ბინას ხშირად იწყობენ. აქ არაერთი შემთხვევა იყო, როცა სახლის რესტავრირებისას კედლებს შორის თაფლი და ფუტკარი აღმოაჩინეს. გასულ წელს კი მანჰენეტზე, 43-ე სართულის ფანჯრის რაფაზე იპოვეს ფუტკრების გაქცეული ოჯახი. თაფლი არ ფუჭდება, თუმცა მისი თვისებები წლების შემდეგ იცვლება.

__ როგორც ვიცი, მიცვალებულის თაფლში შენახვის წესიც არსებობდა.

_ თაფლს ანტისეპტიკური თვისებები აქვს და ბაქტერიებს სპობს. ის ქმნის ვაკუუმსაც და ასევე არ ატარებს იმ მიკრობებს, რომლებიც ლპობას იწვევს, ამიტომ კონსერვაციისთვის გამოსადეგი პროდუქტია…

საქართველოს მსგავსად, ამერიკა დამმტვერავი მწერებით მდიდარი არ არის, ამიტომ ამერიკელ მებაღეებს მცენარეების დამტვერიანების პრობლემა აქვთ. ამის გამო ფუტკარს ქირაობენ, ფულს იხდიან, რომ მეფუტკრემ სკები მათ ბაღებში განათავსოს.

კალიფორნია სავსეა ნუშის ბაღებით. როცა დავთვალეთ, აღმოჩნდა, რომ მთელი ამერიკის საფუტკრეების კონსოლიდაციაა საჭირო, იქ არსებული ნუშის ბაღები რომ დაიმტვეროს. ამ ადგილზე მებაღეები მეფუტკრეებს საკმაოდ დიდ თანხებს უხდიან, რომ სკები იქ დადგან.

__ ნაპოლეონი ფუტკრების ოჯახს იდეალური სახელმწიფოს მაგალითად მიიჩნევდა. ,,ფუტკრების სახელმწიფოდან” იდეალური ყოფის მაგალითს ხომ ვერ მოგვიყვანთ?

_ დავიწყოთ იმით, რომ სკა, რომელშიც ათასობით ფუტკარი შედის, ერთ ოჯახად განიხილება. ამერიკაში მას კოლონიას უწოდებენ. ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთს აიძულებს ან უთანხმებს რაღაცის კეთებას და შრომას. შეიძლება მათი ქცევები პარლამენტარიზმის საწყისადაც კი მივიჩნიოთ.

დედა ფუტკრის დანიშნულებაა ბევრი კვერცხის დადებაა, მაგრამ ასევე გამოყოფს ფერომონებსაც, რომელიც ოჯახის ერთიანობის განმსაზღვრელია. ოჯახს აქვს შეგრძნება, რომ ჰყავს დედა დედოფალი, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების გაგრძელებას, რაც ცოცხალი ორგანიზმების ერთ-ერთი მთავარი მისიაა.

არის შემთხვევები, როცა დედა ფუტკარი დებს ბევრ კვერცხს, მაგრამ მუშა ფუტკრები ითვალისწინებენ ოჯახის შემოსავალს  _  არის თუ არა ბუნებაში ყვავილის მტვერი, რა მდგომარეობაში არიან ოჯახის წევრები და თავად გადაწყვეტენ, რამდენ ბარტყს მოუარონ. ასეთ დროს შეიძლება კვერცხის გარკვეული ნაწილი შეჭამონ კიდეც.

ფუტკრები ხმებს გამოსცემენ, გარკვეული მოძრაობებით ინფორმაციებს გადასცემენ ერთმანეთს. მეცნიერები იკვლევენ, ეს ხომ არ არის მათი ენა. ფუტკრის ფენომენი ბოლომდე ამოუცნობია და ვცდილობ, ამის ამოხსნაში წვლილი მეც შევიტანო.