,,ყოფილი ქმრის ოჯახმა ის ქალი მიიღო, რომელმაც ჩემს შვილებს მამა წაართვა”

,,ყოფილი ქმრის ოჯახმა ის ქალი მიიღო, რომელმაც ჩემს შვილებს მამა წაართვა"ადამიანი თურმე იმდენ რამეს უძლებს, სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ. არ ვიცი, რამ გადამატანინა ის შეურაცხყოფა, რაც ქმარმა მომაყენა თავისი ღალატით. ახლა კი უარეს დღეში მისმა ოჯახის წევრებმა ჩამაგდეს. უკვე ვეღარ ვუძლებ იმ დაუმსახურებელ ტკივილს, რომელსაც ახლა განვიცდი.

შეგნებულ ასაკში დავოჯახდი. მიყვარდა, მაგრამ არამხოლოდ გრძნობა იყო ჩვენ შორის, არამედ სრულიად გააზრებული ნაბიჯი გადავდგით, რადგან ერთად გვსურდა მომავლის აწყობა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მეგონა, რომ ჩვენს ერთობას არაფერი დაანგრევდა.

ერთ დღეს კი ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. გამოჩნდა ქალი, რომელმაც ჩემი ქმარი ხელში ჩაიგდო და სანამ ოჯახი არ დაანგრევინა, მანამდე არ მოეშვა. ძალიან მალევე მივხვდი, რომ მღალატობდა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას ვერაფერი ვუშველე.

ქმრის ოჯახი გვერდით დამიდგა. ჩემი დედამთილ-მამამთილი იმ ქალს სახლში მიუცვივდნენ, ეჩხუბნენ, ჩვენს შვილს ჩამოშორდიო, მაგრამ ყოველი ასეთი წინააღმდეგობის შემდეგ ქმარს უფრო და უფრო ვშორდებოდი. პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ჩემთან ცხოვრება არ სურდა. ბოლოს იძულებული გავხდი, სახლიდან წავსულიყავი.

დედამთილი და მამამთილი მეხვეწებოდნენ, ნუ წახვალ და ბავშვებსაც ნუ წაიყვანო, მაგრამ იქ გაჩერება არ შემეძლო. შვილებთან ერთად ცალკე ბინაში გადავედი საცხოვრებლად. ჩემი ქმარი საყვარლის სახლში იყო და მშობლების სახლში არ მიდიოდა.

ახლახან გავიგე, რომ ყოფილი ქმრის ოჯახმა ის ქალი მიიღო, რომელმაც ჩემს შვილებს მამა წაართვა. გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. კი, ვიცოდი, რომ გარდაუვალი იყო, ჩემი ყოფილი ქმარი ცოლს შეირთავდა, მაგრამ არ მეგონა, არჩევანს იმ ქალზე თუ გააკეთებდა. მით უმეტეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მამამთილი იმ ქალს თუ შეუშვებდა სახლში, რომელიც მის ძმაკაცთანაც იწვა და, რაც მთავარია, რომელმაც მისი რძალი და შვილიშვილები ასე ანერვიულა.

იცით, ეს ყველაფერი როგორ გააკეთეს? დიდი სუფრა გაშალეს, ნათესავებს დაუძახეს, რომ მათი რძალი გაეცნოთ. კარგი, ვთქვათ, მიიღე ოჯახში, წვეულებას რაღას უმართავ?! ასე რომ ზეიმობენ, რა, ქალიშვილი გოგო მიიყვანეს რძლად თუ ძალიან კეთილი და სათნო ადამიანი?!

დედამთილს დავურეკე, არ მეგონა, ასე თუ მომექცეოდით და ამ ქალს მიიღებდით-მეთქი. მიპასუხა, შეიძლება თავის დროზე არც შენ მომწონდი, მაგრამ შვილის არჩევანს პატივი ვეცი, ჰოდა, ახლაც ასე მოვიქეციო. ვერ ვხვდები, მე რა მქონდა მისი დასაწუნი, პირიქით, მის შვილს გარეგნობითაც ვჯობდი, განათლებითაც და ოჯახიშვილობითაც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასე თუ მომექცეოდნენ ის ადამიანები, რომელთათვისაც ბევრი პატივი მიცია.

,,სარკის” მკითხველი

თქვენი ისტორიები შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ ,,სარკის” ფეისბუქგვერდზე, ასევე _ ელ.ფოსტაზე sarke@mail.ru