თაკო ჩარკვიანი: ,,ჩემს ქმარს ყველა ბიზნესი გაჩერებული აქვს”

თაკო ჩარკვიანი: ,,ჩემს ქმარს ყველა ბიზნესი გაჩერებული აქვს",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ პუბლიცისტის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილის, პარტია ,,კანონი და სამართალის” დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანის ოჯახიც ჩააგდო საგონებელში და სანერვიულო გაუჩინა. ღელვის მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ახლა თაკოს ერთადერთი ქალიშვილი, ცნობილი პიანისტი ირმა გიგანი, მშობლებთან ერთად არ არის, ავსტრიაში, კარანტინში იმყოფება (ინტერვიუ ჩაწერილია თებერვალში).

თაკოს უნდოდა, შვილი სამშობლოში დაებრუნებინა, მაგრამ ირმამ და მამამისმა, ბიზნესმენმა ჯონი გიგანმა, გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე ჯობდა, ავსტრია არ დაეტოვებინა.

გარდა ამისა, თაკო ჩარკვიანს მოხუცი დედა ჰყავს, რომელზეც ამ მძიმე პერიოდში განსაკუთრებით უნდა იზრუნოს, რადგან, როგორც ცნობილია, კორონავირუსი სწორედ მოხუცებისა და ქრონიკულად დაავადებული პირების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება თაკოს ძმასაც, ცნობილ მუსიკოს მამუკა ჩარკვიანს, რომელიც ამჟამად ეტლში ზის.

როგორ ცხოვრობს ცნობილი ოჯახი ახალი რეალობის გამო შექმნილ რთულ პერიოდში, ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი “სარკესთან” საუბრობს.

– ქალბატონო თაკო, პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს და მთელ მსოფლიოს შეეხო, როგორ აღიქვით? რა დაგანახათ პირადად თქვენ პანდემიამ, რა დასკვნები გაგაკეთებინათ?

– მთელი პლანეტა ერთსა და იმავე მდგომარეობაშია, მაგრამ ყველაფერი მწყობრში ჩადგება, ნამდვილი გაზაფხულიც მოვა. ამ პერიოდში კი ჩვენ ერთმანეთს სხვა თვალით შევხედეთ და ვფიქრობ, მეტ კეთილ ენერგეტიკას გამოვუშვებთ და ყველაფერი კარგად იქნება.

შეგრძნება მაქვს, რომ ამ განსაცდელს ყველა ერთად გადავლახავთ. ხასიათიც ასეთი მაქვს – ვცდილობ, ოპტიმისტურად ვიყო. ახლა, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს. ხომ ვნახეთ, რომ ადამიანი შიშველია ამქვეყნად და მისთვის ერთი ლეღვის ფოთოლიც საკმარისია.

მივხვდით, რომ ამქვეყნად ყველაზე მთავარი კეთილშობილება და გულისხმიერებაა. შიშვლები მოვდივართ, სუფთები და კრიალები. მერე ასაკში ბავშვობას ვუახლოვდებით და თითქოს ასეთივე სუფთები მივდივართ. ამიტომ სიცოცხლის გზა უფრო მეტი სიყვარულით უნდა გავიაროთ. ის კარგი ენერგეტიკა, რომელიც ახლა ტრიალებს, აუცილებლად უკან, ჩვენკენ შემობრუნდება.

ჩვენს ექიმებსაც როგორ მიჰყავთ პროცესი… ჩემი ბებიაც ექიმი იყო და დედაჩემისგან ვიცი, რომ საქართველოში ინფექციონისტების საოცარი სკოლა იყო. ახლა ვხედავთ, როგორ მიჰყავთ პროცესი და როგორ არ წირავენ ხალხს. მართლაც საოცარია ეს ყველაფერი.

,,არ მეშინია” – არ უნდა არსებობდეს. შეიძლება შენ არ გეშინია, მაგრამ ვირუსის გადამტანი აღმოჩნდე და დაღუპო სხვა ადამიანი, რომელიც უცხოა ან სულაც ის, ვინც გიყვარს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ რაც უფრო დავიცავთ ყველა წესს, რაც დაგვიწესეს, მით უფრო მოკლე დროში მოხდება ამ ვირუსის განულება. თუ არ დავიცავთ, დროში უფრო გაიწელება მასთან ბრძოლა.

– როგორ არის თქვენი დედა, ქალბატონი ირმა, რომლის თაობისთვისაც ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშია? თქვენთან ცხოვრობს თუ ცალკე?

– როგორც შეგვიძლია, დავფოფინებთ. არამხოლოდ დედაჩემს, თუ ვინმე ვიცით მოხუცი, ყველაზე ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით, რომ დავიცვათ. როგორც გვეუბნებიან, მოხუცებს ადვილად ერევა ეს ვირუსი და არამხოლოდ მოხუცებს, თუ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ყველას ემუქრება და ერევა.

ჯანსუღი რომ გარდაიცვალა, მაშინვე გადავედი დედასთან საცხოვრებლად. გვყავს დამხმარე, რომელიც 24 საათი მასზე ზრუნავს, მაგრამ სითბოს, რომელიც დედას ჩვენგან უნდა, ვერაფერი შეცვლის. იმავე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დედასთან ვიცხოვრებდი. მთელი ოჯახი გადმოვედით მასთან.

ჯონი მიხვდა, რომ ძალიან დავიტანჯებოდი, თუ დედასთან არ ვიქნებოდი და სახლებს შორის ვირბენდი. მითხრა, ასე გაწვალებას, ჯობია, გადავიდეთო. დედაჩემი ძალიან მძიმე ავადმყოფია. გულზე შუნტირება აქვს გაკეთებული. რაც კარგი აქვს, ეს არის ფხიზელი და ინტელექტუალური გონება. ძალიან სუსტი გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვს.

– თქვენი ძმაც ასევე მოსაფრთხილებელია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ არის მყარი…

– დიახ და მამუკა სულ სახლშია, რეკომენდაციებს იცავს. მუშაობს, რაღაცებს წერს…

– ალბათ ხშირად ვერ მიდიხართ მასთან.

– სად შემიძლია არმისვლა, მაგრამ მაინც ვერიდები. ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან – ერთი კორპუსი დგას ჩვენ შორის, თუმცა ვცდილობ, არ მივიდე. ჯვარი ეწეროს და, მამუკა ალბათ ამ ვირუსს ვერ გადაიტანს. ამიტომ ბოლო პერიოდი შორიდან ვესიყვარულები. მაინც მეშინია, ქუჩიდან არ მივუტანო რამე.

როგორც აღმოჩნდა, ეს ვირუსი იოლად გადადის. ადამიანი, რომელიც ეტლში ზის და ისედაც ვერ გადიოდა ისეთი სიხშირით ჰაერზე, იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს. ვფიქრობ, ჩემი ცხვირ-პირის დანახვაც არაა სავალდებულო.

მარნეულის ამბების მერე ძალიან ვღელავ და აღარც მივდივარ მათთან. ადრე ერთმანეთთან გადავდიოდით და ვმღეროდით საღამოობით. ახლა ვსხედვართ სახლში და ისე ვესიყვარულებით ერთმანეთს შორიდან. ადამიანებს არ უნდა მოეხსნათ შიში და არ უნდა დაარღვიონ დისტანცია ერთმანეთთან. სახლში ვსხედვართ და ვიხსენებთ ამბებს, დედაჩემს ვაყოლებ ხოლმე რაღაცებს…

მამუკამ მითხრა, რაღაც ახალ სიმღერაზე ვმუშაობო და ამ დღეებში ალბათ მომასმენინებს. კომპიუტერი და ინტერნეტსივრცე ძალიან გამოგვადგა ამ ძნელბედობის ჟამს – ვხედავთ ერთმანეთს.

– როგორც ვიცი, თქვენი ქალიშვილი, ირმა, ავსტრიაში სწავლობს. როგორ არის, ახლა სად არის?

– ვერ მოსაწრო ჩამოსვლა, ჩაგვრჩა ავსტრიაში. ავსტრიამ კარანტინი ყველაზე ადრე გამოაცხადა და კარგად მოიქცა. ძალიან ვინერვიულე და ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ ჩამოსულიყო, მაგრამ მითხრა, ჯობია, აქ ვიყო, რადგან მანდ ჩამოსული მაინც კარანტინში უნდა მოვხვდეო.

იქ უკვე კარგა ხანია კარანტინია. ცარიელი ქუჩებია, მხოლოდ აფთიაქები მუშაობენ. წესებს ძალიან კარგად იცავენ. არ ხდება ისე, აქ რომ ლისის ტბა გაივსო მანქანებით და იტალიაში ხალხი რესტორნებიდან ვერ გამოიყვანეს. გერმანელი ექიმიც ამაზე საუბრობდა – ეს ის დამოკიდებულებაა, რაც ამ ვირუსის შემთხვევაში უნდა გვქონდეს არამარტო ავსტრიელებს, არამედ ყველას. ამ ვირუსთან ბრძოლის პრევენცია სწორედ ის არის, რაც ავსტრიაში მოხდა. ამიტომაცაა, ავსტრია რომ იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელიც ეფექტურად შეებრძოლა ამ ვირუსს.

ირმას ვაძლევთ უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები. მე საშინლად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ვუთხარი, როგორც სურდა, ისე მოქცეულიყო. იქ რომ ხარ, უფრო კარგად იცი იქაური სიტუაცია და რა უნდა გააკეთო. მე რომ აქედან მეკარნახა, შეიძლებოდა უფრო ცუდ სიტუაციაში ჩამეგდო…

მერე დავფიქრდი და მამამისმაც მითხრა, ჯობდა, თავად გადაეწყვიტა. ამიტომ ჩემი შფოთვა გადავდე და მამა-შვილს დავუჯერე. ახლა შფოთვა არ მიშველის, მხოლოდ წესების დაცვა და ერთმანეთის მოსიყვარულება თუ გვიშველის. სიკეთის ენერგეტიკა უნდა დავატრიალოთ და გვეშველება. ვისაც მეტი გვაქვს, გავიღოთ და ა.შ.

როცა გამოცხადდა, რომ უცხოეთიდან რეისებს დანიშნავდნენ და ქართველებს ჩამოიყვანდნენ, მინდოდა, ირმაც ჩამოსულიყო. მითხრა, უკვე კარანტინში ვარ და ახლა უნდა წამოვიდე, გამოვიარო აეროპორტი…

კონცერტი ჰქონდა დანიშნული ლონდონში და აეროპორტიდან გამობრუნდა. მეორე თუ მესამე დღეს კი დამძიმდა და დამძიმდა სიტუაცია და დაიწყო კარანტინი. პოლიციელები დადგნენ გარეთ და ყველა გარეთ გამომსვლელს აკონტროლებენ.

– ვისთან ერთად ცხოვრობს ირმა ავსტრიაში?

– ირმა იქ ასპირანტურაში სწავლობს. უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა. მასთან ერთადაა კიდევ ერთი ვოკალისტი გოგონა, ნუცა და ორი მოხუცი. იმ მოხუცების სახლში ცხოვრობენ. ეს სახლი ირმას კონსერვატორიამ დაახვედრა. არაჩვეულებრივი მოხუცები არიან. გარეთ მხოლოდ პროდუქტის საყიდლად გადიან და ყველანაირად დაცულები არიან. რაც მთავარია, ინსტრუმენტი აქვს სახლში. ირმა მეცადინეობს ფორტეპიანოზე, ნუცა ვოკალით არის დაკავებული.

კარანტინამდე ბევრად ადრე დახურეს უნივერსიტეტები და დროული თადარიგი დაიჭირეს. მაშინ გამიკვირდა კიდეც, რადგან ასეთი ისტერია არ იყო მსოფლიოში. ვღელავ, ირმა რომ იქაა, მაგრამ არ ვიმჩნევ. მალ-მალე ვურეკავ და თავს ვიმშვიდებ.

კონცერტები ყველგან გადაიდო. ირმას უმაგრესი კონცერტებიც გადაიდო, მაგრამ არ მოიხსნა. საფრანგეთშიც უნდა წასულიყო და იქაც 4 კონცერტი გადაიდო. ირმა საფრანგეთში ლაურეატი გახდა და ამას კონცერტების სერია მოჰყვა. იმედია, ყველაფერი კარგად რომ იქნება, ადამიანები შოპენის და მოცარტის მოსასმენად ისევ მოვიცლით.

ერთი რამ მინდა, აუცილებლად რომ ვუთხრა ყველას: სახლში ჯდომა კი კარგია, მაგრამ ადამიანები გვწერენ და არ შემიძლია ეს არ ვთქვა – კი, დავსხდებით სახლში, მაგრამ რა დღეში ვართ, რა ვიღონოთ უმუშევრებმაო. ამ ყველაფერს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. ადამიანებს ელემენტარული საშუალება არ აქვთ. ასეთები რომ გარეთ გამოვლენ, თავისთავად იქცევიან ინფექციის წყაროდ.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და გამოყოს სახსრები. კითხულობენ, საიდანო და ვეტყვი, საიდანაც: საიდან და, რაც აგროვეს და იპარეს წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან. ხომ იპარეს და იქურდეს წლები?! ახლა გასაჭირშია ხალხი. კეთილი ინებონ და, როგორც უნდათ, ისე მიხედონ. ხომ დაინახეს, რომ ყველაფერი არაფერი ყოფილა?! რამდენი სიმდიდრის დაგროვება შეიძლება გინდოდეს?! არსებობს რაღაც ვალდებულებები და ამას ვერ აცდებიან.

– თქვენი ქმრის, ჯონი გიგანის, ბიზნესის საქმე როგორაა ამ სიტუაციაში?

– დღეს ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ახლა არ დაწყებულა. გაუჩერდა ყველას ყველაფერი. ინფლაციამ იმოქმედა. ერთმა ოპონენტმა ძალიან კარგი საქმე გაგვიკეთა – ჯონის ბიზნესსესხები, ანუ ვალები, გამოაქვეყნა. შევუთვალე, ასეთი სიკეთე არავის გაუკეთებია-მეთქი.

ჯონის გამოტანილი აქვს სესხი, რომელიც შემდგომ ჭკვიანურად დაატრიალა, მაგრამ… ინფლაცია კორონავირუსის დროს ხომ არ დაწყებულა?! ყველა ბიზნესი გაჩერებული აქვს. კლინიკა გვქონდა, რომელიც 2 წლის წინ დავხურეთ, რადგან ვერ იმუშავა. პატარა სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, რომლის ნახევარი მოიყვანა მწყობრში. ნამუსიანად და წესიერად მუშაობს. ასეთი ტიპის კაცია.

იცით, რატომ დაიხურა ჩვენი კლინიკა? იმიტომ, რომ ჯონი ძალიან წესიერი კაცია და ვეღარ “გაქაჩა”. კლინიკა ითხოვს დიდ ხარჯებს, წესიერი თუ ხარ და გინდა, კარგი წამლები შეიტანო, კარგი ხარისხი გქონდეს…. დავხურეთ.

ბიზნესმენებს ყველაფერი გაუჩერეს და იქნებ ახლა მიხვდნენ, აი, თურმე სად სჭირდებათ, რომ კერძო ბიზნესი კარგ მდგომარეობაში ჰყავდეთ. ამან და ამან შეჭამა ამდენი და ამდენიო, გაჰყვირიან. ინფრასტრუქტურიდან ამდენი მილიონი შეჭამესო, “საპარტნიორო ფონდმა” ამდენიო… აბა, დავფიქრდეთ, რა ციფრებზეა საუბარი და ვისია ის ფული?! ეს არ არის ხალხის ფული?!

10 ბიზნესმენი მუშაობდეს წესიერად, წვალებ-წვალებით მიდიოდეს და დანარჩენი 10 ირქმევდეს ბიზნესმენობას და ტექნიკურად გაჰქონდეთ ბიუჯეტიდან ფული და ატრიალებდნენ, რა კარგია, არა?! ამას ბიზნესი – არა, სხვა რამ ჰქვია.

ის უბედურება, რაც ახლა გვჭირს, ალბათ სახელმწიფოსთვისაც აღმოჩნდება მაგალითი და მიხვდებიან, რომ არ შეიძლება ქვეყანა ერთ კაცზე იყოს ჩამოკიდებული. უნდა გყავდეს ძლიერი ბიზნესმენები, რომ ხალხს დაეხმარონ, როცა საჭირო იქნება. ხომ ხედავთ, რა მაგრები აღმოჩნდნენ ჩვენი ექიმები და მათ ხელფასები, ნახეთ, რამდენი აქვთ.

მაინცდამაინც შენი პოლიტიკური პარტიის წევრი უნდა ვიყო, რომ ყველგან ხსნილი მქონდეს გზა?! არ მინდა, ვინმეზე დამოკიდებული ვიყო და ამიტომ არ უნდა მქონდეს ბიზნესი?!