მამა გიორგი: ,,ზოგჯერ ადამიანი ტაძარში წლების განმავლობაში დადის, მაგრამ სულიერი წინსვლა არ ეტყობა”

მამა გიორგი: ,,ზოგჯერ ადამიანი ტაძარში წლების განმავლობაში დადის, მაგრამ სულიერი წინსვლა არ ეტყობა"მაინც რა მადლს იღებს ადამიანი წირვა-ლოცვიდან და ზიარებიდან? ხშირ შემთხვევაში ეს არც იმ ადამიანებმა იციან, რომლებიც დიდ დროს ტაძრებში ატარებენ და არც მათ, ვინც ეკლესიური ცხოვრებისგან შორს არის.

ამ ეკლესიურ საიდუმლოებას ,,სარკესთან” წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე ასე განმარტავს:

– წირვა – ეს წმინდა საიდუმლო ღმერთმა მოგვცა იმისთვის, რომ მეტად აღვიქვათ ის, რისთვისაც ამქვეყნად ვართ მოსული. არ აქვს მნიშვნელობა, ცოდვილი ვართ თუ უცოდველი, წირვა უდიდესი შეწევნაა თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც ზეციდან გამოწვდილი ხელი.

წირვა ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი შეზღუდულობისგან. ჩვენი სულიერი მიზანიც ის არის, რომ შევმსუბუქდეთ იმ შინაგანი ნაგვისგან, რასაც ყოველდღე ვკრეფთ და გვაწუხებს.

ცოდვა კრავს და სულიერ თავისუფლებას უზღუდავს ადამიანს. ცოდვისგან შეკრული ადამიანი კი წირვაზე თავისუფლდება მადლით, ზიარებით.

წირვა არის თითქმის მთელი ჩვენი ცხოვრება პატარა ინტერვალში აღებული, კიდევ ერთხელ გააზრება ადამიანის სულიერი ცხოვრებისა და შინაგანი განწმენდის პროცესი. წირვაზე ლოცვისას ვიღებთ ღვთის დიდ მადლს, რასაც არ შეიძლება ადამიანი ასცდეს.

წირვაზე ლოცვის მადლით აღვსილი ადამიანი უფრო კარგად აფასებს იმას, რასაც გარშემო ხედავს, უფრო მეტად მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ. მისი ცხოვრება უფრო მშვიდი და წყნარი ხდება. იწყებს სულიერზე ფიქრს და არა – იმაზე, რა შეიძინოს და რაში დახარჯოს ღვთის მიერ მისთვის მიცემული ძვირფასი დრო.

არ უნდა დავკარგოთ კავშირი ღმერთთან და მარადიულობასთან. წირვა და ლოცვა ადამიანს აწესრიგებს, ანუ ვხდებით იმაზე უკეთესები, ვიდრე ვართ.

– ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში დადის ეკლესიაში, მაგრამ მაინც არ ესმის, რა ღვაწლია ეს.

– მართლმადიდებლური ასკეზა – ლოცვა, მარხვა, მეტანიები და სხვა ასკეტური რიტუალები ზოგისთვის ფანატიზმი ან თვითგვემაა, მისთვის გაუგებარ ღვაწლს წარმოადგენს. ვინც წინააღმდეგობას არ გაუწევს ამა სოფლის, ასევე სხეულის ცხოველურ მიდრეკილებებს, ვინც არ განიცდის მოთმინებისა და თავშეკავების ტანჯვას, ვისაც ეშინია მარხვისა და ღვაწლისა, მას არ სურს გადარჩენა.

წირვაზე რწმენით მოსულ ადამიანს თანდათანობით სადღესასწაულო განწყობა ეუფლება და ცხოვრებაში უფრო ნათელ და მკვეთრ ფერებს ხედავს.

– ყველაზე გადადის მადლი, ვინც კი წირვას დაესწრება?

– წირვის მადლი მაშინ შეგვეწევა, თუკი ჩვენ განვიწმინდავთ გონებასა და გულს, ანუ ჩვენც შევეწევით საკუთარ თავს. იესო ქრისტემ გამოგვიხსნა, მაგრამ, როცა ადამიანი ამ გამოხსნას ისისხლხორცებს წმინდა ზიარებით, მაშინ მასზე სრულად ვრცელდება შეწევნა ღვთისა.

რატომ ვეუბნები მრევლს, რომ ხშირად ეზიაროს? იმიტომ, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან დიდი ბრძოლები და წინააღმდეგობებია. იფიტება ადამიანი, გარშემო ისეთი ენერგოვამპირული პროცესები მიდის. ადამიანი ენერგიას კარგავს სამსახურში, გზაში, ტრანსპორტში. იგი ღია სისტემაა, მასში ბევრი რამ შედის და გამოდის კიდეც, ამიტომ მუდმივად შეერთებული უნდა იყოს მადლის იმ წყაროსთან, როგორიც არის წმინდა ზიარება.

– როგორ აისახება ამ მადლის მოქმედება ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე?

– როცა ადამიანში მადლი შემოდის, ის ისეთივე აღარ არის, აღტაცებულია. როგორ შეიძლება, ადამიანი წირვიდან გამოვიდეს და უხეში, აგრესიული, ტლანქი, დეპრესიული იყოს? უკეთესი უნდა იყოს, შესაძლოა ნახტომებით – არა, მაგრამ მცირედით მაინც.

ხდება ხოლმე, ადამიანი მადლს მიიღებს, სულიერი კრიზისიდან გამოდის და მერე უმალ ისევ იმ კრიზისში შედის. არ უნდა იყოს ასე. მადლს რომ მივიღებთ, მას გაფრთხილება სჭირდება. ზოგჯერ ადამიანი ტაძარში წლების განმავლობაში დადის, მაგრამ წინსვლა არ ეტყობა. ერთ ადგილზე დგომა კი უკუსვლას მოასწავებს.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ შევასრულოთ ის დიდი დავალება, რასაც ჰქვია სრულყოფილება და ქრისტესადმი მიმსგავსება, რომლის შესასრულებლადაც წირვა ყველაზე კარგი საშუალებაა.