ია ჩანტლაძე და ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან – ,,ვიტირე, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი”

ია ჩანტლაძე და  ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან - ,,ვიტირე, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

მომღერალ ია ჩანტალაძის ცხოვრებაში ულამაზესი პერიოდია – ის დედა პირველად ხდება, ტყუპებს ელოდება. ისე მოხდა, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში ქმარი მის გვერდით არ არის. იას მეულე იტალიელია – შეფმზარეული  ჯანკარლო მერკადანტე.  საქართველოდან რომში რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა, მარტში ცოლთან უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მთელ მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, საზღვრები ჩაიკეტა და ცოლ-ქმარი სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდნენ.

ია ჩანტლაძე ქართულ შოუბიზნესში გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა და მალევე პოპულარულიც გახდა. შემდეგ მან შოუდან ბიზნესში გადაინაცვლა და ახლა  წარმატებული დეველოპერია. თავისი ცხოვრების უბედნიერეს ეტაპზე და განვლილ წლებზე იამ ,,სარკესთან” ისაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

– ია, ხართ მომღერალი, ბიზნესმენი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში ახლა იწყება – დედა პირველად ხდებით, ტყუპებს ელოდებით. რა ემოცია გქონდათ, როცა ორსულობის შესახებ გაიგეთ?

– ვიტირე. ანალიზის პასუხი მაშინ მივიღე, როცა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდიოდი და ხალხმრავალ ადგილას ვიყავი. იმხელა ემოცია მქონდა, თავი ვერ შევიკავე და, სავარაუდოდ, შეხვედრაზე თვალებდასიებული მივედი.

– ბავშვების სქესი ხომ არ იცით?

– მოდი, ამ თემაზე სხვა დეტალებს არ ვიტყვი.

– როგორ ემზადებით დედობისთვის, უკვე შეიძინეთ საჭირო ნივთები?

– პირველ რიგში, ვცდილობ, გავიაზრო, რა ბედნიერება მელოდება. მინდა ვთქვა, რომ ადვილად აღსაქმელი არ ყოფილა. რაღაც მიხარია და ბოლომდე მაინც ვერ ვწვდები იმ შეგრძნებას, რაც მალე მეწვევა. ალბათ დედებს ეს ემოცია გამოუცდიათ.

ძალიან უცნაური პერიოდი დამემთხვა – ყველაფერი დაკეტილი, ჩაკეტილი… ამ ვირუსის გამო ცხოვრების განსხვავებული და ექსტრემალური პირობებია. ბავშვის ნივთებზე ფიქრს ნელ-ნელა ვიწყებ.

– პანდემიის გამო მეუღლესთან დროებით განშორება მოგიწიათ. ალბათ ამის გამო ორივე ძალიან ღელავთ.

– დიახ, ასეა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ უმნიშნელოვანეს პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში აღმოვჩნდებოდით, თუმცა რაციონალურად და იმედიანად ვუყურებ ყველაფერს, რომ მალე საზღვრები გაიხსნება და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება.

– სანამ ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, თქვენს განვლილ წლებს გადავავლოთ თვალი. სცენაზე იმ დროს გამოჩნდით, როცა საქართველოში მძიმე წლები იდგა, ქუჩაში გასვლა არც თუ უსაფრთხო იყო და არც ესტრადის სცენა გამოიყურებოდა მომხიბვლელად. ალბათ ოჯახისგანაც გქონდათ მხარდაჭერა, ასეთი არჩევანი რომ გააკეთეთ და მღერა დაიწყეთ.

– ძალიან დიდ სიყვარულში, შეიძლება ითქვას, ზღაპრულ გარემოში გავიზარდე. მშობლების მხრიდან უპირობო მხარდაჭერა მქონდა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩაშავებულ და საცოდავ 90-იან წლებში მე მქონდა ფერადი, ბედნიერი, მრავალფეროვანი და მუსიკალური ცხოვრება. იმ წლებმა ისე გაიარა, რომ მიუხედავად საერთო გაჭირვებისა, მაინც უბედნიერესი ვიყავი, თუმცა ამას წინათ ბავშვობისდროინდელი დღიური ვიპოვე და წაკითხვა გამიჭირდა, იმდენად ემოციური აღმოჩნდა. არ მეგონა, ამდენი თუ ვეძებე საკუთარი თავი და ასე მძაფრად. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ეს ძალიან კარგი იყო.

– რა მოგცათ ძიების ამ პროცესმა, რა დასკვნები გააკეთეთ, რა ღირებულებები ჩამოგიყალიბდათ?

– ის, რაც ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა, დღესაც მომყვება –  არ ვარ კონფორმისტი, შინაგანად ვებრძვი დადგენილ სტანდარტებს. პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა მქონდეს ჰარმონია, როცა რამეს ვამბობ და ვაკეთებ. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მილიონი ადამიანის ან საზოგადოებისგან დადგენილი წესები ან ქცევის ნორმები.

ყოველთვის საკუთარ გზას ვეძებდი და ვეძებ. ეს ბავშვობიდანვე გამოიხატებოდა თუნდაც ჩემი გარეგნობით – როცა გადავწყვიტე, რომ თავზე 80 ნაწნავი და დრედები მქონოდა. წარმოიდგინეთ, ეს იყო 90-იანი წლები, როცა საქრთველოში აფროამერიკელი ალბათ თვალითაც არ ჰყავდათ ნანახი და ეს ასევე გამოიხატებოდა ყოველდღიური ცხოვრებისეული არჩევანითაც.

არ მომწონს, როცა ბრმად ვხდები ისეთი სისტემის ნაწილი, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა არ მიმიღია.

– სცენაზე გამოჩენიდან მოკლე პერიოდში პოპულარული გახდით. ეს საუკეთესო წლები იყო თქვენთვის?

– მოულოდნელს უფრო დავარქმევდი იმ წარმატებას, რაც პირველივე სოლო სიმღერას მოჰყვა. პოპულარობაზე არც მიფიქრია და არც დამიგეგმავს, განსაკუთრებით იმ ასაკში. ის წლები მართლაც ძალიან საინტერესო იყო და ამ პოპულარობამ ბევრი რამ  მასწავლა.

გულწრფელად რომ გითხრათ, ყურადღების ცენტრში ყოფნა დიდად არ მიყვარს. შეიძლება მომღერლისგან ეს განცხადება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. მე პროცესი უფრო მიყვარს და ამას თუ კარგი შედეგი მოაქვს, სასიამოვნოა.

ისე არ ყოფილა, რომ პირდაპირ შედეგზე მეფიქრა, რომ სიმღერა გაჰიტებულიყო, მილიონებს მოესმინათ. ძიების პროცესი მიყვარს და ეს მაძლევს იმ ემოციას, რაც უნდა მოჰქონდეს ხელოვნებას, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის.

– ერთ პოსტში წერდით, რომ გიკვირთ, რატომ უწოდებენ ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებს. მართლა თვლით, რომ გველების გარდა არაფრის გეშინიათ?

სად იპოვეთ ეს პოსტი?! გამეცინა. გველებს რაც შეეხება, ეს ჩემი ფობიაა და შეიძლება გული გამისკდეს, სადმე ახლოს რომ გადამეყაროს. უფრო სერიოზულად კი ასე გიპასუხებთ: მგონია, რომ ქალი ძალიან ძლიერი არსებაა, უბრალოდ ბევრად უფრო ემოციურია, ვიდრე მამაკაცი და ბევრად უფრო გრძნობისმიერი, რასაც ხშირად სისუსტედ უთვლიან. ქალს თუ უნდა, რომ იყოს სუსტი, მხოლოდ მაშინაა სუსტი.

არ ვთვლი, რომ სუსტი ქალი ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს შიშები, მაგრამ ეს სიძლიერეს არ გამორიცხავს.

– ძლიერი ქალის იმიჯი ბიზნესში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია?

– ძლიერი ქალი თუ არ ხარ, ვერც იმიჯს შეიქმნი და ერთ დღეს “გაიყიდები”. იმასაც გააჩნია, სიძლიერეს რა კრიტერიუმებით ვზომავთ. სიძლიერე გამოიხატება  პიროვნულ თვისებებში, ქარიზმაში და ეს არა მხოლოდ ბიზნესში დამკვიდრებისთვის არის აუცილებელი, არამედ ყველგან. რა თქმა უნდა, პიროვნულ თვისებებს უნდა ემატებოდეს შესაბამისი კომპეტენციაც.

– ბიზნესის კეთება ნიჭია, ფულის დახარჯვა კი – სიამოვნება. რაში ხარჯავთ ყველაზე გულუხვად თანხას?

– მოგზაურობა მიყვარს. ფულის ხარჯვა მიყვარს ემოციებში, თავგადასავლებში და ნაკლებად ვარ ნივთებზე მიბმული. რაც დრო გადის, ამას უფრო და უფრო ვხვდები, თუმცა ესთეტიკური და ლამაზი ნივთები ძლიან მომწონს, თუნდაც ყოვლად გამოუსადეგარი იყოს პრაქტიკული თვალსაზრისით.

ხარჯვაც ძალიან სუბიექტური რამეა. არ მესმის რაიმე ნივთის ობიექტური ფასი, ანუ ძვირია თუ იაფი, ყველა ნივთი სუბიექტურად ძვირფასია. შეიძლება რაღაც წიგნში ისეთი თანხა გადავიხადო, რაც ვიღაცას ძალიან ძვირად მოეჩვენება, მაგრამ მე, პირადად, მიღირდეს.

ხშირად ვიხდი ფულს იმაში, რომ ვიყო მშვიდად. იმ წუთში ჩემი სიმშვიდე მეტად ღირებულია, ვიდრე რაღაც თანხის ქონა. ასევე – შეიძლება სხვა ადამიანის მიერ კონკრეტულ ნივთში გადახდილი თანხა ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყოს. საბოლოო ჯამში, ფული ჩემთვის მხოლოდ თავისუფლების და “ჩემად” ყოფნის საშუალებაა, მეტი არაფერი. ნამდვილად არ მინდა, იმდენი ფული მქონდეს, რომ თავისუფლება წამერთვას.