,,სარკე”, აზა გაგოშიძე
როგორ აღზარდოთ ნამდვილი მამაკაცი, ამაში ფსიქოლოგთა რჩევები დაგეხმარებათ.
დაიწყეთ სახვევებიდან
ძუძუთი კვება ჩვილის იმუნიტეტის დაცვა-ამაღლებისთვის აუცილებელია, მაგრამ ამ პროცესს ნუ გააჭიანურებთ. საქმე ისაა, რომ ძუძუთი კვება დედის ერთგვარი სხეულისმიერი ფლობაა და რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ის, ბავშვისთვის მით უფრო რთული იქნება თქვენგან ფსიქოლოგიურად მოწყვეტა.
რეკომენდებული არ არის, ბიჭი ქალებისთვის განკუთვნილ ადგილებში (გასახდელში, ტუალეტში, აბანოში და ა.შ.) წაიყვანოთ. მოზარდმა ბიჭუნამ ბავშვობიდან უნდა იცოდეს, თქვენსა და მას შორის განსხვავებაა.
ნუ იქნებით კრუხი
დაახლოებით 3 წლიდან მოერიდეთ ენის მოჩლექით საუბარსა და დამოუკიდებლობის შეზღუდვას. პირიქით, ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ის დამხმარე, დამცველია და მისი იმედი გაქვთ, როგორც მამაკაცის. ტრაგედიას ნუ შექმნით, თუ ვაჟმა იჩხუბა და შინ დალურჯებული მოვიდა. ის ხომ ბიჭია, თავის დაცვა უნდა შეძლოს.
იპოვეთ ოქროს შუალედი
თანაბარი ხარისხით მავნეა როგორც ზედმეტი მოფერება, ასევე ზედმეტი სიმკაცრეც. როდესაც ბიჭუნას წინაშე მბრძანებელი, ძლიერი ხასიათის ქალია, საწინააღმდეგო ეფექტი იქმნება. შვილი დედის სახით მტკიცე საყრდენს ხედავს, რომლის უკან დამალვას მთელი ცხოვრება აპირებს. შედეგი: ან მთელ ცხოვრებას დედის გვერდით გაატარებს, ან მსგავსი ტიპის ქალის ძებნას დაიწყებს, რომელიც შემდეგ კაბაზე გამოიბამს. ამიტომ საჭიროა, ბიჭები მათთვის შეუმჩნევლად გიყვარდეთ. იდეალური ვარიანტია ვაჟიშვილის მეგობარი გახდეთ.
მიეცით თავისუფლება
ვის ნახვას ისურვებდით: პასუხისმგებლობის მქონე და წარმატებული მამაკაცის, რომელიც თავის ოჯახს დაიცავს და სიბერეში დაგეხმარებათ თუ ჭირვეული და უნიათო “ხბოსი”, რომელიც მთელი ცხოვრება მისი პრობლემების მოგვარებას მოგთხოვთ? თუ პირველი ვარიანტი მოგწონთ, მაშინ მის პირად ცხოვრებაში უცერემონიოდ არ ჩაყოთ ცხვირი, არ მოუწყოთ შემოწმებები, თვალთვალი. ტოტალური მეურვეობა შვილს არამხოლოდ სწავლაში, მეგობრობაში, კარიერაში, სიყვარულში შეუშლის ხელს, არამედ შეიძლება, ნერვულ აშლილობამდეც მიიყვანოს. დახმარება გსურთ? დელიკატურად მიუთითეთ, უკარნახეთ, საჭირო მიმართულებით მსუბუქად მიმართეთ.
თავი არ დაივიწყოთ
ხშირად მშობლები თავდავიწყებით გადაეშვებიან ხოლმე შვილების აღზრდაში. პირად ბედნიერებას, გარეგნობას, საკუთარ ინტერესებს ივიწყებენ. და აი, შვილი ბუდიდან აფრინდა და მაშინ რა იქნება, ყველაფერი დამთავრდება? აუცილებალად უნდა გქონდეთ საკუთარი ცხოვრება. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, განათლებული, გატაცებების მქონე და მოვლილი მშობლებისგან შვილები ცდილობენ, მაგალითი აიღონ.
რჩევა
ბიჭუნას თვალწინ უნდა იყოს ღირსეული მამაკაცის მაგალითი: მამა, პაპა, უფროსი ძმა და ა.შ. თუ “მოძღვარი” ვაჟს ნაკლებ ყურადღებას უთმობს, დაეხმარეთ, ერთმანეთს დაუახლოვდნენ, იპოვეთ საერთო საქმე, ლაშქრობები მოაწყვეთ.

