ნოველა – გაზაფხული მოდის

ნოველა - გაზაფხული მოდის,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე

– აი, გაზაფხულიც მოდის. ისე მოდის, როგორც ყოველთვის მოდიოდა ჩემთვის, ჩუმად და უხმაუროდ. სიყვარულმა და ბედნიერებამ ჩემ მიღმა ჩაიქროლა უცხო ჩიტივით. არც ერთი დამნახვებია, არც ერთს მოსვლია აზრად, თუნდაც ერთხელ ჩამომჯდარიყო ჩემი ნაცრისფერი ფანჯრის რაფაზე, მინაზე მოეკაკუნებინა ოქროს ნისკარტით… ხომ გამოვაღებდი ფანჯარას, ხომ შემოვუშვებდი, ხომ დავაპურებდი, ხომ დავისვამდი ხელისგულზე, ხომ ჩავიხუტებდი… – ნინომ უკმაყოფილოდ ამოიოხრა, ფანჯრის რაფიდან მტვერი გადაწმინდა და ქოთნის ბალბას წყალი დაუსხა, – არა, ესეც რომ ჩემნაირი გამოდგა. ერთხელაც რომ არ გაკვირტულა, ერთხელაც რომ არ დაყვავილებულა. რამდენი წელია, ვუვლი, თავს დავტრიალებ, ველაპარაკები, მეგობრად ვთვლი, ჩემს სევდა-ტკივილს ვუზიარებ და ეს კი… მხოლოდ ფოთლები და ფოთლები… – ცხვირაბზუებულმა ჩაილაპარაკა, ფანჯარას მოშორდა.

გაზქურაზე შემოდგმულმა ჩაიდანმა სტვენა დაიწყო.

– მიდი, მიდი, შენ მაინც უსტვინე ჩიტების ნაცვლად, – ცოტა ხანს ჩაიდნის სტვენას უგდო ყური, მერე გამორთო და მდუღარე წყალი ჩაიდნიდან ფინჯანში ჩაასხა.

მაგიდას მიუჯდა, ტაფაზე გახუხულ პურს ყველის ნაჭერი დაადო და ჩაი მოხვრიპა.

– ახლა ვისაუზმებ, მერე წავალ სამსახურში, მერე მოვალ სამსახურიდან, შემოვიკეტები ამ ოთხ კედელში, მერე ჩავრთავ ტელევიზორს, მერე დავიძინებ, მერე გათენდება, მერე წავალ სამსახურში… ეეჰ, ეგ სამსახურიც რა, მომწონდეს მაინც, მაინტერესებდეს… სხვა გზა რომ არ გექნება ადამიანს, თორემ რა მინდა მანდ, აი, რა მინდა… – ახლა სამსახურის გახსენებაზე აიბზუა ცხვირი.

არასდროს მოსწონდა, არც მაშინ, ბევრი წლის წინ, როცა მუშაობა დაიწყო და არც ახლა. არ მოსწონდა არც საქმე, რომელსაც აკეთებდა და არც თანამშრომლები.

– ან რა მოსაწონია ან ერთი, ან – მეორე. საქმეა და მთელი დღე ციფრები, დებეტი, კრედიტი… თანამშრომლებია და ეეჰ…

ისევ აიბზუა ცხვირი.

– ნინო, საღამოს ქეთისთან ვიკრიბებით, წამოხვალ? – ეკითხებოდა ერთი.

– არა, არა, არ მცალია, საქმე მაქვს, – სწრაფად უარობდა.

– ნინო, კაფეში მივდივართ შესვენებაზე, წამოხვალ? – ეკითხებოდა მეორე.

– არა, არ მიყვარს კაფეში სიარული.

– ნინო, ჩემი გაკეთებული ნამცხვარია, მიირთვი, რა, – სთავაზობდა მესამე.

– არა, არ მინდა, – უარობდა ისევ.

– ნინო, “სეკრეტ სანტას” ითამაშებ ჩვენთან ერთად?

– ნინო, დაღლილი ჩანხარ, თუ გინდა, წადი სახლში და მე გავაკეთებ ყველაფერს შენ მაგივრად.

– ნინო, პანაშვიდზე მივდივართ, ხომ არ წამოხვალ?

– ნინო, ფულს ვაგროვებთ, კვირას ქალაქგარეთ გვინდა გასვლა, ხომ არ შემოგვიერთდები?

– არა, არა, არა… – ყველაფერს უარყოფდა.

თანამშრომლებსაც მოსწყინდათ, სულ უფრო ნაკლებად სთავაზობდნენ რაიმეს, ბოლოს საერთოდაც მიანებეს თავი.

ახლა დღეები ისე გავიდოდა, ხმას არავინ გასცემდა, ათასში ერთხელ სამსახურის საქმის გამო თუ შეაწუხებდნენ და ეგ იყო.

ნინო მათთვის თითქოს აღარც არსებობდა, თითქოს მის ნაცვლად კაქტუსი იდგა ქოთნით კომპიუტერთან.

– აჰა, როგორც იქნა, დამასვენეს, – თავდაპირველად შვებით ამოისუნთქა ნინომ, მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში, როცა ეს მარტოობა აუტანლად მოსაბეზრებელი გახდა, ადგა და ყველაზე გაბრაზდა საკუთარი თავის გარდა. უფრო ჩაიკეტა, ცხრა ბოქლომი დაიდო, ცხრა კლიტე და მანამდე სალამს მაინც თუ აბრუნებდა, ახლა ესეც აიკრძალა.

უცხვირპირო – შეარქვა ერთმა.

ბუტუსურა – შეარქვა მეორემ.

მუდო – შეარქვა მესამემ

და არა მარტო ნინო, არამედ მისი ნამდვილი სახელიც კი მიივიწყეს.

– უსულგულოები, იქნებ რა მიჭირს, იქნებ ცუდად ვარ, – სამსახურში ყოფნისას გულში ფიქრობდა, შინ მისული კი ხმამაღლა ამბობდა. ხმამაღლა ლაპარაკი შვებას ჰგვრიდა.

ახლაც იჯდა მაგიდასთან, ჩაის სვამდა და ლაპარაკობდა.

– ცხოვრებით უკმაყოფილოო, რომ იტყვიან ადამიანზე, მე ეგეც კი არ ვარ. ან როგორ ვიყო, არც ვიცი, რა არის ცხოვრება, არ მიცხოვრია და იმიტომ. მე მხოლოდ ვარსებობ, ვარსებობ და მეტი არაფერი…

და ის იყო, ტრადიციულად უნდა ამოეოხრა, რომ მოულოდნელად მინის მსხვრევის ხმა გაისმა, ოთახში ბურთი შემოვარდა, მთელი სისწრაფით შეენარცხა კედელს, კედლიდან მაგიდაზე დავარდა და ჩაიდანი იატაკზე გადააგდო, ჩაიდანი გატყდა და იატაკზე ახლა მისი ნამსხვრევებიც მოიფანტა.

ნინოს მოულოდნელობისგან ჩაი გადასცდა, ჯერ ხველება აუტყდა, მერე, როგორც იქნა, შეიკავა თავი და ფანჯარას მივარდა.

ფანჯარასთან ასე, ექვსიოდე წლის ბიჭი იდგა, როგორც ჩანს, შიშისგან გაქცევაც კი ვერ მოეხერხებინა, თვალები გაფართოებოდა.

– შენ ისროლე ბურთი? – მკაცრად ჰკითხა ნინომ.

ბიჭი დუმდა, მხოლოდ უყურებდა.

– შენ ისროლე-მეთქი? – უფრო მკაცრად ჰკითხა ნინომ.

– მე… მმმ… ძალით არ მინდოდა, – ენის ბორძიკით ამოილუღლუღა ბიჭმა.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ფანჯარა ხომ ჩატეხე, – წარბი შეკრა ნინომ.

– მე… მე ძალით არ მინდოდა, – ისევ ენის ბორძიკით ამოილუღლუღა ბიჭმა, ნიკაპი აუკანკალდა, თვალები ცრემლით აევსო.

– არ მაინტერესებს, ძალით გინდოდა თუ არა! – ხმას აუწია ნინომ, – სად ცხოვრობ?

– იქ, – ბიჭმა პატარა თითი ზევით აბზიკა.

– სად იქ?

– იქ, მეექვსე სართულზე, – ბიჭი თითთან ერთად ახლა მთელი ტანით აიბზიკა.

– მეზობელი ხარ, ესე იგი, – უთხრა ნინომ.

– დდიახ, – ბიჭს ცოტა გულზე მოეშვა.

– რა გვარი ხარ?

– ლუკა, ლუკა, – მოისმა ამ დროს მამაკაცის ხმა.

ლუკამ ყურები ცქვიტა, სახე გაუნათდა, ნინოსთვის პასუხი აღარ გაუცია, სწრაფად შეტრიალდა და უკანმოუხედავად გაიქცა.

– მოიცადე, მოიცადე! – დაუყვირა ნინომ.

– ბაბუუ, ბაბუუუ, მიშველეე! – ლუკა მისკენ წამოსულ თმაშევერცხლილ კაცს ჩაეხუტა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ხელი ნინოსკენ გაიშვირა.

– ერთი წუთით! – გასძახა ნინომ, – ერთი წუთით!

კაცი წელში გასწორდა, ბავშვს ხელი მხარზე მოხვია და ნინოსკენ წამოვიდა.

– არა, ბაბუ, არა, მეშინია, – გაუძალიანდა ბიჭი.

– ჩემთან ერთად რისი გეშინია, ბაბუ? – მამაკაცმა ბავშვი დაამშვიდა და ფანჯარას მიუახლოვდა.

– გამარჯობა, ქალბატონო, – მიესალმა ნინოს, – ბავშვს ფანჯარა ჩაუმტვრევია.

– ძალით არ მინდოდა, – ტირილნარევი ხმით წამოიძახა ბავშვმა და ბაბუას ამოეფარა.

– ვიცი, ბაბუ, ვიცი, – დაუყვავა კაცმა.

– მნიშვნელობა არ აქვს, ძალით ჩაამტვრია თუ შემთხვევით, მინა უნდა ჩასვათ, – მკაცრად უთხრა ნინომ.

– ჩავსვამთ, ქალბატონო, ნუ ნერვიულობთ, – მშვიდად უთხრა კაცმა.

– არ ვნერვიულობ, – გაბრაზდა ნინო, – უბრალოდ, ძალიან უსიამოვნოა, დილაადრიანად რომ ფანჯარას ჩაგიმსხვრევენ. ბავშვი სასეირნოდ რომ გამოგყავთ, ცოტა მეტი ყურადღება გმართებთ.

– გასაგებია, ქალბატონო, ბოდიშს გიხდით, – ისევ მშვიდად უთხრა კაცმა, – ახლავე ზომებს ავიღებ, მინას მოვიტან და ჩავსვამ, მეტი რა გითხრათ?

– ახლა სამსახურში მივდივარ, არ მცალია, – კაცის სიმშვიდემ შეაწუხა ნინო.

– ზომებს მაინც ავიღებ, თქვენ რომ სამსახურიდან დაბრუნდებით, მერე შეიძლება არ მოესწროს დღეისთვის…

– ზომები აიღეთ, ოღონდ სწრაფად.

– წამო, ბაბუ, – კაცმა ბავშვს ხელი ჩაჰკიდა.

– არ მინდა მაგ ქალთან, მეშინია, – შეშინებული ბავშვი ისევ კაცის ზურგს ამოეფარა.

– წამო, ნუ გეშინია, – კაცმა ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და ნინოს გაუღიმა.

ნინო კაცის ღიმილმა დააბნია, ცოტა არ იყოს, პატარა ბიჭისაც შერცხვა. “რას დავზაფრე ეს ბავშვი”, – გაიფიქრა და ხმაში ოდნავი სითბო გაურია:

– გიყვარს ნამცხვარი?

ბიჭმა ჯერ ბაბუას ახედა, მერე ნინოს და გაუბედავად დაუქნია თავი.

– ჰოდა, მოდი, ისეთი კარგი ნამცხვარი მაქვს…

სანამ კაცი ფანჯრის მინისთვის ზომებს იღებდა, ნინომ ლუკა მაგიდასთან დასვა, ნამცხვარი გადმოუღო, თავად კი ნამსხვრევების მოგროვება დაიწყო.

კაცმა ზომების აღება დაამთავრა.

– მე მოვაგროვებ, ისედაც შეგაწუხეთ, – უთხრა ნინოს.

– არა, არა, არ ვწუხდები, დაბრძანდით, თქვენც მიირთვით, ჩემი გამომცხვარია, – ნინომ კარადიდან თეფში გამოიღო.

– არა, გმადლობთ, წავალთ ახლა, ისედაც ალბათ დაგაგვიანეთ.

– მაშინ, საღამოს იყოს, როცა მინას ჩასვამთ, – უთხრა ნინომ.

– კი, ბატონო, სიამოვნებით, – გაუღიმა კაცმა, – სიმართლე გითხრათ, სახლის ნამცხვარი მომენატრა. ყველანაირი კერძი მეხერხება, აი, ნამცხვრები კი არ გამომდის, არა, ლუკა? – ბავშვს გადახედა.

ლუკამ მხიარულად დაუქნია თავი და ნამცხვრის კიდევ ერთ ნაჭერს დაავლო ხელი.

– და… მეუღლე? – უნებურად ჰკითხა ნინომ, უხერხულობისგან შეიშმუშნა, გული აუჩქარდა.

– მეუღლე არ მყავს, ლუკას მშობლები უცხოეთში არიან, ასე რომ, მე და ლუკას გვიწევს ყველაფრის გაკეთება, – ისევ გაუღიმა კაცმა, – ადექი, წავედით ახლა, ყაჩაღო, – ბავშვს მსუბუქად უბიძგა.

ნინომ კარამდე მიაცილა, უკან შემოტრიალდა, სწრაფად მოგავა ოთახი, სწრაფადვე აალაგა სუფრა, აბაზანაში შევიდა, სარკის წინ გაჩერდა. რამდენი ხანია, საკუთარი თავი ასე გულმოდგინედ არ შეუთვალიერებია. სიმკაცრისგან გაჩენილი ნაოჭები თითებით გადაიჭიმა, გაიღიმა… ღიმილი მოუხდა, უცნაურმა შუქმა გაუნათა სახე. ასეთი შუქი არასდროს შეუმჩნევია სახეზე, თითქოს შიგნიდან ამონათდა თვალები… სამსახურში, ოთახში შევიდა თუ არა, ყველას მიესალმა.

გაკვირვებულმა თანამშრომლებმა ერთმანეთს გადახედეს. თავადაც მიესალმნენ ნინოს. ერთმა ამ მისალმებას, როგორ ხარო, მოკითხვაც მიაყოლა, მეორემ – ყავა ხომ გინდა, მოგიდუღოო, შესთავაზა.

სიამოვნებით დავლევო, უთხრა ნინომაც. თანამშრომელი, ახალგაზრდა გოგონა, მაშინვე წამოხტა, ხალისით მოუდუღა ყავა, მეორემ შოკოლადის ფილა მოურბენინა, მესამემ, ვაიმე, რა კარგად გამოიყურებიო, კომპლიმენტი უთხრა.

ნინო უცნაურად გრძნობდა თავს. თითქოს ღრმა ძილიდან გამოდიოდა, ღრმა და მოსაბეზრებელი ძილიდან, პირველად უსმენდა სიამოვნებით თანამშრომლებს, პირველად ცდილობდა, თავადაც მოეყოლა მათთვის რაღაც…

საღამოს სახლისკენ ისე მსუბუქად მიაბიჯებდა, თავადაც უკვირდა, თითქოს ნებაყოფლობით აკიდებული მძიმე ტვირთი მოიხსნა ზურგიდან, არა, ზურგიდან კი არა, სხეულიდან და სულიდან.

სახლში მისულს მალევე მიადგნენ ბიჭი და კაცი. კაცს ფანჯრის მინა ეჭირა, ბიჭს – მუყაოს მოზრდილი კოლოფი.

– ბაბუამ თქვა, შენმა ბურთმა ჩაიდანიც გაუტეხაო და მოგიტანეთ, – ბიჭმა კოლოფი სიხარულით გაუწოდა ნინოს.

– რატომ შეწუხდით? – ნინომ ბიჭს კოლოფი ჩამოართვა, გახსნა, ახალი ჩაიდანი ამოიღო და, რა ლამაზიაო, წამოიძახა.

– ხო ლამაზია? მე და ბაბუამ ერთად ავარჩიეთ! – გაუხარდა ბიჭს.

– ჰოდა, ახლა ერთად დავლიოთ ჩაი ამ ლამაზი ჩაიდნიდან, – უთხრა ნინომ, – ნამცხვართან ერთად.

– ნამცხვარი მინდა, მომეწონა, ძალიან გემრიელი იყო, – ბიჭი მაგიდას მიუსკუპდა.

– ლუკა, ცოტა მორიდებით, – ღიმილით უთხრა კაცმა.

– ნუ ტუქსავთ, – გაუღიმა ნინომ, – მიხარია, რომ ჩემი ნამცხვარი ასე მოეწონა, კიდევ დაგიცხობ ხოლმე, – უთხრა ბიჭს.

ამასობაში კაცმა მინა ჩასვა, ნინომ სუფრასთან მიიწვია.

ისხდნენ მაგიდასთან ნინო, კაცი და ბავშვი, ახალი ჩაიდნიდან სვამდნენ ჩაის, ნამცხვარს აყოლებდნენ და ისე საუბრობდნენ, თითქოს ერთი თბილი ოჯახი იყო – ბებია, ბაბუა და შვილიშვილი.

მერე კაცი და ბიჭი ნინოს დაემშვიდობნენ, ოღონდ იმ პირობით, რომ მომდევნო საღამოს თავად ქალი ესტუმრებოდა მათ. ნინოს უარი არ უთქვამს, პირიქით, მიწვევა სიხარულით მიიღო, კარი მიხურა, ოთახში შებრუნდა და ფანჯარა გამოაღო.

,,თურმე თავადაც უნდა გადადგა ნაბიჯი სხვებისკენ, თავად უნდა გაიღო, ისე, როგორც ეს ფანჯარა”, – გაიფიქრა, რაფაზე დადგმულ ბალბას დახედა და სიხარულით წამოიკივლა.

ბალბას ერთ ტოტზე კვირტები გამოეღო, მწვანე საფარველიდან თეთრი, ატლასივით პრიალა პატარა ფურცლები ანათებდა.