ქართული ტელევიზიის ვეტერანი ოპერატორი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა – ,,რეზო ბუხსიანიძე გმირულ ისტორიებს იღებდა და თავადაც გმირი იყო”

ქართული ტელევიზიის ვეტერანი ოპერატორი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა - ,,რეზო ბუხსიანიძე გმირულ ისტორიებს იღებდა და თავადაც გმირი იყო'',,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

საქართველოს ,,პირველი არხის” იმერეთის ბიუროს ოპერატორი, რეზო ბუხსიანიძე, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ოპერატორის პროფესიას 1971 წელს დაეუფლა და ათეულობით წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.

რეზო ბუხსიანიძის სახელს უკავშირდება აფხაზეთის ომის პერიოდში გადაღებული და შემონახული საარქივო კადრები. ღვაწლმოსილი ოპერატორი კოლეგებმა სიცოცხლეშივე დააფასეს. ჟურნალისტთა კორპუსმა გასულ წელს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ვარსკვლავი გაუხსნა და ამ ჟესტით მისი რამდენიმე ათეულწლიანი პროფესიული საქმიანობა დააფასა.

თუ რა ოცნებები ჰქონდა კოლორიტ ოპერატორს, როგორი იყო მისი მუშაობის სტილი, ამის შესახებ ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე გვიყვება, რომელიც რეზო ბუხსიანიძესთან ერთად ბოლო დრომდე მუშაობდა:

– ბატონი რეზო იყო არნახულად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი და თანამშრომელი. მოგეხსენებათ, რეგიონის ბიუროებს არ გვაქვს ოფისები და გადაღებაზე წასვლამდე ძირითადად სახლში ვართ. მიუხედავად ამისა, ბატონი რეზო ყოველ დილით, 9 საათზე ქუთაისის მერიასთან იდგა მოწესრიგებული და მზად იყო საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად. უცდიდა ამბავს, რომელსაც გადავიღებდით.

დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საკუთარ მოვალეობას ოჯახის წინაშეც. საოცრად ზრუნავდა ოჯახზე – მეუღლეზე, შვილებსა და შვილიშვილებზე. როგორ განიცდიდა შვილიშვილის, მათეს, ავად ყოფნას! ყველაფერს აკეთებდა მის გამოსაჯანმრთელებლად. დაუღალავი ადამიანი იყო.

– მან უნიკალური კადრები შემოუნახა ქართულ ტელევიზიას. აფხაზეთის ომი და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი თუ მოვლენა გადაიღო. როგორ იხსენებდა ამ ისტორიული კადრების გადაღებას?

– მასთან ერთად მუშაობა ნიშნავდა ისტორიის მემატიანესთან ერთად დროის გატარებას. ხშირად რაიონებში გვიწევდა გადაღებებზე გასვლა, მაგრამ ბატონი რეზოს მოგონებების წყალობით შორი გზა მოსაწყენი არ ხდებოდა. უამრავი რამის მომსწრე და უშუალო მონაწილე იყო. ახსოვდა ქვეყნის განვითარების ისეთი საფეხურები, რომლებიც ისტორიაში ჩაიკარგა და მხოლოდ მისგან გავიგე. ცოცხალ მემატიანეს ვეძახდი და უხაროდა.

ომი – ეს იყო სიტყვა, რომელიც ბატონ რეზოს იმ ბავშვად აქცევდა, რაღაცის რომ ეშინია და თან ეამაყება. ცრემლებით ყვებოდა ისტორიას ქართველი ბიჭების გმირობის და იმ დღეების საშინელების შესახებ, ჩვენ მხოლოდ ფილმებში რომ გვინახავს.

არც ერთ ისტორიაში არ გამოტოვებდა საკუთარ ჟურნალისტს, დიანა ციბაძეს, ვისთან ერთადაც გადაიღო აფხაზეთის ომის კადრები. დიანას თავის მეგობრად და ნამდვილ გმირად მოიხსენიებდა. ნერვიულობდა, ამ თემას როცა ეხებოდა და ვცდილობდი, ომის საშინელებაზე ხშირად არ გველაპარაკა, იმ ომზე, რომლის ერთ-ერთი გმირიც თავად იყო.

– ოპერატორობა ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ასაკი ხომ არ უშლიდა ხელს ან ამ საქმისთვის თავის დანებებას ხომ არ აპირებდა?

– ასაკის გამო პროფესიის მიტოვებას არ გეგმავდა. სულ ვფიქრობდი, რომ თუ საპენსიო ასაკის გამო მის შტატს რაიმე საფრთხე შეექმნებოდა, ბატონი რეზო ამას ვერ გადაიტანდა. საბედნიეროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის და საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” ხელმძღვანელობა მის ღვაწლს, პროფესიონალიზმს, გამოცდილებას და სტაჟს დიდ პატივს სცემდა. გარდაცვალებამდე “მოამბის” ოპერატორად მუშაობდა.

თავის გეგმებზე არ საუბრობდა. მისი ერთადერთი სურვილი და ოცნება იყო თავისი შვილიშვილის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 8 წლის ბიჭუნას, მათეს, გამოჯანმრთელება.

..

რეზო ბუხსიანიძის შესახებ ,,ფეისბუქშიც” უამრავმა ადამიანმა დაწერა მოგონებები და გამოსამშვიდობებელი სიტყვები.

,,რეზო ბუხსიანიძე – ეს დღეები მოგონებებმა გადაფარა. პირველად ტელევიზიაში შევხვდით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სიუჟეტებს კამერაში ვამონტაჟებდით. ძალიან ბევრი ლამაზი დღე გვქონდა. განსაკუთრებით მიყვარდა მის მიერ მოთხრობილი დაქორწინების ამბები, იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და თვალები უციმციმებდა ახალგაზრდობის გახსენებაზე.

საოცრად მოწესრიგებული ადამიანი იყო. უფროსი არასოდეს ჰყავდა, თავად იცოდა, რომ 9 საათზე სამსახურში უნდა ყოფილიყო. სულ მზად იყო გადაღებისთვის, არ არსებობდა პირველი და მეორე, ყველაფერი მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, რაზეც მუშაობდა.

ცალკე საუბრის თემაა დიანასა და რეზოს ტანდემი, რა არ გამოიარეს ერთად, ჩვენ თვალწინ გმირები მუშაობდნენ – გადაუჭარბებლად ვამბობ. დამენანა ძალიან. კამერის გარეშე როგორ გაძლებს, ნეტავი?!” – დაწერა ჟურნალისტმა ია იაშვილმა.

,,ძნელად თუ მოიპოვება ისეთი ადამიანი ქართული ტელევიზიის ისტორიაში, რომელიც ასე ერთგული დარჩენილიყოს თავისი საქმისადმი, როგორიც რევაზ ბუხსიანიძე იყო – ჩემთვის რეზო, რეზიკო, ბატონი რეზო. რამდენი წელია, ვამაყობ, რომ მისი კორესპონდენტიც ვიყავი “პირველ არხზე”. ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ გარდაიცვალა კაცი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის დაარსებიდან დღემდე უწყვეტი შტატით გახლდათ ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ოპერატორი.

დასავლეთ საქართველოში ხელმძღვანელობდა ბიუროს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კოპიტნარის აეროპორტით აგზავნიდა ფირებს თბილისი-ქუთაისის რეისზე. ბატონი რეზო იყო ცოცხალი მატიანე, ლეგენდა, ეპოქალური ადამიანი. ვბრუნდებოდით რომელიმე რეგიონიდან და არ არსებობდა, რაიმე ობიექტის გახსნა მისი გადაღებული არ ყოფილიყო. ამბობდა: “ეს ენგურის გახსნა მე გადავიღე”, “ეს ჩაის ფაბრიკა ჩემი გადაღებულია”, “ეს ფოთის პორტი მე გადავიღე”, “ამ ძეგლის გახნას გურიაში მე ვიღებდი”.

სოხუმშიც ბევრი რამ მისი გადაღებულია. ფეხით გადმოვიდნენ ჭუბერზე რეზო და დიანა ციბაძე. მათი გადაღებულია ყველა ამაღელვებელი კადრი აფხაზეთის ომის. რეზოს კადრები არაერთხელ გასულა საერთაშორისო არხებზე. პროფესიული მოვალეობის დროს 14-ჯერ მოყვა ავარიაში, აქედან ერთხელ ჩემთან ერთადაც. 90-იან წლებში არაერთხელ დაცხრილეს მისი მანქანა, სადაც მოკლეს ადამიანები, მათ შორის პოლიციის უფროსი… იყო მძევლად სამეგრელოს სამოქალაქო ომებში. რა არ გადაიტანა”, – დაწერა გარდაცვლილ ოპერატორზე ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ.