,,შვილები მაიძულებენ, მოღალატე ქმართან ვიცხოვრო”

,,შვილები მაიძულებენ, მოღალატე ქმართან ვიცხოვრო"ქართულ ტრადიციებზე გაზრდილი ქალი ვარ. მამაჩემი საოცარი პიროვნებაა, ნამდვილი ქართველი. კომუნისტების დროსაც კი ჩოხას სიამაყით ატარებდა. დედაც ასეთი მყავდა. ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, ყველაფერი ქართული უყვარდა და დღემდე ასეა. ამის მოყოლა იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ვიღაცას არ ეგონოს, ჩვენს ტრადიციებს პატივს არ ვცემ და არ ვიცი, ქართველი ქალი როგორ უნდა იქცეოდეს.

ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ქართველი ქალი და ზოგადად ცოლი და დედა უნდა იქცეოდეს. ჩემი ოჯახის ერთგული ვარ. ქმრისთვის და შვილებისთვის რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. თავი არასოდეს დამიზოგავს, რომ მათ თავი კარგად ეგრძნოთ.

მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემი ქმარიც ხომ მოვალე იყო ასე მოქცეულიყო?! რატომ სთხოვენ ქალს ერთგულებას, კაცს კი ღალატს პატიობენ?! ქალი თუ ვიღაცას შეხედავს, შეიძლება სასიკვდილოდ გაიმეტონ და არც შეიბრალონ, კაცმა კი ჰარემი რომ დაიხვიოს თავზე, მერე რა, კაცია და ეპატიებაო, ამბობენ. ეს არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ.

ჩემი მომავალი ქმარი მეზობელმა გამაცნო. ისეთი მომხიბვლელი იყო, ისეთი შარმიანი, მაშინვე შემიყვარდა. გამორჩეული ოჯახი მქონდა. ჩვენთან დანათესავებას ბევრი ცდილობდა. მამაჩემიც შეძლებული კაცი იყო. მესამე კურსზე ვიყავი, თბილისში ბინა რომ მიყიდა. სამი ძმა მყავს, მე მეოთხე შვილი, თანაც გოგო ვიყავი და ძალიან მანებივრებდა. ძმებიც მამობას მიწევდნენ და მთელი ჩემი ოჯახი დღემდე ასეა.

ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ჩემი ნება იყო, ვის ავირჩევდი. მე კი იმ ადამიანის ცოლობა მოვინდომე, რომელიც ამის ღირსი არ აღმოჩნდა. უზომოდ მიყვარდა, მისთვის ბევრი რამ გავაკეთე, რომ წარმატებული ყოფილიყო, დაჩაგრულად არავისთან ეგრძნო თავი, მაგრამ ყველაფერი ცუდად შემომიბრუნდა. ქალებთან დაიწყო ხეტიალი. პროტესტს რომ გამოვთქვამდი, მეუბნებოდა, რომ ვეჭვიანობდი და ამით თავს ვაბეზრებდი. ბოლოს აღარც თავს იმართლებდა, უბრალოდ სახლიდან მიდიოდა და მერე აქეთ ვურეკავდი, რომ შვილებთან მოსულიყო.

არიან ქალები, რომლებიც ქმრების ღალატს ეგუებიან, მაგრამ მე ასეთი არ ვიყავი. ვთხოვდი, რომ ოდნავ მაინც თუ ვუყვარდი, პატიოსნად ეცხოვრა, თუ ამას ვერ ახერხებდა, ჩემგან წასულიყო. მას წასვლა არ უნდოდა, რადგან ჩემ მიერ მოწყობილ სახლში თავს კომფორტულად გრძნობდა, მაგრამ არც საყვარლებთან სიარულს იშლიდა.

იმედი მქონდა, წლების მატებასთან ერთად დაღვინდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით, სულ გადაირია. ისე დაბლა დაეშვა, რომ ჩვენი გოგონას თანამშრომელთან გააბა რომანი. ამის შესახებ შვილის თანამშრომელმა მითხრა, არ მინდა, შენმა გოგომ გაიგოს და ამიტომ გეუბნები, იქნებ შენს ქმარს რაღაც გააგებინო, სამსახურში ყველა ამაზე ჭორაობსო.

წარმოიდგინეთ, ის არ ეყო, რომ მთელი ცხოვრება თავს მჭრიდა და ახლა შვილსაც თავს ჭრის! უკვე ჭაღარა კაცია, შვილიშვილი ჰყავს და მაინც ასე იქცევა. გადავწყვიტე, რომ გავშორებოდი. შვილებსაც ვუთხარი, რომ მათ მოღალატე მამასთან ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ გადაირივნენ, მითხრეს, ბარემ გადაწვით სახლი, ყველაფერი გაანადგურეთ და საბოლოოდ შეგვარცხვინეთო.

ქმარმა პირობა მომცა, რომ იმ ქალს დაშორდებოდა და, როგორც მეუბნებიან, მასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, მაგრამ ეს აღარაფერს ცვლის. ვერ ვიტან, როცა ვუყურებ, არ მინდა, რომ ჩემს სახლში ცხოვრობდეს. შვილები კი მაიძულებენ, მოღატალე ქმართან ვიცხოვრო და ლაფჩამოსხმულმა ვიარო.

შობლები და ძმაც მეუბნებიან, უნდა მოითმინო, სხვა რა გზა გაქვსო, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს ადამიანი ჩემ გვერდით რატომ უნდა ავიტანო! არ შემიძლია მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

,,სარკის” მკითხველი