,,ჩემი ცოლი და მისი საყვარელი საძინებელში იპოვეს გამომწვარი, საყვარლის უსინათლო დედა კი დერეფანში ნახეს გარდაცვლილი” – ნოველა

,,ჩემი ცოლი და მისი საყვარელი საძინებელში იპოვეს გამომწვარი, საყვარლის უსინათლო დედა კი დერეფანში ნახეს გარდაცვლილი" - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე, ,,ოქროსფერი თაგვები”

წელში მოხრილ მამაკაცს მუხლებზე პატარა, სქელყდიანი წიგნი დაედო და ხმადაბლა, დამარცვლით კითხულობდა ტექსტს. ერთი და იგივე აბზაცი ათჯერ მაინც გადაიკითხა, შემდეგ ფურცლებს შორის სანიშნი მოაქცია, წიგნი დახურა და გისოსებიან პატარა სარკმელს მიადგა. გარეთ არაფერი ჩანდა, მხოლოდ თუთის ხის ტოტები, რომლებიც ჯიუტად ცდილობდნენ ციხის საკანში შეხედვას. ახალგამოსხმულ მწვანე ფოთლებს შორის მზის სხივებს შეეღწია. პატიმარმა თვალები დახუჭა და ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი. მზისა და სიმწვანის სურნელი იგრძნო, სახეზე სიმშვიდე მოეფინა.

– უჰ, შენი!.. მგონი, რაღაცამ მიკბინა, – ფანჯრის მეორე კუთხეში გამხმარ ნარზე მიწოლილი ახალგაზრდა კაცი ყვირილით წამოვარდა ფეხზე, თან გამალებით სახეზე იტყაპუნებდა ხელისგულებს, თითქოს მკბენარის მოშორებას ცდილობსო.

წელში მოხრილმა კაცმა მისკენ გაიხედა და გაუღიმა.

– ალბათ თაგვმა გადაგირბინა, ორნი არიან, ოქროსფერები, საოცარია, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა და სიტყვა განაგრძო, – ახლა, მგონი, შვილებიც ეყოლათ, მთელი ღამე ისეთი წრიპინი ისმოდა, თვალი ვერ მოვხუჭე, – კაცი საუბრობდა და უცქერდა ახალგაზრდას, რომელიც მის საკანში წინა ღამეს შეიყვანეს.

,,ეს, მგონი, აფრენს”, – გაიფიქრა ახალგაზრდამ და დაეჭვებით შეათვალიერა თანასაკნელი. შემდეგ ისევ ნარზე მიეგდო და პირით კედლისკენ შებრუნდა.

ხანშიშესულს ცოტა ეწყინა, უხერხულად შეიშმუშნა, მხრებჩამოყრილი თავისი საწოლისკენ გაემართა, წიგნი მუხლებზე დაიდო, გადაშალა და ნაწერს თითი გააყოლა. რას კითხულობდა ასეთი ნეტარებით, არავინ დაინტერესებულა, მაგრამ ჩანდა, რომ კითხვის დროს გისოსებიანი საკნიდან ძალიან შორს მიდიოდა, ალბათ იქ, სადაც ბედნიერება ეგულებოდა…

კედლის მიღმა კი არაფერი ჩანდა. ზურგშექცევით მწოლიარე პატიმარი ხმელ ნარზე ბორგავდა, ხან კრუნჩხვამოვლილივით მოიკუნტებოდა და მუხლებს სახეზე მიიბჯენდა, შემდეგ ლარივით გაიჭიმებოდა და თავს ბნედიანივით უკან გადააგდებდა.

– სადღაც წამიკითხავს, სიცოცხლე სიკვდილისთვის მზადებაა, ღირსეულად რომ გავიდეთ ამქვეყნიდან. როცა სიკვდილისთვის მზად ვიქნებით, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, სრულფასოვნად სიცოცხლეზეც ვიფიქროთ.

ნარზე მიგდებულმა ახალგაზრდამ თვალები გაახილა. თავს წელში მოხრილი მამაკაცი წამოსდგომოდა და ღიმილით უცქერდა. ახალგაზრდას საკუთარ განაჩენზე მეტად ახლა ეს აბეზარი კაცი აღიზიანებდა. წამიერად სურვილიც კი გაუჩნდა, შიშველი ხელებით დაეხრჩო.

,,საინტერსოა, სიკვდილის დროსაც არ მოშორდება ეს საზიზღრად ნეტარი გამომეტყველება?” – გაიფიქრა წამიერად. უცნობი კი საუბარს აგრძელებდა.

– მე დავითი მქვია, მკვლელობისთვის დამაპატიმრეს. რვა წელია, ამ საკნიდან არ გავსულვარ.

– რვა წელია აქ ხარ? – ახალგაზრდამ სასოწარკვეთილი გამომეტყველებით მოათვალიერა საკანი.

– მხოლოდ ორჯერ გამიყვანეს, ექიმის დახმარება დამჭირდა, – დავითს ხმა შეეცვალა, მოიწყინა თითქოს, – იცი, ახალგაზრდობაში ყველაზე მეტად ტრამვაი მძულდა, მაგრამ იაფი ღირდა და მამა ავტობუსით მგზავრობის უფლებას არ მაძლევდა.

– ტრამვაი აღარ დადის, – ამრეზით ჩაილაპარაკა დავითის თანამოსაუბრემ, თუმცა ხნიერმა მისი რეპლიკა არ შეიმჩნია.

– ახლა მთელ ქალაქს შემოვივლიდი იმ საზიზღარი, ჩახჩახა რკინის გროვით, – გაიღიმა და თვალები ოცნებით აევსო, – ერთხელ კიდევ გადავხედავდი ქუჩებს, გვერდით ჩავუვლიდი ადამიანებს, რომლებიც იცინიან. იცი, თუ ოდესმე მკითხავ, ყველაზე მეტად რა მენატრება, გეტყვი, რომ სიცილი, მეგობარო, სუფთა გულიდან წამოსული სიცილი. ამაზე უკეთესი არაფერი უგემია ადამის მოდგმას.

ახალგაზრდა საწოლზე წამოჯდა. დარცხვენილი ჩანდა. მოეჩვენა, რომ ამ წელში მოხრილი, ჩია მამაკაცით სავსე იყო ოთახი, თვითონ კი, თავისი წუხილით, პატარა ჩანდა.

საკანში სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ბადრაგის მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა შორიდან…

..

– მე არავინ მომიკლავს, – ნასადილევს საუბრის დაწყება ახალგაზრდა მამაკაცმა სცადა.

დავითმა ბოლთისცემა შეწყვიტა და გვერდით მიუჯდა, თითები გადააჯვარედინა და იატაკს დააჩერდა. ამ ჟესტით ალბათ იმის თქმა უნდოდა, მზად ვარ, მოსასმენადო.

– იმ დღეს გვიან ღამემდე უნდა მემუშავა, მაგრამ ერთმა ზარმა მთელი ცხოვრება შეცვალა.

– ყველაფერი მნიშვნელოვანი მოულოდნელად ხდება, – თავი დააკანტურა ჩიამ.

– უცნობი ქალი იყო, – ახალგაზრდა შეყოვნდა, თქმა უჭირდა, მაგრამ მაინც განაგრძო, – მითხრა, რომ ცოლი მღალატობდა.

აქ, თანაგრძნობის ნიშნად, ჭაღარამ მხოლოდ ღრმად ამოიოხრა.

– მისამართიც მომცა, სადაც უნდა მივსულიყავი. სახლი განცალკევებით იდგა, დიდი მწვანე ეზოთი. ჭიშკარი დაკეტილი იყო და ღობეზე გადავძვერი. ალბათ მაშინვე უნდა მეგრძნო მძიმე ბოლის სუნი, თუმცა ისე მქონდა გონება არეული, არაფერი შემინიშნავს. სახლის კარი წიხლით შევამტვრიე და შიგნით შევვარდი. ვეღარაფერს ვხედავდი. მაშინღა მივხვდი, რომ თვალს ბოლი მიბინდავდა. ცოლის სახელი დავიყვირე და გინებით სიარული განვაგრძე. არ ვიცოდი, სად მივდიოდი, ხელის ცეცებით ვცდილობდი, გზა გამეკვლია. თანდათან სუნთქვა გამიჭირდა, ცოტაც და იატაკზე დავეცი. სანამ გონებას დავკარგავდი, მოლურჯო ნათება დავინახე, სახანძროს ან პოლიციის მაშუქს ჰგავდა.

დავითი იატაკს აღარ დასჩერებოდა, გაფართოებული თვალებით უცქერდა მოსაუბრეს.

– გონს საავადმყოფოში მოვედი. კარის წინ პოლიცია მდარაჯობდა. მაშინ გავარკვიე, რომ სამი ადამიანის ცოცხლად დაწვაში მედებოდა ბრალი.

– ვინ სამის? – იკითხა დავითმა.

– ჩემი ცოლი და მისი საყვარელი საძინებელში იპოვეს გამომწვარი. საყვარლის უსინათლო დედა კი დერეფანში ნახეს გარდაცვლილი. სავარაუდოდ, ბოლმა დაახრჩო.

დავითი ფეხზე წამოდგა, ოთახში ნერვულად გაიარ-გამოიარა და ისევ პატიმარს მიუჯდა გვერდით.

– იქნებ უბედური შემთხვევა იყო?

– არა, – გადაჭრით უპასუხა ახალგაზრდამ, – საძინებლის კარი გარედან იყო ჩაკეტილი, ვიღაცამ საყვარლები განზრახ გამოწვა.

დავითი ჩაფიქრდა, ნერვულად აწვალებდა თითებს.

– ეხ, ცუდი ადვოკატი გყოლია, შვილო, ან მკვლელს ჰყავდა კარგი პატრონი, – სინანულით ჩაილაპარაკა ბოლოს.

– ალბათ, – ძლივს ამოთქვა ახალგაზრდა კაცმა და მთელ სხეულში საშინელი ტკივილი იგრძო, დაიკრუნჩხა. სახე ისე დაეჭიმა, ცოტაც და, კანი შემოასკდებოდა.

დავითი შეწუხდა, უნდოდა, ბიჭისთვის ხელი მოეხვია და ენუგეშებინა, მაგრამ მოერიდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა და შემპარავი ღიმილით წამოიძახა.

– ვფიქრობ, შენ ოქროსფერი თაგვები არასოდეს გინახავს. ღამით იატაკზე ნამცეცები დავტოვოთ და ვახშმობისთვის გამოცუნცულდებიან, – საკნის კუთხემდე მოკლე ნაბიჯებით მიირბინა დავითმა და ახალგაზრდა პატიმარს გასძახა, – აი, აქ ვუტოვებ ხოლმე საჭმელს, ნახავ, რა საყვარლები არიან, ფუმფულები.

ახალგაზრდა პატიმარი წელში გასწორდა, თითქოს ტკივილი გადაავიწყდა, გაოცებით შეხედა დავითს.

– ფუმფულები?

– ხო, ფუმფულები.

პატიმარს გაეღიმა, მას დავითიც აჰყვა. ორიდე წამში ტუსაღები ხმამაღლა იცინოდნენ, ისე ხმამაღლა, როგორც ტრამვაიდან დანახული ხალხი.

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავითს ახალი თანამესაკნე ჰყავდა. გაბი ლანჩავა ხშირად იხსენებდა იმ დღეს, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. დავითი ყოველთვის გულისყურით უსმენდა, უყურებდა თუთის თავნება ტოტებს და აპურებდა ოქროსფერ თაგვებს, რომლებსაც გაბიმ ერთხელაც ვერ მოჰკრა თვალი, თავისუფალ დროს კი კითხულობდა. უკვირდა, როგორ ვერ დაამთავრა ამდენ ხანს ერთი, თუნდაც სქელტანიანი წიგნი, მაგრამ არაფერს ეკითხებოდა. გაბის არ უყვარდა წიგნები.

– ფოცხვერაშვილი, – დაიძახა ერთხელ ბადრაგის ფორმაში ჩაცულმა მამაკაცმა, როცა საკნის მძიმე კარი ჭრიალით გაიღო, – მნახველია, გამომყევით.

დავითმა გაოცებით შეხედა გაბის. ლანჩავასაც გაკვირვება დაეტყო. ხანდაზმულ პატიმარს არასდროს ჰყოლია მნახველი. დავითი აფორიაქდა, მაისურის საყელო გადაიკეცა, შარვალზე ხელი ჩამოისვა, თითქოს მტვრისგან გაწმენდა უნდაო, თმა შეისწორა და ერთხელ კიდევ შეხედა გაბის, ალბათ უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ კარგად გამოიყურებოდა.

ლანჩავამ ზევით აწეული ცერა თითი აჩვენა და გასამხნევებლად თავის კანტურით ქვედა ტუჩიც გადმობურცა. დავითი წელშიგამართული გავიდა საკნიდან.

დიდი დრო დასჭირდა, სანამ უკან დაბრუნდებოდა. თითქმის ორი საათი არ გამოჩენილა. გაბის მოუსვენრობა დაეტყო, დერეფანში ნაბიჯების ხმას აყურადებდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, პატიმარი საკანში დააბრუნეს, მოწყენილი და ჩაფიქრებული იყო.

დავითი საწოლზე ჩამოჯდა და ერთხანს სიტყვაც არ დაუძრავს.

– რა მოხდა, არ იტყვი? – მოთმინება დაელია გაბის.

– არ ვიცი, – უხერხულად გაიღიმა ხანშიშესულმა, – არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

– რა მოხდა?- ვერ ისვენებდა ახალგაზრდა.

– ჩემი ქალიშვილი იყო, ათი წელია, არ მინახავს, – ჭაღარა მამაკაცს თვალებში სიყვარული ჩაუდგა, რომელსაც მაშინვე სევდა შეერია, – ქმარი მოვუკალი, დღემდე ვერ მაპატია.

გაბიმ გაკვირვებით შეხედა მოხუცს.

– ყოველდღე სცემდა. ვერ შევძელი ამის მოთმენა. მაშინ სხვა ადამიანი ვიყავი… – დავითმა სარკმელში გაიხედა, აღაც მზე ჩანდა, აღარც თუთის ფოთლები. თვალებზე ცრემლი ბინდად გადაეკრა მოხუცს,  – ლელას დაცვა მინდოდა, მან კი ზურგი შემაქცია. შვილის განაჩენი ჩემთვის პატიმრობაზე ბევრად მძიმეა.

– უკვე გაპატია, თორემ  არ მოგაკითხავდა, – გაბიმ მოხუცის გამხნევება სცადა.

ფოცხვერაშვილმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

– დღეს მოვიდა და მითხრა, რაც გამაჩნია, მის სახელზე გადავაფორმო, – მოხუცმა უცნაურად გაიღიმა, – არ მინდა, შენ სიკვდილს კიდევ დიდხანს ველოდოო.

გაბის უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ რა, ვერ მოიფიქრა.

– ხვალ ნოტარიუსს მოიყვანს, – დავითმა ხელის მტევანი მუჭად შეკრა და ცრემლიან თვალებში ამოისვა, – არც მე მინდა, ჩემს სიკვდილს ელოდოს, ამაზე ფიქრი მის სულს დაამძიმებს… მეცოდება.

ამ დღის შემდეგ გაბიმ და დავითმა ერთ საკანში კიდევ ოთხი წელი გაატარეს. ლანჩავას საქმე ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე გაასაჩივრა ადვოკატმა, თუმცა უდანაშაულო ,,მკვლელი” კვლავ უიმედოდ ელოდა სამართლიანობის აღდგენას.

დავით ფოცხვერაშვილს კი პატიმრობის ვადა ამოეწურა და უთხრეს, რომ მისი წასვლის დრო იყო.

მოხუცმა მეორე დილიდან ფერდაკარგულ ჩანთაში უხალისოდ დაიწყო საკუთარი ნივთების ჩალაგება. ყველაფერი ჩააწყო, მხოლოდ წიგნისთვის არ უხლია ხელი.

– სიმართლე გითხრა, სიკვდილისთვის ვემზადები, ამათ კი – თავისუფალი ხარო, – გაიცინა დავითმა.

– კარგია, – ხელი მოხვია გაბიმ და გულში ჩაიკრა მოხუცი, – ახლა სად წახვალ და რას გააკეთებ?

მოხუცმა ჭერს მიაპყრო თვალები, თითქოს გულში რაღაცას ითვლისო.

– ნამდვილად, – ჩაილაპარაკა ბოლოს და გაბის შეხედა, – როცა გამოხვალ, ციხის კართან დაგელოდები.

– ხუმრობ? კიდევ რვა წელი დამრჩა, მანამდე დაგავიწყდები.

ბერიკაცის სახეს ჩვეული სიმშვიდე ეფინა.

– მთავარია, გჯეროდეს.

გაბიმ საკანი მოათვალიერა და იატაკზე შეაჩერა მზერა.

– მეგობარო, სანამ წახვალ, ერთი რამ მითხარი, ის თაგვები ოქროსფერები არ არიან, ხომ?

– მთავარია, გჯეროდეს, – კიდევ გაიმეორა ბერიკაცმა და მორჩილად გაჰყვა კარში ჩამომდგარ ბადრაგს.

გაბი დიდხანს უსმენდა ნაბიჯების ხმას, როცა ზურგისკენ შებრუნდა, დავითის საწოლზე წინგი დაინახა. ყდას დააკვირდა. ,,ბიბლია” – ეწერა ოქროსფერი ასოებით. გაბიმ გადაშალა და კითხვა დაიწყო… ისევ იხედებოდნენ ჯიუტი ხის ტოტები სარკმელში და ფოთლებს შორის მზე მოჩანდა.