,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე
ჟურნალისტი ეკატერინე ერაძე, წლებია, ქვემო ქართლში ტელეკომპანია ,,მარნეულის” ჟურნალისტია. რეგიონულ არხზე მწირი ადამიანური რესურსია, ამიტომ დღის განმავლობაში რეპორტიორია, საღამოს საინფორმაციო გამოშვება მიჰყავს და პოლიტიკურ ტოქ შოუსაც უძღვება.
– როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა? თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.
– მყავს სამი შვილი – 10 წლის გიორგი, 7 წლის ბარბარე და 5 წლის გვანცა. ჩემი მეუღლე, ლევან დოდიაშვილი, პოლიციელია. საერთოდ დილის 9-ის ნახევრიდან გავდივართ სახლიდან, მანამდე კი სამივე შვილის და საკუთარი თავის მოწესრიგება უნდა მოვასწრო, სახლში აუცილებლად უნდა დავტოვო სადილიც და ვახშამიც, რადგან ზოგჯერ გვიან მიწევს დაბრუნება.
დილით გიორგის და ბარბარეს ვტოვებ სკოლაში, გვანცას – ბაღში და მერე სამსახურში ფეხით მივდივარ. იქ კი დღე იწყება ჩემს რედაქტორ ლელა ხარშილაძესთან ერთად, რომელიც ოპერატორიცაა. ვგეგმავთ, რა გადავიღოთ დღის განმავლობაში და ყოველდღიური ახალი ამბები ორ ენაზე გავაკეთოთ. დღეში, მინიმუმი, სამი საინფორმაციო სიუჟეტის მომზადება გვიწევს, ამას ემატება გადაცემები, პროექტები და ა.შ.
მოხალისეც ვარ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ვმუშაობ ქალთა და ოჯახში ძალადობის თემებზე, ადრეულ ასაკში ქორწინებებზე, გენდერულ საკითხებზე, ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე და ა.შ.
– ოჯახის წევრები მშვიდად ხვდებიან თქვენს ასეთ დატვირთულ გრაფიკს?
– ჩემი ცხოვრების ასეთ რიტმს ალბათ მიეჩვიენ. ახლა ძირათადად დისტანციურად, სახლიდან მიწევს მუშაობა და შვილები მეკითხებიან: ,,დედიკო, რატომ ხარ სახლში?”.ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვახერხებ ბავშვებთან თამაშს.

