,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე
რამაზ კუბლაშვილი ქართველ სამართალდამცველებს აღრიცხვაზეც კი არ ჰყოლიათ. ის ,,სამუშაოდ” საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში მიემგზავრებოდა და სამიზნედაც მსუყე ლუკმას ირჩევდა.
ყველაზე მსხვილი თაღლითობა კუბლაშვილმა 34 წლის ასაკში გაითამაშა, როცა სურსათით დატვირთული ოთხი ,,ტრაილერი” ისე გააქრო, მილიცია და მანქანის მძღოლები ცარიელ საბარგულებს გაფართოებული თვალებით ათვალიერებდნენ. სამართალდამცველები ნამდვილ დამნაშავეზე ვერ გავიდნენ და საქმე გაუხსნელი დარჩა.
მომდევნო რამდენიმე თვე თაღლითმა ქუთაისში გაატარა. შეატყობინეს, რომ მეუღლე მძიმედ იყო ავად. რამაზ კუბლაშვილმა ცოლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მძიმე სენმა ქალს მალე მოუსწრაფა სიცოცხლე და მისი ერთადერთი ვაჟი მამის ანაბარა დარჩა. ბიჭი იმ პერიოდში 16 წლის იყო. მამამ სკოლის დამთავრებაც არ აცადა. მისთვის ცოდნა ის იყო, საიდანაც დიდი ფული მოდიოდა, თაღლითობას კი სკოლის ატესტატი არ სჭირდებოდა. უფროსი კუბლაშვილი ამ დარგის აკადემიკოსი იყო.
– ნუკრი, ეს ის საქმეა, სადაც უმნიშვნელო დეტალიც კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. არჩევანი შენ უნდა გააკეთო, მაგრამ თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებ, დამიჯერებ და ფეხდაფეხ მომყვები, არ ინანებ, – მოძღვრავდა რამაზი შვილს.
შვილი ცნობილ თაღლითს მართლაც ნუკრივით გულუბრყვილო, ფართო თვალებით უცქერდა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მამა გვერდით დაიყენებდა. ეს შეთავაზება მისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. არჩევანის გაკეთებისთვის ფიქრში დრო არ დაუკარგავს და მასთან ერთად გაემგზავრა ტაშკენტში, სადაც მისაღები გამოცდები ახლოვდებოდა. რამაზ კუბლაშვილს აბიტურიენტებთან დასაკავშირებლად ახალგაზრდა თანაშემწე სჭირდებოდა. ნუკრი, რუსი ბებიის წყალობით, უნაკლოდ ფლობდა ენას და ამ საქმეში საუკეთესო თანამზრახველიც აღმოჩნდა.
ზაფხულის სიცხით შეწუხებული ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლის კიბეებთან თავიანთ რიგს ელოდებოდნენ. საბუთების მიღება უკვე დაწყებული იყო და ბედის მომლოდინე აბიტურიენტები მშობლებთან ერთად დაძაბულები და ჩაფიქრებულები ჩანდნენ. მშვიდად მხოლოდ ერთი ცისფერთვალა, მომხიბვლელი გარეგნობის ბიჭი დააბიჯებდა. ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისგან შეკრებილ ხან ერთ ჯგუფს შეუერთდებოდა, ხან – მეორეს. ბოლოს პროვინციიდან ჩამოსულ დედა-შვილზე შეაჩერა მზერა.
– ამბობენ, წელს განსაკუთრებით ბევრი ხალხია, – თქვა ცისფერთვალამ, როცა დედა-შვილის მახლობლად გაჩერდა.
– განსაკუთრებით კვების ტექნოლოგიურზე, – სინანულით გადააქნია თავი შუახნის ქალმა, – ჩემი შვილი ორი წელია აბარებს, არ ვიცი, რა იქნება, თუ ამჯერადაც გარეთ დარჩა, – უფრო ხმადაბლა ჩაილაპარაკა მანდილოსანმა.
– ძნელია, როცა პატრონი არ გყავს. კიდევ კარგი, ეგ პრობლემა უკვე მოვაგვარე, – ქალისკენ გააპარა მზერა ცისფერთვალამ და თითქოს ინანა საკუთარი გულწრფელობა.
– კი მაგრამ, როგორ? – თვალები გაუფართოვდა თანამოსაუბრეს.
– არ ვიცი, ღირს თუ არა ამაზე ლაპარაკი, თან მამაჩემმა რომ გამიგოს, – თავი დახარა ცისფერთვალამ.
– გთხოვთ, მითხარით, სიტყვა არავისთან დამცდება! – შეეხვეწა აბიტურიენტის დედა.
– ერთი კაცია, აქ ლექციებს კითხულობს, მამამ თქვა, წესიერი ადამიანია, თან ცოტას იღებსო.
– მაინც რამდენს? – ჩაეკითხა დაინტერესებული ქალი.
ბიჭი ჩაფიქრდა.
– მითხარით, რა ნომერზე დაგიკავშირდეთ, – ღრმად ამოიოხრა ბიჭმა, – მამას ვკითხავ და, თუ თანახმა იქნება, იქნებ თავად დაგაკავშიროთ.
ქალი აღტაცებული უყურებდა ბიჭს და თან ხელჩანთაში ფურცელსა და კალამს ეძებდა, რომ ტელეფონის ნომერი ჩაეწერა.
სანამ მისაღები გამოცდები დაიწყებოდა, ნუკრიმ მამასთან 22 აბიტურიენტის მშობელი მიიყვანა. რამაზ კუბლაშვილი თავს უნივერსიტეტის ლექტორად ასაღებდა. შეთანხმება ასეთი იყო – მშობელი ფულის ნაწილს პირველი გამოცდის შემდეგ იხდიდა. თანხა 1000 მანეთიდან 2000 მანეთამდე მერყეობდა. სრულ თანხას “შუამავალი” ჩაბარებულთა სიების გამოცხადების შემდეგ აიღებდა, მაგრამ ამ დღეს მამა-შვილი ყაზახეთიდან უკვე შორს იქნებოდნენ…
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა დაიძაბა და რუსეთში ყველა კავკასიელს ამრეზით უყურებდნენ, თაღლითებს პრობლემა შეექმნათ. ნუკრი ქართველს ნაკლებად ჰგავდა, მაგრამ უფროსი კუბლაშვილი, არწივივით მოკაკვული ცხვირითა და შუბლზე გადაჭიმული ფართო წარბებით, მუდმივად სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ხვდებოდა. ერთ-ერთი მორიგი რეიდის დროს რამაზს ჯიბეში ორი ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს, ბორკილები დაადეს და ის იყო, მანქანაში უნდა ეკრათ თავი, რომ მის გვერდით მაღალი, ცისფერთვალა ახალგაზრდა გაჩნდა. ის კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მოდური ჰალსტუხი ეკეთა და ისეთი მანერებით საუბრობდა, თითქოს რუსეთის უკანასკნელი მეფის პირდაპირი შთამომავალი გახლდათ.
– მელნიკოვი, უშიშროების ლეიტენანტი, – დამაჯერებელი ხმით წარმოთქვა ცისფერთვალამ და ჯიბიდან საკუთარი სიტყვების დამადასტურებელი დოკუმენტი ამოიღო, – ჩვენ მასზე თვალთვალს ვახორციელებდით, თქვენ კი გეგმები ჩაგვიშალეთ, – უკმაყოფილო გამოხედვა ჰქონდა “ლეიტენანტს”, – ახლა ეჭვმიტანილს უშიშროებაში გადავიყვანთ, თქვენს უფროსს კი დიდი მადლობა გადაეცით, – წარბები შეყარა ცისფერთვალამ და ბორკილებდადებული რამაზი თავისი მანქანისკენ წაიყვანა.
– ძლივს არ ვნახე ერთი ადამიანი, რომელმაც მადლობა გადაგვიხადა, – კეფა მოიფხანა მილიციელმა და მეწყვილეს გადახედა, რომელსაც კმაყოფილება სრულებითაც არ ემჩნეოდა.
1995 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის ტერიტორიაზე რუს სამხედროებს იარაღი უნდა შეეტანათ. ეს იყო სარეალიზაციოდ გამზადებული საბრძოლო მასალა, რომელიც ადგილობრივი გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერისთვის უნდა მიეყიდათ. იარაღის ღირებულება ნახევარ მილიონ დოლარს უახლოვდებოდა.
21 მაისს ორი რუსი სამხედრო სოჭში შეჩერდა. იარაღით დატვირთული ავტომობილი სწორედ იქ უნდა დაეხვედრებინათ და ოჩამჩირეში ჩაეცილებინათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. რუსმა ოფიცრებმა ტვირთი მიიღეს. იარაღით დატვირთულ მანქანას მძღოლი მართავდა, სამხედრო მაღალჩინოსნები კი უკან მიჰყვებოდნენ.
სანამ ოფიცრები კონფლიქტის ზონამდე მიაღწევდნენ, იარაღით დატვირთული მანქანა გზად შეჩერდა. საზღვართან ახლოს პატარა რესტორანი იყო. რუს სამხედროებს, რომლებიც კონფლიქტის ზონას ხშირად სტუმრობდნენ, ტრადიციად ჰქონდათ, იქ გაჩერებულიყვნენ, ცხელი წვნიანით დანაყრებულიყვნენ და რამდენიმე ჭიქა არაყიც გადაეხუხათ.
იმ დღეს სასადილოში მხოლოდ ერთი მაგიდა იყო დაკავებული. მას ცისფერთვალა ბიჭი და შუახნის მანდილოსანი შემოსხდომოდნენ. დაახლოებით ერთ საათში, როცა რუს სამხედროებს თვალები შეუწითლდათ, ცისფერთვალა მათ მაგიდას მიუახლოვდა.
– გამარჯობა, სამხედრო პროკურატურიდან ვარ, უნდა დავილაპარაკოთ.
– რა პროკურატურა, ჩვენ დავალებას ვასრულებთ.
– სწორედ ამ დავალებაზე მინდა, დაგელაპარაკოთ.
ცისფერთვალამ ჯიბისკენ წაიღო ხელი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამოიღო. სქელყდიანი დოკუმენტი გადაშალა, სადაც შავით თეთრზე ეწერა: “განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველო”.
თვალებაწითლებული პოლკოვნიკი თითქოს წამსვე გამოფხიზლდა და გვერდით მჯდომს უმწეოდ გადახედა.
– ეს სამხედრო დავალებაა, ჩვენ შეთანხმებულები ვართ, – თავისმართლება სცადა მეორე ჩინოსანმა.
– აქ ხალხია, იქნებ კუპეში შევიდეთ და იქ დავილაპარაკოთ, – უთხრა ცისფერთვალამ.
როცა კუპეში შევიდნენ, ცისფერთვალას თანმხლებმა ქალმა დანახარჯი ოფიციანტს დაუტოვა და აჩქარებული ნაბიჯებით ქუჩაში გავიდა.
კარმიღმა საუბარი თითქმის ნახევარი საათი გრძელდებოდა. რუსებმა “ახალგაზრდა იურისტი” გარიგებაზე დაიყოლიეს. როცა დარბაზიდან გამოვიდნენ, პირდაპირ სატვირთო მანქანისკენ გაექცათ მზერა, მანქანა ადგილზე იყო, მისი მძღოლი კი აღარსად ჩანდა. სამხედროებმა ფერი დაკარგეს, თუმცა, როცა ოფიცრები გარეთ გავიდნენ, მძღოლი უდარდელი გამომეტყველებით საპირფარეშოდან მოაბიჯებდა. გამცილებლების ავტომობილი და სატვირთო მანქანა ერთდროულად დაიძრა ადგილიდან და დანიშნულების პუნქტამდე აღარ გაჩერებულან.
რამდენიმე საათში რუსი სამხედროები უკვე კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ. აფხაზები ფულით სავსე დიპლომატით ელოდებოდნენ.
– თანხა გაიზრდება, 100 000 გაუთვალისწინებელი ხარჯია, – სასწრაფოდ დაუმატა სამხედრო პროკურორისთვის გადასახდელი თანხა რუსმა ოფიცერმა, როგორც კი აფხაზი კრიმინალი მიესალმა.
– ეს დიდი ფულია, ასე არ შევთანხმებულვართ, – სახე შეეცვალა კაცს.
მისი რეპლიკისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ოფიცრებს საქონლის თავიდან მოშორება ეჩქარებოდათ და მძღოლს ანიშნეს, საბარგული გახსენიო. ხელქვეითი მაშინვე დაემორჩილა, მაგრამ პირველი ყუთი რომ მოქაჩა, ლამის ძირს გადმოვარდა.
– რა ხდება, შიგ არაფერი დევს? – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ძარაზე ასულ ოფიცერს გახედა.
– გახსენი! – ბრძანება გასცა ოფიცერმა.
მძღოლმა ყუთი გახსნა და ყველამ ერთად ამოიგმინა. შიგ ტყვია-წამლის ნაცვლად ლამაზად შეფუთული პლასტმასის ხელყუმბარები ეწყო.
– ეს რა არის?! – იყვირა სამხედრო ფორმიანმა და ყუთს ფეხი ჰკრა.
საბარგულიდან კიდევ ორი ყუთი გადმოიღეს და გახსნეს. იარაღი არც იქ დახვედრიათ.
– შეუძლებელია, სანამ საპირფარეშოში ვიყავი, ტვირთის გადმოღებას ვერავინ მოასწრებდა, – ხმა უკანკალებდა მძღოლს, – ერთი წამით, – მამაკაცი თითქოს გამოფხიზლდა და ავტომობილი გარედან დაათვალიერა, შემდეგ სალონში შეიხედა და მანქანის პატარა უჯრა გახსნა.
მძღოლს ეს ავტომობილი ერთი კვირის წინ გადასცეს. მას ჩვევად ჰქონდა, ყოველთვის, როცა ახალ მანქანაში ჯდებოდა, ქალიშვილის სურათს უჯრის კარის უკან აკრავდა. ეს ერთგვარი რიტუალი იყო, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს არიდებდა.
– სურათი აქ არ არის, – ამოილუღლუღა სასოწარკვეთილმა.
– რას როშავ, ჭკუაზე თუ ხარ! – დაუყვირა ოფიცერმა, – ეს წუთია, მილიონის საქონელი დაიკარგა და ეს სურათს დარდობს.
– არა, პეტროვიჩ, სხვა რაღაცის თქმა მინდა, მანქანა შეგვიცვალეს.
– როგორ მოახერხეს, ეს შეუძლებელია, – ღრიალებდა რუსი გენერალი.
ნუკრი კუბლაშვილმა და მამამისის საყვარელმა შეუძლებელი შეძლეს.
ნუკრი კუბლაშვილი 30 წლის იყო, როცა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. მის ბიოგრაფიაში ეს ეპიზოდი სევდიანზე მეტად კურიოზული იყო. ქუთაისში მამის მოსანახულებლად იყო ჩასული. რამაზი ამ პერიოდში საქმეს თითქმის ჩამოშორდა და მხოლოდ შორიდან ადევნებდა თვალს ნუკრის წარმატებებს.
ერთ საღამოს უმცროსი კუბლაშვილი მოულოდნელად ქუჩაში გააჩერეს. ის პოლიციამ საეჭვო პირად მიიჩნია და ქუჩაშივე ჩაუტარა ჩხრეკა. როცა მისი პირადობის მოწმობა ნახეს და დიტო მაღლაკელიძე ამოიკითხეს, კუბლაშვილი მაშინვე განყოფილებაში გააქანეს. ვინმე დიტო მაღლაკელიძეზე ძებნა ყოფილა გამოცხადებული. ნუკრის მიერ გაყალბებულ პირადობის მოწმობაში მითითებული დაბადების წელიც ძებნილის მონაცემებს დაემთხვა. მთავარი სიურპრიზი კი ეჭვმიტანილს წინ ელოდა. დაზარალებულმა, ღრმად მოხუცებულმა ქალბატონმა, რომელსაც მაღლაკელიძემ სახლი გაუქურდა, დამნაშავე ნუკრი კუბლაშვილში ამოიცნო.
– ნამდვილად ეს არის, კარგად მახსოვს, ჩემი მარმელადიც წაიღო, – გამშრალ ტუჩებს ენით ისველებდა ჭაღარა ქალბატონი, – დააპატიმრეთ!
ნუკრი ერთხანს იმაზეც დაფიქრდა, პოლიციელებისთვის ხომ არ გაემხილა საკუთარი ვინაობა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ დუმილი ერჩია. ეს ის წელი იყო, როცა თბილისში სილამაზის კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვების მსურველი ათეულობით გოგონა მოატყუა და “ჰოლანდიური სააგენტოს” ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში გამარჯვებისთვის ლამაზმანებს ფული გამოსტყუა.
– ციხეშიც ბევრი არიფია, – სასამართლო პროცესზე მისული მამის დამშვიდებას ცდილობდა ნუკრი, ცნობილი თაღლითი, რომელიც ერთი უნიათო ქურდის გამო გაასამართლეს.

