,,დაქალმა წამაქეზა, ოჯახი დამენგრია, თვითონ კი სადისტ ქმარს ვერ ელევა”

,,დაქალმა წამაქეზა, ოჯახი დამენგრია, თვითონ კი სადისტ ქმარს ვერ ელევა",,ვაიმე, როგორ უძლებ შენს ქმარს”, “აუ, შენი დედამთილის გაძლებას დიდი ნერვები უნდა, როგორ შეგიძლია, ეს მოითმინო” – ამ და სხვა სიტყვებს თუკი ვინმესგან მოისმენთ, იქვე კითხვა შეუბრუნეთ, დაინტერესდით, თვითონ რას ითმენს და უძლებს ოჯახში.

გამოცდილება როცა არ გაქვს, ყველა მართალი გგონია, მათ გარდა, ვინც გვერდით გყავს – ვგულისხმობ ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლები ფასი სწორედ მათ სიტყვებს აქვთ, რომლებსაც შენთვის ნამდვილად კარგი უნდათ და ყურს უგდებ ადამიანებს, რომლებიც შენს ცხოვრებაში გაელვებასავით არიან, გამოჩნდებიან და მალევე ქრებიან.

ამხელა შესავალი ჩემი ამბის მოსაყოლად დამჭირდა. ჩემი ოჯახის დანგრევას არავის ვაბრალებ, ეს ჩემი და ჩემი ქმრის ბრალი იყო, მაგრამ ვიღაცებმა ნამდვილად მიბიძგეს, ეს ნაბიჯი გადამედგა.

განსაკუთრებით დიდი როლი ჩემმა დაქალმა შეასრულა. ის მაქეზებდა, მეუბნებოდა, რომ საშინელებებს ვუძლებდი და ამდენი რამ არ უნდა ამეტანა. სამწუხაროდ, შეცდომები მეც დავუშვი, ჩემმა ქმარმაც “იმარჯვა” ამ საკითხში და გავიყარეთ.

21 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. საქართველოში ეს ასაკი ქორწინებისთვის ნაადრევად არ ითვლება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ამ დროს გოგონა ჯერ კიდევ მოუმწიფებელია იმ პრობლემებთან საბრძოლველად, რაც საქართველოში შეიძლება შეხვდეს.

სკოლის ასაკიდან შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ ამანაც კი ვერ დაგვიცვა გაუგებრობებისგან და ჩხუბისგან. მერე ამას შვილიც დაემატა, რომლის წინაშეც სათანადო პასუხისმგებლობა ვერ ვიგრძენით და ოჯახში დაძაბულობამაც იმატა.

ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი დედამთილი ბევრ რამეში არ ცდებოდა. ის ცოცხალი აღარ არის, თორემ ბოდიშს მოვუხდიდი იმისთვის, რასაც მაშინ ვაკეთებდი.  გამოცდილება ჰქონდა და ხვდებოდა, რომ მე და ჩემი ქმარი ამ კინკლაობით გაყრამდე მივიდოდით. მეუბნებოდა, შვილო, მოითმინე, ქმარს ასე ნუ ელაპარაკებიო. მე მწყინდა, ვთვლიდი, რომ შვილის მხარეს იჭერდა და ვებუტებოდი.

ნერვები მეშლებოდა, როცა დედამთილი დამრიგებლური ტონით რაღაცებზე მელაპარაკებოდა. არც ის მომწონდა, ჩემს შვილს თავის საძინებელში რომ არ იწვენდა.

მეზობლის დედამთილის მაგალითი მომყავდა, აი, მან თავისი რძალი რომ დაასვენოს და შრომა შეუმსუბოქოს, შვილიშვილს ღამით თვითონ უვლის-მეთქი. იმას კი ვერ ვაანალიზებდი, რომ დედამთილი დღის განმავლობაში შვილის მოვლაშიც მეხმარებოდა და ოჯახის საქმეებიც მთლიანად მის კისერზე იყო.

ძალიან როცა გავბრაზდებოდი, ჩემი პირველი თავშესაფარი დაქალის სახლი იყო. ბავშვს ავიკიდებდი და მასთან მივდიოდი. ის გათხოვილი იყო, მაგრამ ქმართან ერთად ცალკე ცხოვრობდა. მისი ქმარი იმ პერიოდში რუსეთში ხშირად დადიოდა და ძირითადად მარტო უწევდა ყოფნა. ამიტომ სამეგობროს თავშეყრის ადგილი მისი სახლი იყო, სადაც ძირითადად ჩემი ოჯახის ამბები ირჩეოდა და ამაში განსაკუთრებით დაქალი აქტიურობდა.

ჩემი პრობლემების მოყოლისას მისი პირველი სიტყვები იყო, ეს არ უნდა მოითმინო, საკადრისი პასუხი უნდა გასცეო და ა.შ. არც ენის მიტან-მოტანაზე ამბობდა უარს. შენი ქმრის ნათესავებს ამასთან ასე ულაპარაკიათ, იმასთან – ისეო. ვიღაც გოგოსაც აკონტროლებდა, რომელიც თითქოსდა ჩემი ქმრის გამოჭერას ცდილობდა.

მოკლედ, ბევრი წვრილმანია, რომელთა მოყოლაც არ ღირს, მაგრამ ყველაფერმა ერთად ჩემი და ჩემი ქმრის არაადეკვატური ქცევები გამოიწვია და ერთად ცხოვრება ვეღარ შევძელით.

ხომ იცით, ამქვეყნად არაფერი იმალება და ერთ დღესაც გავიგე, რომ ჩემს დაქალს ქმართან და მის მშობლებთან პრობლემები  ჰქონდა. მას რომ ვკითხე, რა ხდებოდა, შეიცხადა, უიმე, რა სისულელეა, ალბათ მოცლილმა ხალხმა იჭორავაო. მერე კიდევ გავიგე იგივე, ვკითხე, მაგრამ სიტყვა ვერ დავაძვრევინე, ისევ დუმდა.

მივხვდი, რომ თავისი ოჯახის პრობლემები სააშკარაოზე არ გამოჰქონდა. ჩემგან განსხვავებით, პირად საქმეებს გარეთ არ არჩევდა.

მისი ახლობლისგან ისიც გავიგე, რომ რუსეთიდან დაბრუნებული ქმარი ცემასაც არ აკლებდა. მითხრეს, ერთ დღეს ქმარმა ისე იეჭვიანა, თვალი ჩაულურჯაო.

მეგობართან მივედი და პირდაპირ მივახილე, რატომ მალავ, რომ ქმარი ხელით გეხება, ეს არ უნდა აპატიო. შენი ნივთები ახლავე ჩაალაგე და აქედან წამოდი-მეთქი. იცით, რა მითხრა? რომ წამოვიდე, მერე შენნაირად გასაცოდავებულმა უნდა ვიაროო.

თითქოს დენმა დამარტყაო, ამ სიტყვებმა ჩემზე ისე იმოქმედა. ცოტა გონს რომ მოვედი, ვუთხარი, ჩემს საქმეში ხომ იყავი ბრძენი და მეუბნებოდი, ოჯახიდან წამოვსულიყავი, შენ კი სადისტ ქმარს ვერ ელევი-მეთქი.

იმ დღეს დიდი ბოღმა ამოანთხია. მივხვდი, რომ ჩემთვის სიკეთე არასოდეს სურდა და სამუდამოდ დავშორდი.

ჩემმა ყოფილმა ქმარმა სხვა ქალი შეირთო და დღემდე მშვენიერი ოჯახი აქვს. მისი ცოლი ისეთი მოვლილია, ფოტოებზე ისეთი ბედნიერი და მშვიდი სახე აქვს, არ დავმალავ, მშურს. შემეძლო, მის ადგილას მე ვყოფილიყავი, ვიყავი კიდეც, მაგრამ ვერ შევიშნოვე.

ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რაც ჩემსა და ჩემს ქმარს შორის იყო, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, ოჯახურ ცხოვრებას რომ ახლავს ხოლმე. უნდა მომეთმინა, დაღვინების ასაკს დავლოდებოდი და ქორწინება შემენარჩუნებინა.

ისე არ გამიგოთ, რომ უბედური ვარ ან გასაცოდავებული, როგორც ეს დაქალმა მაკადრა. პირიქით, საუკეთესო შვილი მყავს და ბედნიერი დედა ვარ, მაგრამ ახალგაზრდა ქალს სიყვარულიც მინდა, ადამიანი, რომელიც გვერდით მეყოლება.

მე კი სწორედ ეს საყრდენი მაკლია და, რაც დრო გადის, უფრო განვიცდი, რომ მშვიდ ცხოვრებაზე უარი ვთქვი.

,,სარკის” მკითხველი