..ჩემი შვილი ყველაფერს გრძნობს და ხვდება, მაგრამ ვერ გადმოსცემს” – ჯაბა ბოჯგუას დედის 12 წლიანი ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

..ჩემი შვილი ყველაფერს გრძნობს და ხვდება, მაგრამ ვერ გადმოსცემს" - ჯაბა ბოჯგუას დედის 12 წლიანი ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

მანანა გვასალია 12 წელია ვაჟის, მომღერალ  ჯაბა ბოჯგუას, სუნთქვაზეა მიყურადებული, რომ არაფერი გამოეპაროს, მის შვილს უცებ რომ დახმარება დასჭირდეს. ჯაბას ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს და ლოგინს არის მიჯაჭვული.

ქალბატონი მანანას ერთადერთი იმედი  და დამხმარე დედა, ფენია ზარქუა იყო, რომელსაც გასულ წელს მუხიანში მანქანა დაეჯახა და მიყენებული ტრავმით 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დედა-შვილის მდგომარეობა ახლა უფრო დამძიმდა. ქალბატონ მანანას კიდევ ერთი სადარდელი დაემატა, რომ კორონავირუსით შვილის დაინფიცირების წყარო არ გახდეს, რადგან პროდუქტებისა და საჭმლის საყიდლად ქუჩაში გასვლა თავად უწევს.

– ქალბატონო მანანა, როგორ ხართ თქვენ და ჯაბა?

– ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ოღონდ დედამიწაზე. რა უნდა გავაკეთო, ვუძლებ, რადგან, ჩემ გარდა, ჯაბას სხვა არავინ ჰყავს. დედა მყავდა, რომლის გარდაცვალებამაც კიდევ ერთხელ გამანადგურა.

– ჯაბას მუდმივი ყურადღება სჭირდება. როგორ ახერხებთ სახლიდან გასვლას სურსათისთვის და სხვა საჭირო ნივთებისთვის?

– ახლო მდებარე მარკეტსა და აფთიაქში გავდივარ. როცა ჯაბას ვაჭმევ და გადავაბრუნებ,  სახლს ვკეტავ და გავრბივარ. რა ვქნა, რომ არ გავიდე, ჩვენ სხვა არავინ გვყავს. თუ მაღაზიებში დიდი რიგებია, ცალკე ვდგავარ და ჩემს ჯერს ვუცდი. კორონავირუსის ძალიან მეშინია.

– თქვენი კარგად მესმის, ჯაბა რისკჯგუფშია და ძალიან მოსაფრთხი-ლებელია.

– რა თქმა უნდა, კიდევ ვირუსი გვინდა?! მე-12 წელია დავირუსებულები ვართ! ღამით როცა ვწვები, სინათლე ანთებული მაქვს, რომ ჯაბას სახეზე ვუყურო, რადგან ფერით და სუნთქვით ვხვდები, როდის არის კარგად და როდის – ცუდად. დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი მძინავს, შეიძლება  ნაკლებიც, ყოველ შემთხვევაში, მეტი ნამდვილად – არა.

– როგორია მისი მდგომარეობა, უმნიშვნელო ცვლილებებიც არ შეინიშნება?

– ისეა, როგორც გასულ წლებში – არც უკეთესობაა  და არც უარესობა. მედიკოსები ამბობენ, რომ სტაბილურად მძიმედ არის და წლებია ასე მოვდივართ.

– თუ ესმის, ან გემოს და ყნოსვის შეგრძნება თუ აქვს?

– 100 პროცენტიანი შეგრძნება აქვს. ნემსის გაკეთება არ უყვარს, ოთახში შუქს რომ ვანთებ ან ვაქრობ, ხვდება. კარზე კაკუნიც ესმის, ყველაფერზე რეაქცია აქვს. მძინარეს რომ ხელი მოჰკიდო, მაშინვე თვალს გაახელს და თითქოს გეკითხება, რა მოხდაო.

ამას წინათ ცხვირის წვეთები ჩავაწვეთე, საყლაპავში გადაუვიდა და ისე დაიჭყანა, სახეზე  ეწერა, ეს რა გამიკეთეო. ყველაფერს ხვდება, უბრალოდ გადმოცემის საშუალება არ აქვს.

– თუ ესაუბრებით და უყვებით სიახლეების შესახებ?

– მე სულ ვლაპარაკობ, ყველაფერს ვუყვები. ჯაბას ყველაფერი არ ესმის, მაგრამ რაღაცები ჩაესმის. ამას წინათ სახეზე ხელი მოვკიდე და  გამომეტყველებით მაგრძნობინა, რატომ მომკიდეო.

– ისევ ზონდით კვებავთ?

– დიახ, ზონდი უდევს კუჭში, რომელსაც ყოველ სამ თვეში ერთხელ ვუცვლით. ამერიკიდან ვიწერთ, აქაური ჯაბას არ ადგება, რადგან კარგი არ არის.  ახლა ძალიან ვნერვიულობ, არ ვიცი, როგორ გამოვიწერთ.

წამლებით მომყავს აქამდე. ექიმები მეუბნებიან, არ გაუკეთოო, მაგრამ მაინც ვუკეთებ. ვცდილობ, არაფერი მოვაკლო. ნაწოლები არ აქვს, რადგან მუდმივად ვაბრუნებ. რკინის საწოლი მომცეს და ამდენ ტრიალ-ტრიალში მოირყა. თვითონაც მთხოვს, დიდი ხანი არ უნდა ერთ მხარეზე წოლა.

– ახლა დედაც არ გყავთ გვერდით, რომ ეს შრომა როგორმე შეგიმსუბუქოთ.

– ასეა… ძაღლები ძალიან გვიყვარს. სახლში 15 წელი გვყავდა ძაღლი, რომელიც, ჯაბას ამბავი რომ მოხდა, ავად გახდა. ერთი კვირა ჩემი შვილის საწოლიდან არ ჩამოსულა, მერე ტვინი გაეთიშა და მოკვდა.

ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ დედას ძაღლები ძალიან უყვარდა. კორპუსთან მუდმივად აჭმევდა. როგორც მითხრეს, იმ დღესაც ძაღლებისთვის უნდა ეჭმია ქუჩაში, ამ დროს ფეხი გადაუბრუნდა და მოძრავ მანქანას დაეჯახა.

იქ რომ მივედი, დედა სასწრაფოს მანქანაში დამხვდა. ვიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად იყო. სასწრაფოს მედიკოსებმა მითხრეს, კლინიკაში არ მოგვყვება, სახლში წაიყვანეთ და, მდგომარეობა თუ გაუარესდება, მერე გამოგვიძახეთო.

სასწრაფოს იმ ბრიგადაზე ძალიან გაბრაზებული ვარ! რომ ეთქვათ, დაარწმუნეთ, კლინიკაში წავიყვანოთ, ასაკოვანი ქალია, იქნებ რა სჭირსო, დედას არც ვკითხავდი, ისე წავიდოდით სამედიცინო დაწესებულებაში.

სახლში მიყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ სუნთქვა შეეკრა. სასწრაფო რომ გამოვიძახე, მითხრეს, სავარაუდოდ, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობაა და ოპერაციას ხვალ გავუკეთებთო. თურმე ღვიძლი ჰქონია გახეთქილი და სისხლი იქცეოდა! ღვიძლზე სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, გონზეც მოვიდა, უცებ კი ექიმმა დამირეკა, თრომბი განუვითარდა და გარდაიცვალაო.

84 წლის ასაკშიც  ჩვენი დიდი იმედი იყო, ჩვენზე ზრუნავდა, ყველაფერი მოჰქონდა. მე არსად გავდიოდი, სულ ჯაბასთან ვიყავი.

– იმქვეყნადაც ჯაბას და თქვენი დარდით წავიდა…

– ჯაბას ჯავრი ძალიან ჰქონდა. საავადმყოფოშიც მას ახსენებდა, გამიშვით, ჯაბას ვჭირდებიო. ძალ-ღონით სავსე ქალი იყო, ჩემზე მეტი ენერგია ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გვედგა გვერდით და დაგვაკლდა, მისმა წასვლამ სულიერადაც გაგვტეხა. მე და ჯაბა მარტო დავრჩით, მეტი არავინ გვყავს.

ჯაბა წლების განმავლობაში ტრიალებდა შოუბიზნესში, ბევრი მეგობარიც ჰყავდა. არ გეხმარებიან ისინი?

– წლების წინ საავადმყოფოში როცა იყო, მაშინ მოდიოდნენ, ახლა უკვე – აღარ. ოთხი მეგობარია, რომლებსაც არ სურთ სახელების და გვარების გახმაურება და მუდმივად გვეხმარებიან.

– სახელმწიფო არ გიდგათ გვერდით?

– ხელისუფლება შეძლებისდაგვარად მეხმარება. ბინის ქირას მიხდიან, რაც ჩემთვის დიდი შეღავათია…

ერთადერთი ოცნება მაქვს, რომ ჯაბამ შემომხედოს, დედა დამიძახოს და ზონდის გარეშე დაიწყოს ჭამა. ჩემთვის ყველა სხვა ოცნება გაჩერდა. აღარაფრის იმედი მაქვს, სიზმარსაც კი ვეღარ ვნახულობ.

სურვილი მქონდა, რომელიმე ნათელმხილველთან მივსულიყავი, მაგრამ ასეთი არავინ ვიცი. მერე ისიც ვიფიქრე, რომ ყველაფერი უფლის ნებაა.

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე: ,,თიბისი ბანკი” –  GE26TB7447145061600017

მიმღები მანანა გვასალია