მიშა ანდღულაძის მამა გულის ოპერაციის გაკეთებიდან მეხუთე დღეს გარდაიცვალა

მიშა ანდღულაძის მამა გულის ოპერაციის გაკეთებიდან მეხუთე დღეს გარდაიცვალა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

შოუმენ მიშა ანდღულაძეს მამა გარდაეცვალა. ბუხუტი ანდღულაძეს ოპერაცია გაუკეთეს – გულზე სარქველი შეუცვალეს. ოპერაცია კარგად ჩატარდა და რეანიმაციიდან პალატაშიც გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობა მოულოდნელად გართულდა. ბუხუტი ანდღულაძე ოპერაციის გაკეთებიდან მეხუთე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.

,,სარკე” მიშა ანდღულაძის ძმას, დათო ანდღულაძეს და დედას, ქალბატონ ლალი ხომასურიძეს, ესაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

დათო ანდღულაძე: ხარებადღეს, 7 აპრილს მე თვითონ წავიყვანე კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად.

– რა აწუხებდა?

დათო: გულზე ჰქონდა პრობლემა – სარქველზე და ჰაერის უკმარისობა, სისუსტე აწუხებდა. სანამ “კავკასიის მედიცინის ცენტრში” მივიდოდით სულხან ლომინაძესთან, რომელმაც ოპერაცია დაგეგმა, “ჩაფიძის ცენტრში”, ექიმ ზვიად ბახუტაშვილთან ვიყავით და მან ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა. უთხრა, ორი თვე დავაკვირდეთ, როგორ იქნებიო.

ორი თვე არც იყო გასული, სულხან ლომინაძესთან რომ მივედით და ოპერაცია მან გაუკეთა, ოღონდ მამაჩემმა თავად დაიჟინა, რადგან აწუხებდა და გამოსავლის პოვნა უნდოდა.

უცებ ფეხზე ადგებოდა ხოლმე და რომ კითხავდი, რა მოგივიდაო, ამბობდა, რომ ავდექი, ცოტა გამიარაო. კიბეზე ასვლაც უჭირდა.

– ზვიად ბახუტაშვილმა რატომ უთხრა უარი ოპერაციის გაკეთებაზე?

დათო: რეაბილიტაცია გაგიჭირდებაო, მაგრამ მამაჩემი მაინც ვერ ისვენებდა, უნდა გავიკეთოო. ვთხოვდი, ამ პანდემიის დროს მაინც შეიკავე თავი, გადაიაროს და მერე გაიკეთე-მეთქი, მაგრამ აიჩემა, მინდა, მალე კარგად გავხდეო.

ხელი რომ შემეშალა და მაშინ რამე დამართნოდა, თავს ხომ ვერ ვაპატიებდი?! ამბობდა, ამის გარდა არაფერი მაწუხებსო. სულხან ლომინაძეც ძალიან ძლიერი ექიმია. მამას აორტის ანევრიზმაც ჰქონდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ეს გულის ოპერაციის გაკეთებას ხელს არ შეუშლიდა.

ამ ანევრიზმაზეც არ დასჭირდათ ხელის ხლება, რადგან გასქელებული იყო და გასკდომის ალბათობაც ნაკლები იყო.

ნარკოზიდან ჩვეულებრივად გამოვიდა. 3 დღე რეანიმაციაში ჰყავდათ და მერე პალატაში გადაიყვანეს. ჩემი ბიძაშვილი ადგა თავზე. დამირეკა და მითხრა, ერთი წამალი, რომელიც ექიმმა შემოიტანა, დავალევინე და მეორე უნდა მიმეცა, მაგრამ უცებ თვალები გაუფართოვდა და არაბუნებრივი სახე მიიღოო.

მომენტალურად გათიშულა. თურმე მიცვივდნენ ექიმები, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გაუკეთეს… მეორედ შეიყვანეს საოპერაციოდ.

პირველი ოპერაცია 3 საათი გაგრძელდა, მეორე – 5 საათი. გამოიყვანეს და მართვით სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ჩემი ბიძაშვილისთვის უთქვამთ, შვილს დაურეკეთ, რა ვქნათ, დავტოვოთ მართვით სუნთქვაზე თუ მოვხსნათო. სანამ მივედი, მითხრეს, გარდაიცვალაო.

ექიმმა მითხრა, 1% იყო რისკი და ზუსტად ის მოხდა, აზრი არაფერს ჰქონდა. 88 წლის ადამიანისთვის გამიკეთებია ასეთი ოპერაცია და ის გამოსულა მდგომარეობიდანო. მამა 75 წლის იყო. მგონი, ფილტვიდან ატყდა სისხლდენა, ზუსტად არც კი ვიცი. ეს ოპერაცია რომ არა, შეიძლება წლები კიდევ ეცოცხლა.

ლალი ხომასურიძე: მინდოდა, ექიმისთვის მეკითხა, რატომ მოკიდა ხელი ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ვინ მიმიშვა მასთან?! ალბათ იყო ჩვენება, რომ გაეკეთებინა, მაგრამ უკვე უნდა გამოსულიყო სახლში და გარდაიცვალა… დღემდე არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე. ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მერე რა მოხდა, არც ვიცით.

დათო: ოპერაციის წინ მითხრა, ეს განაჩენივით არის ჩემთვისო. თან ეშინოდა, მაგრამ, რადგან აწუხებდა, უნდოდა, ეს პრობლემა მოეგვარებინა.

ლალი: ალბათ ბედისწერა იყო. ყველას ხომ თავისი ბედისწერა აქვს… არც იმის თქმა შეიძლება, ოპერაცია რომ არ გაეკეთებინა, კიდევ იცოცხლებდა… ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ხალხი პანაშვიდზეც ვერ მოვიდა, კორონავირუსის გავრცელების ეშინოდათ.

მიშა ანდღულაძის მამა გულის ოპერაციის გაკეთებიდან მეხუთე დღეს გარდაიცვალადათო: მხოლოდ ძალიან უახლოესი ადამიანები მოვიდნენ. მამას უამრავი მეგობარი ჰყავდა და მათგან ცოტამ გაიგო მისი გარდაცვალება და ყველა მოვიდა.

სოფელში გადავასვენეთ – ოზურგეთში, სოფელ ბახვში. სოფლის სახლში დაახლოებით ოცკაციანი სუფრა გავშალეთ. მშვიდობიანობის დროს ალბათ ასობით ადამიანი დაესწრებოდა მამაჩემის დაკრძალვას.

დაიბარა, რომ სოფელში დაგვესაფლავებინა. როგორც კი თავისუფალ დროს ნახავდა, იქ გარბოდა. სულ ნატრობდა, ნეტავ, იქ წამიყვანა და ნორმალურად დამასვენაო. იქ დაბადებული და გაზრდილი იყო. ვინ უშლიდა დასვენებას, მაგრამ საქმეს ვერ ტოვებდა.

მისი ტელეფონი არ გამომირთავს და ზოგმა არც იცის, რომ აღარ არის. რეკავენ და მე ვეუბნები. ფიზიკურად აღარ არის, მაგრამ მის სულს სულ ვგრძნობ. მინდა, მისი საქმე გავაგრძელო და ამის გამო არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ.

ერთმა დარეკა და გახარებულმა თქვა, ბუხუტ,  გაგიმარჯოსო. ვუთხარი, აღარ არის-მეთქი. კი, მითხრეს, მაგრამ არ დავიჯერე და ტელეფონზე პასუხი გამიხარდაო… არავის სჯერა, რადგან ძალიან მხნედ გამოიყურებოდა. სულ მოძრაობაში იყო.

საოცარი იუმორის გრძნობაც ჰქონდა. მიშაზე ხუმრობდა, ვუთხარი, ისეთი პროფესია არ აირჩიო, ხალხი რომ გააცინო და მიანცდამაინც ისეთი საქმე აირჩია, მართლა ხალხს აცინებსო. მიშამაც ვაჟკაცურად აიტანა მამის ასე უეცრად გარდაცვალება.

ადამიანი ცდილობ, სწრაფად გაიაზრო და შეეგუო მომხდარს. საკუთარ თავსაც ვერ ვაბრალებ. ჩვენს ახლობელს დიაბეტი ჰქონდა, სახსრები აწუხებდა. მას გაუკეთეს გულის ოპერაცია და გამოძვრა იმ მდგომარეობიდან, ეს ჯანმრთელი კაცი კი – ვერა. მამას ახლა რომ გააგებინა, რის გამო გარდაიცვალა, ალბათ თავიდან მოკვდებოდა, ეს როგორ დამემართაო.

– ქალბატონო ლალი, რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად?

ლალი: 43 წელი. გროზნოში ვსწავლობდი. ახალ წელს ჩამოვედი და მაშინ შევხვდით პირველად. ამის მერე ისევ წავედი გროზნოში და იქ ჩამომაკითხა. მალევე დავქორწინდით და საუკეთესო შვილებიც გავზარდეთ.

ფოტოებზე: მიშა მამასთან ერთად და დათო ანდღულაძე