,,შიშველი ქალი დაინახა, რომლის მკერდს მისი ქმარი გამალებით კოცნიდა” – ნოველა

,,შიშველი ქალი დაინახა, რომლის მკერდს მისი ქმარი გამალებით კოცნიდა" - ნოველა,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე, უმისამართო

შუადღე გადასული იყო, როცა თათიამ სახლამდე მიაღწია. ციცნაძეების საცხოვრებელში რამდენიმე მისაღები ოთახი, ბიბლიოთეკა და ექვსი საძინებელი იყო. ცალკე სივრცეში საბილიარდო დარბაზი გაეკეთებინათ, ეზოში კი ძვირფასი ქვებით მოპირკეთებული აუზი იყო.

ერთი შეხედვით, შენობა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, მაგრამ ამ კედლებში ბედნიერი არავინ იყო, განსაკუთრებით – თათია. როცა ის საქმრომ მშობლების გასაცნობად პირველად მიიყვანა, გოგონამ თავი დაუცველად იგრძნო. თავიდან ოთახების სიმრავლეში ჩაიკარგა, შემდეგ მასპინძლების მუშტრის თვალით მზერამ დააბნია. მხოლოდ მაშინ იგრძნო შვება, როცა შეყვარებულმა ღია ვერანდაზე გაიყვანა.

იქიდან საუცხოო ხედი იშლებოდა, თითქმის ნახევარი ქალაქი მოჩანდა. წლების შემდეგაც ცინცაძეების უზარმაზარ სახლში ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც უიღბლო ქორწინებით გულგატეხილი ახალგაზრდა ქალი განმარტოებისთვის თავშესაფარს პოულობდა.

ხის, მოჩუქურთმებულ თეთრ კიბეზე ძაღლის წკავწკავის ხმა მიოსმა. პატარა ცხოველი პირველი იყო, ვინც თათიას დაბრუნების ამბავი გაიგო. მისკენ გაიჭრა, ჯერ ფეხებთან გაუწვა, შემდეგ ჰაერში ახტა და პატარა თათები მუხლებზე მიაბჯინა. თათია ძაღლისკენ დაიხარა, ხელში აიყვანა და გაყინულცხვირიანი არსება სახეზე მიიხუტა. ძაღლი ცოტა დამშვიდდა, მხოლოდ ყრუდ გამოსცემდა ბედნიერებაზე მიმანიშნებელ ბგერებს.

საძინებელში ძაღლი და მისი პატრონი ერთად შევიდნენ. ქალმა ტყავის ქურთუკი გაიხადა და ოთხსაათიანი მგზავრობით დაღლილი საწოლზე მიესვენა.

თათიას ბოლო წლების განმავლობაში უცნაურად აკვიატებული სიზმარი ჰქონდა. პატარ გოგონა ცისფერი კაბით, რომელსაც გულზე გვირილები ჰქონდა ამოქარგული. ბავშვს ქერა, ხვეული თმა უწესრიგოდ ეყარა მხრებზე. თათიას ეჩვებებოდა, რომ ბავშვი ხელგაშლილი მირბოდა მისკენ, მაგრამ მოულოდნელად ქაოსში იკარგებოდა. თათია გრძნობდა, რომ იპოვა გოგონა. ხელი გაიწოდა, რომ მაგრად ჩაეჭიდა მისთვის, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სახედამწვარი მამაკაცი წამოეწია.

ცხვირიდან მოჭიმული კანი თვალის ქუთუთოებზე ჰქონდა შეხორცებული, ნიკაპი კი ყელთან შეზრდილიყო, ამიტომ თავის მობრუნებს ვერ ახერხებდა. ,,მოგვშორდი!”, – იყვირა თათიამ და ხელი გაიქნია, რასაც ძაღლის საბრალო წკმუტუნი მოჰყვა.

თათიამ თვალი გაახილა. პატრონის გვერდით მოკალათებული ძაღლი გაკვირვებით უცქერდა ქალს. ოთახში უკვე სიბნელე ჩამოწოლილიყო. ,,დიდხანს მძინებია, – ქალმა საწოლიდან წამოდგომა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. ეზოს ჭიშკარი ხმაურით გაიღო და თათიას ნაცნობი ნაბიჯების ხმა მოესმა.

,,მოვიდა”, – გაიფიქრა და ბალიშზე გვერდი იცვალა. ქმარმა არ იცოდა, რომ ცოლი უნდა დაბრუნებულიყო. წინასწარ არ გააფრთხილა მეუღლემ. განსაკუთრებული მოლოდინი არც ქმარს ჰქონია, მათი თანაცხოვრება დაუწერელი კანონების მორჩილება იყო, ხარკის გადახდა ქორწინებისთვის, თუმცა ვის სჭირდებოდა ასეთი მსხვერპლი, თათიას ერთხელაც არ უკითხავს საკუთარი თავისთვის.

ძაღლმა მაშინვე ყურები ცქვიტა და როცა დარწმუნდა, ეზოში ვიღაც შემოვიდაო, წკავწკავით დაეშვა კიბეზე. სიხარულის გამომხატავი ბგერები მალევე შეწყვიტა და რამდენჯერმე უხალისოდ დაიყეფა. თათიას ძაღლის ასეთი საქციელი ეუცნაურა და სმენა დაძაბა. ახლაღა მიხვდა, რომ მისი მეუღლე მარტო არ იყო. ქმარი პირველ სართულზე მისაღებ ოთახში შევიდა და კარი მიიკეტა.

თათია საწოლიდან წამოდგა, ქვემოთ ჩასასვლელად მოემზადა, მაგრამ მისაღები ოთახის კარი ისევ გაიღო და ქმრის ხმა გარკვევით გაიგონა: ,,წითელი ღვინო, თუ კონიაკი?”. კაცი პასუხს არ დალოდებია, სამზარეულოში შევიდა, რასაც ჭურჭლის წკარუნის ხმა მოჰყვა.

დიასახლისი ერთხანს გაუნძრევლად იდგა. თათია ცდილობდა, მიმხვდარიყო, ვინ სტუმრობდათ. დერეფანში ისევ ნაბიჯების და ჯურჭლის გადაადგილების ხმა ისმოდა.

როცა ხმაური შეწყდა, თათია კიბეზე ჩავიდა. ისე მიიპარებოდა, თითქოს ვიღაცის ეშინოდა და გული გამალებით უცემდა. მისაღები ოთახის კარიც გამოჩნდა. ქალს წამით მოეჩვენა, როგორც კი ამ კარს ხელს შეახებდა, სხვა სამყაროში აღმოჩნდებოდა, იქ, სადაც მისი სიზმრის ქერათმიანი ბავშვი იკარგებოდა და მის მკერდზე ამოქარგული გვირილები მტვერში იბნეოდა.

– ნუ გერიდება, – თათიამ ქმრის ხმა გაიგონა, რასაც ქალის თამამი გაცინება მოჰყვა.

უდაო იყო, კარს იქით თათიას ქმარი ღალატობდა, კარს აქეთ კი აკანკალებული ცოლი იდგა. როგორ უნდა მოქცეულიყო? თათიამ ეს არ იცოდა. კარის სახელურს ხელი მოჰკიდა, ახლა უკან დახევას აზრი არ ჰქონდა. თათიას ქმარი ყოველთვის ღალატობდა, მაგრამ ცოლი ხომ ქორწინების გამო იხდიდა სასჯელს, მოთმინება ამ სასჯელის ნაწილი იყო. თუ წლების განმავლობაში პატიობდა, რა მოხდა ახლა განსაკუთრებული?

თათიამ კარი შეღო. სავარძელზე მიწოლილი, წელს ზემოთ შიშველი ქალი დაინახა, რომლის მკერდს მისი ქმარი გამალებით კოცნიდა. უცნობ ქალს ელდა ეცა, თათიას ქმარსაც, კარში გახიდული ძაღლი კი თათებში მალავდა სახეს.

– როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ცოლი? – უნებურად კითხვა დაებადა თათიას და ხმამაღლა გაიმეორა, თან თვალს არ აშორებდა უცნობს.

– არ ვიცი, – მოშიშვლებულ მკერდზე ხელი აიფარა ქალმა.

თათიამ მხრები აიჩეჩა, შებრუნდა და ჩაფიქრებულმა გაიარა გზა უკან. საძინებელში შევიდა, ქურთუკი და ხელჩანთა აიღო და სულ მალე უკვე მოასფალტებულ, ვიწრო ქუჩას მიუყვებოდა.

თათია გაბრაზებული უნდა ყოფილიყო, შეურაცხყოფილიც, მაგრამ გასაკვირი ის იყო, რომ მსგავსს არაფერს გრძნობდა. ისე მსუბუქად მიუყვებოდა ქუჩას, თითქოს ხანგძლივი და შრომატევადი სამუშაო ეს წუთია დაამთავრაო.

საფულე გახსნა და გასაღები მოიძია, ხელისგულში მოიქცია და მთელი ძალით მოუჭირა. ადამიანი, რომელმაც ეს გასაღები ერთი თვის წინ მისცა, მისი ბავშვობის გატაცება იყო. წლები ისე გავიდა, ერთმანეთთან მისასვლელი გზა ვერ იპოვეს. მოგიანებით, როცა მათი გზები ისევ გადაიკვეთა, თათია გათხოვილი იყო, ოღონდ უიღბლოდ, კახას კი სამჯერ მოესწრო დაქორწინება და განქორწინება.

თათია ბევრს დათმობდა, ოღონდ შეძლებოდა, კახასთან ერთად ახალი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ოჯახის წინაშე აღებული ვალდებულება არასოდეს მისცემდა უფლებას, საკუთარ ბედნიერებაზე ეფიქრა.

კახამ რამდენჯერმე სცადა თათია დაეწმუნებინა, რომ სიცრუეში ცხოვრობდა, რომ არასოდესაა გვიან შეცდომების გამოსწორება, გათხოვილ ქალს ზედიზედ რამდენჯერმე ცოლობაც შესთავაზა. თათია ასეთ წუთებში ენითაუწერელ ტკივილს გრძნობდა.

ისე გულწრფელი იყო კახას გამომეტყველება, ისეთი დაუღალავი იყო მისი მცდელობა, თათიას გულს დაუფლებოდა, რომ ქალს ცრემლები ახჩობდა. საკუთარ თავს განსჯიდა იმისთვის, რომ ასეთ სიყვარულზე უარს ამბობდა. თავისი ტანჯვა არ ადარდებდა, კახას წინაშე გრძნობდა დანაშაულს. ფიქრობდა, რომ თავადაც ერთადერთი იყო, ვისაც კახას გაბედნიერება შეეძლო, დარწმუნებული იყო, რომ არ არსებოდა სამყაროში ქალი, რომელშიც კახა მას გაცვლიდა…

თათიამ კახას ბინის გასაღებს კიდევ ერთხელ დახედა. ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს მომავალი ბედნიერების გასაღებს უცქერსო. ერთხანს მაინც ყოყმანობდა, შემდეგ ერთ-ერთ ტაქსის მძღოლს ანიშნა, გააჩერეო.

გზა კახას სახლამდე გრძელი აღმოჩნდა. უფრო გრძელი – მასზე ფიქრები. ახალგაზრდა ქალს წლების განმავლობაში ბევრჯერ წარმოედგინა სცენა, როგორ მივიდა მასთან, როგორ შეაღო კახას სახლის კარი და უთხრა: ,,ლოდინი დასრულდა, მოვედი!”, მაგრამ დიდხანს ეს მხოლოდ ოცნება იყო. ახლა, როცა ტაქსი მითითებულ მისამარზე გაჩერდა, თათიას სითამამე სულ დაეკარგა. დიდხანს იდგა სადარბაზოს წინ და შესვლა ვერ გადაეწყვიტა. სულ რაღაც ორი საათის წინ ქმარს გაშორდა და უკვე მეორედ გათხოვებას აპირებდა.

თათიას ამ საკითხის მორალური მხარე უფრო ადარდებდა, რას იტყოდა ხალხი, საზოგადოება. ამ ფიქრმა შეაყოვნა სადარბაზოსთან. ახლა უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა, გარინდებული იდგა, როცა ცხადად ამოუტივტივდა მეხსიერებაში კახას სიტყვები: ,,ჩემი სამყარო ხარ, არა, უფრო მეტი…” და თათიამ თავაწეულმა შეაბიჯა სადარბაზოში.

ლიფტი ფასიანი იყო. თაიამ საფულე გახსნა და სანამ ხურდას ამოიღებდა, კაბინაში 28-29 წლის გოგოც შევიდა. გრძელი, შავი თმა ჰქონდა, რომელიც თითქმის თეძოებამდე სწვდებოდა. თხელი, კეხიანი ცხვირი და მიბნედილი, ჭროღა თვალები, ისეთი, ვერ გაარჩევდი, ვნება ედგა თუ ძილი.

– რომელ სართულზე გნებავთ? – იკითხა უცნობმა ისეთივე მინაზებული ხმით, როგორი გამოხედვაც ჰქონდა.

– მეცხრე, – უხერხულად შეიშმუშნა თათია და ხურდის ძებნა გააგრძელა.

უცნობმა ხურდა ჩააგდო და მეცრე სართულის ღილაკს დააჭირა. ,,ესეც მეცრეზე მიდის”, – გაიფიქრა თათიამ და უხერხულად გაიღიმა, რადგან უცნობმა დაპატიჟება დაასწრო.

ლიფტი ნელა მოძრაობდა, თათიას ხელისგული გაუოფლიანდა, ისე ძლიერად უჭერდა გასაღებს. გული გამალებით უცემდა. მეცხრე სართული… თათიას სუნთქვა თითქოს საერთოდ დაავიწყდა. როცა ლიფტის მძიმე კარი ორი მიმართულებით გაიშალა, სადარბაზოში ხელებგაშლილი კახა დაინახა. ხალათი ეცვა, მუქი ყავისფერი და რბილძირიანი საძინებლის ფლოსტები.

თათიამ არ იცოდა, როგორ მიხვდა კახა, რომ მასთან მიდიოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი არც უნდოდა, ხელგაშლილი თავადაც კახასკენ გაემართა. ისე ღელავდა, გამოსახულებები ერთმანეთში აირია, წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სწორედ მაშინ, როცა საყვარელ მამაკაცს უნდა ჩახუტებოდა, ვიღაცის ზურგს შეეჯახა. გამოფხიზლდა. ერთადერთი, რაც დაინახა, წელს ქვემოთ ჩამოზრდილი შავი თმა იყო, რომლის პატრონიც კახას მკერდზე მიხუტებოდა.

– ხომ გითხარი, სადარბაზოში არ დამელოდო-მეთქი, გაყინულხარ, – ვნებიანი ჩურჩულით ამბობდა შავთმიანი ქალი.

თათია ზურგისკენ შეტრიალდა, გაქცევა უნდოდა, მაგრამ მის ცხვირწინ გრიალით მიიკეტა ლიფტის კარი და კაბინა ქვევით დაეშვა.

– თათია, – ძლივს გასაგონი ხმით ამოილუღლუღა კახამ, – აქ საიდან… – სიტყვა ვერ დაამთავრა კაცმა.

– გამარჯობა, კახა, – გაიღიმა თათიამ და თავდახრილი მარჯვნივ, რკინის კართან შეჩერდა. არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, ამიტომ კახას მეზობლის კარზე გაუაზრებლად დააკაკუნა.

– შევიდეთ, ნახე, რა მოგიტანე, – თათიას არ დაუნახავს, მაგრამ იგრძნო, როგორ უყურებდა შავთმიანი გოგონა მას და თან კახას მკლავზე ექაჩებოდა.

მამაკაცი გაუნძრევლად იდგა.

– ალბათ სახლში არ არიან, – უხერხულად აიჩეჩა თათიამ მხრები და ცოტა შვება იგრძნო, რომ კარი არავინ გაუღო.

– თათია… – ისევ გაიმეორა კახამ.

– ბედნიერად იყავი, – გაიღიმა ქალმა და წყვილისთვის აღარც შეუხედავს, ზურგშექცევით დაელოდა ლიფტის გამოჩენას, რომლის ხმაც უკვე ახლოდან ესმოდა.

ქუჩაში აღარავინ იყო, მანქანებიც კანტიკუნტად მოძრაობდნენ. თათიამ გზა გადაკვეთა და პატარა სკვერს შეაფარა თავი. მწვანედ შეღებილი სკამების მწკრივში მხოლოდ ერთი მიუსაფარი ზორბა ძაღლი გაწოლილიყო და უხალისოდ ყნოსავდა ბუნკერის გარშემო მიწას. ძაღლმა ნაბიჯების ხმაზე თავი წამოსწია, დააკვირდა თათიას, უხალისოდ წამოიყეფა და ისევ ძველ საქმიანობას მიუბრუნდა.

თათია ყველაზე ნაკლებად განათებულ სკამთან ჩამოჯდა, ჩანთა მუხლებზე დაიდო და ხელებს დააჩერდა. გასაღების ანაბეჭდი ჯერ ისევ გაოფლილ ხელისგულზე ჰქონდა გამოსახული. გაეღიმა.

,,გასაღები შენ გქონდეს, მინდა, იცოდე, რომ მთელი ცხოვრება დაგელოდები”, – კახას სიტყვები ხმამაღლა ისმოდა ბაღში. თათიამ თვალები დახუჭა, ისე მტივნეული იყო გადმოღვრილი ცრემლები, თითქოს გუგებიდან სისხლი წასკდა.

ტკივილმა გვიან გაირა და გარშემო ყველაფერი განათდა. ისეთი სინათლე იყო, არაფერი ჩანდა. მოულოდნელად ბავშვის კისკისის ხმამ დაარღვია სიჩუმე და თათიამ დაინახა, როგორ გამორბოდა მისკენ ცისფერკაბიანი გოგონა, გვირილები მკერდიდან ხელებში გადმოეტანა და გზადაზგა შლიდა. თათია მისკენ გაიქცა, როცა მიუახლოვდა და დააკვირდა, მიხვდა, ეს ბავშვი თვითონ იყო. დიდი ხნის წინ დაკარგული ბავშვი. მიმოიხედა, სახედასახიჩრებული მდევარიც აღარსად ჩანდა. თათიამ სიმშვიდე იგრძნო…

– დახმარება ხომ არ გჭირდებათ? – ქალს პოლიციელი წამოსდგომოდა დიდ თავზე ჩამოფხატული ვიწრო ქუდითა და კეთილი ღიმილით.

– არა, – თავი გააქნია ქალმა.

– თქვენი მისამართი, ქალბატონო.

თათიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ წამსვე გაჩუმდა და გულგრილად ჩაილაპარაკა:

– უმისამართო.

– უმისამართო? ეგ ცუდია.

თათიამ პოლიციელს შეხედა.

– დამიჯერეთ, უფრო ცუდი რამეებიც არსებობს.

პოლიციელმა კეფა მოიფხანა.

თათია ფეხზე წამოდგა, ხელში შერჩენილი გასაღები იქვე ქვაფენილზე დააგდო და ცისფერკაბიან გოგონას გაჰყვა.