,,ღამის სერენადები” შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

,,ღამის სერენადები" შეცვლილი ფორმატით ჩატარდებამსოფლიოში შექმნილმა პანდემიმა ხელი ვერ შეუშალა ტრადიციულ ყოველწლიურ მუსიკალუსრ ფესტივალ „ღამის სერენადებს“. 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. ქვეყანაში არსებული COVID-19 პანდემიით განპირობებული რეგულაციებისა და მსოფლიოში არსებული საფესტივალო გამოცდილების გათვალისწინებით, ბათუმი-თბილისის მეთორმეტე ფესტივალი ,,ღამის სერენადები” განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

ბათუმის კონცერტს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით იხილავს, ხოლო თბილისის კონცერტებს ლაივსტრიმის საშუალებით. ასევე გაკეთდება ფესტივალის საკონცერტო საღამოების უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რაც საშუალებას მისცემს მაყურებელთა ფართო აუდიტორიას, იხილოს ფესტივალის ღონისძიებები სოციალურ ქსელებში და ტელევიზიით.

ფესტივალი ტრადიციულად გაიხსნება ქალაქ ბათუმში, 27 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გამართული საკონცერტო საღამოთი, რომელიც მიეძღვნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის – სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს.

საკონცერტო საღამოზე შესრულდება სულხან ცინცაძის ოთხი საფერტეპიანო პრელუდია და საკვარტეტო მინიტურები. ასევე, შუმანის საფორტეპიანო კვინტეტი თხზ. 44 და რაველის ვალსი ფორტეპიანოსათვის.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებებენ საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების ლაურეატი პიანისტი თამარ ლიჩელი და გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი – თემურ ჯაიანის (I ვიოლინო), ნიკა ბარათელის (II ვიოლინო), მამუკა ბაბუაძის (ალტი) და გიორგი იმანოვი (ჩელო) შემადგენლობით.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში შედგება 3 ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი კლასიკური ნაწარმოების საპრემიერო შესრულება:

2 და 4 სექტემბერს ფესტივალი თბილისში განხორციელებული საკონცერტო საღამოებით  გაგრძელდება და ლაივსტრიმის საშუალებით გადაიცემა მაყურებელთა წინაშე. თბილისის საკონცერტო საღამოებში მონაწილეობას მიიღებენ ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ფესტივალის საბაზო ორკესტრი ,,საქართველოს ვირტუოზები” გამოჩენილი მაესტროს, ფესტივალის მთავარი დირიჟორის, ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით და სოლისტები – ახალგაზრდა, მაგრამ უკვე აღიარებული მუსიკოსები, არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი პიანისტები – სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე, ელენე შავერზაშვილი.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის, სულხან ცინცაძის 95 წლის და კაცობრიობის უდიდესი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილე, რომელსაც მთელი მსოფლიო მიმდინარე წელს დიდი პატივისცემით აღნიშნავს.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1983 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა.

1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა.

2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძის ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, რომელთანაც ფესტივალის დამფუძნებელს ლიანა ისაკაძეს მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.

,,ღამის სერენადები" შეცვლილი ფორმატით ჩატარდება