თამუნა ჩიხლაძე: ,,ჩემი მეზღვაური ქმარი 4 თვე ზღვაშია და 4 თვე სახლში”

თამუნა ჩიხლაძე: ,,ჩემი მეზღვაური ქმარი 4 თვე ზღვაშია და 4 თვე სახლში"ჟურნალი ,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში დიანა ტრაპაიძის ,,დღის ამბებში” ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა. ,,ოცნების” დეპუტატის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ჟურნალისტმა ეთერში მიიწვია ვახტანგ რობაქიძე, ადამიანი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ის ოჯახთან ერთად ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა.

– თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს… თქვენ რომ თქვენი საქმიანობის შესრულების გამო მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და შემდეგ მე ვიყო ჟურნალისტი და ეს ადამიანი გადაცემაში მივიწვიო ისე, რომ ობიექტურად ჟურნალისტს არ მაინტერესებდეს, ჩავიდე ადგილზე და ვიკითხო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ეს ძალადობის წახალისება არ არის? – მიმართა ანრი ოხანაშვილმა დიანა ტრაპაიძეს პირდაპირ ეთერში.

ამ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და დეპუტატის ქმედება შეაფასა, როგორც ,,ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ”.

ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მძაფრი უკმაყოფილებისა და კრიტიკის ობიექტი გახდა, 15 წელია ტელევიზიაში მუშაობს, ბევრი არხი გამოიცვალა ან იმის გამო, რომ ის დახურეს, ან იმის გამო, რომ იქ პროფესიული თავისუფლება ეზღუდებოდა. როგორც თავად გვითხრა, მისი სივი საქართველოში მედიის მდგომარეობის ნამდვილი ლუსტრაციაა.

თამუნა ორი შვილის დედაა – 6 და 5 წლის გოგონების, რომელთა მამაც მეზღვაური გახლავთ.

თამუნა ჩიხლაძე: ჩემი ჟურნალისტობა ,,იმედის” ძალიან კარგი პროექტიდან, ,,დუბლიორიდან” დაიწყო (ინტერვიუ ჩაწერილია თებერვალში – ,,სარკენიუსი”). მანამდე პრესაში ვმუშაობდი და დიდად არ მიფიქრია ტელევიზიაზე, რადგან წერა ძალიან მომწონდა. ამ პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე და მისი გამარჯვებულიც გავხდი.

პროექტმა ბევრი რამ მომცა. მისი პირველი სეზონის გამარჯვებული სალომე არშბა იყო. ეს იყო ძალიან კარგი შანსი, რადგან გაძლევდა შეცდომების დაშვების და ამ შეცდომებზე სწავლის საშუალებას პირდაპირ ეთერში. ამ გამარჯვების მერე დავრჩი ,,იმედში”. ჯერ დილის გადაცემის, მერე კი ,,ქრონიკის” ჟურნალისტი ვიყავი. შემდეგ “დროებაში” ვმუშაობდი.

2007 წლის 7 ნოემბერს შეწყდა ჩემი და ,,იმედის” ურთიერთობა, რის შემდეგაც ვმუშაობდი დოკუმენტური ფილმების რედაქციაში. ასევე ვმუშაობდი ,,პირველ არხზე”, ,,პალიტრა ტივიში”, ,,მე-9 არხზე”. არჩევნების მერე, როცა ,,იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა, ისევ იქ გადავედი და მქონდა შეგრძნება, რომ ოჯახს დავუბრუნდი. ,,იმედიდან” თვითონ წამოვედი და ,,ტვ პირველში” აღმოვჩნდი.

– რა არის გადამწყვეტი სამსახურის შეცვლის დროს, რატომ დატოვეთ არხი, რომელიც ოჯახად მიგაჩნდათ?

– 2007 წელს იმიტომ წამოვედი, რომ იქ მფლობელი შეიცვალა და აზრი აღარ ჰქონდა დარჩენას. 7 ნოემბრის მოვლენებიდან ერთ თვეში გადავწყვიტე წამოსვლა. მაშინ 20-21 წლის ვიყავი.

გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, თავისუფლებას აქვს. მთავარია, გქონდეს საშუალება, ის აკეთო, რაც სწორად მიგაჩნია და იქ უნდა მუშაობდე, სადაც ხელი არ გეშლება ჟურნალისტურ საქმიანობაში და დიდი თავისუფლება გაქვს. თუმცა შესაძლებელია, რთულ პირობებშიც იმუშაო და შენი საქმე მაინც აკეთო.

სივი რომ გამიგზავნია სადმე და გადამიხედავს, წერია, რომ გადაცემა, სადაც ვიყავი, დახურეს, დახურეს… 2005 წლიდან დაწყებული ძირითადად ასეა. 2012 წლამდე “დაიხურა” მიწერია და მერე მიწერია, რომ თვითონ წამოვედი. ვამბობ ხოლმე, მედიის მდგომარეობის ლუსტრაციაა-მეთქი.

– ,,ტვ პირველში” მისულს როგორი მდგომარეობა დაგხვდათ?

– პირველ რიგში, ძალიან მეგობრული ოჯახი დამხვდა. ეს ტელეკომპანია, მგონი, ყველა იმ ადამიანის თავშესაფარია, ვისაც თავის დროზე პრობლემა ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობის კუთხით. თითქმის ყველა საერთო მიზეზით არის წამოსული სხვადასხვა სამსახურიდან. თავისუფლების ქაოსს ვეძახით იქაურობას, რადგან აბსოლუტური დამოუკიდებლობა გვაქვს. მით უმეტეს, როცა საავტორო გადაცემა მიგყავს, ეს არის ყველაზე დიდი კომფორტი, რაც შეიძლება გქონდეს და ზუსტად ეს გვაქვს ,,ტვ პირველზე”.

– არადა ამ ტელეკომპანიის დამფუძნებლებიც კონკრეტულ პოლიტიკური ძალასთან ასოცირდებიან.

– ჯერ კიდევ ჩემს მისვლამდე იყო მცდელობა, ,,ტვ პირველი” მამუკა ხაზარაძესთან დაეკავშირებინათ. წერილში, რომლის ავთენტურობაც არ ვიცით, თითქოს ხაზარაძეს მიმართავენ, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია გარკვეული ზემოქმედება ამ არხის სარედაქციო მუშაობაზე.

ამას რომ ამბობენ, მეცინება, რადგან მახსენდება ინგა გრიგოლიას რეაქცია, როდესაც მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილს უთხრა, ჯობია, ხაჭაპური აცხოთო და ინგამ ცომი მოზილა პირდაპირ ეთერში. ძალიან მწვავე ტექსტი ჰქონდა მამუკას მისამართით.

ჩვენთვის არ არსებობს ხელშეუხებელი რესპონდენტი და თემა. რა ხდება კულისებში და ვინ რას გეუბნება ყურში, ეს ჩვენს ეთერშიც კარგად ჩანს. ტელევიზია ხომ საჯარო, ღია საქმიანობაა. მაყურებელს შეუძლია, დაუსმელი კითხვით, გაუშუქებელი თემით მიხვდეს, თუ რა ხდება კულისებში.

სხვა არხის ჟურნალისტებს ეუბნებიან, ნაციონალური მოძრაობის ჟურნალისტები ხართო, ჩვენი მისამართით კი ამას ვერ ამბობენ. ჩვენთვისაც უთქვამთ, ნაციონალები ხართო, მაგრამ სრული აბსურდია. ნინო ჟიჟილაშვილს რომ ნაციონალებთან გარიგებული ეძახო, ამაზე დიდი ანეკდოტი ალბათ არც არსებობს, რადგან ყველას უნახავს მისი მწვავე კითხვები.

ეუთო-ს ბოლო ანგარიშში ყველაზე დაბალანსებულ არხად არის მოხსენიებული ,,ტვ პირველი”. მე ნუ მენდობიან, ეუთო-ს ენდონ. თუ ხელისუფლების კრიტიკა უფრო დიდი დოზით ისმის ეთერში, ეს ჩვენი კი არა, ხელისუფლების ბრალია. სამი ჟურნალისტის მიმართ აქვს ,,ოცნებას” ბოიკოტი გამოცხადებული – ვახო სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილის და ჩემ მიმართ. მე დიდი სიამოვნებით დავუთმობ მათ ეთერს და ბალანსისთვის მირჩევნია, გადაცემაში ხელისუფლების წარმომადგენელიც მყავდეს.

ყველა დღე იწყება ზარით, რომ ვინმე გამოგვიგზავნონ ხელისუფლებიდან. თუ არხზე უფრო მეტად ოპოზიციის ხმა ისმის, ეს არ არის ჩვენი სურვილი. ეს მათი დამსახურებაა, რადგან არ მოდიან ჩვენთან და მხოლოდ დიანა ტრაპაიძესთან და ინგა გრიგოლიასთან დადიან.

– ანრი ოხანაშვილის მიერ თქვენ შესახებ გაკეთებულ განცხადებას წინ რა უძღოდა?

– გადაცემაში მოვიწვიე ადამიანი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში. მანამდე ერთი კვირა ვითხოვდით, ვინმე მოსულიყო ხელისუფლებიდან, მაგრამ არავინ მოვიდა. ერთი კვირის შემდეგ კი გაუჩნდათ მიზეზი იმ რობაქიძის მოწვევის გამო. ეს ადამიანი ჩვენი სტუმარი გახდა იმიტომ, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ლაპარაკობდა, რაზეც მედია თვალს ვერ დახუჭავს.

ეს პირი ყვება, რომ, როცა ოხანაშვილზე თავდასხმის გამო დააკავეს, უკამერო ოთახში დაკითხეს და დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის და არა – ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის. მერე კი განაცხადა, რომ მასზე იძალადეს, ჰქონდა ფიზიკური დაზიანებებიც და რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს ტელევიზიისთვის საინტერესო?!

ჩემი პროდიუსერი პირადად შეხვდა ანრი ოხანაშვილს და უთხრა, რომ ეს ადამიანი მოდიოდა ჩვენთან ეთერში და მათაც ვინმე გამოეშვათ. მაშინვე ითქვა, ეს ადამიანი დამნაშავეა და ეთერში რატომ მოგყავთო. გვითხრეს, რომ ამის გამო ისინი ჩემს ეთერში აღარ მოვიდოდნენ.

– როცა ამორალური და უზნეო ჟურნალისტი გიწოდეს, რა რეაქცია გქონდათ?

– ეს არ იყო ჩემი პერსონალური შეურაცხყოფა, არხს დაესხა თავს. როცა ინგა გრიგოლიას ტენდენციურს ეძახიან, ჟიჟილაშვილს – ნაციონალებთან გარიგებულს, დიანა ტრაპაიძეს ასწავლიან, რა თემა შეარჩიოს, ეს ჩემთვის მოსალოდნელი იყო. ბატონმა ანრიმაც თქვა, რომ ეს ჯდებოდა მისი თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებაში. კი, ნამდვილად ჯდებოდა და მისგან განსხვავებით ორმაგი სტანდარტით არ ვმოქმედებ, არ მაქვს შერჩევითი მიდგომა ძალადობასთან და არც უდანაშაულობის პრეზუმფციასთან და ვიდრე ადამიანის სასამართლო არ დასრულებულა, მას დამნაშავეს ვერ დავუძახებ.

თავიდან რაღაც გაურკვევლობა გვეგონა, როცა უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რატომ მოიყვანეთ ეთერშიო. ეთერში კი ეს ყველაფერი უფრო შეურაცხმყოფელი ფორმით გამოაცხადეს. ის ადამიანი ჯერ არ არის დამნაშავედ ცნობილი. არ არსებობს ვიდეომასალა, თუ რა მოხდა ადგილზე. ორი მხარის ნაამბობია, სადაც ერთი სხვას ყვება და მეორე – სხვას. ჩვენ ორივეს შევთავაზეთ მოსვლა.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ჟურნალისტები შეჩვეულები არიან თავდასხმას. არასოდეს მიმუშავია ისეთ პირობებში, როცა არ ყოფილა მწვავე კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან. 2007 წლამდე “იმედში” მუშაობაც ურთულესი იყო, რადგან კომფორტულ კითხვებს არც მაშინდელი “იმედი” სვამდა. 2012 წელს “მე-9 არხზე”, თავად წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა და როგორ გვექცეოდნენ. ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო და მედიისთვის მუშაობა არასოდეს ყოფილა იოლი.

ერთადერთი მშვიდი პერიოდი მაშინ მქონდა, დოკუმენტური ფილმების რედაქციაში რომ ვმუშაობდი. ამიტომ ახლაც მგონია, რომ ჩვეულებრივი რამ მოხდა და განსაკუთრებული განცდა არც მქონია. ანგაჟირებული და ტენდენციური ჩემთვის სხვადასხვა არხზეც უწოდებიათ. თუ ხელისუფლებას მოსწონხარ, მაშინ სწორად არ მუშაობ და სულ ეს არის. როცა ხელისუფლებაში მოდიან, თანამშრომლობა უფრო ადვილია, მაგრამ მერე რთულდება.

სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების გამოცდილებაზე ვერ სწავლობენ ახლები. ხელისუფლებას ხშირად უჭირს მედიის ფუნქციის გააზრება. გეუბნებიან, რაღაც კარგიც ხომ კეთდება და იმას რატომ არ აშუქებთო. უჭირთ გააზრება, რომ ჟურნალისტი, პირველ რიგში, არის იქ, სადაც ვიღაც ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ვიღაც იჩაგრება სისტემის მხრიდან. კრიტიკულ მედიას აღიქვამენ, როგორც მტერსა და საფრთხეს, განსაკუთრებით – არჩევნების წინ.

– მძიმე სამუშაო განრიგი გაქვთ?

– დამღლელი არ არის, როცა შენი პროფესია გიყვარს, ამიტომ არასოდეს ვწუწუნებ.

– თქვენი ორი პატარა გოგონასთვის დროს როგორ ანაწილებთ?

– დრო კარგად მაქვს განაწილებული სახლსა და სამსახურს შორის. რაც ღამის ეთერში ვარ, მათთან კონტაქტს უფრო დღის პირველ ნახევარში ვახერხებ. უფროსი გოგონა სამსახურშიც დამყავს და ვფიქრობ, არ გვაქვს ურთიერთობის დეფიციტი. შაბათ-კვირას ისე ვატარებ მათთან, საინფორმაციო გამოშვებასაც არ ვუყურებ. ვარ ტელეფონის გარეშე და მთლიანად მათთან.

– ქმარი როგორ ეგუება თქვენს ამ რეჟიმს?

– ჩემი მეუღლე მეზღვაურია და მისთვის საერთოდ არ არის უჩვეულო სახლში არყოფნა. თვითონ 4 თვე რეისშია და 4 თვე სახლში და არც ჩემი დღის განრიგზე ყოფილა ოდესმე პრობლემა. მისთვისაც გასაგებია, რომ პროფესიისა და სამსახურის გამო შეიძლება სახლში არ იყო.

– თუმცა, როცა შენს ცოლს საჯაროდ ლანძღავენ, ალბათ მამაკაცისთვის რთული ასატანია.

– ამჟამად ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და არც უნახავს, რა ამბავი ატყდა. საერთოდ კი სრულიად აპოლიტიკურია, ეს სფერო არ აინტერესებს.

– ალბათ თქვენთვისაც არ არის კომფორტული, როცა ქმარი 4 თვე სახლში არ არის.

– რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სირთულეები ახლავს, მაგრამ ესეც ჩემი არჩევანია. როცა ერთად ყოფნის გადაწყვეტილებას ვიღებდით, ვიცოდით, რომ ასეთი ცხოვრება მოგვიწევდა.

– როგორია ჟურნალისტისა და მეზღვაურის სიყვარულის ამბავი?

– არც გამომდის ჩემი ისტორიის მოყოლა და არც მინდა პირადზე საუბარი. კარგი და მშვენიერი ოჯახი მაქვს და არ მინდა, ამ ამბავში ვინმე ჩაერთოს. სამაგიეროდ, ჩემს პროფესიაზე უსასრულოდ შემიძლია.