,,უცხოეთიდან დავბრუნდი, მაგრამ ქმართან ცხოვრება არ შემიძლია”

,,უცხოეთიდან დავბრუნდი, მაგრამ ქმართან ცხოვრება არ შემიძლია",,ვიცი, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ბევრი ქალი გაიფიქრებს: ,,როგორ მესმის შენი”. ბევრიც ჩუმად ატირდება, იმიტომ, რომ საკუთარ თავს წარმოიდგენს. შეიძლება ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც გამლანძღავენ, მაგრამ არა უშავს, ადამიანებისგან უმადურობას და წიხლებს უკვე მივეჩვიე.

ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ არჩევანის გაკეთების უფლება არასოდეს მომეცა. ყოველთვის სხვის ნებაზე დავდიოდი. იურიდიულზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მშობლებმა წინააღმდეგობა გამიწიეს, ეკონომისტი უნდა გამოხვიდე, კარგი შემოსავალი გექნებაო.

20 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მომავალმა ქმარმა მომიტაცა. არ მიყვარდა და წესიერად არც ვიცნობდი, მაგრამ მამამ გამომიცხადა, სახლში ვეღარ დაგაბრუნებ, ხალხს ვერ ავალაპარაკებო. ფაქტობრივად უცნობ ადამიანთან დამტოვა.

მერე დედამთილმა გამომიცხადა, სწავლა თუ გინდოდა, არ უნდა გათხოვილიყავიო. მისი ოჯახის რძლობა ისე დამაყვედრა, თითქოს მის შვილს ცოლად ძალით გავყევი. გადაწყვიტეს, რომ სწავლა არ უნდა გამეგრძელებინა და ასეც მოხდა.

ჩემი საუკეთესო წლები ისე გავიდა, სახლს არ მოვშორებივარ. 8 წლის წინ კი უცებ უცხო ქვეყანასა და უცხო ადამიანებთან აღმოვჩნდი – ემიგრანტი გავხდი.  ძალიან მძიმე დღეები გავიარე, სანამ უცხო ენას ვისწავლიდი და ნორმალურ სამსახურს ვიშოვიდი. ამ ყველაფერს მხოლოდ ის ადამიანი თუ გამიგებს, რომელსაც ემიგრანტული ცხოვრება აქვს გამოცდილი.

2 წლის შემდეგ ემოციები თითქოს ჩაცხრა. მივხვდი, რომ უცხოეთიდან შვილებისთვის ბევრი რამის გაკეთება შემეძლო და ეს გულს მიმაგრებდა, ემოციებს ჩემი დათრგუნვის უფლებას აღარ ვაძლევდი.

ისიც გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ქმრის გარეშეც დავისვენე. მივხვდი, რა ჯოჯოხეთში ვყავდი და ნამდვილი ოჯახური, ცოლქმრული ურთიერთობები რას ნიშნავდა. ემიგრაციაში ბევრს ვშრომობდი, მაგრამ სამაგიეროდ, აღარავინ მაგინებდა, აღარავინ მცემდა.

დიახ, ჩემი ქმარი მცემდა. ქორწინებიდან ძალიან მალევე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა. არაფერი მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი. ზოგჯერ თვეები ისე გავიდოდა, ძაღლად არ მთვლიდა, ყურადღებას არ მაქცევდა. ზოგჯერ კი უცებ ეჭვიანობას იწყებდა და ჩემს ცემაზე გადადიოდა.

დედამთილი და მამამთილი ჩემს ტანჯვას უყურებდნენ, მაგრამ არაფერს ეუბნებოდნენ. “ჩემი შვილი კაცია და მის საქმეში არ ჩავერევი”, – ასე მპასუხობდა მამამთილი, როცა ვთხოვდი, რომ შვილისთვის რამე ეთქვა.

ჩვენი ოჯახიდან ემიგრაციაში პირველად ჩემი მული წავიდა. მას შემდეგ დედამთილი და მამამთილი სულ იმას გაიძახოდნენ, აი, ოჯახის ქალი ვინ არის, ქმარ-შვილი ვის უყვარსო. ფაქტობრივად მიბიძგეს, რომ მეც მულის გზას დავდგომოდი უცხო მიწისკენ.

უცხოეთიდან ფული გამოვაგზავნე თუ არა, ქმარმა თავისი მანქანის ნაწილები იყიდა. როცა ვუსაყვედურე, ჯერ ვალი გადაგეხადა-მეთქი, მითხრა, ავტომობილი  იმიტომ შევაკეთე, რომ ტაქსების კომპანიაში უნდა დავიწყო მუშაობაო. მეც დავუჯერე, რომ ტაქსის მძღოლობა სურდა.

ორი სამსახური მქონდა, რომ ოჯახს მეტად დავხმარებოდი, მაგრამ ქმრის მადას მაინც ვერ ვაკმაყოფილებდი. არ მომასვენა, სანამ ახალი მანქანის საყიდელი ფული არ გამომაგზავნინა – მიზეზად იგივე რაღაც მითხრა, ძველ მანქანაში მგზავრები არ სხდებიანო. ახალი ავტომობილი რომ ჰყავდა, მერე  გამომიცხადა, ეგღა მაკლია, მგზავრებს მოვასპობინო და დანგრეულ გზებზე გავაფუჭოო.

ცხოვრება მოიწყო, რაც უნდოდა, ყველა სურვილი შეისრულა. წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი, რადგან ფაქტობროვად ჩემს სიმშვიდეს ფულით ვყიდულობდი.

ერთი წლის წინ შვილი ავად გამიხდა. სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, მერე მდგომარეობა გაურთულდა, ძალიან ცუდად იყო. კლინიკაში სულ იმას გაიძახოდა, დედა მინდაო და ვეღარ მოვისვენე, საქართველოში დავბრუნდი.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილების გვერდით ვარ, მაგრამ ქმარს ვერ ვეგუები, მასთან ცხოვრება აღარ შემიძლია. ჩემი ქმრისგან დამცირებას ვეღარ ვიტან.

წინააღმდეგობას რომ ვუწევ, მეუბნება, თავზე არ დაგისვამ, ჭკუაზე მოდიო და ისევ ცდილობს, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენოს, მაგრამ ამის უფლებას აღარ ვაძლევ.

ყველაზე საშინელება ის არის, რომ თავხედურად მეუბნება, საყვარელი მყავდაო. მისი თქმა რად მინდა, იმ ქალსაც ვიცნობ, ვისთანაც დღემდე დაწანწალებს.  ვეუბნები, მასთან გადაბარგდი, მე თავი დამანებე-მეთქი, მაგრამ სად წავა?! ჩემი შრომით ცხოვრებას მიეჩვია და უჭკუო არ არის, რომ ეს ყველაფერი დათმოს.

შვილები რომ სკოლას დაამთავრებენ, ისევ ემიგრანტის გზას დავადგები და ვეცდები, ისინიც წავიყვანო.  ქმართან ცხოვრება აღარ მინდა. მე მგონი, მაქვს უფლება, საკუთარ თავზე ერთხელ მაინც ვიფიქრო.

,,სარკის” ერთგული მკითხველი