მაკა რაზმაძე: ,,მეგობრები რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი”

მაკა რაზმაძე: ,,მეგობრები რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

მაკა რაზმაძე, რომელსაც ტელეკომპანია “იბერიაში” ხმაურიანი ტოქ შოუ  მიჰყავდა, ამ არხიდან უხმაუროდ წამოვიდა, მაგრამ დიდი ტკივილითა და სულიერი ტრავმებით. თავის დროზე ამის შესახებ ხმამაღლა არ ულაპარაკია. ის ადამიანები დაინდო, რომლებიც ცუდად მოექცნენ, უფრო მეტიც, როგორც ამბობს, მის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს. ეს დარტყმა არამარტო მის კარიერას, პირადსაც შეეხო. მაშინ მისთვის ორივე ერთდროულად დამთავრდა.

ახლა მაკა ტელეკომპანია ,,იმედში” ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერია – ,,სიცრუის დეტექტორის”. თავისი ახლანდელი საქმიანობით კმაყოფილია, ეს შოუ ძალიან უყვარს და მასთან განშორებას არ აპირებს (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

– მაკა, კოვიდ-19-მა ბევრ ტელეშოუს შეუქმნა პრობლემა. თქვენც ხომ არ შეგაფერხათ და, ზოგადად, როგორ შეცვალა თქვენი დღის წესრიგი?

– კოვიდ-19-მა ჩემი დღის წესრიგი კი არა, მთლიანად დედამიწა შეცვალა და ჯერჯერობით მეც ამ დედამიწაზე ვცხოვრობ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც რაღაცები შეიცვალა. რაც შეეხება გადაცემას, მუშაობა ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია. იგივე სამუშაო რეჟიმი მაქვს, რაც პანდემიამდე მქონდა.

რა თქმა უნდა, თავიდან ჩაწერები შეწყდა, რადგან შენობაში უცხო პირების შემოსვლა აიკრძალა. ამის გამო სტუმრები ვერ მოგვყავდა. იყო პერიოდი, როცა პავილიონში მხოლოდ მე და მემონტაჟე ვიყავით, მაგრამ გადაცემების მარაგი იყო, წინსწრებით გვქონდა ჩაწერილი. მერე ნელ-ნელა ჩაწერის ნებართვა მოგვცეს, ოღონდ მხოლოდ შიდა რესურსით.

სხვათა შორის, ამ პერიოდში ძალიან საინტერესო გადაცემები ჩავწერეთ, რომლებსაც მაყურებელი  მალე იხილავს. გადაცემის გენერალური პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, წამყვანი – გიორგი გასვიანი, ჩვენი პროდიუსერი გოგონები, ოპერატორები, მონტაჟის რეჟისორი – ეს ადამიანები ისეთი კომფორტულები არიან მუშაობაში, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებშიც კი არც ტემპი დაგვიგდია და არც ხარისხი.

– ალბათ მოწვეულ სტუმრებს საგულდაგულოდ ამოწმებთ და მათი დარწმუნებაც გიხდებათ, რომ გადაცემაში მოსვლა უსაფრთხოა.

– ამას კითხვაც არ უნდა. “იმედი” ფედერალური ტელეკომპანიაა, რომელიც ზედმიწევნით იცავს ქვეყანაში არსებულ კანონებს და, რა თქმა უნდა, აქ ყველა პროტოკოლი დაცულია. ყველა პავილიონის შემოსასვლელში კიდია სადეზინფექციო ხსნარი, დევს ერთჯერადი ხელთათმანების ყუთი და სტუდიაში დაცულია დისტანცია.

რას ნიშნავს ფედერალური ტელეკომპანია?

ამაში ვგულისხმობ მსხვილ ტელეკომპანიას.

რეიტინგული გადაცემის პროდიუსერი ხართ, მაგრამ არ ჩანხართ ეკრანზე. ხომ არ აპირებთ საავტორო გადაცემით დაბრუნებას?

გარკვეული წინადადებები არის და სხვადასხვა ვერსიები განიხილება. ვნახოთ, წინასწარ ლაპარაკი არ ღირს. თუ გადაწყდება, ისედაც ყველა გაიგებს. სხვა გადაცემა კიდეც რომ დავიწყო, “სიცრუის დეტექტორი” ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უსაყვარლესი პროექტია და, სანამ ნოე არ გამაგდებს, ამ გადაცემას ისე არ დავტოვებ.

– გვახსოვს თქვენი მწვავე და ცხელი ტოქ შოუები “იბერიაზე”, მაგრამ შემდეგ ტელეკომპანიის დატოვება მოგიხდათ. მახსოვს, ნაწყენიც იყავით ტელეარხის იმდროინდელ ხელმძღვანელობაზე. გაგიარათ წყენამ?

წყენა?! იმედია, ხუმრობთ! როგორც მახსოვს, იმ პერიოდში თქვენც “იბერიაში” მუშაობდით და, როგორც ჟურნალისტი, რაც ჩემ მიმართ მაშინ იქ განხორციელდა, იმას წყენად აფასებთ?! ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური ქმედება, კანონით დასჯადი საქციელი.

მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ასე შეაფასეს, რომ ჩემ მიმართ განხორციელდა ნამდვილი კრიმინალი და, მე რომ მათთვის დამეჯერებინა, მეჩივლა და ამ საქმისთვის მსვლელობა მიმეცა, დღეს ვიღაცები ციხეში თუ არა, მინიმუმი, პროფესიის გარეშე და მგლის ბილეთით ისხდებოდნენ.

ასე რადგან არ მოვიქეცი, დავინდე, ხმა არ ამოვიღე და სკანდალის გარეშე წამოვედი, ამის შესახებ აღარც ახლა ვილაპარაკებ. ჩემთვის დღემდე არც ბოდიში მოუხდია არავის და არც საკუთარი ამაზრზენი საქციელი უნანიათ. უფრო მეტიც,  შემდეგ შანტაჟისა და დაშინების მთელი ნაკადი წამოვიდა ჩემ წინააღმდეგ.

წარსულით არ ვცხოვრობ, შურისმაძიებელი არ ვარ. ვიდარდე, დავასრულე და ჩემი გზა გავაგრძელე. არც ის მადარდებს, მერე მდინარე ვის და რას ჩამოატარებს. ბოლოს ისედაც გამოჩნდა, ვინ როგორი  იყო და სადაა დღეს ,,იბერია”. ასე რომ, ჩემი ცხოვრება  გავაგრძელე.

– ბევრი ხმაურიანი და რეზონანსული რეპორტაჟი გქონიათ, ბევრი მასალა სიცოცხლის რისკის ფასად მოგიპოვებიათ, თუმცა მგონია, რომ აფხაზეთის ომის გაშუქება მაინც გამორჩეული იყო თქვენთვის.

– მე ე.წ. ცხელი წერტილების ჟურნალისტი ვიყავი და სულით ალბათ ახლაც ვარ, რადგან ჩვენს პროფესიაში ყოფილები არ არსებობენ. თითქმის ყველა ომი მაქვს გაშუქებული, რაც საქართველოში ყოფილა. აფხაზეთი ამ ომებს შორის ყველაზე ხანგრძლივი იყო და, რა თქმა უნდა, მოსაგონარიც მეტია. ამ ომმა ულამაზესი ახალგაზრდები შეიწირა, მათ შორის – ჩემი 18 წლის ძმა, გიორგი და ამის დავიწყება შეუძლებელია.

სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ომი წავაგეთ, ერთმანეთსაც კი ვესროლეთ. დასაბრუნებელი გვაქვს წაგლეჯილი ტერიტორიები,  ჩვენს ქვეყანას გამარჯვება ჯერ კიდევ წინ აქვს და იმედია, ამჯერად უკვე ომის გარეშე.

– გარდა იმისა, რომ გიორგი გასვიანი გადაცემის წამყვანია, ვიცი, რომ საუკეთესო მეგობრები ხართ. მოგვიყევით თქვენი ურთიერთობის შესახებ.

– გიორგი გასვიანზე რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც მან საკუთარი საქციელით არ თქვა ყველას წინაშე. “იბერიაში” თანაწამყვანები ვიყავით და ის საშინელი პერიოდი, რომელზეც ახლა ვილაპარაკეთ, სწორედ გიორგიმ გადამატანინა. ის რომ არ ყოფილიყო, შეიძლება დღეს ცოცხალიც აღარ ვყოფილიყავი, მაშინ იმდენად დიდი იყო ჩემი ტრავმა და ტკივილი.

გიორგი არის ადამიანი, რომელსაც ღალატი არ შეუძლია, უსამართლობას არ ეგუება და, მარტოც რომ დარჩეს უსამართლობასთან ბრძოლაში, სიმართლეს მაინც ბოლომდე გაიტანს.

უნიჭიერესი ადამიანია და ალბათ ამიტომაც აქვს საოცარი უნარი სხვა ადამიანების დაფასების, გატანის, პროფესიული დახმარების. ბევრჯერ მინახავს, როგორ კბილებით დაუცავს კოლეგა, დახმარებია ისე, რომ მას ამის შესახებ არც არაფერი გაუგია. ბედნიერია ის ადამიანი, ვისი მეგობარიცაა და,ესე იგი მეც ბედნიერი ვარ.

გიორგი მუშაობაშიც უმაგრესი პარტნიორი და კოლეგაა. ჩვენ ძალიან მაგრად გამოგვდის თანამრომლობაც და მეგობრობაც. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მას შემახვედრა და ჩემი საუკეთესო მეგობარია.

– სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა, სოციალურ ქსელში ვხედავდი, რომ მეგობრები ფაქტობრივად ყოველ საღამოს ერთად იყავით. დღეს ისევ იკრიბებით?

მაკა რაზმაძე: ,,მეგობრები რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი"– როცა ადამიანებს ერთმანეთი უანგაროდ უყვართ, მათ რა კორონა აიძულებთ, ერთიმეორე არ ნახონ?! “იბერიის” ამბები გავიხსენეთ და მაშინ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი პერიოდი სწორედ მეგობრებმა გადამატანინეს. გიორგი გასვიანი და ანრი ჯოხაძე (მომღერალი – რედ.შენ.) ისე დამატარებდნენ ხელჩაკიდებულს, როგორც პატარა ბავშვს. რამდენი უძილო ღამე გაგვითენებია…

გიო გასაოცარ მჭადებს აცხობს, ანრი – ისეთ ბლინებს, ვერავინ რომ ვერ შეედრება და ასე გადიოდა დღეები მათი ზრუნვითა და მხარდაჭერით. სანამ ცოცხალი ვარ, ამ სიკეთეს რა დამავიწყებს?! თემო თათარაშვილი (მომღერალი – რედ.შენ.) ისეთი მეგობარია, არ ვიცი, მის ამაგს ოდესმე თუ გადავიხდი. კორონავირუსის მიუხედავად, მეგობრები ახლაც ერთად ვართ – ირმა ზარიძე, დალი ჩიტალაძე, თიკა შერაზადიშვილი (შერი), მაგდა ბერსენაძე, მაგდა ჯოხაძე. რუსიკო კაჭარავა და რუსიკო ჩხაიძე –  გიოს და ანრის დედებიც ჩვენი მეგობრები არიან.

დალის ლეგენდარული შუ ისევ მზადდება მეგობრებისთვის და 9 საათამდე ვასწრებთ ათვისებას. მოკლედ, ნიაზ დიასამიძეს (უფროსს) დავესეხები და ვიტყვი, რომ ჩვენი მეგობრობა ისევ “კრუგლოსუტოჩნია”.

– გავბედავ და გკითხავთ, რა ხდება მაკა რაზმაძის პირადში?

– პირადიც იმ ძველ, “იბერიის” დროინდელ პერიოდს გავაყოლე. არც ამ თემაზე მილაპარაკია არსად და არც ვაპირებ. რაც მიდის, ის გუშინდელი დღეა და რაც უნდა მწარე იყოს, მაინც უკვე წარსულია.

– ქალი კაცის გარეშე ბედნიერია?

– რას გაიგებ, ბედნიერება სხვადასხვაგვარია.

– დაბოლოს, რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?

– დედამიწით დავიწყე და ისევ დედამიწით დავასრულებ – დედამიწა გააჩერა კოვიდ-19-მა, მთელ მსოფლიოს დალაგებული გეგმები თავდაყირა დაუყენა და მე რა გეგმები უნდა მქონდეს? ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი, რომ სიცოცხლე უფრო დავაფასე, უფრო შემიყვარდა და ამიტომაც სიცოცხლის გაგრძელებას ვაპირებ. მერე – ვნახოთ.