,,სარკე”, აზა გაგოშიძე
სტაფილო – ვიტამინური ძირხვენა
ხასხასა ნარინჯისფერით იოლად მისახვედრია, რომ მასში ბევრია ვიტამინი A. ბეტა-კაროტინის შემცველობით სტაფილო საპატიო ადგილს იჭერს ბოსტნეულს შორის, მაგრამ გაითვალისწინეთ: ორგანიზმმა ბეტა-კაროტინი რომ აითვისოს, ცხიმები ესაჭიროება. ასე რომ, ქორფა სტაფილოსგან მომზადებული სალათების არაჟნით ან მცენარეული ზეთით შეზავება არ დაგავიწყდეთ.
არ იფიქროთ, რომ კულინარული დამუშავებისას A ვიტამინის რაოდენობა მცირდება. პირიქით, ბეტა-კაროტინი იზრდება სტაფილოს მოშუშვის, მოხარშვის დროს. ბეტა-კაროტინის გარდა სტაფილოში ასევე ბევრია B ჯგუფის, E და C ვიტამინები.
სტაფილო სასარგებლოა ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე, მაგრამ ზოგისთვის ეს ნარინჯისფერი ბოსტნეული განსაკუთრებით საჭიროა. მიეძალეთ სტაფილოს, თუ:
გული გაწუხებთ. ქორფა სტაფილო საკმაოდ ბევრ უჯრედისს შეიცავს, რომელიც სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს, მაშასადამე, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზის ფოლაქებისგან იცავს.
ქალი ხართ. როგორც გაირკვა, სტაფილოს შეუძლია ქალი მკერდის კიბოსგან დაიცვას. გერმანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ქალებში, რომლებიც A ვიტამინის დეფიციტს განიცდიან, სარძევე ჯირკვლების კიბო 40%-60%-ით უფრო ხშირად გვხვდება, მათთან შედარებით, ვინც ბეტა-კაროტინს საკმარისად მოიხმარს.
გსურთ, გახდეთ მამა. ვიტამინების სიუხვის წყალობით, სტაფილო მამაკაცის ფერტილურობას ამაღლებს.
ცუდი კბილები გაქვთ. ქორფა სტაფილო ნატურალური კბილის ჯაგრისია. როდესაც ნარინჯისფერ ბოსტნეულს ახრამუნებთ, კბილები ნადებისგან სუფთავდება.
მეხსიერება გღალატობთ. ეს ბოსტნეული შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას, სახელწოდებით ლიუტეოლინს, რომელიც ტვინის მუშაობას აუმჯობესებს და ასაკთან დაკავშირებულ მეხსიერების პრობლემებისგან იცავს.
შენიშვნა. თუ შაქრიანი დიაბეტით ავადმყოფი ხართ, ჭარბი წონა ან სიმსუქნე გაწუხებთ, მოშუშული, შემწვარი ან მოხარშული სტაფილო ნუ გაგიტაცებთ. საქმე ისაა, რომ კულინარული დამუშავებისას სტაფილოს გლიკემიური ინდექსი მაღლდება. სამაგიეროდ, ქორფა სახით ის ყველას შეუძლია შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვას.

