ლავრენტი ბერიას ცოლს სჯეროდა, რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო – რა უამბო რაულ ჩილაჩავას ბერიას ერთადერთმა ვაჟმა

ლავრენტი ბერიას ცოლს სჯეროდა, რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო - რა უამბო რაულ ჩილაჩავას ბერიას ერთადერთმა ვაჟმა,,სარკე”, ლია ოსაძე

მკვლევართა შეფასებით, საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი 13 მილიონი ადამიანი გახდა. ყველაზე სისხლიანი 1937-1938 წლები იყო. ეს პერიოდი  ისტორიაში ,,დიდი ტერორის” სახელით შევიდა. მხოლოდ ამ წლებში, მინიმუმი, 1,7 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს, 725 ათასი კი დახვრიტეს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეს მონაცემები ზუსტი არ არის და მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით დიდია.

ამ ტერორს სათავეში ორი ძლიერი ფიგურა ედგა, ორივე ქართველი – სტალინი და ლავრენტი ბერია. ს რომ ის სისასტიკე, რასაც ბერიას შესახებ ყვებიან, გადამეტებულია და ნიკიტა ხრუშჩოვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სხვა პოლიტმუშაკებს სისხლიანი ხელები ამ ორ პიროვნებაზე შეეწმინდათ.

უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა  და პუბლიცისტმა, რაულ ჩილაჩავამ, 1992 წელს გამოსცა წიგნი ,,ლავრენტი ბერიას ვაჟი მოგვითხრობს”, რომელიც 100.000-იანი ტირაჟით გამოვიდა და მალევე გაიყიდა. თავად ავტორი არაერთხელ შეხვდა ლავრენტი ბერიას ერთადერთ ვაჟს და სწორედ მასთან საუბრების სედეგად დაწერა წიგნი.

ამ შეხვედრების შესახებ ბატონი რაული ,,სარკის” მკითხველებს მოუთხრობს:

_ სერგო ბერია 2000 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ 1953 წელს საბჭოთა სპეცსამსახურებმა მამამისი საკუთარ სახლში მუხანათურად მოკლეს. მაშინ სერგო ბერია 29 წლის გახლდათ. მას მამისგან არაფერი დარჩა, არც საფლავი, არც ნივთები, არც წიგნები, არც საბუთები, არც გვარი.

_ გვარი რატომღა აღარ დარჩა?

_ იძულებული გახდა, დედის გვარზე გადასულიყო.  დედამისი ნინო გეგეჭკორი გახლდათ. ლავრენტი ბერიას მეუღლე 1991 წელს გარდაიცვალა. დედის  ანდერძის თანახმად, ბატონმა სერგომ ნინო გეგეჭკორი თბილისში დაასაფლავა.

_როგორი იყო სერგო ბერიას ცხოვრება მამის სიკვდილამდე?

_ საკმაოდ წარმატებული იყო, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-პოლკოვნიკი, ლენინის ორდენის კავალერი, სტალინური პრემიის ლაურეატი, მსხვილი საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი გახლდათ. ამ დამსახურებების მიუხედავად, დედასთან ერთად ციხის ტუსაღი გახდა.

სერგო ვაჟკაცურად შეხვდა ბედის სასტიკ განაჩენს, არ გატყდა  და არ დაჰყვა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთა ნებას, რომლებსაც მისგან მამის აუგის მოსმენა სურდათ. ეს სიჯიუტე მას ურალში ათწლინ გადასახლებად დაუჯდა.

ნახევარ საუკუნეზე მეტი სამშობლოს გარეთ გაატარა, მაგრამ მაინც მშვენიერი მოქართულე იყო. პენსიაზე გასვლის შემდეგ სულ შინ დაბრუნებაზე ფიქრობდა, თბილისში ქარხნის აშენებას აპირებდა, სურდა, ძნელბედობის ჟამს საქართველოს მხარში ამოდგომოდა, მაგრამ ოცნება ვერ აისრულა.

სერგოს ცოლად ჰყავდა მწერალ მაქსიმ გორკის შვილიშვილი, მართა პეშკოვა, რომელიც სამი-ოთხი წელიწადი ქმართან ერთად გადასახლებაში იყო. მათი ვაჟი პატიმრობაში დაიბადა და სერგო დაარქვეს. შვილისთვის საფრთხე რომ აერიდებინათ, დედის გვარზე დაწერეს.

სერგო ბერიას უფროსმა ქალიშვილმა, ნინომ,  სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ფინელზე გათხოვდა და ქმრის სამშობლოში ცხოვრობს. უმცროსი ქალიშვილი, ნადეჟდა, თბილისელ მამაკაცზე გათხოვდა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

ვაჟმა, სერგომ, კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. 2 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ არ ისურვა, ბერიას შვილიშვილს განათლება საქართველოს დედაქალაქში მიეღო და იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა.

_ რეპრესიები ლავრენტი ბერიას ოჯახის სხვა წევრებსაც შეეხოთ?

_ ლავრენტი ბერიას ერთადერთი და ჰყავდა – ანეტა, რომელიც ყრუ-მუნჯი იყო. ძმის სიკვდილის შემდეგ ქმარ-შვილთან ერთად აბაკანში გადაასახლეს. სასჯელის მოხდის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი თბილისში ცხოვრობს. ლავრენტი ბერიას დედის მხრიდან ჰყავდა ნახევარძმა – კაპიტონ კვარაცხელია.

_ ლავრენტი ბერიას დედა ვინ იყო?

_ დედა მართა ჯაყელი გახლდათ. ის ეკლესიაში დადიოდა და ქრისტიანული ცხოვრების წესს იცავდა. სერგო ბერიამ ბებიამისზე ერთი ამბავი  გაიხსენა: თურმე სერგო სკოლაში ოქტომბრელ უღმერთოთა წრეში ყოფილა გაწევრებული. ერთხელ მას ბებიის ძველი ხატი გაუფუჭებია. სამსახურიდან შინ დაბრუნებულ  ლავრენტი ბერიას შეუნიშნავს, რომ დედამისი ნაწყენი ყოფილა.

ბებიას შვილიშვილი არ დაუბეზღებია, მაგრამ პატარა სერგოს მამისთვის თავად მოუყოლია ყველაფერი. ლავრენტი ბერიას გაფუჭებული ხატი გამოუტანია და ცოლისთვის პოზირება უთხოვია. ორი საათი ხატავდა. მერე ნახატი ჩარჩოში ჩაუსვამს და დედისთვის მიუცია, თან ღიმილით უთქვამს, ბავშვს, აბა, რა უნდა მოსთხოვო, ის  ჩვენი დროის აღზრდილიაო.

_ ლავრენტი ბერია კარგად ხატავდა?

_ კი, ძალიან კარგად ხატავდა. მუშაობდა ზეთით, აკვარელით, ნახშირით. თავის ნამუშევრებს ირონიულად უყურებდა, მაგრამ მხატვრებთან მეგობრობდა და ფერწერის სიყვარულსაც არ მალავდა. უნდოდა, სერგო მხატვარი გამოსულიყო.

სხვათა შორის, ლავრენტი ბერიამ დამოუკიდებლად შეისწავლა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. ამ ენებზე მას ნებისმიერი ლიტერატურის წაკითხვა შეეძლო. რუსულად ქართული აქცენტით ლაპარაკობდა, მაგრამ უშეცდომოდ წერდა. დილით ორი-სამი საათი აუცილებლად მუშაობდა, სხვადასხვა მასალებს კითხულობდა. საკდესისა (საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტო _  რედ.შენ.) და დაზვერვის მასალების ჩათვლით, დღეში 300-400 გვერდი გამოსდიოდა.

_ როგორ გაიცნეს ერთმანეთი ლავრენტი ბერიამ და ნინო გეგეჭკორმა?

_ ნინო გეგეჭკორი 1905 წელს დაიბადა მარტვილში. მამა, თეიმურაზ გეგეჭკორი, აზნაური იყო, დედა,  დარიკო ჩიქოვანი _ თავადის ქალი. 1917 წელს 70 წლის  თეიმურაზი მეფის საწინააღმდეგო გამოსვლას ჩაუდგა სათავეში და სტრაჟნიკის ტყვიას ემსხვერპლა. ნინომ თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა. დედაქალაქში ობოლ გოგონას ბიძამისი, ცნობილი ბოლშევიკი, საშა გეგეჭკორი მფარველობდა.

ლავრენტი ბერია საშასთან ერთად იჯდა ერთ საკანში. ნინოს ბიძასთან ამანათი მიჰქონდა და ლავრენტი ბერია სწორედ ასე, ქუთაისის ციხეში გაიცნო.  საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ლავრენტი ბერია საშასთან ძმისშვილის ხელის სათხოვნელად მისულა,  მაგრამ უარი მიუღია – რა დროს ნინოს გათხოვებაა, ჯერ ბავშვიაო. ნინო კი ცოლად მაინც გაჰყოლია.

საბოლოოდ ნინომ თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი და ასპირანტურა დაამთავრა, საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში დაიცვა.

_ როგორი ურთიერთობები ჰქონდათ ცოლ-ქმარს,  როგორი იყო ლავრენტი ბერია ოჯახში?

_ ოჯახში ალერსიანი და დამთმობი ყოფილა. როგორც მისი შვილი ყვებოდა, მამას ის არასოდეს უცემია, არც დაუსჯია. შვილის აღზრდას დიდ ყურადღებას უთმობდა. თავად ურჩევდა, რა წაეკითხა.

ცოლს  სათუთად ეპყრობოდა, თუმცა კამათობდნენ კიდეც. ქალბატონი ნინო ვერ ეგუებოდა ქვეყანაში გამეფებულ დასმენასა და დევნას და დავაც ამაზე მოსდიოდათ.

_ ცოლქმრული ღალატის გამო არ კამათობდნენ?

_ წლებია ლავრენტი ბერიაზე ლაპარაკობენ, როგორც სექსუალურ მანიაკზე, რომლის მსხვერპლნი  ხდებოდნენ ჯერ ქართველი, მერე კი მთელი საბჭოთა კავშირის ლამაზმანები. ჩემი აზრით, ეს ხმები გადაჭარბებულია. ლავრენტი ბერია ნორმალური მამაკაცი იყო და ცოლთან  გულწრფელი ურთიერთობა ჰქონდა.

რამდენადაც ვიცი, თბილისში მას შეუყვარდა ერთი ქალი, ცნობილი ოჯახის შვილი, რის გამოც ქალბატონმა ნინომ შავი დღე აყარა ქმარს.

_ მაშინ რა ვუყოთ ცნობას იმის შესახებ, რომ ლავრენტი ბერიას პირადი დაცვის უფროსს, პოლკოვნიკ რაფიელ სარქისოვს, შეფის 23 საყვარლის სია უპოვეს? ან როგორ ავხსნათ ის, რომ ბერიას სამუშაო კაბინეტში ქალის ტუალეტის მრავალი საგანი ინახებოდა? სადღაც წამიკითხავს, მისი სატრფიალო ვნებების ანკესზე 214 მსხვერპლია წამოგებულიო და ასე შემდეგ.

_ მოდი, ეს არითმეტიკა მათ სინდისზე დავტოვოთ, ვინც საჭურისული გულმოდგნებით ითვლიდნენ სხვის საყვარლებს. სიის შეთითხვნა ან ,,მამხილებელი საბუთების” შეგდება მოკლულის კაბინეტში  უშიშროებისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა.

ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ლავრენტი ბერიას უწყების ბევრმა აგენტმა ქალმა ამჯობინა, თავი მის საყვარლად გამოეცხადებინა, ვიდრე ის ეთქვათ, რომ საიდუმლო მილიციის აგენტები იყვნენ.

რუსი პოეტი, ლარისა ვასილიევა, წიგნში ,,კრემლის ცოლები” წერს, რომ ბერიას თავისი საყვარლები პირდაპირ შინ, მალაია ნიკიტსკაიაზე მიჰყავდა, რაც არ არის სიმართლე. ბერიას სახლში უცხო ქალი არასოდეს მიუყვანია, ის ამას არ იკადრებდა. სერგო ბერია ამბობდა, რომ მის მშობლებს სიყვარული და ნდობა აკავშირებდათ.

ლარისა ვასილიევა თავის ინტერვიუში წერდა: ,,საქართველოში, თავის სამშობლოში ბერიას არავინ გააუპატიურებინებდა ქალიშვილებს. დაზარალებულის მამის ან ძმისაგან მას უსათუოდ მოხვდებოდა შუბლში ტყვია ან ზურგში დანა. ჩვენ კი, რუსები, რატომ ვითმენდით? რატომ ვითმენდით, მოსკოველები?!”.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მტკნარი სიცრუეა.

_ ლავრენტი ბერიას ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილები არ ჰყოლია?

_ როგორც სერგო ბერიამ მითხრა, ერთხელ მამას მისთვის სანდომიანი გოგონა უჩვენებია და უთქვამს, ეს შენი დაა, უკვე დიდი ბიჭი ხარ და, ვფიქრობ, მამაკაცური საიდუმლოს შენახვას შეძლებო. ლავრენტი ბერია დედა-შვილზე ზრუნავდა და ამის შესახებ  ქალბატონმა ნინომ  არაფერი იცოდა.

_ ვინ იყო ეს გოგონა?

_სერგო ბერიამ ამ გოგონას დედის შესახებ არაფერი იცოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მასთან ურთიერთობა აღარ ჰქონია, მაგრამ ის კი იცოდა, რომ ცოლად გაჰყვა მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივნის, ვიქტორ გრიშინის, ვაჟს.

გრიშინმა თურმე ბერჟნევს სთხოვა, რომ მისი ვაჟის და ამ გოგონას შეუღლების ნებართვა მიეცა. ბრეჟნევს ასეთი რამ უთქვამს: ,,თუ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ, ხელს ნუ შეუშლით, დაქორწინდნენ. ჯერ ერთი, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ გოგონას მამა ბერიაა, მეორეც, ჩვენ თვითონ აქამდე ვერ გავრკვეულვართ ბერიას პიროვნებაში, იმ ქოსატყუილა ხრუშჩოვის ზღაპრების არ მჯერა”.

_რას იხსენებდა სერგო ბერია მამის უკანასკნელ დღეებზე, სჯეროდა იმ ვერსიების, რომლებსაც საბჭოთა სპეცსამსახურები ავრცელებდნენ?

_ ის დარწმუნებული იყო, რომ ლავრენტი ბერიას  სასამართლო საერთოდ არ შემდგარა და ეს იყო ხრუშჩოვისა და ძმათა მისთა ფარსი, სადაც ბრალდებული არ იმყოფებოდა. ბატონმა სერგომ მითხრა, დედაჩემს სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ მამაჩემი ცოცხალი იყოო.

სერგომ გაიხსენა, რომ სახლში მამამისის ოთახის კედელი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით იყო დაცხრილული, ფანჯრები ­_ ჩალეწილი, კარი _   შემტვრეული. სერგო ბერიას ერთ-ერთმა მცველმა უთხრა, ბრეზენტგადაფარებული საკაცით ვიღაც გაიტანესო. ის მცველი სერგოს მალე მოაშორეს, ამიტომ ვერ გაიგო, იმ საკაცეზე მამამისის გვამი იყო თუ  სხვისი.

იმ დღეს სერგოს გაქცევა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. ვერავის დაუტოვდა დედას, ფეხმძიმე ცოლს და ორ ქალიშვილს – 4 წლის და 2 წლის გოგონებს.

ორსართულიან სახლში პირველი სართული ბერიას და მის მეუღლეს ეკავათ, მეორე საერთულზე სერგო ბერია ცხოვრობდა თავის ცოლ-შვილთან ერთად. მას ცალკე სდომებია გასვლა, მაგრამ ლავრენტის უთხოვია, ერთადერთი ვაჟი გვყავხარ, ჩვენთან დარჩი, დედის გულს გაახარებო.

დაპატიმრების დროს სერგოსთვის დედამისს  უთქვამს, სიკვდილის ნუ შეგეშინდება, ის ერთხელ მოდის და მას ღირსეულად უნდა შეხვდეო. მთელი ოჯახი კუნცევოში, სტალინის აგარაკზე გადაიყვანეს. 20 დღის შემდეგ, ღამის 3 საათზე სერგო ბერია დააპატიმრეს. 1953 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ლეფორტოვოს ციხეში იყო, 1954 წლის იანვრიდან ბუტირკაში გადაიყვანეს.

ლეფორტოვოს ციხეში სერგო ბერიას ორჯერ მიაკითხა მალენკოვმა, რომელიც ცდილობდა, გაეგო,  სად ინახებოდა ლავრენტი ბერიას საიდუმლო არქივი.

სერგო ბერია აღნიშნავდა, რომ ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ სამხედროები გამოიყენეს. მისი მკვლელობა ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალება იყო.

ნიკოლაი შვერნიკი, რომელიც პროფკავშირების თავმჯდომარის რანგში ლავრენტი ბერიას სასამართლოს წევრი იყო, სერგოს უმტკიცებდა, რომ სასამართლოზე ლავრენტი ბერია არ ყოფილა და ბრალდებულის სკამზე მისი ორეული იჯდა, რომელსაც მთელი პროცესის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. ,,ის არ იყო მამაშენი!” _ ასე უთქვამს  შვერნიკსაც და ნიკალაი მიხაილოვსაც, მოსკოვის ქალაქკომის პირველ მდივანს.      წლების შემდეგ, როდესაც სერგო ბერიამ ყველაფერი გაანალიზა და ბევრი საბუთი შეაგროვა, დაასკვნა, რომ ლავრენტი ბერია საკუთარ სახლში მოკლეს და მერე მის ოჯახზე შეტევა დაიწყეს. გამორიცხული არ არის, რომ იმ საკაცეზე, რომელიც ბერიას სახლიდან გაიტანეს, მისი გვამი ყოფილიყო.

..

,,მთელი ტრაგიზმი ის იყო, რომ ლავრენტი ბერია ჯალათად თავად ჯალათებმა წარმოაჩინეს”, – ამბობს  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ გურული და აღნიშნავს, რომ ბერიას შესახებ ბევრი რამ შეთხზულია.

ვახტანგ გურული:

-ნიკიტა ხრუშჩოვმა ყველაზე ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგე, ლავრენტი ბერია ჩამოიშორა და მისი  თანამოაზრეებიც მიაყოლა – საბჭოთა სპეცსამსახურების მთელი ელიტა. ყველაფერი ბერიას დააბრალეს და აღარ გახსენებიათ რეპრესიებში მონაწილეები _ მოლოტოვი, მალენკოვი, ბულგანინი, კაგაროვიჩი, ვოროშილოვი და სხვები.

მიიჩქმალა ის ფაქტიც, რომ  ხრუშჩოვის უშუალო მონაწილეობით 1934 წლიდან მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობდა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში. 1938 წლის იანვრიდან ხრუშჩოვი მასობრივ რეპრესიებს ხელმძღვანელობდა უკრაინაშიც.

საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო  ელიტა ერთსულოვანი იყო იმაში, რომ კრემლში ქართველთა ბატონობა უნდა დასრულებულიყო. 54 წლის ლავრენტი ბერიას სათავეში მოსვლა მათთვის ტრაგედის ტოლფასი იქნებოდა, რადგან მათი კარიერა დასრულდებოდა.

ნიკიტა ხრუშჩოვმა შეძლო პოლიტიკური ელიტის და სამხედროების მიმხრობა და ბერიას შეთქმულება მოუწყვეს. ის, რომ ბერია დააპატიმრეს, გაასამართლეს  და 6 თვის შემდეგ დახვრიტეს, იმდენად უსუსური ვერსიაა, რომ არ  შეიძლება, სერიოზულად იმსჯელო.

ჩემი აზრით, ლავრენტი ბერია, ბერლინიდან მოსკოვისკენ მომავალი, ჰაერშივე ააფეთქეს. შეთქმულები არც ისეთი ვაჟკაცები იყვნენ, ბერია მოსკოვის აეროპორტში ცოცხალი შემოეშვათ და მერე ეზრუნათ მის გასამართლებასა და დახვრეტაზე.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, განსასჯელის სკამზე ბერიას ორეული იჯდა, დახვრეტითაც ორეული დახვრიტეს.

სხვათა შორის, ბერიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ბერლინში გაემგზავრა. ამით ისარგებლა ხრუშჩოვმა და გიორგი მალენკოვი გადაიბირა. ბერია გერმანიაში რომ არ წასულიყო, შეთქმულება ვერ მოხდებოდა.

_ როგორც ამბობენ, ბერია საბჭოთა კავშირში სერიოზულ რეფორმებს იწყებდა და ამანაც შეაშინა ისინი.

_ ლავრენტი ბერიას ინიციატივით, 1953 წლის 9 მაისს ამნისტია გამოცხადდა და 1,2 მილიონი ადამიანი  პატიმრობიდან გათავისუფლდა, შეწყდა ისეთი  გახმაურებული საქმეების ძიება, როგორებიც იყო  ექიმების საქმე, მეგრელების საქმე და ა.შ.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა დაახლოებით 400 ათასი ადამიანის მიმართ. ლავრენტი ბერიას პოლიტიკური კურსი პოპულარული გახდა, რაც ხელს არ აძლევდა პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას, ამიტომაც გზიდან ჩამოიშორეს.

ფოტოზე: ბერია ცოლ-შვილთან ერთად