როგორ გახდნენ ოლღა გურამიშვილის დის შთამომავლები თურქეთის პრინცესები

როგორ გახდნენ ოლღა გურამიშვილის დის შთამომავლები თურქეთის პრინცესებიჟურნალი ,,სარკე”, ლია ოსაძე

ქართლის ერთ-ერთ უმდიდრეს მემამულეს, თადეოზ გურამიშვილს, რომელსაც საგურამოელ ამაყ თავადად იცნობდნენ, ოთხი შვილი ჰყავდა. პირველი ცოლისგან, რომელიც ადრე გარდაეცვალა, ორი ქალიშვილი დარჩა – ეკატერინე და ოლღა.

დაობლებული გოგონები საქართველოს ისტორიაში თავიანთი ქმრების დამსახურებით შევიდნენ. ოლღა გურამიშვილი ილია ჭავჭავაძის მეუღლე, მისი ერთგული თანამეცხედრე გახდა, ეკატერინე კი ცოლად გაჰყვა რუს გენერალ დიმიტრი სტაროსელსკის, რომელიც 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი გახლდათ. ეკატერინეც და დიმიტრიც თბილისში გარდაიცვალნენ.

ეკატერინე გურამიშვილის შთამომავლები დღეს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. მათგან ორი თურქეთის პრინცესაა – დედა-შვილი, ირინა და ნილუფერი. ისინი მთელ მსოფლიოში თავიანთი ქველმოქმედებით არიან ცნობილი და არაერთი ჯილდოც აქვთ.

ეკატერინე გურამიშვილისა და დიმიტრი სტაროსელსკის ოჯახზე, მათ შთამომავლებზე გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, იმერეთის მეფეების შთამომავალთა საზოგადოების ნამდვილი წევრი, ქალბატონი მანანა ხომერიკი:

– საქართველოში ორი სტაროსელსკი იყო ჩამოსული, ერთი – დიმიტრი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი და მეორე – ვლადიმირი. ამას იმიტომ ვახსენებ, რომ მკითხველს ერთმანეთში არ აერიოს დიმიტრი და ვლადიმირი.

ვლადიმირი რუსეთის იმპერატორმა, ნიკოლოზ II-მ, 1905 წელს ქუთაისის გუბერნატორად დანიშნა, მაგრამ რევოლუციისადმი მისი ლოიალური დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ დარჩათ და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. 1906 წელს ის კავკასიის მეფისნაცვალმა, გრაფმა ვორონცოვ-დაშკოვმა გაათავისუფლა და საქმის წარმოებაც შეწყვიტა. გრიმგაკეთებული ვლადიმირი პარიზში გაემგზავრა და იქ ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი. 1916 წელს 56 წლის ასაკში მარტოსულმა სიღარიბეში დალია სული.

– ილია ჭავჭავაძეს როგორი ურთიერთობა ჰქონდა ქვისლთან, დიმიტრი სტაროსელსკისთან?

– ილიას ეკატერინესთან და მის ოჯახთან ყოველთვის თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. წერილებშიც სიყვარულით მოიხსენიებდა: “საყვარელო დაო კატო”. როცა დიმიტრი სტაროსელსკი ბაქოს გუბერნატორი გახდა, ილია ჭავჭავაძემ ასეთი სახუმარო წერილი მისწერა:

,,თქვენო აღმატებულებავ, ბაქოს ღუბერნატორის მეუღლევ, დიდთა გურამ კურატ-პალატთა ჩამომავალო, ბრწყინვალე თავადის ილია ჭავჭავაძის ცოლის დავ, დიდის იმპერატრიცის, ეკატერინეს, სანატრელო თანა-მოსახელევ, ყუბანისა და ფოთის ბრძანებელო და თვითმპყრობელო, უბილეთო შალიკოვის ყოვლად მფარველო და მოწყალევ! თქვენი უღირსი ძმა ილია ჭავჭავაძე კეთილ-მორწმუნე დუშეთიდან უმდაბლეს სალამს გიძღვნით და ყოვლად მოწყალე ღვთის მიერ ითხოვს თქვენს აღმატებულების კეთილგანწყობილად სუფევას ქმრით და შვილითურთ”.

დიმიტრი სტაროსელსკი 1877-1884 წლებში ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. ბაქოდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს გვერდში ამოუდგა. მას საქართველო ძალიან უყვარდა, თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა და ილიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებაში დაეხმარა.

როცა ილია ჭავჭავაძის ამ წამოწყებას წინ აღუდგნენ რუსი მოხელეები, დიმიტრიმ შეძლო, მეფისნაცვალი დაეთანხმებინა. ის იყო არამხოლოდ მეფისნაცვლის მოადგილე, არამედ მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი სენატორიც.

დიმიტრი ილია წინამძღვრიშვილსაც დაეხმარა სოფელ წინამძღვრიანთკარში სამეურნეო სასწავლებლის გახსნაში. იაკობ გოგებაშვილი დიმიტრი სტაროსელსკის შესახებ წერდა: “დასაფასებელია მისი მეტად ნათელი მიმართულება, უყვარს საქართველო, როგორც თავისი მეორე სამშობლო, რომელმაც ოჯახური ბედნიერება მიანიჭა”.

– რამდენი შვილი ჰყავდათ ეკატერინეს და დიმიტრის?

– ოთხი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი – ნინო, ელისაბედი, რუსუდანი, ქეთევანი, სიმონი, გივი, ნიკოლოზი და ვსევოლოდი. როდესაც წყვილს მეოთხე ვაჟი შეეძინა, ილია ჭავჭავაძემ ასეთი მისალოცი წერილი გაუგზავნა:

,,მიხარია თქვენი ვაჟიანობა. პირველ იმიტომ, რომ შვილი მოგემატათ, მეორე იმიტომ, რომ სენას, კოლას და გივის მარტოდ არ დააწვებათ თქვენი ვალები. ახლა მეოთხეც შემწედ ეყოლებათ, ასე რომ, რაც უნდა იყოს, ვალების გაყოფა ოთხად უფრო სასარგებლოა, ვიდრე სამად. თუ ღვთის მოწყალებით თქვენ ეგრე იარეთ, საქმე იქამდე მიგივათ, რომ თითო შვილს თქვენი ვალიდან ათი თუმანიც არ შეხვდება. მიხარია და ამასთან მიკვირს, რომ სიბერის დროს სულ ვაჟიანობას მიჰყავით ხელი”.

ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი წერილიდან ისიც ირკვევა, რომ ცოლ-ქმარს ოთხივე ვაჟის ბედი მისთვის მიუნდვიათ. რატომ ან რის გამო მოიქცნენ ასე, ვერ გეტყვით. წერილში ილია ეკატერინეს სწერს, თქვენ ხომ მომანდეთ თქვენი შვილების ბედიო.

1884 წელს დიმიტრი სტაროსელსკი თბილისში გარდაიცვალა, რამაც ქართველი საზოგადოება დაამწუხრა. აკაკი წერეთელმა მაშინ თქვა: ,,შესანიშნავი ის არის, რომ ენით სხვას და გვარტომით გარეშეს ისე ვიგლოვთ, როგორც საკუთარ ძმას და თვისსა”. ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკაიამ კი 1901 წელს დალია სული.

– თქვენ მათი შვილების შთამომავლებს იცნობთ. გვიამბეთ, სად და როგორ გაიცანით ისინი.

– გიორგი (იგივე ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილის მამა გახლდათ ესპანეთში მცხოვრები ირაკლი ბაგრატიონი, რომელსაც ჰყავდა ორი და. ირაკლის ერთი და – ლეონიდა – გათხოვილი იყო რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურზე, მის საიმპერატორო უმაღლესობაზე, ვლადიმირ კირილის ძე რომანოვზე. მეორე და – მარიამი – გადასახლებამდე და გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში ცხოვრობდა.

ახლანდელი გუდიაშვილების სახლი გახლდათ მარიამ ბაგრატიონის სახლი. მას შვილი არ ჰყოლია. მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა, ვმეგობრობდი. 1973 წელს სიონში მომინათლა უფროსი ვაჟი – ლადო. ქალბატონი მარიამის საშუალებით ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.

1989 წელს ესპანეთში გავემგზავრეთ, სადაც გავიცანი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილის ოჯახი. გიორგიმ 2005 წლის აპრილში გამაცნო თურქეთის პრინცესები – მათი საიმპერატორო უმაღლესობა, პრინცესა ირინა და მისი ქალიშვილი, პრინცესა ნილუფერი.

გაცნობისთანავე პრინცესა ირინამ მითხრა, რომ მისი დიდი ბებია იყო ეკატერინე გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძის ცოლისდა. როდესაც ვკითხე, თქვენ სტაროსელსკაია ხომ არ ბრძანდებით-მეთქი, პრინცესა ირინამ დამიდასტურა. ის ემიგრაციაში დაიბადა და ცოლად გაჰყვა თურქეთიდან განდევნილ პრინცს.

– პრინცესა ირინას ცხოვრების შესახებ სხვა დეტალებიც იცით?

– ირინა ივანეს ასული სტაროსელსკაია საფრანგეთში დაიბადა. ივანე სტაროსელსკი გივი სტაროსელსკის ვაჟი გახლდათ. პრინცესა ირინა სტაროსელსკაია ცოლად გაჰყვა ოტომანთა იმპერიის სულთანთა შთამომავალს, პრინც ბურგანედდინ ჯემის, რომელიც დევნილი პრინცი იყო. მან ბავშვობაში, 4 წლის ასაკში დატოვა სამშობლო.

პრინც ბურგანედდინ ჯემის მამა პრინცი იბრაჰიმ თევფიკი 1929 წელს ნიცაში გარდაიცვალა. მისი დაქვრივებული მეუღლე, შადიე ჩურუქ-სულუ (შადიე მამით ქართველი გახლდათ, უფრო სწორად, გათურქებული ფაშას ქალიშვილი) ცოლად გაჰყვა ამერიკელ სამხედროს. პატარა პრინცს, ბურგანედდინ ჯემის, ხან ევროპაში უხდებოდა ცხოვრება, ხანაც ამერიკაში – დედასთან და მამინაცვალთან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის შეხვდა ირინა სტაროსელსკაიას და 1951 წელს დაქორწინდნენ. მათ ქალ-ვაჟი შეეძინათ – ნილუფერი და სელიმი.

2000 წელს მის საიმპერატორო უმაღლესობას, პრინცესა ნილუფერს, ერთადერთი ქალიშვილი, ტატიანა, 16 წლის ასაკში დიაბეტისგან გარდაეცვალა (როგორც მისი ახლობლები თვლიან, ექიმების უყურადღებობის გამო მოხდა ეს ტრაგედია). შვეიცარიაში მცხოვრებმა პრინცესა ნილუფერმა გადაწყვიტა, შვილის ხსოვნის პატივსაცემად დაეარსებინა ფონდი, რომელიც ობოლ და ავადმყოფ ბავშვებს გაუწევდა დახმარებას. ასე დაარსდა “მისი საიმპერატორო უმაღლესობის, პრინცესა ნილუფერ სულთანის ასოციაცია”.

თურქეთის მთავრობამ თურქი ბავშვებისათვის გაწეული დახმარებისთვის პრინცესა ნილუფერის პასპორტში გამონაკლისის სახით ჩაწერა: “ეს პასპორტი ეკუთვნის ოსმანლის დინასტიის პრინცესას. 22 ნოემბერი, 2004 წელი”.

პასპორტის ეს ჩანაწერი პრინცესა ნილუფერმა პირადად მაჩვენა და დასძინა, რომ ეს ტიტული მისი ძმის, პრინცი სელიმის, პასპორტში არ არის აღნიშნული. ავადმყოფი ბავშვების გადარჩენისთვის პრინცესა ირინას და პრინცესა ნილუფერს რომში გადაეცათ “საერთაშორისო ცხოვრების ჯილდო”. ეს ის მედალია, რომლითაც დაჯილდოებული იყო დედა ტერეზა.

ეკატერინე გურამიშვილის შთამომავლები ძალიან ამაყობენ ქართული წარმომავლობით. პრინცესა ირინამ და პრინცესა ნილუფერმა საქართველოშიც გასწიეს ქველმოქმედება. აბასთუმანთან, უდეს მონასტრის ტერიტორიაზე, აღადგინეს სასწავლებელი. პრინცესების დაფინანსებით შეიძინა სასწავლებელმა ინვენტარი და წიგნები.

– დედა-შვილი, პრინცესა ირინა და პრინცესა ნილუფერი, მართლმადიდებლები არიან თუ მუსლიმები?

– პრინცესა ირინა მართლმადიდებელია. პრინცესა ნილუფერის მეორე სახელი ეკატერინეა – დედამ მას დიდი ბებიის, ეკატერინე გურამიშვილის სახელი დაარქვა.

– ეკატერინე გურამიშვილის და დიმიტრი სტაროსელსკის სხვა შვილებზე თუ მოგეპოვებათ რაიმე ინფორმაცია?

– ნინო სტაროსელსკაია გათხოვილი იყო იოსებ შალიკაშვილზე. ნინოს და იოსებს ორი ვაჟი შეეძინათ – დავითი და დიმიტრი. დავით შალიკაშვილი აფრიკაში იბრძოდა. 1940 წელს ის კანში სტუმრად ეწვია ნათესავს, გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილს. დავითმა გიორგის და მის მეუღლეს, ელენეს, მოუყვა, რომ ბოშა ქალმა მას სიკვდილი უწინასწარმეტყველა. ამაზე სამივემ ბევრი იცინა.

საუბრის დროს ძაღლმა რაღაც ჩამოაგდო და მოულოდნელობისგან დავითი შეკრთა, ფერი დაკარგა. გიორგიმ და ელენემ სთხოვეს, საწოლ ოთახში შესულიყო და მოესვენა. დავითი შევიდა და წამოწვა, მაგრამ იქვე გარდაიცვალა. ასე აუხდა ბოშა ქალის წინასწარმეტყველება.

ეკატერინეს და დიმიტრის უმცროსი ვაჟი, ვსევოლოდი, გენერალი გახდა. მისი მეუღლე იყო ბარონესა ბეიბი ოსტენ დრიესენი. ვსევოლოდი კაზაკების ბრიგადას მეთაურობდა. ის რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ირანში აჰმედ შაჰის დასახმარებლად გაგზავნა. შაჰი რუსეთის კარზე იყო გაზრდილი.

ვსევოლოდმა ყურადღება მიაქცია დაბალი წოდების ერთ სამხედროს, რომელსაც ცხენების მოვლა ევალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამხედრომ წერა-კითხვა არ იცოდა, ვსევოლოდმა მასში ბუნებრივი ნიჭი შენიშნა და დააწინაურა, სამხედრო ოფიცერი გახადა. შემდგომში ამ სამხედრომ შაჰი დაამხო, ყაჯართა დინასტიის მეფობას ბოლო მოუღო და ტახტზე თავად ავიდა. მისი ვაჟი იყო მეჰმედ რეზა შაჰი. მას შეეძინა ვაჟი, რომელსაც რეზა ჰქვია და ამერიკაში ცხოვრობს.

2004 წლის 28 მაისს, როდესაც ქალაქ ამანში იორდანიის მეფის ვაჟის, პრინც ჰაზას, ქორწილი გაიმართა, რეზა სტუმრებს შორის იყო. იქ ასევე იყვნენ პრინცესა ირინა და მისი ქალიშვილი, პრინცესა ნილუფერიც. პრინცესა ირინამ სწორედ საქორწინო მეჯლისის დროს რეზა ფეჰლევს საქვეყნოდ განუცხადა, გენერალ სტაროსელსკის პაპაშენი საჯინიბოდან რომ არ გამოეყვანა და ოფიცრად არ ექცია, შაჰი ვერასოდეს გახდებოდაო. როგორც შემდგომ პრინცესა ნილუფერმა მითხრა, ამის გაგონებაზე რეზა ფეჰლევს სახე შეცვლია, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

პრინცესა ნილუფერმა ფრანგულ ენაზე გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი ,,ტატიანას სიყვარულისთვის”, რომელიც თავის გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა. წიგნი თურქულ ენაზეც ითარგმნა. საამაყოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ ამ წიგნში მეც რამდენჯერმე მომიხსენია.

– როდესაც საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ვსევოლოდ სტაროსელსკი რუსეთში დარჩა თუ ემიგრაციაში წავიდა?

– გაწეული სამსახურისთვის აჰმედ შაჰმა გენერალი ვსევოლოდ სტაროსელსკი მარგალიტებით გაწყობილი ხმლით დააჯილდოვა. რუსეთში საბჭოთა წყობილება რომ დამყარდა, სტაროსელსკი ემიგრაციაში წავიდა. მან ამერიკაში გაყიდა შაჰის ნაჩუქარი ხმალი და იმ ფულით ლოს ანჯელესის მახლობლად ფორთოხლის ბაღით დამშვენებული ძვირადღირებული რანჩო შეიძინა.

ბოლოს მინდა, აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ პრინცესა ნილუფერმა სტამბულში თავისი მეგობრის, ავსტრიაში მოღვაწე თურქი დიზაინერის დეფილე გამართა. ამ დეფილეზე პრინცესამ მეც მიმიწვია. ჩემ გარდა ასევე მიიწვია ბებიის – მამის დედის, შადიეს, ნათესავი, გერმანიაში მცხოვრები მხატვარი ფეიაზ კარაბახი, რომელიც გახლავთ ქართველი ალი ფაშას (თავდგირიძის) შთამომავალი, ავსტრიელი პრინცესა – კამილა ჰაბსბურგი და მაიკლ ჯექსონის ძმა, ჯერმან ჯექსონი.

ამ დეფილეზე ძალიან სასიამოვნო მოგონებები დამრჩა. იმედია, ჩემს მეგობრებს კვლავ შევხვდები.