საშიში კრემები

საშიში კრემები,,სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

სადღეისოდ მაღაზიების თაროებზე კანის მოვლის ყველა სახეობის საშუალებების – საპნების, გელებისა და შამპუნების დიდი არჩევანია. ზოგჯერ, როდესაც ეტიკეტზე მათ შემადგენლობას ვკითხულობთ, ჩვენთვის ბევრი უცნობი რთული სახელწოდება გვხვდება. მათ შორის არის ისეთები, რომლებსაც უნდა მოვერიდოთ.

ბევრ შემთხვევაში კანის მოვლის ყველა საშუალება დერმატოლოგიურ ტესტირებას გადის და ჯანმრთელობისთვის შედარებით უვნებელია, მაგრამ ყოველწლიურად ჩნდება ახალი გამოკვლევების შედეგები, რომლებიც უჩვენებენ, რომ კოსმეტიკურ მრეწველობაში გამოყენებული ბევრი ნაერთის გრძელვადიანი ეფექტი კარგად გამოკვლეული არ არის. ამიტომ უმჯობესია, ყურადღებით წაიკითხოთ საშუალებების შემადგენლობა, რომელთა შეძენას აპირებთ.

ლაურილ ნატრიუმის სულფატი ნატრია და ლაურეტ  ნატრიუმის სულფატი ითვლება ზედაპირულ-აქტიურ ნივთიერებად და გამოიყენება ქაფის წარმოსაქმნელად. მათ უმატებენ არამხოლოდ შამპუნებსა და გელებში, ასევე იატაკისა და სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილ საშუალებებში. ზოგიერთი გამოკვლევით გამოვლინდა, რომ კანიდან შეჭრილი ეს ნივთიერებები მხედველობაზე, თავის ტვინის უჯრედებზე, გულზე, ღვიძლზე ელენთაზე, ფილტვებზე ზემოქმედებენ. შეუძლიათ გამოიწვიონ კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის.

ფტალატები (იმალება შემოკლებების BBP, DBP, DEP, DHP, DIDP ქვეშ) ხშირად გამოიყენება, როგორც სუნის ფიქსატორები. გამოკვლევების თანახმად, ფტალატებს თუ გამოიყენებს ქალი ორსულობამდე ან ორსულობის დროს დიდი რაოდენობით, შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი სიმახინჯეები, სქესობრივი განვითარების დარღვევები, განსაკუთრებით – ბიჭებში.

პროპილენგლიკონი და ეთილენ გლიკოლი გამოიყენება დანამატის სახით, როგორც იაფფასიანი დამატენიანებელი საშუალება საპნებში, გელებსა და კრემებში. ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ხელს უწყობს ფერიმჭამელების აღმოცენებას.

მინერალური ზეთები  – ეს არის ნავთობისა და ნატურალური მცენარეული ზეთების იაფფასიანი შემცვლელების პროდუქტები. კანის მოვლის საშუალებებში უმატებენ, როგორც დამატენიანებლებს. მინერალური ზეთის აპკი კანით სუნთქვას არღვევს, ფორებსა და ჯირკვლებს ავსებს.

ტრიკლოზანი – ანტიბაქტერიული საშუალება შედის ანტიბაქტერიული საპნის, საპარსი კრემებისა და სხვა კოსმეტიკურ და სარეცხ საშუალებებში. ეს ნივთიერება ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

პარაბენები გამოიყენება, როგორც კონსერვანტები. ეს ნივთიერებები სტრუქტურის მიხედვით ქალის ჰორმონების – ესტროგენების მსგავსია და შეიძლება ჰორმონული დარღვევების მიზეზი გახდეს.

მეთილდიბრომი გლუტარონიტრილი (MOBGN) გამოიყენება, როგორც კონსერვანტი. ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის დაავადებებს.

მიჰყევით მარტივ რჩევას: შეიძინეთ ისეთი საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში ნაკლები უცნობი და რთული სახელწოდებია.