,,სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ
გსურთ, ავადმყოფობას თავი დააღწიოთ? მაშინ თქვენი აზროვნება შეცვალეთ. ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეულია ჩვენი არასწორი განწყობით.
მედიცინაში არის მცნება – ფსიქოსომატიკა, რომელიც სწავლობს, რა გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორები დაავადებების აღმოცენებასა და მიმდინარეობაზე. დამტკიცებულია: ბევრი დაავადების მიზეზად ითვლება სტრესი, დეპრესია და ნეგატიური ემოციები. იკვრება ჯაჭვი: უარყოფითი აზრები – უარყოფითი ემოციები – დაავადების განვითარება. მაგრამ, როგორც კი თავში სამყაროს “ცუდ” სურათს “კარგით” შეცვლით, დაავადებები აღარ შეგაწუხებთ.
რა ხდება ორგანიზმში?
ასეთი ურთიერთკავშირის ერთ-ერთი მიზეზია ორგანიზმის ჰორმონული რეაქცია ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ნეგატიური ფიქრებისა და ემოციების (შიში, ბრაზი, წყენა, შური) დროს სისხლში “ექსტრემალური” ჰორმონების გადასროლა ხდება. ეს კი უჯრედებისა და ორგანოების მდგომარეობაზე არაკეთილსასურველად მოქმედებს.
სამაგიეროდ, პოზიტიური აზრებისა და ემოციების შემთხვევაში სისხლში ,,პოზიტიური” ჰორმონები გადაისროლება. ისინი ,,ექსტრემალური” თანამოძმეების მოქმედებას ანეიტრალებენ და ასევე ქსოვილების აღდგენასა და ორგანიზმის მიკროფლორის ნორმალიზაციას ხელს უწყობენ.
განწყობის დამანგრევლები
კლასიკურ ფსიქოსომატურ დაავადებებს მიეკუთვნება მიოკარდის ინფარქტი, კუჭის წყლული, ბრონქული ასთმა, კოლიტი, ჰიპერტონია, ჰიპეროთირეოზი და შაქრიანი დიაბეტი. ასევე ბევრ სხვა დაავადებას შეიძლება ჰქონდეს ფსიქოსომატური მიზეზები.
უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა: განსაზღვრული დაავადების მიმართ ადამიანის წინასწარგანწყობას მისი ქცევის მოდელი განსაზღვრავს. შემთხვევითი არ არის, რომ ერთი და იმავე სენით დაავადებულ ადამიანებში შეინიშნება იდენტური ფსიქოლოგიური კომპლექსები, ჩვევები, აზროვნების თავისებურებები და ა.შ.
ჯანმრთელობის მდგომარეობაში პრობლემების აღმოცენებას ეხმარება: 1. მუდმივი სტრესები (უფრო ზუსტად, მათი დაძლევის არცოდნა); 2. საკუთარ პრობლემებზე კონცენტრირება; 3. პესიმიზმი, რაღაც ცუდის მოლოდინი; 4. დეპრესია; 5. საკუთარი თავის არასაკმარისად სიყვარული; 6. ცხოვრებაში დადებითი ემოციების არარსებობა.
აფირმაციები კურნავს!
აზრების მართვის ყველაზე მარტივი მეთოდი – ეს არის აფირმაციების გამოყენება. ისინი პოზიტიური აზრის მატარებელი ფრაზებია, რომლებიც მრავალჯერ უნდა წარმოთქვათ, მანამ თქვენს საკუთარ აზრებად არ იქცევიან.
მათი წარმოთქმა საჭიროა ახლანდელ დროში, როგორც მიმდინარე ფაქტის. მაგალითად, “ლამაზი, ძლიერი და ბედნიერი ვარ”, “თავს შესანიშნავად ვგრძნობ” (და არა – “მსურს, ლამაზი, ძლიერი და ბედნიერი ვიყო”, “გამოვჯანმრთელდები” – სხვაგვარად ორგანიზმი მუდამ პროცესში იქნება და სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს).
მეთოდის ეფექტურობის მთავარი პირობაა – თავს არ უბრძანოთ, მაგრამ მუდამ ფოკუსირებული იყავით ჯანმრთელობაზე და გწამდეთ იმის, რასაც წარმოთქვამთ.
შენიშვნა: ჩვენი ქვეცნობიერი “არ” ნაწილაკს არ აღიქვამს, როგორც სიგნალს მოქმედებისკენ. ამიტომ აფირმაციების ფორმულირება მისი გამოყენებით არ ღირს. ასე, მაგალითად, ფრაზა “ავად არ ვარ”, აღიქმება როგორც “ავად ვარ”.
აფირმაციები მკურნალობის სამედიცინო საშუალებებს არ ეწინააღმდეგება. გააგრძელეთ თქვენი ექიმის დანიშნულებით მკურნალობა.

