,,ქუჩაში წამომაძახეს, ძაღლების გაზრდას შვილები გაგეზარდაო”

,,ქუჩაში წამომაძახეს, ძაღლების გაზრდას შვილები გაგეზარდაო"არ მიყვარს, როცა ადამიანები ერთმანეთს ჭკუას არიგებენ, ამიტომ არ მინდა, ჩემი ეს წერილი ვინმემ დიდაქტიკად აღიქვას, უბრალოდ მსურს, რაღაცებზე ჩემი აზრი გამოვთქვა. მე მოვყვები და იქნებ ვიღა-ვიღაცებმა საკუთარი თავი დაინახონ და მიხვდნენ, როგორ არ უნდა მოიქცნენ.

“ფეისბუქის” საკუთარი გვერდი წლების წინ მქონდა, მაგრამ იმიტომ გავაუქმე, რომ ის ღვარძლი და აგრესია არ მომწონდა, რაც იქიდან მოდიოდა. მერე ისევ აღვადგინე სოციალური გვერდი, მაგრამ ვცდილობ, უარყოფითი სტატუსები არ წავიკითხო, არც უარყოფითი კომენტარები.

გაოცებული ვარ, ასე რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს, ასე რატომ ებრძვიან ერთიმეორეს, მათ ხომ არ იციან, რომელი ადამიანის უკან რა ამბები იმალება. იქნებ რა ტანჯვა აქვს გამოვლილი, იქნებ ისეთი გზები აქვს გავლილი, რომ ჯობია, მოუსმინო და რამე ისწავლო… ბევრს არ გავაგრძელებ, იმ შემთხვევაზე გიამბობთ, რომელმაც გული მატკინა.

ორი ძაღლი მყავს, რომლებიც შვილებივით გამოვზარდე. ბოლო დღეებში რომ დიდი ყინვები იყო, თბილად ვაცმევდი და სასეირნოდ ისე გამყავდა. ჩემი ძაღლები პატარები არიან, ძალიან ნაზები. მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, ცუდ პირობებს ვერ უძლებენ. ამიტომ იმ დღესაც სპეციალური ქურთუკები ჩავაცვი და სასეირნოდ გამოვიყვანე.

ხომ არის დღეები, როცა ყველაფერი ცუდი ერთად გახსენდება და საშინელ განწყობაზე დგები. სწორედ ასე ვიყავი, როცა ძაღლებთან ერთად სასეირნოდ გავედი. ქუჩაში ორი უცნობი ქალი შემხვდა. ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ნახე, როგორ ჩაუცმევია, რამდენი არანორმალური დადის ქვეყანაზეო. როცა სახეზე უკმაყოფილება დამეტყო, ერთ-ერთმა მკითხა, შვილები თუ გყავსო. ვუპასუხე, არ მყავს, მაგრამ ეს რა შუაშია-მეთქი. აგდებით, ძალიან შეურაცხმყოფელი ტონით მითხრა, ჰოდა, ძაღლების გაზრდას შვილები გაგეზარდაო.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გული მომწყდა და ძირს ჩამივარდა. ჯერ გავქვავდი, მერე კი ტირილი ამივარდა. ისე ცუდად გავხდი, მალევე რომ არ დავმჯდარიყავი, შეიძლებოდა წავქცეულიყავი. კიდევ კარგი, იქვე ეკლესია იყო და მის ეზოს შევაფარე თავი, იქ ჩამოვჯექი, ნაკურთხი წყალი დავლიე და ცოტა მოვსულიერდი.

იმ ქალებმა არ იცოდნენ და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებენ, რომ შვილი გავაჩინე, მაგრამ მომიკვდა. ეს ჩემთვის ისეთი მტკივნეული თემაა, ისეთი მძიმე, რომ მოყოლა მიჭირს.

ოჯახის შექმნიდან 3 წლის შემდეგ დავორსულდი. არ ვიცი, სხვა გოგონები რას გრძნობენ, მაგრამ მე ბავშვობიდან ვოცნებობდი, შვილები მყოლოდა. ის 3 წელი იყო მოლოდინებით და ოცნებებით სავსე, ამიტომ, როცა გავიგე, დედა გავხდებოდი, სიხარულით ლამის მეცხრე ცაზე დავფრინავდი.

ბიჭი მეყოლა, მაგრამ, საუბედუროდ, თანდაყოლილი პათოლოგიით. ჩემს ბიჭუნას 4 თვე გვერდიდან არ მოვშორებივარ. პატარა თითებზე ვეფერებოდი, პატარა თავზე ხელს ვუსვამდი და ვთხოვდი, რომ ჩემთან დარჩენილიყო, არ მივეტოვებინე. ოღონდ ეცოცხლა და მზად ვიყავი, ავადმყოფისთვისაც კი მთელი ცხოვრება მომევლო. ვეჩურჩულებოდი, არ შეგეშინდეს, ოღონდ ისუნთქე, ოღონდ ჩემთან იყავი და ყველაფერს გაგიკეთებ, შენი მოვლით არასოდეს დავიღლები-მეთქი.

ექიმები და ოჯახის წევრები მთხოვდნენ, რომ სახლში წავსულიყავი, იქ დგომას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ჩემს პატარას ვერ ვშორდებოდი. ზოგჯერ მინა გვყოფდა, მაგრამ მთავარი იყო, რომ მასთან ვიყავი. მეგონა, ასეთი შეუპოვრობით გავიმარჯვებდი და ჩემს ანგელოზს მიწაზე შევაკავებდი, მაგრამ არ გამოვიდა. ის ანგელოზად გამიფრინდა ცაში.

ყველა მეუბნებოდა, შვილები ისევ გეყოლება და ჯავრით თავი არ უნდა მოიკლაო. ეს სიტყვები კი მაღიზიანებდა, მაგრამ მერე თითქოს ნუგეშადაც იქცა, რომ შვილები კიდევ მეყოლებოდა და ჩემს ბიჭუნას, თავიანთ ძმას, არც ისინი დაივიწყებდნენ.

მეორედაც დავორსულდი, მაგრამ დედობა ისევ არ მეწერა. სამი თვის ორსულს ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, ხელოვნური ჩარევა გახდა საჭირო. საუბედუროდ, ექიმებმა შეცდომა დაუშვეს და საშვილოსნოს ამოღება გახდა საჭირო. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერავინ მეუბნებოდა, რომ შვილი აღარასოდეს მეყოლებოდა. ქმრის ოჯახის წევრებმა ბავშვის აყვანაზე რომ დაიწყეს ლაპარაკი, მაშინ გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც ხდებოდა. მერე კი მწარე სიმართლეც გავიგე და თავზე დამემხო ყველაფერი.

ცოლის დეპრესიას ქმარმა ვერ გაუძლო, ჩემ მიმართ აგრესიული გახდა და მისგან წამოვედი. ყველაფერი დავკარგე, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო. ავად გავხდი, საშინელ დღეში ჩავვარდი. მშობლებმა და ძმისშვილებმა შემაძლებინეს, რომ ისევ ფეხზე დავმდგარიყავი, მათმა სიყვარულმა გადამარჩინა და ამქვეყნად მომაბრუნა.

პირველი ძაღლი ჩვენს ოჯახში ჩემმა ძმისშვილმა მოიყვანა. ცხოველების მიმართ მთლად კარგი დამოკიდებულება არ მქონდა, მათი მეშინოდა, ვერ ვიტანდი, რომ მეხებოდნენ, მაგრამ იმ პატარა არსებამ თავი შემაყვარა. მის ვარდისფერ თათებს რომ ვხედავდი, მის უმწეო წკმუტუნს ვისმენდი, რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი და ძაღლები შემიყვარდა.

ჩემი ძმა სხვა სახლში გადავიდა საცხოვრებლად, ძაღლიც წაიყვანეს, მაგრამ მე სხვა ლეკვი მომიყვანეს, რომ არ მომეწყინა. მეორე ლეკვი თვითონ ვიყიდე და ორივე ძალიან პატარები გავზარდე. რა ვქნა, უზომოდ მიყვარს და მართლა შვილებივით ვუფრთხილდები. როცა სულიერი არსებები გყავს სახლში, მოვალეც ხარ, კარგად მოუარო და არაფერი გაუჭირვო.

ძაღლებზე ზრუნვამ თითქოს გადამარჩინა. შეიძლება ეს ვიღაცისთვის სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მე ასეთი განცდა მაქვს.

იმ უცნობ ქალებს კი, მინდა, მივმართო: ბედნიერი ვიქნებოდი, შვილები გამეზარდა, მაგრამ დედობის ბედნიერება, სამწუხაროდ, არ მხვდა წილად. სხვის შვილსაც სიამოვნებით გავზრდიდი, მაგრამ არც ამაში შემეწყო ხელი.

ნუ იქნებით ბოროტები, ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობთ, ისეთ რამეს ნუ ეტყვით, რაც მათ გულს ატკენთ.

,,სარკის” ერთგული მკითხველი