,,სარკე”, აზა გაგოშიძე
თუ ყველაფრის შემდეგისთვის გადადების ჩვევა ნორმა გახდა, დაფიქრდით: მიზეზი დროის უქონლობა, გულმავიწყობა თუ სიზარმაცეა? ნებისმიერ შემთხვევაში გამოსავალი მოიძებნება.
პირველი მიზეზი: ძალიან ბევრი საქმე
მთელი დღე ციბრუტივით ტრიალებთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქმის ნაწილი მეორე დღისთვის გადაგაქვთ.
გამოსავალი: საღამოს ან დილით 5-10 წუთი გამოყავით და გეგმა შეადგინეთ. დილის ფაციფუცში დროის გამონახვა იოლი არ არის, ამიტომ ძილის წინ ან საყვარელი სერიალის ცქერისას იფიქრეთ, მეორე დღეს სამუშაოზე რაც ჩაიცვამთ, ასევე სამსახურში წასაღები საუზმე მოამზადეთ. სიის შედგენისას შესასრულებელი სამუშაოები საჭიროებისა და სისწრაფის მიხედვით დაალაგეთ. უმჯობესია, ცოტა შეასრულოთ და ხარისხიანად.
მეორე მიზეზი: მეხსიერება გადაიტვირთა
საქმე იმდენად ბევრია, რომ თავში არ ეტევა, რაღაც მნიშვნელოვანის შესრულება ისევ დაგავიწყდათ.
გამოსავალი: გამოყავით სამი მთავარი საქმე და აუცილებლად გააკეთეთ, დანარჩენი განიხილეთ, როგორც ბონუსი. მოასწარით? კარგია. არა? მეორე დღისთვის გადადეთ. საჭირო არ არის აუცილებელი ყველაფერი თავში გქონდეთ. დაგეხმარებათ თვალსაჩინო ადგილას მიკრული ,,სამახსოვროები”.
მესამე მიზეზი: სურვილის არქონა
შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, მაგრამ ზოგჯერ სიზარმაცე გიპყრობთ. ასეთ მომენტში ფიქრობთ: “მერე გავაკეთებ” და ასე ყოველდღიურად.
გამოსავალი: შრომისთვის რომ განეწყოთ, საჭიროა სწორი მოტივაცია. წესად გაიხადეთ, ყოველი შესრულებული საქმისთვის თავი დააჯილდოვოთ.
დაგეხმარებათ მედიტაციაც: მოხერხებულად მოეწყვეთ, თვალები დახუჭეთ და თქვენი სამუშაოს შედეგი წარმოიდგინეთ: სისუფთავე, წესრიგი, სიმყუდროვე, დალაგება მხიარულად ჩაივლის.

